ახალი "ლენდ კრუიზერ პრადო" - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება

AutoSharing Option
„ტოიოტა კავკასიამ“ რეგიონში „ტოიოტა პრადოს“ სრულიად ახალი ვერსია – Land Cruiser Prado 250 წარადგინა. ღონისძიებას ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ავტოენთუზიასტები და "ტოიოტა პრადოს" ლოიალური მომხმარებლები ესწრებოდნენ.

სრულიად განსხვავებული მოდელის პრეზენტაცია ქუთაისში გაიმართა, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო ტესტ-დრაივის ნაწილი იყო.

ღონისძიების სტუმრებმა „ტოიოტას“ ლეგენდარული ავტომობილი ყველა ტიპის საფარსა და საგზაო პირობებში გამოცადეს.

მარშრუტი რამდენიმე საინტერესო მონაკვეთისგან შედგებოდა, სადაც მონაწილეებმა მონაცვლეობით მართეს სრულიად ახალი და წინა თაობის "ტოიოტა პრადო" და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღეს.
Sportall.Ge
Sportall.Ge

მარშრუტი ქალაქ ქუთაისიდან ლენტეხის მიმართულებით დაიწყო,
შემდეგ კი კურორტ მუაშისკენ გაგრძელდა.

სწორედ მუაშში შეძლეს ღონისძიების სტუმრებმა ახალი ავტომობილების გამოცდა საკმაოდ რთულ უგზოობაში.

მუაშიდან მარშრუტი ლეჩხუმის სოფელ ქულბაქისკენ გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა რამდენჯერმე გადაკვეთეს მდინარის კალაპოტი, რამაც სტუმრებში განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია.

ახალი "ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს" გამოსვლა იშვიათი და მასშტაბური მოვლენაა. მოდელი სერიით J150, რომელიც ახალმა უნდა ჩაანაცვლოს, თითქმის 15 წელი იწარმოებოდა. ახლა კი გამოვიდა ახალი "პრადო" სერიით J250 და ის უკვე ხელმისაწვდომია "ტოიოტა ცენტრ თბილისში", "ტოიოტა ცენტრ თეგეტასა" და "ტოიოტა ცენტრ ბათუმში".

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბესტსელერმა ყველგანმავალმა შეინარჩუნა ის მთავარი სტატუსი, რაც ყოველთვის ჰქონდა და რის გამოც უყვართ: ახალი "პრადოც" მაქსიმალურად კომპეტენტური ოფროუდერი და კომფორტული „კრუიზერია”.

პირველი თვალში მისი სრულიად განახლებული დიზაინი მოგხვდებათ. "ტოიოტამ" თავიდან აღმოაჩინა დაკუთხული ფორმები, კანტები და შესაბამისად, დაასრულა წინამორბედი მოდელის ჩამრგვალებული ფორმის ერა. მიუხედავად ამისა, ახალი "პრადო" მაინც შეუცდომლად იცნობა და ვიზუალურადვე მიახვედრებს ნებისმიერს, რომ ლენდ კრუიზერია. მოკლე განაკიდები, მკვეთრად ფორმირებული კუთხეები, ჩარჩოიანი ძარა – ყველაფერი თვალნათლივ მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გაქვთ ნამდვილ ყველგანმავალთან. ამასთან, "ტოიოტამ" ძარის ბევრი დეტალი ისე გააკეთა, რომ დაზიანების შემთხვევაში ნებისმიერი მათგანი მარტივად იცვლება.

ახალი "ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს" სიგრძე 4,92 მეტრია, სიგანე 1,98 მეტრი, ხოლო სიმაღლე კი – 1,87 მეტრი. თვლების ბაზა ამჯერად 2,85 მეტრს შეადგენს.

ცხადია, "პრადომ" შეინარჩუნა ჩარჩოიანი ძარა – სხვანაირად ლენდ კრუიზერი ხომ უბრალოდ წარმოუდგენელია. ახალი მოდელი იმავე, GA-F პლატფორმაზეა აგებული, რაზეც "ტოიოტა ლენდ კრუიზერ 300". ახალ "პრადოს" და 300-ს თვლების ბაზაც კი იდენტური აქვთ (2,85 მეტრი. შედარებისთვის: წინამორბედი პრადოს თვლების ბაზა 2,79 მეტრია).

"ტოიოტას" ბესტსელერი ყველგანმავლის ახალი თაობის ჩარჩო 50 პროცენტით უფრო მტკიცე და გამძლეა, ვიდრე წინამორბედ მოდელში იყო და საერთოდ, მთელი კონსტრუქციის სიმტკიცე ძარასთან ერთად 30 პროცენტითაა გაზრდილი.

რაც შეეხება შასის კონსტრუქციას: დამოუკიდებელი, ორბერკეტიანი საკიდარი წინ, ხისტი, გაუჭრელი ღერძი უკან და თვლების ვერტიკალური სვლის დიაპაზონიც გაზრდილია. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა წინა ღერძის სტაბილიზატორი, რომელიც ღერძს მაქსიმალურად მოქნილს და მოძრავს ხდის, რომ ბორბლებმა ველურ ზედაპირზეც არ დაკარგონ მოჭიდება. ცხადია, ამასვე ემსახურება თვლების ვერტიკალური სვლის დიაპაზონის გაზრდაც.

კლირენსი 220 მილიმეტრია. წინა განაკიდის კუთხე 30 ან 31 გრადუსს შეადგენს (გააჩნია კომპლექტაციას), ხოლო უკანა განაკიდის კუთხე კი 22 გრადუსია.



Sportall.Ge

სიახლეა სრულიად ახალი ელექტრონული მოხვევის სისტემა, რომელიც უფრო რბილად მუშაობს და ამავდროულად, მძღოლს მეტი უკუკავშირით ასიამოვნებს. განახლდა Multi-Terrain Select სისტემაც, რომელსაც უგზოობის კრუიზკონტროლადაც მოიხსენიებენ ხოლმე. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა Multi-Terrain მონიტორი, რომლის მეშვეობითაც უგზოობაზე გადაადგილებისას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, რა ხდება ავტომობილის ქვეშ.

ახალი "პრადოს" ინტერიერზე მუშაობისას "ტოიოტას" ინჟინრების უმთავრესი ამოცანა ფუნქციურობის უმაღლეს დონეზე აყვანა იყო – რა თქმა უნდა, კომფორტთან ერთად. მძღოლის განკარგულებაშია ციფრული ხელსაწყოთა პანელი, ცენტრალური სენსორული ეკრანი და მომსახურების ცალკეული განყოფილება სხვადასხვა ძირეული ფუნქციებისთვის. მნიშვნელოვანი ფუნქციების ღილაკებს შეხვდებით როგორც საჭეზე, ასევე ცენტრალურ კონსოლზეც. ანუ, გარკვეულწილად შენარჩუნებულია ანალოგური ესთეტიკაც. ღრმად ჩასმულმა ფანჯრებმა ხილვადობა გააუმჯობესა. მედიასისტემის ეკრანის დიაგონალი შესაძლებელია იყოს 8,0 ან 12,3 დუიმი.

"პრადო" ხელმისაწვდომია როგორც სავარძლების ორი, ასევე სამი რიგითაც – შესაბამისად, ავტომობილში შეიძლება მოთავსდეს როგორც 5, ისე 7 მგზავრიც. საჭისა და წინა სავარძლების გათბობა საბაზო კომპლექტაციაშია. დამატებითი ოფციების სახით ხელმისაწვდომია როგორც ტყავის სალონი, ისე წინა სავარძლების ელექტრონული რეგულირება და გაგრილების ფუნქციაც, ასევე 3-ზონიანი კლიმატკონტროლი და JBL-ის აუდიოსისტემა 14 დინამიკით. ახალ პრადოში შეხვდებით საქარე მინაზე პროეცირების სისტემას (Head Up დისპლეი), პანორამულ ჭერს და ტოიოტას ახალ სარკეს ეკრანული ფუნქციით, რომელსაც ინფორმაციას უკან განთავსებული კამერა გადასცემს.

სრულიად ახალი "ტოიოტა პრადოს" შეძენა ქართველ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ "ტოიოტა ცენტრ თბილისში", "ტოიოტა ცენტრ თეგეტასა" და "ტოიოტა ცენტრ ბათუმში".

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული