ლეგენდის დაბადება რიოში - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან

AutoSharing Option
ქართული ძალოსნობის ისტორიას მრავალი ლეგენდა ახსოვს, ბევრი დაუჯერებელი ამბავიც, მაგრამ ის, რაც 2016 წლის 16 აგვისტოს მოხდა ოლიმპიურ თამაშებზე, ახალი ფურცელია ქართული სპორტის მატიანეში. როიში ახალი ლეგენდა დაიბადა - საჩხერელმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონობა ორჭიდში მსოფლიოს რეკორდით მოიპოვა.

მასთან ერთად იდგა კვარცხლბეკზე ჩაქველი მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე, რომელსაც ბრინჯაოს მედალი ხვდა. 1964 წლის ოლიმპიადის (მაშინ ტოკიოს თამაშებზე ძიუდოისტები - ანზორ კიკნაძე და ფარნაოზ ჩიკვილაძე გახდნენ ბრინჯაოს პრიზიორები მძიმე წონაში) შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ერთბაშად ორმა ქართველმა ათლეტმა ერთი
სახეობის ერთ წონაში მოიპოვა მედლები.

- ეს ოლიმპიადა სადებიუტო იყო ჩემთვის, ამიტომ რიოში ყველაფერს დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. - გვითხრა ბრაზილიიდან დაბრუნებულმა ლაშა ტალახაძემ. - ოლიმპიურ სოფელში ყოველგვარი პირობა იყო სავარჯიშოდ და დასასვენებლად. ბრაზილიაში ჩასულს კიდევ უფრო განმიმტკიცდა იმის რწმენა, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე წლეულს ნაჩვენებ შედეგებს გავაუმჯობესებდი. წინასწარ მონაცემებში ექვს სპორტსმენს ორჭიდში 450 კილო გვეწერა. მსგავსი რამ, მგონი, არც ერთ ოლიმპიადაზე არ ყოფილა. ერთბაშად ექვსი ათლეტი აცხადებდა ოქროსთვის პრეტენზიას. წინა შეჯიბრებებიდან რამდენიმე ძალოსნის მაჩვენებლები ვიცოდი და ვეჭვობდი, რომ მათ ასეთი შედეგისთვის მიეღწიათ, მით უმეტეს ოლიმპიადაზე. ასეც მოხდა.

- მძიმე წონის უპირველეს ფავორიტად ირანელ ოლიმპიურ ჩემპიონ ბეჰდად სალიმ კორდასიაბს მიიჩნევდნენ...
- არცთუ უსაფუძვლოდ. მართალია, ჩვენ რიომდე შეჯიბრებებზე არ შევხვედრივართ ერთმანეთს, მაგრამ ვიცოდი, რომ ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული მაღალი შედეგებისთვის მზად იყო, რაც ატაცში დაადასტურა კიდეც.

- რიომდე ატაცში 200 და აკვრაში 238 კილოზე მეტი საწყის წონად არასდროს შეგიკვეთავთ. ოლიმპიადაზე კი საკმაოდ მაღალი წონებით დაიწყეთ შეჯიბრება.
- ვარჯიშებისა თუ ასპარეზობისას წონას მწვრთნელები განსაზღვრავენ, რადგან მათ უკეთ იციან, რა ტაქტიკით იმოქმედონ. შეჯიბრებისას ბევრი რამ უნდა გათვალო და გაითვალისწინო, მარტო საკუთარი შესაძლებლობები არ კმარა. სპორტსმენს კი საამისოდ არ სცალია - იგი ასაწევ წონაზეა ორიენტირებული და კონცენტრირებული. ამიტომ მწვრთნელები განსაზღვრავენ, რომელ ცდაზე რა წონაზე მიხვიდე, როდის უნდა გარისკო.

ატაცში შეჯიბრების დაწყებამდე ირანელს 206 კილო ჰქონდა შეკვეთილი. მწვრთნელებს ვთხოვე, ჩემი საწყისი წონა გაეზარდათ, რომ ფიცარნაგზე ირანელის შემდეგ გავსულიყავი. მათ კი შეჯიბრების დაწყება 205 კილოთი მირჩიეს და მეც დავთანხმდი. მოგეხსენებათ, ირანელი ატაცში ძალიან ძლიერია, მას ეკუთვნოდა მსოფლიოს რეკორდი - 214 კილო. მესამე ცდაზე ეს შედეგი კილოგრამით გავაუმჯობესე, მაგრამ ჩემმა მსოფლიოს რეკორდმა მხოლოდ რამდენიმე წუთი იარსება, რადგან სალიმმა მესამე ცდაზე 216-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა.

მართალი გითხრათ, ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, რადგან დარწმუნებული ვიყავი, აკვრაში ვაჯობებდი ოლიმპიურ ჩემპიონს. პირველსავე ცდაზე 242 კილო ავკარი და ვერცხლის მედალი გავინაღდე. ფიცარნაგიდან რომ ჩამოვედი, მწვრთნელებს ვთხოვე, სალიმი სამივე მისვლას რომ გამოიყენებს, მეორე ცდაზე მერე მიმიშვით-მეთქი.

გიორგი ასანიძესა და ავთანდილ გახოკიძეს ჩემი თქმა არც სჭირდებოდათ, რადგან უკვე ასე ჰქონიათ ჩაფიქრებული, ისინი ხვდებოდნენ, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი დიდი სიმძიმეების ასაწევად. მეორე ცდის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, რადგან მეჰდადმა საწყისი წონა - 245 კილო ვერ დაძლია.

- მსაჯებმა და ჟიურიმ ირანელს ორი ცდა არ ჩაუთვალეს, რამდენად სამართლიანი იყო მათი გადაწყვეტილება, რომელსაც სალიმის ქომაგთა გულისწყრომა მოჰყვა.
- მხოლოდ შტანგის აწევა არ არის საკმარისი. მას თავისი წესები აქვს - ირანელ სპორტსმენს ორივე ცდისას ხელი მოხრილი ჰქონდა და მერე გამართა. მსგავსი შეცდომისას ნებისმიერ სპორტსმენს გაუუქმებდნენ მოძრაობას. შარშან ჰიუსტონში მსოფლიოს ჩემპიონატისას მეც ამიტომ არ ჩამითვალეს მეორე ცდა 247 კილოგრამით. ასე რომ, ირანელი გულშემატკივრების აგრესია მსაჯების მიმართ უსაფუძვლო იყო. ადამიანურად გული დამწყდა, ასეთმა დიდმა სპორტსმენმა ასპარეზობა ნულოვანი შეფასებით რომ დაასრულა.

ჩემი უფროსი მეგობრის - ირაკლი თურმანიძის ბრინჯაოს მედალმა კი ნამდვილად გამახარა. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, შეჯიბრებებზე ირაკლის გამოსვლებს ინტერესით ვადევნებდი თვალს და ვნატრობდი, ასეთი სიმძიმეები, ნეტავ, მეც ამაწევინა-მეთქი.

- ახლა როლები რომ შეიცვალა?
- იგი ჩემთვის დიდ სპორტსმენად და მეგობრად რჩება, რომელიც ყოველ წამს მზად არის, გამოცდილება გაგიზიაროს, ისევე, როგორც - კახი კახიაშვილი და გიორგი ასანიძე, პირად მწვრთნელ ავთანდილ გახოკიძეზე ხომ არაფერს ვამბობ. ირაკლიმ რიოში საკუთარ თავს აჯობა, ისეთი შტანგები დაიმორჩილა. ექვსივე ცდა გამოიყენა. საბოლოოდ 207 კილო აიტაცა და 241 კილო აკრა, ორჭიდში 448 კილო მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ალალია მასზე.

- თქვენ ზემოთ ირანელი ქომაგების აგრესია ახსენეთ...
- რომელმაც მსაჯებიდან ჩემზე გადმოინაცვლა. სალიმის მწვრთნელმა საჯად ანუშირავანიმ თქვა, ჩემს შეგირდს ოქროს მედალი მსაჯებმა წაართვესო. ინტერნეტით კი ხმა გაავრცელეს - ქართველებმა მსაჯები მოისყიდესო. როცა მორიგი წონების ასაწევად გავდიოდი ფიცარნაგზე, დარბაზში ხმაური იყო, რაც წესებით დაუშვებელია. თუმცა იმ სიტუაციისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.

- ორი ცდის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი იყავით. უმოტივაციომ რატომ გადაწყვიტეთ ახალ წონას შესჭიდებოდით?
- ეს აუცილებელი იყო, რომ ირანელი ქომაგებისა და ზოგიერთი ურწმუნო თომასათვის დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები. 258 კილოგრამის აწევით ორჭიდში 473 კილო მოვაგროვე, რაც კილოგრამით მეტია 16 წლის წინათ, 2000 წელს, ირანელი ჰოსეინ რეზა ზადეს მიერ დამყარებულ მსოფლიოს და ოლიმპიურ რეკორდებზე.

- მწვრთნელების შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონობა ვინც მოგილოცათ, სალიმი იყო...
- ირანელი ძალოსანი არა მარტო ტიტულოვანი სპორტსმენი, არამედ დიდი ადამიანიცაა. კაცურად მოიქცა - ჯერ ჩემს გამოსვლას უყურა, მერე გამარჯვება მომილოცა. ისე, მეჰდადმა 216 კილო რომ აიტაცა და მოსათელ დარბაზში შემოვიდა, მეც მივულოცე მსოფლიო რეკორდის დამყარება. ადამიანი ბოღმიანი და შურიანი არ უნდა იყო - პატივი უნდა სცე შენზე ძლიერ მეტოქეს და ეცადო, პატიოსან ბრძოლაში აჯობო მას.

- მესამე ცდისას გრიფს რომ ხელი შეახეთ, რა გაიფიქრეთ?
- მართალი გითხრათ, არაფერი მახსოვს, ისე ვიყავი ემოციით სავსე: მე ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, ირაკლი ბრინჯაოს პრიზიორი - მეტი რიგორ უნდა გაგვეხარებინა ქომაგები და გვესახელებინა სამშობლო. შტანგასთან მიახლოებისას იმის განცდა არ მქონია, რომ ამ წონას ვერ დავიმორჩილებდი. უფლის ნებით ყველაფერი კარგად დასრულდა. ფიცარნაგზევე მწვრთნელები და ექიმი გადამეხვივნენ. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ სიხარულისგან მინდოდა მეყვირა, მაგრამ ემოციების გამოხატვა ნაკლებად შემიძლია და რიოშიც ასე იყო.

- საჩხერე როდის გამოჩნდა?
- ყოველ წუთს თვალწინ მედგა ჩემი კუთხე, მშობლები, მეზობლები, ახლობლები, მეგობრები. ვიცოდი, რომ საჩხერეში ჩემს გამოსვლას სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურებდნენ. ესეც ერთგვარი მოტივაცია იყო ჩემთვის. ყველაფერი გავაკეთე, რომ ქომაგებისთვის გული არ დამეწყვიტა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და სჯეროდა ჩემი.

- აეროპორტში თბილი შეხვედრა მოგიწყვეს. თქვენებს რა უთხარით?
- მართლაც გულისამაჩუყებელი იყო ყველაფერი. ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად. ემოციის პირველმა ტალღამ რომ გადაიარა, დედას ვკითხე, შეჯიბრებას თუ უყურე-მეთქი. შენ ხომ იცი, ჩემი ადგილი სად იქნებოდაო. დედამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა: ჩემს პაექრობებს არ უყურებს - შეჯიბრებისას ხატებთან დგას და ლოცულობს.

- ლაშა ტალახაძეს აქამდე იცნობდნენ როგორც ზრდილ თავმდაბალ ახალგაზრდას. ოლიმპიური ჩემპიონობა ხომ არ შეცვლის მას?
- ვიცი, ოლიმპიური ჩემპიონობა დიდი პატივიცაა და უმძიმესი ტვირთიც, ვეცდები, ღირსეულად ვატარო იგი. ჩემთვის უპირველესი ადამიანობაა და შემდეგ ჩემპიონობა. ასე აღმზარდეს და უფლება არ მაქვს, სხვაგვარად ვიფიქრო.

- სამომავლოდ რას აპირებთ?
- ახლა ცოტას დავისვენებ და ახალი შეჯიბრებებისთვის მოვემზადები: მსოფლიოს რეკორდები - ატაცში 216 და აკვრაში 263 კილო მაქვს დასამხობი. ორიენტირი კი, ცხადია, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლაშა 0.5 ტონას ველით იცოდე შენგან))) ეს უნდა იყოს შენთვის ორიენტირი უკვე.უფალმა დაგლოცოს და გვჯერა ამასაც შეძლებ.
0
დალოცოს უფალმა შენი მშობლები, მასწავლებლები, მწვრთნელები და მეგობრები... იხარე და გაგვახარე ახალი მიღწევებით...
tengizi
13:18 03-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული