ახალი ოლიმპიური სიმაღლე - ინტერვიუ ლერი ხაბელოვთან

AutoSharing Option
ფოტოზე: თომას ბახი და ლერი ხაბელოვი
ახლოვდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია, რომელიც წლის მიწურულს - 23 დეკემბერს გაიმართება. სესიის დელეგატები ჯერ მოისმენენ ინფორმაციას სეოკ-ის მიერ ოლიმპიურ ოთხწლეულში გაწეული საქმიანობის შესახებ, შეაჯამებენ უმთავრეს ოლიმპიურ შეჯიბრებებზე, მათ შორის - ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენებ შედეგებს, მერე კი გაიმართება სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამების პრეზენტაცია და თავად არჩევნები.

სეოკ-ის აღმასკომმა პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატად წარადგინა ამ ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტი ესაუბრა.

- ბატონო ლერი,
პირველ რიგში, გილოცავთ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის ორდენით დაჯილდოებას. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო?

- ნიშნავს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმატებული მუშაობის აღიარებას, ჩვენ მიერ საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილის დაფასებას, რაც ძალიან სასიხარულოა.

- მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თქვენ ახალ პარლამენტშიც შემოგთავაზეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, მაგრამ თავად თქვით უარი იმ მოტივით, რომ ოლიმპიურ კომიტეტში უფრო აქტიურ მუშაობას გეგმავთ. თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- დიახ, ასე იყო. მმართველ გუნდში ვისაუბრეთ ამის შესახებ და ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ ოთხი წელიწადი ვიმუშავე და, ვფიქრობ, კოლეგებთან ერთად არაერთი კარგი საქმე გავაკეთე. ახლა, როგორც კომიტეტის რიგით წევრს, უფრო მეტი დრო მექნება იმისთვის, რომ ოლიმპიურ საქმეებს მივხედო.

- მაგრამ ამისთვის ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოთ...
- მე, როგორც სპორტსმენი და ოლიმპიური ჩემპიონი, გამარჯვებას მიჩვეული ვარ. მჯერა, რომ დელეგატების უმეტესობა მხარს დამიჭერს.

- რა გაძლევთ ამის საფუძველს?
- პირველ ყოვლისა, გაკეთებული საქმეები და წარმატებები, რომელიც ჩვენს ერთობლივ საქმიანობას მოჰყვა, ასევე - სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელებაც ახალ ენერგიას შემოიტანს ოლიმპიურ მოძრაობაში. ამ წლების განმავლობაში საქმიანი, კოლეგიალური და პარტნიორული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა სპორტულ უწყებებთან, ფედერაციებთან, მწვრთნელებთან, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელებთან, მოქმედ სპორტსმენებთან, სპორტში მომუშავე ადამიანებთან. ჩვენ, ყველანი, ერთად დიდ და ძალზე მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და გამარჯვებას სწორედ ერთიანობით ვაღწევთ.

ჩვენ ვეცადეთ დაგვემკვიდრებინა ღია თამაშის წესები, როცა სპორტში ურთიერთობები რეგულირდება პარტნიორული თანამშრომლობით, სადაც თითოეულის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განაწილებულია მოქმედი წესდების შესაბამისად. ჩვენ უარი ვთქვით საეჭვო პოლიტიკური მიზნებისთვის სპორტის გამოყენების მავნე პრაქტიკაზე და მხარი დავუჭირეთ სპორტის დეპოლიტიზაციის შეუქცევად პროცესს.

- როგორ შეაფასებდით ოლიმპიურ კომიტეტში თქვენი მუშაობის ოთხწლიან პერიოდს?
- ჩვენი საქმიანობის მთავარი შემფასებელი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი საზოგადოება. ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობაში ოთხი წლის წინ მოსულმა ახალმა გუნდმა, ვფიქრობ, პროფესიონალურად, თავდადებით და ეფექტურად იშრომა იმისთვის, რომ ქართული ოლიმპიური მოძრაობა ახალ სიმაღლეზე აეყვანა. ჩვენ ყველა ძირითადი ამოცანა წარმატებით შევასრულეთ და დარწმუნებული ვარ, ამას კარგად ხედავენ და ობიექტურად აფასებენ ქართული სპორტის გულშემატკივრები.

ეს წლები დატვირთული იყო მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენებით, საინტერესო სიახლეებით, დასამახსოვრებელი ღონისძიებებით. იყო დიდი სპორტული მიღწევები, უმაღლესი დონის ტურნირებში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებები, სამთავრობო სტრუქტურებისგან, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისგან მიღებული პოზიტიური შეფასებები.

რასაკვირველია, ასევე იყო პრობლემები და გარკვეული იმედგაცრუება ზოგიერთ შეჯიბრებაში ცალკეულ შეხვედრებში ნაჩვენები მოსალოდნელზე დაბალი შედეგის და დასანანი მარცხის გამო. მაგრამ, ყველაფერი ეს სპორტული ცხოვრების თანმდევი ამბებია. მთავარი ის არის, რომ ხელშესახები პროგრესი იგრძნობა ოლიმპიური მოძრაობის სხვადასხვა მიმართულებით, რაც დასტურდება ციფრებით და ფაქტებით, მათ შორის: ევროპულ საყმაწვილო ოლიმპიურ ფესტივალებსა და მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, დიდ ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგებით, გააქტიურებული საგანმანათლებლო ოლიმპიური პროგრამებით, ოლიმპიზმის პოპულარიზაციის მიზნით გადადგმული ქმედითი ნაბიჯებით, მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი საგამომცემლო პროექტებით, რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციების ფართოდ ამოქმედებით, დოპინგის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლით, კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენების სოციალური და სამედიცინო უზრუნველყოფით...

- თქვენ ბრძანეთ, რომ პროგრესი ციფრებით და ფაქტებით დასტურდება. თვალსაჩინოებისთვის იქნებ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი მოიტანოთ...
- გადავხედოთ, მაგალითად, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების სტატისტიკას. წინა, 2009 და 2011 წლების ფესტივალებთან შედარებით, 2013 და 2015 წლებში თითქმის ყველა პარამეტრში მივაღწიეთ სერიოზულ წინსვლას, მათ შორის მედლების ხარისხისა და რაოდენობის, ჯამური გუნდური მაჩვენებელის მიხედვით.

2009 წელს ტამპერეში 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური 30-ე ადგილი გვქონდა, 2011 წელს ტრაბზონში - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო და გუნდური 24-ე ადგილი. ახლა ვნახოთ ბოლო ოლიმპიური ოთხწლეულის ციფრები: უტრეხტში, 2013 წელს ჩვენ 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და გუნდური მე-13 ადგილი ავიღეთ, თბილისში, საშინაო ფესტივალზე კი - 4 ოქრო, 6 ბრინჯაო და გუნდური მე-10 ადგილი. როგორც ხედავთ, წინსვლა აშკარაა.

იგივე ითქმის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზეც. თუ 2010 წელს სინგაპურში სულ 5 ლიცენზიანტი გვყავდა და მხოლოდ 1 ბრინჯაოს მედალი გვერგო, 4 წლის შემდეგ, ნანძინში უკვე 12-მა ლიცენზიანტმა 3 მედალი აიღო - 2 ვერცხლი და ბრინჯაო, გუნდურ ჩათვლაში კი 26 საფეხურით დავწინაურდით.

რაც შეეხება ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, აქ საქართველო პირველად წარდგა სარეკორდო 40 სპორტსმენით, ასევე პირველად, კვარცხლბეკის პირველ და მესამე საფეხურებზე იდგა ერთდროულად 2 ქართველი ოლიმპიელი, მძიმე წონაში გამარჯვებულმა პლანეტის უძლიერეს მამაკაცად აღიარებულმა ლაშა ტალახაძემ კი დაამყარა მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდები, რაც ასევე პირველი შემთხვევაა დამოუკიდებლობის წლებში.

ჩვენ მოვიპოვეთ 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო, გუნდურ ჩათვლაში 2 საფეხურით წავიწიეთ წინ, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლით გავასწარით რეგიონის ქვეყნებს - თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან კი ჩვენზე წინ არიან მხოლოდ უზბეკეთი, ყაზახეთი და უკრაინა, რომელსაც ასევე ორი ჩემპიონი ჰყავს. შემაჯამებელ ცხრილში საქართველომ ჩამოიტოვა არაერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის - ჩეხეთი, ავსტრია, ნორვეგია, რუმინეთი, ბულგარეთი, ფინეთი, ირლანდია, პორტუგალია, სლოვენია...

ქვეყნების მოსახლეობასთან შეფარდებით მოპოვებულ ოქროს მედლების რაოდენობით საქართველო მე-8 ადგილზეა. ასევე მე-8 ადგილები გვერგო მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით მოპოვებული მედლების საერთო რიცხვით და გუნდში სპორტსმენთა რაოდენობისა და მოპოვებული მედლების შეფარდებით. ჩვენ უმეტეს პარამეტრში გავაუმჯობესეთ წინა ოლიმპიადის შედეგები და შევასრულეთ ჩვენი დევიზი - "რიოში უკეთ, ვიდრე ლონდონში!"

ასეთია ფაქტები, რომლებიც ყველაზე უკეთ ასახავს პოზიტიურ დინამიკას. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, დავინახეთ პრობლემებიც, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია შემდგომი შეუფერხებელი წინსვლისთვის.

- წინა ოლიმპიურ ოთხწლეულებთან შედარებით, რა სიახლეები იყო ოლიმპიური კომიტეტის მუშაობაში, რას გაიხსენებთ პირველ ყოვლისა...
- გასულ ოლიმპიურ ციკლში, გარდა ტრადიციულ ოლიმპიურ შეჯიბრებებში მონაწილეობისა, გეგმური ოლიმპიური პროგრამების და პროექტების განხორციელებისა, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს დამატებით მოუწია სამი ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება: სეოკ-ის 25 წლისთავის საიუბილეო ღონისძიების გამართვა, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა და პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წარდგენა.

სამივე ეს ღონისძიება მოითხოვდა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სხვადასხვა სახელისუფლებო და სპორტულ უწყებებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხანგრძლივ კოორდინირებულ მუშაობას, დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სეოკ-მა წარმატებით გაართვა თავი სამივე ამოცანას. საიუბილეო ღონიძიებებმა, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის მეთაურობით, მსოფლიო და ევროპული სპორტის არაერთი მაღალჩინოსანი მონაწილეობდა და რუსთაველის თეატრში გალა-კონცერტით დასრულდა, მაღალ დონეზე ჩაიარა და ფართო რეზონანსი მოჰყვა; ასევე უაღრესად დადებითად შეფასდა თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ჩვენ მივიღეთ ევროპის 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი და თანმხლები პირი, ჩავატარეთ შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში. ოლიმპიურმა ევროპამ საქართველო აღიარა ქვეყნად, რომელსაც შეუძლია ამ მნიშვნელობისა და მასშტაბის კომპლექსური შეჯიბრების ღირსეული მასპინძლობა.

ფესტივალმა დაგვიტოვა სოლიდური მატერიალური მემკვიდრეობა: თბილისს შემატა ახალი სპორტულ-ოლიმპიური ცენტრი, რომელსაც სეოკ-ის წინადადებით და დედაქალაქის საკრებულოს დადგენილებით ეწოდა "ოლიმპიური პარკი." გარდა სპორტული ობიექტებისა, სპეციალური ოლიმპიური პროგრამის მეშვეობით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უპრეცედენტო ინვესტიცია ჩაიდო უშუალოდ ახალგაზრდულ სპორტში. ეს პროგრამა გრძელდება და დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი სპორტის წინსვლას.

რაც შეეხება ბაქოში გამართულ სადებიუტო ევროპულ თამაშებს, იქ საქართველო წარმოდგენილი იყო 104 სპორტსმენით. საერთაშორისო ოლიმპიური ორგანიზაციების ეგიდით გამართულ არც ერთ ადრინდელ შეჯიბრებაში ასეთი მრავალრიცხოვანი გუნდი არასოდეს არ გვყოლია. ამ გუნდმა 16 მედალი (მათ შორის - 2 ოქრო) მოიპოვა, საერთო ჩათვლაში კი 21-ე ადგილზე გავიდა.

- ერთ-ერთმა თქვენმა ოპონენტმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა მედიაში განაცხადა, რომ ოლიმპიური კომიტეტი ნაკლებად ზრუნავს ვეტერანი ოლიმპიელების სოციალურ დაცვაზე, ვერ ახერხებს სპონსორების მოზიდვას, უყურადღებოდ რჩებიან წარმატებული სპორტსმენები...
- თქმით ბევრი რამის თქმა შეიძლება, საქმის კეთებაა ძნელი. სიმართლე გითხრათ, ეს განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ რაკი კითხვა დამისვით, პასუხსაც მოგახსენებთ. მეტ-ნაკლებად უკვე გესაუბრეთ ჩვენი საქმიანობის სპორტულ ნაწილზე და იმაზე, რომ თითქმის ყველა მიმართულებით წინ მივდივართ. ამას ვერავინ უარყოფს - აგერ, ყველა შედეგი ხელისგულზე დევს. ზოგადად, ადამიანები მაქსიმალისტები ვართ და მეც ასეთად ვთვლი ჩემს თავს. რასაკვირველია, მეტი და მეტი გვინდა, მაგრამ ეს არ ხდება ერთბაშად, ერთი ხელის მოსმით. ვინც ასე მსჯელობს, ის ან ვერ ერკვევა საქმის ვითარებაში, ან სხვა რაღაცაშია საქმე.

რაც შეეხება სოციალურ დაცვას და ბიზნესთან ურთიერთობის საკითხებს, აქ ისევ ფაქტებს მოვუხმობ და თავად განსაჯეთ. 2013-2016 წლებში სპორტსმენებმა და სპორტის მუშაკებმა მიიღეს 200 ათას ლარზე მეტი ერთჯერადი ფულადი დახმარება, გაიცა მილიონ ლარამდე ოლიმპიური სტიპენდია. სეოკ-მა მოაწყო ჩვენი სახელოვანი ოლიმპიელების ოცამდე საიუბილეო საზეიმო ღონისძიება, ხოლო სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტებით უზრუნველყოფის საერთო თანხამ 600 ათას ლარს გადააჭარბა. ამას გარდა, სეოკ-ის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის დამატებით მოვიძიეთ დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარი, გადავიხადეთ წინა ხელმძღვანელობის მიერ დატოვებული ვალი 320 000 ლარის ოდენობით. მთლიანად გავარემონტეთ ჩვენი ოფისის მეოთხე სართული და პირველი სართულის დარჩენილი ნაწილი. ეს არ გაკეთებულა საბიუჯეტო სახსრებით. ეს არის სწორედ ჩვენი სპონსორების, პარტნიორების, საერთაშორისო ფონდების მეშვეობით მოზიდული ინვესტიცია.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ჩვენს სპონსორ კომპანიებს - "ავერსს", "სოკარს", "სვეტს", "სამსუნგს", "აუთდორ.ჯის". აქვე გეტყვით, რომ ჩვენმა პარტნიორმა დეველოპერულმა კომპანია "სვეტმა" ბინები გადასცა რიოს ოლიმპიურ ჩემპიონებს და ხუთ ლიცენზიატ სპორტსმენს, ოქროსმედალოსნებმა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან დამატებით მიიღეს სოლიდური ფულადი ჯილდო, თოთოეულმა 50 ათასი ლარის ოდენობით. მათთვის ასევე იგეგმება სხვა ჯილდოების გადაცემა. ოლიმპიადის ყველა მედალოსანი, ასევე IV-VI ადგილებზე გასული ოლიმპიელები, მწვრთნელები, ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი მალე მიიღებენ კუთვნილ სახელმწიფო პრემიას...

თავად სპორტსმენი ვიყავი და კარგად ვიცი, რომ სპორტში წარმატება დიდი შრომისა და თავდადების ფასად მოდის. ამას შესაბამისი დაფასება სჭირდება, რასაც ვაკეთებთ კიდეც. დაფასებაში მხოლოდ მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ. რიოს ოლიმპიადასთან მიმართებით თუ ვისაუბრებთ, სეოკ-ის ეზოში უკვე გაიხსნა ახალი ოლიმპიური ჩემპიონების სახელობითი ვარსკვლავები, დასაბეჭდად მზად არის და ამ დღეებში გამოვცემთ მათზე შექმნილ წიგნებს, აგრეთვე რიოს ოლიმპიადის ამსახველ ფოტოალბომს. დავიწყეთ დოკუმენტური ფილმების მომზადებაც.

- რაკი ამ თემას შეეხეთ, აქვე გკითხავთ ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციის მიზნით თქვენ მიერ გაკეთებულ საქმეებზე. როგორც ვიცით, ეს არის ოლიმპიური კომიტეტის წესდებით განსაზღვრული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
- გეტყვით იმას, რომ საერთაშორისო ოლიმპიური ორგანიზაციების შეფასებით, ამ მხრივ ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია გვიკავია. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციის, ოლიმპიზმის ფასეულობების გავრცელების, სახელოვანი ოლიმპიელების წარმოჩენის მიზნით, თუნდაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.

რამდენიმეს ჩამოგითვლით: ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა ჟურნალ "ოლიმპიელის" გამოცემა, სეოკ-ის ოფისში ამოქმედდა ოლიმპიური ბიბლიოთეკა, აქტიურად ამუშავდა ოლიმპიური მუზეუმი, სადაც რეგულარულად იმართება შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეთა და ოლიმპიურ ჩემპიონთა მონაწილეობით. გამოიცა ადრე დაწყებული სერიის - "ათენიდან ათენამდე" - მომდევნო 5 კრებული: "მიუნხენი 1972," "მონრეალი 1976", "მოსკოვი 1980," "სეული 1988" და "ბარსელონა 1992;" გაგრძელდა სხვა მასშტაბური პროექტები - "ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები" და "ერთი ჩემპიონის ისტორია." ოლიმპიურ თემატიკაზე შექმნილი ფილმების არქივი შეივსო თამარ ბალავაძის კიდევ ორი ნამუშევრით - "ლონდონი 2012" და "სეოკი-25." სეოკ-ის შტაბბინის ეზოში მოეწყო ორნაწილიანი მონუმენტური კომპოზიცია - "ოდა ქართველ ოლიმპიელებს," გაიხსნა ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონების ვარსკვლავები. სეოკ-ის დაარსების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა ილუსტრირებული ქართულ-ინგლისური ალბომი "ოლიმპიური საქართველო."

ძალზე მნიშვნელოვანი იყო პირველი ქართულენოვანი საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედიის - "მოგზაურობა ოლიმპეთში" და ხუთტომეულის - "ხუთი რგოლი საქართველოსთვის" გამოცემა. ენციკლოპედიის ავტორია ცნობილი მწერალი ირაკლი ლომოური. ეს არის საინტერესო საკითხავი, უხვად ილუსტრირებული სახალისო წიგნი, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ქვეყნის ყველა საჯარო სკოლას, ბავშვთა სახლებს, საყმაწვილო დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს. ოლიმპიზმის ისტორიის ცნობილი მკვლევრის, პაატა ნაცვლიშვილის, ხუთტომეულში თავმოყრილია ყველა მეტ-ნაკლებად საინტერესო ამბავი და ფოტოდოკუმენტი ოლიმპიური მოძრაობის შესახებ. ოლიმპიურ თემატიკაზე ასეთი მოცულობითი ნაშრომი საქართველოში ასევე პირველად გამოიცა.

სეოკ-ის ძალისხმევით და ჩვენი სპონსორების მხარდაჭერით, ოლიმპიურ 2016 წელს უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი სააგიტაციო ღონისძიებები განხორციელდა წინასაოლიმპიადოდ, ქართული სპორტის გულშემატკივართა გააქტიურებისა და მობილიზების მიზნით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცა თამარ ბალავაძის დოკუმენტური ფილმების სერია ოლიმპიურ თამაშებზე; გაზეთ "ლელოში" თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ქვეყნდებოდა სპეციალური ჩანართი "საქართველო - ოლიმპიური რაკურსი," "სილქმედიაში" მომზადდა ერთობლივ სატელევიზიო გადაცემათა ციკლი "ოლიმპიური საქართველო;" ქუთაისში, ბათუმში, გორში და ქვეყნის სხვა ქალაქებში თამაშების დღეებში მოქმედებდა ოლიმპიური ფან-კლუბები, თბილისსა და სხვა ქალაქებში გამოიფინა ჩვენი ოლიმპიელების ათეულობით ბანერი.

ოლიმპიზმის პროპაგანდას ემსახურება სეოკ-ისა და საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის მიერ დამკვიდრებული ტრადიციაც - გასვლითი შეხვედრები რეგიონებში. ბოლო ხანს მოეწყო თხუთმეტამდე ასეთი შეხვედრა. ადგილობრივი ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგნენ "ოლიმპიური ეკიპაჟის" წევრები - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და მედალოსნები, სეოკ-ის ხელმძღვანელები. ეს იყო ძალიან საინტერესო და ემოციური შეხვედრები. აქ მინდა გავიხსენო ათენის ანტიკურ სტადიონზე ანთებული ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა. თითქმის თვე-ნახევრის განმავლობაში ოლიმპიურმა ცეცხლმა მოიარა საქართველოს მრავალი ქალაქი და დასახლებული პუნქტი. ესტაფეტაში ჩართულნი იყვნენ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები, მეცნიერებისა და კულტურის გამოჩენილი მუშაკები, ხელისუფლების წარმომადგენლები. ესტაფეტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით გაიმართა ასამდე მიზნობრივი საზეიმო-სადღესასწაულო ღონისძიება.

- მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ოლიმპიური განათლების მიმართულებით ყველაფერი რიგზე არ არის. მაგალითად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სკოლებში ასწავლიან ოლიმპიზმის ისტორიას, ჩვენთან კი ამის გაკეთება, რატომღაც, ვერ ხერხდება...
- ჩვენ გვქონდა მცდელობა საჯარო სკოლებში თუნდაც ორთვიანი ოლიმპიური პროგრამის დანერგვისა. შესაბამისი წინადადებით მივმართეთ განათლების სამინისტროს წინა ხელმძღვანელობას, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიეთ. საქართველომ უნდა გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება, რათა ქვეყნის საჯარო სკოლებში შემოღებულ იქნას ოლიმპიზმის ისტორიის სწავლება, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ოლიმპიური განათლების მიმართულებით. სეოკ-ი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს სპეციალური დამხმარე სახელმძღვანელოს მომზადებაში, უზრუნველყოს პრაქტიკული სასწავლო სემინარები დაინტერესებული სკოლებისა და პედაგოგებისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს და ამის ნიშნები უკვე ჩანს.

- ოლიმპიური კომიტეტის წარმატებული ფუნქციონირებისთვის, ალბათ, ძალზე მნიშვნელოვანია აქტიური საერთაშორისო კონტაქტები, მჭიდრო ურთიერთობა საერთაშორისო ოლიმპიურ ორგანიზაციებსა და ფონდებთან...
- ჩვენ მართლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს მსოფლიოს თუ კონტინენტურ ოლიმპიურ ორგანიზაციებთან, მათ ხელმძღვანელებთან. არაერთხელ შევხვდით სოკ-ის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს ჟაკ როგს და მოქმედ პრეზიდენტს თომას ბახს, სისტემატურად ვმონაწილეობთ მსოფლიოს, კონტინენტურ და რეგიონულ ფორუმებში. ამ კონტაქტების შედეგია, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მაქსიმალურად გამოიყენა შემოთავაზებული შესაძლებლობები. ოლიმპიური სოლიდარობის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამების მეშვეობით დაფინანსდა ათეულობით სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება, სემინარი, კურსები, მნიშვნელოვანი საგამომცემლო და სატელევიზიო პროექტები. სხვათა შორის, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი არჩეულია ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ევროკავშირის კომისიის წევრად.

- თქვენ ზემოთ ხაზი გაუსვით სპორტული ორგანიზაციების პარტნიორული თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. როგორია თქვენი ურთიერთობა კონკრეტულად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, მის ახალ ხელმძღვანელობასთან?
- საქმიანი, კოორდინირებული, შედეგზე ორიენტირებული, მე ვიტყოდი - მეგობრული. ასეთი ურთიერთდამოკიდებულების გარეშე ვერ იქნებოდა ის წარმატებები, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. ჩვენ მინისტრთან, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილთან, რომელსაც ვულოცავ ამ მაღალ პოსტზე ხელახალ დამტკიცებას, მის მოადგილეებთან ერთად ვმსჯელობთ ქართული სპორტის სტრატეგიულ საკითხებზე, ერთად ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მათ შორის, პრიორიტეტული სახეობების და მიმართულებების განსაზღვრის, საბიუჯეტო სახსრების განაწილების და განკარგვის თაობაზე. მოგეხსენებათ, ქართული სპორტის მთავარი დონორი სახელმწიფოა, სპორტის ბიუჯეტი კი განუხრელად იზრდება და ეს მისასალმებელია.

ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ მინისტრ ხეჩიკაშვილის პოზიციას იმის შესახებ, რომ არსებული ფინანსური შესაძლებლობების პირობებში და ჩვენი ყველა რესურსის უფრო ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში, გაცილებით მეტის მიღწევას შევძლებთ. ჩვენი ორმხრივი ინიციატივით, ვფიქრობთ, გაისად, გაზაფხულზე მოვაწყოთ წარმომადგენლობითი სპორტული ფორუმი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. საფუძვლიანად მომზადებული ასეთი თავყრილობა კარგი სივრცე იქნება განვლილი გზის გასაანალიზებლად და შესაფასებლად, აქტუალური საკითხების და ახალი იდეების განსახილველად. მჯერა, რომ ჩვენ ერთად კიდევ ბევრი კარგი საქმის კეთება მოგვიწევს ქართული სპორტის სასიკეთოდ.

- ბოლოს სამომავლო გეგმების შესახებაც გკითხავთ. რა გზავნილით მიმართავთ საანგარიშო-საარჩევნო სესიის დელეგატებს, რა სიახლეებს სთავაზობთ მათ?
- პირველ რიგში, მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს ოთხწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ეს იყო საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენებით დატვირთული ოთხი წელიწადი, რომელიც უკვე ჩვენი სპორტის ისტორიის ნაწილია. ეს ისტორია იქმნება მრავალი ადამიანის თავდადებული შრომით, ცალკეული სპორტული ფედერაციების, მწვრთნელების, ადმინისტრაციული კორპუსის, სამედიცინო პერსონალის და, რაღა თქმა უნდა, თავად სპორტსმენების ყოველდღიური გარჯის შედეგად.

რაც შეეხება სიახლეებს, ჩვენ სესიაზე წარვდგებით რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ახალი პროექტით და წინადადებით. ამჯერად, მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. დანარჩენს უშუალოდ სესიაზე გავახმოვანებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სოკ სპირობა ჰქონდა დადებული,რომ ბაკურიანში საციგაო ტრასას აგვიშენებდა.ამდენი ხანი გავიდა და დაგავიწყდათ თუ რაშია საქმე,შერჩათ ნოდარის სიცოცხლე და ეგეც გაატარეს?
სოსო
00:20 05-12-2016
0
კომენტარი არ გაუშვით, კარგი. ადრესტს მაინც გადაუგზავნეთ ის მაინც
იცოდნენ ვის ხარჯზე არიან ასე
გაბღენძილები.
ვეტერანი
13:04 05-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული