11:39 19-08-2016
რიო 2016: ზაზა ნადირაძე - 0,19 წამი ოლიმპიურ ბრინჯაომდე [VIDEO]
AutoSharing Option
და აი, 18 აგვისტოს, 23-წლამდელებში მსოფლიოს და ევროპის მესამე პრიზიორმა ზაზა ნადირაძემ რიოს თამაშების ფინალში იასპარეზა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი წინადღით ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანციის ნახევარფინალში (40.146) პირველი იყო ფინიშთან - 2012 წლის უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი იური ჩებანი და ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი, აზებაიჯანის სახელით მოასპარეზე ვალენტინ დემიანენკო ჩამოიტოვა. გუშინ ამ ორ სპორტსმენთან ერთად ჩვენებური კიდევ ხუთ ნიჩბოსანს მეტოქეობდა.
სამწუხაროდ, ზაზამ სტარტი ამჯერადაც დაგვიანებით აიღო, მაგრამ მალევე აღადგინა ჩამორჩენა და ლამის ფინიშამდე მესამე პოზიცია ეკავა. თუმცა, მისი შენარჩუნება ვერ შეძლო და 39.817 წამით მეხუთე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიური ჩემპიონობა იური ჩებანმა (39.279) შეინარჩუნა. მეორე ადგილზე გავიდა ვალენტინ დემიანენკო (39.493). ბრინჯაოს მედალი ბრაზილიელ ისაკუას დოშ სანტოშს (39.628) ერგო, მეოთხე იყო ესპანელი ალფონსო ბენავიდესი (39.649). ბოლო სამ ადგილზე რუსი ანდრეი კრაიტორი (40.105), ჩინელი ლი ძიანი (40.143) და ფრანგი ტომა სიმარი გავიდნენ.
- ზაზა ნადირაძე: ძალაგამოცლილმა სიჩქარის შენარჩუნება ვეღარ მოვახერხე...
მართალია, ზაზა ნადირაძე მედალს ვერ შესწვდა, მაგრამ მისი გამოსვლა რიოში მაინც წარმატებული იყო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ პირობებს, რომელშიც მცხეთელი ნიჩბოსანი ოლიმპიური ციკლისას ემზადებოდა.
მახსენდება მისი სიტყვები, 2012 წლის სალიცენზიო ტურნირიდან დაბრუნების შემდეგ რომ მითხრა:
"ფინალის დღეს ქარიშხალი ამოვარდა. თავს ძლივს ვიმაგრებდით. მაღალი ტალღების გამო წყალი ნავში იღვრებოდა. სხვებს საშუალება ჰქონდათ და ნავები გამოცვალეს, მე კი წყალში ვტოპავდი. 15 წუთი დავყავით სტარტზე. ხელები გამეთოშა, ნიჩაბს ვერ ვგრძნობდი, შემცივდა, რადგან თხლად მეცვა. საბოლოოდ მე-8 ადგილს დავჯერდი და ოლიმპიადის მიღმა აღმოვჩნდი".
ამ ტურნირიდან ორი წლის განმავლობაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დანიშნული 185-ლარიანი სტიპენდიით ირჩენდა თავს. უმაღლესში სწავლის ქირა რომ გადაეხადა, მშენებლობაზე მუშად მუშაობდა: "დილით ლექციებზე მივდიოდი, მერე - მშენებლობაზე, საღამოს კი დაღლილ-დაქანცულს ვარჯიშის თავი არ მქონდა".
2014 წლის მსოფლიოს პირველობის შემდეგ, რაც ზაზამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ყურადღებაც მიაქციეს - სეოკ-მა სტიპენდია დაუნიშნა, სპორტის სამინისტრომ წლის ბოლოს პრემია მისცა, კანოეს ეროვნული ფედერაციაც დაუდგა გვერდით და წელშიც გაიმართა. შარშან, 25 ნოემბერს, ოპერაცია გაიკეთა და იარამოუშუშებელმა წლეულს 10 თებერვალს განაახლა ვარჯიში. სხვა გზა არ იყო, რადგან სალიცენზიო ტურნირამდე ცოტა დრო რჩებოდა.
ყოველივე ამის შემდეგ რიოში დაკავებული მეხუთე ადგილი სწორედ რომ წარმატებად მიგვაჩნია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მადლობა ზაზა!! შენ ნამდვილი პატრიოტი და გმირი ხარ!! მოუხსენით უმაქნის სფფს და ფეხბურთელებს დაფინანსება და ამ კაცს მიეცით!!!!!, ამ ადამიანს ეკუთნის თუ სადმე სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში!
0
0
არამც და არამც არ შეიძლება ამ ვაჟკაცის უყურადგებოთ დატოვება თორემ შეიძლება ეგ ბიჭი რომელიმე ქვეყანამ წაგვართვას და გვყაავს ჩვენ დასაკარგი ამ დონის სპორტსმენი?მჯერა სახელმწიფო დონეზე დადგება ეს საკითხი და სპორტის ამ ლამაზ სახეობას სათანადო ყურადღება მიექცევა,წარმოიდგინეთ ზაზას რომ ის პირობები ქონებოდა რომელიც ნებისმიერ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს დარწმუნებული ვარ მას ოქროს ვერავინ შეეცილებოდა.ზაზა ნამდვილი გმირია,გენაცვალე ჯიგარში ქართველო ვაჟკაცო.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული