ლადო აქეთ თუ გვასწავლისო - ინტერვიუ დავით გობეჯიშვილთან

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე საქართველოს მოჭიდავეთა გუნდები ლონდონის თამაშებთან შედარებით, რაოდენობრივად უფრო ცუდად გამოვიდნენ - "ნისლიან ალბიონზე" 6 მედალი ჰქონდათ ახლანდელი სამის წილ. სამაგიეროდ, ცეცხლოვანი სამბას სამშობლოში ხარისხია უკეთესი, რადგან ოქროს მედალიც მოვიპოვეთ.

ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი მისი თანაგუნდელი და თანაქალაქელი, გორელი გენო პეტრიაშვილი (125), ხოლო ბერძნულ-რომაულში შმაგი ბოლქვაძე (66) დაეუფლნენ. უცნაური განგებით, "თავისუფალთა" ნაკრებში წარმატება ყველაზე მძიმე და ყველაზე მჩატე წონებში მოვიპოვეთ, თუმცა ეს ბიჭები ამ გუნდში მართლაც გამოკვეთილი ფავორიტები არიან.
თან ორივე გორელია და ერთ დარბაზში გაიზარდნენ ნუგზარ სხირელის მეთვალყურეობით.

მოჭიდავეთა გამოსვლის შეფასება თავადაც სახელოვან სპორტსმენს, ოლიმპიურ და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ დავით გობეჯიშვილს ვთხოვეთ.

- როგორ აფასებთ ჩვენი გუნდების გამოსვლას რიოს ოლიმპიურ თამაშებზე?
- მოდით, ჯერ მთლიანად ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის გამოსვლას შევაფასებ. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი გამოსვლაა, პირიქით - საუკეთესო მგონია. 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. ძალოსნების გამოსვლა ფანტასტიკური იყო, რადგან ჩვენი სპორტსმენი მსოფლიოს რეკორდით გახდა ჩემპიონი, რასაც ბრინჯაოს მედალიც დაემატა.

რაც შეეხება საჭიდაო გუნდებს, კარგი შედეგია. როცა ოქრო გაქვს, იქ საშუალოსა და ცუდზე არაა ლაპარაკი. საქართველო არაა იმხელა ქვეყანა, რამდენიმე ოქროზე გვქონდეს ამბიცია. აქედან გამომდინარე, ჭიდაობაში ოქროები ისე განაწილდა, რომ მხოლოდ რუსებმა აიღეს 2-2 ორივე სახეობაში, ბერძნულ-რომაულში კუბელებს აქვთ ორი, სხვებს კი თითო-თითო ერგოთ და ამათში საქართველოც მოხვდა.

Sportall.Ge- ჩვენი საჭიდაო გუნდების გამოსვლიდან ყველაზე მეტად მაინც რა მოგხვდათ თვალში - კარგიც და ცუდიც?
-  "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებიდან დავიწყებ, სადაც თაობათა ცვლა მოხდა. გუნდში მოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც დრო სჭირდებათ. თან გავითვალისწინოთ, რომ საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები მოდის. აქედან გამომდინარე, ვერ ვილაპარაკებთ, რატომ არაა მუდმივად შედეგიო. ვერც იქნება, რადგან თაობათა ცვლა მუდმივად ხდება, საქართველოში კი ბერძნულ-რომაულში 1000-დან 1500-მდე თუ იქნება მოვარჯიშე სპორტსმენი. თუმცა მიმაჩნია, რომ ყოველთვის გვყავს კარგი ფალავნები.

თავისუფალ ჭიდაობას რაც შეეხება, დღეს იქ საუკეთესო ნაკრები გვყავდა, მაგრამ არ დაგიმალავთ, უკეთეს შედეგს ველოდი. წინა ოლიმპიადას თუ შევადარებთ, იქ ამ ნაკრებს ოქრო არ ჰქონდა, მაგრამ ორი ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო მოიპოვა. თუმცა შეიძლებოდა ორივე ვერცხლი ოქრო ყოფილიყო.

ამიტომ მეგონა, რომ ახლა უკეთესი შედეგი ექნებოდათ. მაგალითად, ელიზბარ ოდიკაძეს შეეძლო სამეულში შესვლა; რა თქმა უნდა, გენო პეტრიაშვილს ფინალში უნდა ეჭიდავა. არც სანდრო ამინაშვილია ცუდი ბიჭი 86 კილოგრამში, ვინც მსოფლიოს პრიზიორია. შარშან მსოფლიოზე თუ შეძლო მესამეზე გასვლა, რატომ არ შეიძლებოდა, ოლიმპიადაზეც იგივე გაეკეთებინა? სამწუხაროდ, სამეულს მიღმა დარჩა.

ხინჩეგაშვილს რაც შეეხება, შეუდარებელი მოჭიდავეა. მისგან ყველა ოქროს ელოდა, რაც შეასრულა კიდეც და მოიპოვა ჩემპიონობა.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ოლიმპიადაზე ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო ცუდი შედეგი ნამდვილად არაა.

- თუმცა გაუმართლებელი წაგებაც ბევრი იყო: იაკობაშვილი დასრულებამდე 40 წამით ადრე 3:0-ს უგებდა იტალიელ ჩამიზოს და წააგო; ოდიკაძემ ვერ გაძლო ერთი პერიოდი, ამინაშვილმაც ძალიან დასანანი ქულები დაკარგა შესვენების განახლებისთანავე... როგორ მიგაჩნიათ, რატომ დამარცხდნენ ისინი - მომზადება აკლდათ თუ არ აღმოაჩნდათ სათანადო ხასიათი?
- ამას მომზადებას ნუ დავაბრალებთ. ხინჩეგაშვილი თუ კარგად იყო მომზადებული, სხვებმაც ხომ ანალოგიური შეკრებები გაიარეს? მით უმეტეს, ლადო რომ წონას იკლებს, მაგდენის დაკლება გუნდში არავის უწევს. მათი მარცხის მიზეზი ინდივიდუალურია - ვერც ოდიკაძემ აჩვენს ის ხასიათი, რაც დიდ ჩემპიონს უნდა ჰქონდეს და ვერც - იაკობაშვილმა.

აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატების მოპოვება თუ გსურს, არ შეიძლება ბოლო წამებზე აგებდე 3-4 ქულას, თუმცა ოდიკაძემ ბოლო ორ წუთში 9 ქულა დაკარგა. ამას ვერც მწვრთნელს დააბრალებ და ვერც - ვერავის. აქ ყველაფერი პიროვნულად სპორტსმენზე იყო დამოკიდებული.

ზოგადად, ოლიმპიური თამაშები განსხვავდება სხვა ჩემპიონატებისგან იმით, რომ უფრო მეტი აჟიოტაჟია, უფრო მეტი ნერვების ჭიდილია და ამ შეჯიბრებას იგებს ის, ვინც ყველანაირად მზადაა - ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ტექნიკურად, ტაქტიკურად, ჭკუით, აზროვნებით და ყველა კომპონენტით. ყველა ოლიმპიური ჩემპიონი რომ გახდეს, დამეთანხმებით, ის ფასი არ ექნება, რაც წლეულს მოხდა, რაც ლადო ხინჩეგაშვილმა გააკეთა ან როგორც ჩემს დროს იყო. მე ისეთი გუნდიდან გამოვდიოდი, 10 კაციდან ოთხი გავხდით ჩემპიონი.

- თქვენი აზრით, პეტრიაშვილს რა დააკლდა ფინალში გასასვლელად და ირანელის დასამარცხებლად?
- როგორც ვთქვი, პეტრიაშვილისგან მეტს ველოდებოდი. მინიმუმ - ფინალს. მაგ ბიჭს რომ ვაკვირდები, ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ დიდი ჩემპიონი გახდეს, მაგრამ თითქმის ყველა შეჯიბრებაზე რაღაც შეცდომას უშვებს. რატომ ხდება ასე, არ ვიცი, ეს პირადად მას უნდა ვკითხოთ; გავიგოთ, რა ხდება მასში. სხვა ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ გახდეს დიდი ჩემპიონი.

- მე მგონი, ზოგჯერ "ამასთან ხომ უკვე მოგებული მაქვს" განწყობით გადის და ამიტომ აკლია მობილიზება...
- მე პირიქით ვფიქრობ, არაა საკუთარ თავში დარწმუნებული და არ სჯერა, რომ დიდი ჩემპიონი გახდება. მას პირადად კარგად ვიცნობ და ხშირად ვესაუბრები - მინდა, გაუჩნდეს საკუთარი თავის რწმენა, რომ ძალიან მაგარია. მე მგონი, უფრო ამის შეგრძნება აკლია და არა თავში ავარდნა, ვარსკვლავური ავადმყოფობა და მეტოქის შეუფასებლობა. პირიქით, თავი უნდა დაარწმუნოს, რომ ყველაზე მაგარია.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებთან შედარებით მან სისწრაფე და რაღაც ილეთები დაკარგა?
- ვერ დაგეთანხმებით. როცა ერთნაირი შესაძლებლობების ორი მოჭიდავე ხვდება ერთმანეთს, ძნელია, ილეთების ისეთი კასკადი ჩაატაროს, რასაც ადრე აკეთებდა. მაგალითად, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ამერიკელთან ბევრი რამე გამოუვიდა, თუმცა ის არ იყო ძალიან მაღალი დონის, მაგრამ ირანელს, თურქს, უკრაინელს რომ შეხვედროდა, ესენი დაახლოებით თანაბარი დონის მოჭიდავეები არიან და მათთან იგივე არ გამოუვიდოდა.

- ხინჩეგაშვილმა მართლაც განსხვავებული სიძლიერის ფალავნად წარმოაჩინა თავი. სავარაუდოდ, ახალ წონაშიც მოუწევს გადასვლა და როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, რას ურჩევდით მას, რათა ისევ შეინარჩუნოს ლიდერობა და ტოკიოშიც ფავორიტად ჩავიდეს? მის ჭიდაობაში თუ დაინახეთ რამე გამოსასწორებელი?
- ხინჩეგაშვილი იმდენად კარგად გამოვიდა ამ ოლიმპიადაზე, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ შეხვედრას აგებდა კიდეც, მაგრამ რაც გააკეთა, მხოლოდ ძალიან დიდი მოჭიდავეებისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომ მე მას ვერაფერს დავარიგებ, ეგ აქეთ თუ დაარიგებს ჭკუას სხვებს.

- დაბოლოს: რიოში გამოჩნდა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველო კიდევ უფრო ძლიერი გუნდით იქნება წარმოდგენილი როგორც ჭიდაობებში, ისე - სხვა სახეობებშიც. თქვენი აზრით, რეალურია ოთხი წლის შემდეგ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება?
- ბოლო წლებში სპორტს მართლაც დიდი ყურადღება ექცევა - წინა მთავრობაც მაქსიმალურად უწყობდა ხელს და დღევანდელიც. შედეგად, ბრაზილიაში ერთ-ერთი უძლიერესი ოლიმპიური გუნდი გვყავდა - მასში ორი ოლიმპიური და მსოფლიოს სამი ჩემპიონი გამოდიოდა. მათი უმეტესობა ახალგაზრდაა, რომლებსაც ტოკიოს ოლიმპიადისთვის კიდევ უნდა დაემატონ ნიჭიერი სპორტსმენები და არ უნდა მოაკლდეს არავინ.

მაგალითად, ვერაფრით წარმოვიდგენდი ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილის უმედლობას. მით უფრო, როცა ბოლოს ოთხნი დარჩნენ და იმ ამერიკელს ხვდებოდა, იქ სათუო არაფერი არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, სპორტია და ასეთებიც ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ტოკიოში კიდევ უკეთესი გუნდი გვეყოლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იაკობიშვილის დიდი იმედი მაქვს
levani56
17:46 24-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული