უპრეცედენტო არჩევნები ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში - ინტერვიუ ირაკლი მეძმარიაშვილთან

AutoSharing Option
23 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესიაა, სადაც ახალი ოლიმპიური ციკლის პრეზიდენტს აირჩევენ. კანდიდატი ორია - სეოკ-ის მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი, ვინც 2000-04 წლებში სპორტის ყოფილი სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო.

ხაბელოვთან საუბარი "ლელომ" უკვე შემოგთავაზათ, ამჯერად კი მეძმარიაშვილთან ინტერვიუს იხილავთ.

- ახალი ოლიმპიური სიმაღლე - ინტერვიუ ლერი ხაბელოვთან

- რა იქნება თქვენი ძირითადი დაპირებები, რითაც წარდგებით სპორტული საზოგადოების წინაშე?
- ჩვენ არ გვექნება დაპირებები, ჩვენ გვაქვს ამოცანები, რომელთა გადაწყვეტასაც ვაპირებთ. ამიტომ არაფერს არ ვპირდებით განსაკუთრებულად, იმ
რამდენიმე საკითხის მოსაგვარებლად ოლიმპიური კომიტეტის მთელი გუნდი მუდმივად იმუშავებს.

თუმცა, ვიდრე ამ საკითხებზე გადავალთ, მანამ მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები უპრეცედენტოა ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში, რადგან ერთადერთი არჩევნებია, როცა არ არსებობს სამთავრობო კანდიდატი, როცა ყველა დამოუკიდებელი კანდიდატია და გარედან არავინ ერევა საარჩევნო პროცესში. თუ ვინმე ამბობს, რომ ჩარევა მაინც ხდება, ეს ტყუილია და არ არსებობს სამთავრობო კანდიდატი. ეს ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია და ასეთი გამჭვირვალე არჩევნები მაგალითი უნდა იყოს ყველასათვის - პოლიტიკოსების თუ სხვებისთვის.

ხაბელოვი სახელმწიფოს მხარდაჭერით რომ სარგებლობდეს, მაშინ ფედერაციებს ექნებოდათ დავალება, მისთვის მიეცათ ხმა, ამ შემთხვევაში კი ისინი არჩევანში თავისუფლები არიან. ჩვენი ფედერაციები ასე კომფორტულად არასოდეს ყოფილან. თავად ვარ იმ პროცესის მონაწილე, როცა 2004 წელს დავაყენე ჩემი კანდიდატურა, სპორტის მაშინდელი მინისტრი ლამის კანიდან ამოხტა, ვიდრე არ მოვხსენი.

- პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, კონკრეტულად, რა საკითხებზე აპირებთ მუშაობას?
- დავიწყებ იმით, რომ ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი იქნება ძალიან აქტიური, ახლანდელზე გაცილებით აქტიური. მთავარი - ყველანაირად ხელს შევუწყობთ ფედერაციებს, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ ყველა საკითხში, რომელსაც დააყენებენ და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც ექნებათ.

ეს აუცილებელია იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავდგეთ სწორ გზაზე, რათა ჩამოვაყალიბოთ სისტემა და ფედერაციების საქმეებში აღარ იყოს ჩარევა. მათ თავად უნდა აირჩიონ მწვრთნელები და მათი დამხმარეები ნებისმიერი ასაკის ნაკრებში და ლიცენზიებზე მომუშავე სპორტსმენებიც თავადვე უნდა განსაზღვრონ, ამ საკითხებზე გარედან არ უნდა უკარნახონ მათ. შესაბამისად, შედეგზეც პასუხისმგებელი ფედერაცია უნდა იყოს.

აუცილებლად უნდა მივაღწიოთ სპორტული ორგანიზაციების ერთობლიობას, მათ კოორდინირებულ მუშაობას. ვგულისხმობ საპარლამენტო კომიტეტს, სპორტის სამინისტროს, ფედერაციას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და რაღა თქმა უნდა, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. თუ არ იქნა ამათი კონსოლიდირებული მუშაობა, ჩავთვალოთ, რომ რაიმეს მიღწევა წარმოუდგენელი იქნება.

შემდეგი საკითხი მწვრთნელთა და მსაჯთა კორპუსის პროფესიონალური ზრდა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სპორტულ მენეჯერთა მომზადებაა. ოლიმპიური სოლიდარობის ფონდში უამრავი მიმართულებაა, ერთ-ერთი კი ამგვარ პროგრამებს ახორციელებს. შეიძლება ამაზე მუშაობა. არ ვიცი, დღეს ამაზე მუშაობს თუ არა ვინმე, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული საკითხია.

რაც შეეხება სპორტის მენეჯმენტს, ეს თემები უნდა ისწავლებოდეს ან სპორტის უნივერსიტეტში, ან - ოლიმპიურ აკადემიაში, უნდა ვამზადებდეთ სპორტის მენეჯერებს, რომლებიც მერე ხელმძღვანელ თანამდებობებზე წავლენ ფედერაციებში.

მნიშვნელოვანი საკითხია მოზიდული თანხების რაციონალური ხარჯვა და გამჭვირვალობა. ჩემს გუნდში მოლაპარაკებულები ვართ და ასე ვაპირებთ, რომ პერიოდულად გამოქვეყნდება ოლიმპიური კომიტეტის მიერ დახარჯული თანხის სია და პირდაპირ იქნება გაშიფრული, სად რა ოდენობის ფული წავიდა, რა უკუგება მივიღეთ და ასე შემდეგ. ეს იმიტომ მოხდება, რომ ყველა გადამხდელმა უნდა იცოდეს, მის მიერ გადახდილი ფული სად მიდის და რას ხმარდება. შესაბამისად, ყველა სპორტსმენიც საქმის კურსში იქნება, მწვრთნელიც, ფედერაციაც და ყველა. თუ რამეს არასწორად გავაკეთებთ, ჩვენი კარი ყველასთვის ღია იქნება, აუცილებლად უნდა მოვიდნენ და გვითხრან.

ამას უეჭველად გავაკეთებთ და "ლელოში" გამოვაქვეყნებთ. ამის პრაქტიკა მქონდა, როცა 2001-04 წლებში თქვენს გაზეთში ვაქვეყნებდით ანალოგიურ მონაცემებს. რუბრიკაც გვქონდა: "მე რომ დეპარტამენტის თავმჯდომარე ვიყო", სადაც ხალხი წერდა თავის რჩევებს და ბევრს კიდეც ვითვალისწინებდით. ანალოგიურს ახლაც გავაკეთებთ.

"მედია ქართული ოლიმპიზმის ცხოვრებაში" ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ. მედია და ოლიმპიზმი კარგ ურთიერთობაში უნდა იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ არა "ხელი ხელს ჰბანდეს" დამოკიდებულებაში, ჯანსაღი კრიტიკა აუცილებლად უნდა ისმოდეს.

შემდეგი საკითხი იქნება სპორტში თანამედროვე განათლების, მეცნიერების დანერგვა-გამოყენება. ასევე, შეიქმნება თანამედროვე სპორტულ-სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრი. შეიძლება იქ ოპერაცია ვერ გააკეთო (თუმცა უცხოელი სპეციალისტების მოწვევა კი შეიძლება), მაგრამ უნდა იყოს დიაგნოსტიკა და რეაბილიტაცია. სპორტსმენს რაღაც რომ ეტკინება, მოვა და გადაიღებს ყველაზე კარგ აპარატურაზე და ისე უმკურნალებენ.

იმ ცენტრით სარგებლობა არასპორტსმენებსაც შეეძლებათ, რადგან ეცოდინებათ, რომ იქ საუკეთესო პირობებში გამოიკვლევენ. თანაც, მას შეეძლება საკუთარი თავის შენახვა და არავითარ შემთხვევაში არ იქნება დოტაციური. პირიქით - იქით შეიტანს ბიუჯეტში თანხას. სპორტსმენთა მკურნალობაში დღესაც ვიხდით ფულს, რომელიც სადღაც იფლანგება სხვადასხვა კლინიკაში. საკუთარი სპორტული ცენტრი რომ გვექნება, იქ მოიყრის თავს და მის გაძლიერებას მოხმარდება.

ჩვენი მორიგი საკითხია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სტრუქტურებში ქართველების გაწევრიანება. როგორც ვიცი, დღეისათვის მხოლოდ ერთი გვყავს ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში, დანარჩენი კი ქართველი არსად არ მოღვაწეობს. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, მაგრამ მიმაჩნია, ქართველები აუცილებლად უნდა იყვნენ იქ. კომისიების შემადგენლობებს რომ გადახედოთ, იქ ბევრი ისეთი წარუმატებელი ქვეყნის წარმომადგენელს ნახავთ, რომლებსაც ოლიმპიური მედალიც კი არა აქვთ, შენ კი, როცა 200-ზე მეტ ქვეყანაში 40-ეულში ხარ, ცოტა პრეტენზიაც უნდა გქონდეს, რომ შენი წარმომადგენელი გყავდეს ამა თუ იმ კომისიაში.

აუცილებლად უნდა ვთქვა ბურთიან სათამაშო სახეობებზე, რომლებიც პრესტიჟულია და ვისაც არა ჰყავს, ყველა ცდილობს, ჰყავდეს. ჩემს პირველსავე პრესკონფერენციაზე განვაცხადე, ბურთიან სახეობებში ოლიმპიური გუნდი უნდა გვყავდეს-მეთქი. 2008 წელს პეკინში პლაჟის ფრენბურთელები გვყავდა, რაც წარმატებული პროექტი იყო. დღეს ასეთივე წარმატებულ პროექტად შეგვიძლია ვაქციოთ შვიდკაცა რაგბი, წყალბურთი და კალათბურთი.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა. სიმართლე გითხრათ, ცოტა მრცხვენია პარაძიუდოისტ ზვიად გოგოჭურის წინაშე, ვინც ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, მაგრამ სხვებს გაუხსნეს ვარსკვლავი და მას - არა. არადა, მანაც ზუსტად იმავე ზომა-წონის ოლიმპიური ოქრო მიიღო. მიმაჩნია, რომ ასეთი გამორჩევა უხერხულია, რადგან როგორც არსებობს ოლიმპიური კომიტეტი, ასევე არსებობს პარალიმპური კომიტეტიც.

დღეს პარასპორტსმენებს ჩვენს ოლიმპიურ კომიტეტში მისვლა რომ დასჭირდეთ, ვერავის დაელაპარაკებიან, რადგან ადაპტირებული ასასვლელი არაა. პირველ რიგში, იქ ლიფტს დავაყენებ მათთვის.

ყურადღების მიღმა არც ვეტერანები დაგვრჩებიან, რომლებიც განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნებიან. ამით მოქმედ სპორტსმენებსაც მივცემთ მაგალითს. მათ უნდა დაინახონ, რომ ვეტერანებს პატივს სცემენ და არ შეიძლება, ხუთ ოლიმპიურ ჩემპიონს ხმა არ მისცე იმის მიუხედავად, მოქმედია, მწვრთნელი თუ ვინ. ვგულისხმობ ირაკლი ცირეკიძეს, რევაზ მინდორაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, ლაშა ტალახაძეს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, რომლებსაც სეოკ-ის სესიაზე ხმა არ მისცეს, ამ დროს კი ხმას აძლევს ფილატელისტი, მოქანდაკე, მუზეუმის დირექტორი და ასე შემდეგ. ხმის გარეშე რჩებოდა დავით ხახალეიშვილიც, რომელსაც ძიუდოს ფედერაციამ მისცა თავისი ხმა, როგორც ასანიძეს - ძალოსნობის ფედერაციამ. მოქმედი სპორტსმენია მათი ვიცე-პრეზიდენტი და მაშინ იმასაც არ უნდა ჰქონდეს ხმა.

რამდენიმე სიტყვით შევეხები რეგიონულ ოლიმპიურ კომიტეტებს, რომლებიც დღეს ქაღალდზე არიან. იქ ერთი სხდომა რომ ჩატარდება, ეს ბევრს არ ნიშნავს.

- და რა სახის რეფორმას უპირებთ მათ?
- ამას მოგახსენებთ, როგორც კი დავჯდები ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად. თუმცა პირობას გაძლევთ, რომ სერიოზული რეფორმა ჩატარდება, ხმის მიცემიდან დაწყებული, სამუშაო სტრუქტურებით და ადამიანებით დამთავრებული.

დაბოლოს, მთავარი, რაზეც მინდა საუბარი - ესაა ოლიმპიური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მუშაობა, რაზეც თვითონ ამბობენ, ეს ერთი ვერ გავაკეთეთ, ვერ მოვასწარითო. რაც მათ ვერ გააკეთეს, მე აუცილებლად გავაკეთებ. შეიძლება, იმ სიდიდით ვერა, მაგრამ იმას მაინც მოვახერხებ, რომ სკოლებში ერთი სემესტრი მაინც ისწავლებოდეს ოლიმპიური ისტორია, მეხუთე ან მეექვსე კლასში, როცა იციან, ვინაა ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი და სხვა. თუმცა ამის მთავარი ორგანიზატორი არა ოლიმპიური კომიტეტი, არამედ ოლიმპიური აკადემია უნდა იყოს, რომელიც დამოუკიდებელი ერთეულია, თუმცა მაინც ოლიმპიური კომიტეტის ქოლგის ქვეშაა სოკ-შიც კი.

ოლიმპიური აკადემიის გარდა, ამის გაკეთება შეიძლება სპორტის უნივერსიტეტის და განათლების სამინისტროს მეშვეობითაც, მაგრამ ვინ იმუშავა ამ სამინისტროსთან, ვინ მივიდა მათთან?

- მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენების სოციალური დაცვა მუდამ მტკივნეული თემა იყო. ამ მხრივ თუ გეგმავთ რაიმეს თუნდაც სპონსორთა დახმარებით?
- ეს სახელმწიფოს ზრუნვის საკითხია, ოლიმპიურმა კომიტეტმა როგორ უნდა გადაწყვიტოს? სპორტსმენთა დახმარების მიზნობრივი პროგრამები კი არსებობს, მაგრამ ის მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს.

სპონსორებს რაც შეეხება, მათ მოსაძიებლად რომ უნდა ვიმუშაოთ, ამაზე კამათიც არ შეიძლება. იმდენი სპონსორი უნდა გვყავდეს, ქაღალდზე მათი ტევა არ იყოს. არაა აუცილებელი, ვეძებოთ ერთი, რომელიც მილიონს მოგვცემს. ყველამ მოგვცეს იმდენი, რამდენიც შეუძლია - ზოგმა 100, ზოგმა 200 ათასი ლარი და ასე შემდეგ. ყველას თავისი ზომა და ადგილი ექნება იმ ქაღალდზე, ხოლო თუ შეძლებ და მოძებნი ერთ ძალიან დიდ სპონსორს, რომელიც 4 წელიწადი შენი არა მარტო სპონსორი, პარტნიორიც იქნება, ეს საუკეთესო ვარიანტია. ამ შემთხვევაში მისი თანხა უნდა გამოიყენო ფორმების, ხელფასების, ვეტერანთა დახმარების, სამედიცინო მომსახურებისთვის და ასე შემდეგ.

სპონსორებთან წინასწარი მოლაპარაკებები გვაქვს - ქართველებთანაც და უფრო მეტად, უცხოელებთან, მაგრამ ვინაობას ჯერ არ დავასახელებ. ყველა უყურებს მსოფლიოს ამ საოცარ ეკონომიკურ კრიზისს, თან აინტერესებთ, რა უკუგება ექნებათ და სად გამოჩნდება მათი სახელი. როგორც გითხარით, ძირითადი აქცენტი უცხოელებზე გვაქვს გაკეთებული. განსაკუთრებით ისეთებზე, ვისაც ოდნავი კავშირი მაინც აქვთ იაპონიასთან, რადგან მომდევნო ოლიმპიადა იქ ტარდება.

- ბაზების მშენებლობა უფრო სახელმწიფოს საქმეა, მაგრამ სადაც სამედიცინო ცენტრზეა საუბარი, ბაზებზეც ხომ არ ფიქრობთ ანალოგიურს?
- თუ მაგხელა თანხა გვექნება, უპირველესად, ყინულის სტანდარტულ დარბაზს გავაკეთებთ, რაც არა გვაქვს საქართველოში. ჩვენი რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის შეიძლება სასიამოვნო ღონისძიებების ჩატარება. აქ ზამთარშიც არაა ისეთი სიცივე, როგორიც შვედეთში, ნორვეგიაში და სხვაგან. ამის გარდა, სახელმწიფო თუ დაიწყებს ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჩვენ ჩავერთვებით იმ დოზით, რა დოზითაც ეს აუცილებელი იქნება - რჩევებით, დახმარებით, სპეციალისტთა მოზიდვით და სხვა.

გახსოვთ, 2006 წელს "დინამოს" სტადიონის რეკონსტრუქცია რომ დავიწყეთ, ლონდონის "არსენალის" სპეციალისტი ჩამოვიყვანეთ, ბალახს ვინც აკეთებს. ის ერთი თვე ჩვენთან ცხოვრობდა და ბალახიც იქაური მოთხოვნებით დაიგო, რომელიც 2010 წლამდე ექსპლუატაციაში იყო. ასეთი რამეების გაკეთება - სპეციალისტების ჩამოყვანა, მათი რჩევების გათვალისწინება ყოველთვის შეიძლება.

- სპორტის ეგრეთ წოდებულ სტრატეგიულ სახეობებად დაყოფას ემხრობით?
- როცა სპორტის ხელმძღვანელი ვიყავი, მილიონნახევრიანი ბიუჯეტი მქონდა. ამაში შედიოდა ხელფასები, ვეტერანთა დახმარება და მერე რჩებოდა სპორტსმენებისთვის. თუმცა იმ დროს ძალიან მაღალი შედეგები გვქონდა - რაგბიში, კალათბურთში, ჭიდაობაში, სადაც უცბად ორივე სახეობაში გაგვიხდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, ძიუდოში და ასე შემდეგ.

შეიძლება არ მქონდეს მორალური უფლება, ვთქვა, ეს შეაჩერეთ, ის განავითარეთ, ამას მიეცით და იმას - არა, მაგრამ აზრს თუ დაგვეკითხებიან, ვეტყვით ჩვენს აზრს. თუმცა ის ზემოთქმულს დავუბრუნდები, რომ კალათბურთი, წყალბურთი, შვიდკაცა რაგბი და საპლაჟო ფრენბურთი დადგნენ იმ ჩამონათვალში, რომლებიც ზაფხულის ოლიმპიადაზე შეიძლება მოხვდნენ. ინდივიდუალური სახეობებიდან ველოდები, რომ ტოკიოში აუცილებლად მოხვდებიან ჭიდაობა, ძიუდო, ფარიკაობა, სროლა, მშვილდოსნობა, ტანვარჯიშის სახეობები, კანოე, ჩოგბურთი.

თუ სწორი მიდგომა გვექნება ყველაფრისადმი, რაშიც ბევრი რამე იგულისხმება ქვედა დინებების ჩათვლით, ამ სიაში სხვა სახეობებიც შევლენ. ახლა ისეა, რომ ჩავდივართ სუფთა ხელებით და ვეჯახებით ყრუ კედელს. ცურვასა და მძლეოსნობაში ინფრასტრუქტურა თუ არ განვითარდა, არაფერი გამოგვივა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული