TimeLine: აი, თურმე, ვინ აშენებდა ციკლოპურ ნაგებობებს

AutoSharing Option
"მძიმე ქვის აწევის სპორტი ძველ საქართველოში ძალზე გავრცელებული ყოფილა. ასაწევად სხვადასხვა მოყვანილობისა და სიმძიმის ლოდებს იყენებდნენ, უმთავრესად მრგვლად "გამოკვერცხილ" ქვებს და მას საჯილდაო, ან საფალავნო ქვებს ეძახდნენ".
გიორგი შატბერაშვილი

სოფელ ტბის ერთ-ერთმა მკვიდრმა მიამბო:

"აგერა, იმ მთების იქით თორია, რომლის მცხოვრებნი ძალით ყოველთვის გამოირჩეოდნენ. განსაკუთრებით სიმძიმეების აწევაში გაჯიბრება უყვარდათ. დღესაც რომ გადახვიდე, თორში უზარმაზარ ქვას შეხვდები, რომელიც ერთ გორაკზე ცხრა ძმას დაუდია. ახლა, მას ცხრა კაცი კი არა, ცხრა უღელი ხარ-კამეჩიც ვერ დაძრავს..."

ლეგენდის თანახმად, ასევე ცხრა ძმას, ოღონდ ხერხეულიძეებს
ახალგორის რაიონში სოფელ ბალაანთან კლდეზე ერთი ლოდი შემოუდიათ. ზედ აწერია - ჩვენ დავდეთ, თქვენ ჩამოიღეთო. იგი დღემდე ადგილზეა...

სოფელ ტბაში რომ მოვხვდი, შვებულებაში ვიყავი, ჰოდა დრო საკმარისად მქონდა ინტერესი სრულად მომეკლა და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიმეღო ქართული ძალოსნობის ისტორიაზე, საჯილდაო ქვებზე. მაშინ ერთი ნარკვევ-ჩანახატიც დავწერე, რომლის არსებობა დავიწყებული მქონდა. 16 აგვისტოს, გამთენიისას ლაშა ტალახაძემ გამახსენა...

ცოტა გავაშალაშინე და დღევანდელი ტაიმლაინისთვის გავამზადე.

* * *
საერთოდ, კალათბურთზე ვწერ, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ პუბლიკაციაში ზაზა ფაჩულიასაც შეხვდები. ერთხელ მის ინდივიდუალურ ვარჯიშს დავესწარი. ბურთთან მუშაობის შემდეგ, ყოველ 15 წუთში შტანგასთან მიდიოდა. სიმძიმეებთან ვარჯიში რომ დაამთავრა, მომიბრუნდა - ახლა შენი ჯერიაო. კალამს ძლივს ვწევ, მაგხელა შტანგას როგორ დავეჭიდები-მეთქი, მივუგე (მას მერე კალამიც გადავაგდე, უკვე კლავიატურაზე ვბეჭდავ).

2004 წელს გიორგი ასანიძის ოლიმპიურმა ოქრომ კიდევ უფრო შემაყვარა სპორტის "მძიმე" სახეობა. იქიდან მოყოლებული დღემდე ბევრი ვიკვლიე და ფესვებსაც გავეცანი.

* * *
შესავალში ქართველი მწერლის გიორგი შატბერაშვილის სიტყვები მოვიშველიეთ, საიდანაც ვხვდებით, რომ ძალოსნობას საქართველოში მდიდარი ტრადიციები აქვს. 3 ათასი წლის წინათ ჩვენში ბერძნულის ანალოგიური ოლიმპიადა იმართებოდა, რომელსაც "მესხური თამაშების" სახელით იცნობდნენ. მის პროგრამაში ძალოსნობაც იყო.

ავთანდილ ციბაძის წიგნში, "მხედრობათა შინა კადნიერნი" ვკითხულობთ:

"მესხური თამაშობის შესახებ პირველად ხმა მოგვაწვდინა ცნობილმა ეთნოგრაფმა ივანე გვარამაძემ, რომელმაც "ვინმე მესხის" ფსევდონიმით გამოაქვეყნა საინტერესო წერილი გაზეთ "დროებაში" 1882 წლის 17 ოქტომბერს.

მესხური თამაშების პროგრამაში შეტანილი იყო სიმძიმეების აწევა. სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთი ვარიანტი დღესაც შემორჩენილია საქართველოს მთიანეთში, განსაკუთრებით სვანეთსა და რაჭაში და მათ საჯილდაო ქვის აწევას უწოდებენ.

საჯილდაო ქვის შემთხვევაში მთავარი იყო ლოდის მიწიდან მოცილება და მისი ერთხელ აწევა გარკვეულ სიმაღლემდე, ხოლო მესხური თამაშების პროგრამაში დასახელებულია ლოდების აწევ-დაწევა".

* * *
გავიდა დრო და ბერძნებმა ოლიმპიური თამაშები აღადგინეს (1896 წელს). შესაძლოა, ძალოსნობაში მეტი ოლიმპიური ჩემპიონიც გვყოლოდა, საბჭოთა კავშირის ნაკრებს ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართვა რომ არ დაეგვიანა. საბჭოელებმა პირველად 1952 წელს მიიღეს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში და პირველივე ცდაზე ოქრო არავის დავუთმეთ - რაფაელ ჩიმიშკიანმა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.
შემდეგ იყო დიტო შანიძე, რომელმაც 1968 და 1972 წლებში გამართულ ოლიმპიადებზე ვერცხლის მედლები მოიგო.

გავიდა 20 წელიწადი და მსოფლიოს უპირველეს სპორტულ შეჯიბრებაში კვლავ მოვიპოვეთ მედალი. თანაც უმაღლესი სინჯის: კახი კახიაშვილმა ოქრო 1992 წელს საქართველოს სახელით მოიგო.

დღეს სოციალური ქსელის ერთ-ერთი ჰიტია 1992 წლის ოლიმპიადის დაჯილდოების ცერემონიალი: ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ მიუთითებს კახიაშვილი დროშაზე - ვიდრე დსთ-ს დროშას არ ჩამოხსნით და ქართულს არ ჩამოკიდებთ, კვარცხლბეკზე არ ავალო.

სამწუხაროდ, ისტორიაშიც უამრავი მაგალითია, ქართველთათვის საამაყო გმირებს სხვა ქვეყნის სასარგებლოდ მოუქნევიათ ხმალი. ასეთი ბედი უახლოეს ისტორიაში კახი კახიაშვილმაც გაიზიარა, 1996 და 2000 წლების ოლიმპიადებზე საბერძნეთის სახელით მოიგო ოქრო.

* * *
2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ყველას კარგად ემახსოვრება გიორგი ასანიძის გამარჯვება. ათენური ისტორია მეტად წააგავს შატბერაშვილის ერთ-ერთი ნაწარმოების სიუჟეტს.

ბერძნები დიდ იმედებს ამყარებდნენ პიროს დიმასზე. ელინებმა კონკურენტ ასანიძეს ერთ-ერთი ცდის წინ შტანგა სპირტის ნაცვლად წყლით გაუწმინდეს. გიორგიმ ვერ ასწია, ხელიდან გაუცურდა და გაბრაზებულმა ფიცარნაგზე დაანარცხა...

ასე დაემართა მოთხრობა "მკვდრის მზის" გმირ კალატოზ კოზმანაშვილს. პირველ ცდაზე დიდი ლოდი ხელიდან გაუვარდა. ამ დროს უშუალო კონკურენტმა "გაღმამხრელმა" ხიზამბარელს ყურში დაცინვით ჩასძახა:

- ქაფჩით ასწიე, კალატოზო, შენი ქაფჩითა!

"...ხიზამბარელი უცებ შეიძრა, დაჩოქილი, სულ ახლოს მიუცოცდა ლოდს, მკლავები ზემოდან გადაავლო და ვაი-ვაგლახით ლოდიანად წამოდგა. წამოდგა და წელში გაიმართა. შემდეგ ოდნავ დაიწია, მხარიც მიაშველა და ლოდი ცხენსზევით გადააგდო..."

...ბერძნებზე გაბრაზებულმა ასანიძემ ბოლო ცდაზე 205-კილოგრამიანი შტანგა ოქროს სიმაღლეზე ასწია.

* * *
ძველი დროის ისტორიკოსებს თუ ვენდობით, თითქმის ყველა მეფე გამოჩრეული ძალის პატრონი იყო. დავით აღმაშენებელზე ასეთ ლეგენდას გადავაწყდი:

"თითქოს ღმერთები, აპოლონი და პოსეიდონი მიათრევდნენ მეგალითებს ტროას კედლებზე - ასეთივე ხმა დადიოდა დავით მეფეზეც: გელათის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის ფუძის ყურეში რომ ორი უზარმაზარი ქვაა ჩატანებული, ის ქვები მდინარე წყალწითელადან ტაძრამდე აღმართზე თვითონ დავითმა მიიტანა თავის ზურგითო", - გვიამბობს ლევან სანიკიძე.

კარგად დააკვირდით ქართული ციხესიმაგრეებისა თუ ტარების კედლებს. როგორც წესი, თითოეული მათგანი რამდენჯერმეა აღდგენილი და მშვენივრად მოჩანს რეკონსტრუქციის სხვადასხვა საფეხური. კედლებზე ვხედავთ ერთ კანონზომიერებას: რაც უფრო დაბლა დევს ქვა, მით უფრო დიდია, მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო ძველია ნაგებობა, მით უფრო დიდი ქვებითაა ნაშენები, ალბათ, უფრო ღონიერი ხალხი მუშაობდა...

მსოფლიოს მკვლევარები დღესაც თავს იმტვრევენ აღდგომის კუნძულის გამოცანაზე - როგორ გადააადგილეს 20-ტონიანი ქანდაკებები ადგილობრივმა მოსახლეებმა ყოველგვარი ტექნიკის დაუხმარებლად? თუმცა წყნარ ოკეანეში რა გვინდა, შორს რად მივდივართ? - საქართველოშიც უამრავი ისეთი ნაგებობაა, მისი თითო ქვის დანახვაზე კითხვის ნიშნების კორიანტელი რომ ჩნდება.

ციკლოპური ტიპის ციხესიმაგრეებს (დღეს დევების ნამოსახლარს რომ უწოდებენ) უბრალო ხალხი ვერ ააგებდა, უთუოდ გადაშენებული რასის, გოლიათების ნახელავიაო, - ამბობენ და დასძენენ, ასეთი ადამიანების ნაშთები უკვე აღმოჩენილიაო...

* * *
ერთ-ერთმა ნიჭიერმა ისტორიკოსმა გუშინ აბულის ციხის ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: ყოველთვის მიკვირდა და მაინტერესებდა, ვინ და როგორ აგებდა ასეთ მეგალითებს, ახლა აღარ მიკვირს, ვიცი ვინც აშენებდა - ლაშა ტალახაძისნაირი გოლიათი ქართველები, რომლებიც, დღევანდელისგან განსხვავებით, უწინ ბევრი ცხოვრობდა.

22 წლის ლაშამ რიოს ოლიმპიადაზე "გაღმამხრელი" ირანელის, რეზაზადეს რეკორდი ოლიმპიური ციხესიმაგრიდან მსუბუქად ჩამოიღო და მის ნაცვლად საკუთარი, 473-კილოგრამიანი მსოფლიო რეკორდი შემოდო! ...ეს მხოლოდ მშენებლობის დასაწყისია, რომლის დროსაც ლაშა ტალახაძეს ირაკლი თურმანიძე ამოუდგა გვერდში და ოლიმპიადების ისტორიაში პირველად ვიხილეთ სამშობლოს სახელით მოასპარეზე ორი ქართველი ერთ კვარცხლბეკზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა როგორ/მუჭო?
ჯოტოა ცაავამაც გადაისროლა ჯონსონია თუ ტომსონის რეკორდი!)))
იხარეთ ბიჭებო!
giga
17:34 20-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული