გია კაზანჯიანი: როცა გუნდიდან გიშვებენ, მიზეზიც უნდა გითხრან

AutoSharing Option
"დინამოს" ბაზაზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 16-წლამდელთა კრებულს დაუპირისპირდა.

ჭაბუკებისთვის ეს სეზონის მეხუთე მატჩი იყო. ისინი ლუქსემბურგსა და უნგრეთს ორ-ორჯერ დაუპირისპირდნენ. კადეტებმა კი პირველად ითამაშეს და მიუხედავად იმისა, რომ ორი წლით უფროსებთან 69:84 დამარცხდნენ, ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. თავად განსაჯეთ: პირველი ტაიმის შემდეგ 16-წლამდელები 43:41-ს იგებდნენ.

ჭაბუკთა მოსამზადებელ გეგმასა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მათ მეტოქეებს აქამდე არაერთხელ შევეხეთ.

კადეტებმა კი B დივიზიონისთვის მზადება ცოტა გვიან დაიწყეს... მატჩის დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ 16-წლამდელთა თავკაც გია კაზანჯიანს, რომელიც გასულ სეზონში "ოლიმპს" ხელმძღვანელობდა...

-
18-წლამდელებთან მატჩს თქვენი გუნდისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა?

- ეს თამაში საჭირო იყო ყველა კანდიდატის გამოსაცდელად. მოგეხსენებათ, გუნდში ამჟამად 18 კალათბურთელი ვარჯიშობს და მათზე დასაკვირვებლად საკონტროლო შეხვედრები აუცილებელია. თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ კალათბურთელებს არ ვიცნობ. სეზონის მსვლელობისას ყველა კალათბურთელს ეძლეოდა 16-წლამდელთა ნაკრებში თამაშის საშუალება, ჩვენი გუნდი ხომ ჭაბუკთა ჩემპიონატში ასპარეზობდა.

- უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის მზადება როდის დაიწყეთ?
- 3 კვირა ფიზმომზადებაზე ვიმუშავეთ. მეხუთე დღეა, რაც "დინამოს" ბაზაზე შევიკრიბეთ და ბურთით ვემზადებით. ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ.

- იყო დრო, კადეტთა ნაკრებში 210 სმ სიმაღლის ცენტრები იყვნენ...
- მართალია, 210-ს გადაცილებული ერთი კალათბურთელიც არ გვყავს, მაგრამ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე ტანმაღალი კადეტთა ნაკრებია.

- "დინამოს" ბაზაზე როდემდე დარჩებით?
- 12 ივლისს ტალინში გავემგზავრებით და მომდევნო ორ დღეს ამ ქვეყნის 16-წლამდელებთან ამხანაგურ თამაშებს ჩავატარებთ. 16 და 17 ივლისს ბულგარეთში მოგველის ასევე ორი შეხვედრა, ცხადია, ადგილობრივ კადეტებთან.

- ოფიციალურ შეჯიბრებაზე 12 კალათბურთელი უნდა იახლოთ. შემადგენლობას როდის შეკვეცთ?
- ესტონეთში გამგზავრებამდე შემადგენლობაში 15 კალათბურთელი დარჩება. ჯერჯერობით წამსვლელთა ზუსტ სიას ვერ გეტყვით.

ბულგარეთიდან დაბრუნების შემდეგ შეკრებისთვის ისევ "დინამოს" ბაზას მივაკითხავთ, შემდეგ კი ჰოლანდიაში გავემგზავრებით, სადაც ნიდერლანდების 16-წლამდელთა ნაკრებთან 29-30-ში ვითამაშებთ.

იქიდან ბელგიის ქალაქ ლიეჟში საერთაშორისო ტურნირისთვის გადავალთ. შეჯიბრება 1-3 აგვისტოს გაიმართება და მასში, ჩვენ გარდა, ბელგია, პორტუგალია და შვეიცარია მიიღებენ მონაწილეობას.

- გამოდის, რომ ევროშესარჩევამდე (8 აგვისტოს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში დაიწყება) 9 საკონტროლო შეხვედრა გიწევთ...
- ეს მატჩები ჩვენს კალათბურთელებს ძალიან წაადგებათ, გამოცდილებას მიიღებენ და ოფიციალური შეხვედრებისთვის სათანადოდ მოემზადებიან.

სათამაშო პრაქტიკა ბევრს ნიშნავს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და შესარჩევი ეტაპის კარგად დაგეგმვისთვის მადლობა გადავუხადო კალათბურთის ფედერაციას.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 16-წლამდელთა ნაკრების ბიჭები საქმეს პროფესიონალურად ეკიდებიან, ძალიან მონდომებულები, ერთ მუშტად შეკრულნი არიან, რაც შედეგზეც უნდა აისახოს.

- საკლუბო თემაზე გადავიდეთ. გადაწყდა, რომ "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად აღარ იმუშავებთ...
- 30 წელიწადია, კალათბურთში ვარ და იგი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახეობა, მაგრამ საპირისპიროდ - არ მიყვარს უსამართლობა.

მწვრთნელის პროფესია ასეთია - მუდამ ჩემოდნებზეა, ხან ერთ გუნდშია, ხან - მეორეში, მაგრამ როცა გუნდიდან გიშვებენ, საჭიროა აგიხსნან, რატომ.

- ცვლილებამდე გუნდის მფლობელებთან ("ოლიმპს" სპორტის სამინისტრო აფინანსებს - ავტ.) არ გილაპარაკიათ?
- ორი წელიწადია გუნდი არსებობს, მენეჯერმა გივი სანაძემ და მე დიდი შრომა ჩავდეთ და უბრალოდ, საწყენია, როცა გადმოცემით ვიგებთ, რომ გუნდში აღარ ვართ.

ხომ შეიძლებოდა, შეგვხვედროდნენ და ეთქვათ - ამა და ამ მიზეზის გამო მწვრთნელის შეცვლა გადავწყვიტეთო?!

- იქნებ შედეგით იყვნენ უკმაყოფილონი?
- შედეგზე არც მანამდე ყოფილა ლაპარაკი. "ოლიმპს", არსებობის ორწლიან ისტორიაში, ურიგო მიღწევები არ ჰქონია. ორჯერ სუპერლიგაში დავიკავეთ მეორე ადგილი, მოვიგეთ სუპერთასი და ქორქია-საკანდელიძის მემორიალი.

- სუპერლიგის ფინალური სერია საინტერესო გამოვიდა...
- ფინალში 3:2 დავმარცხდით. მას მერე ხშირად მიფიქრია "შსს აკადემიასთან" დაპირისპირებებზე. გული მწყდება, რომ მიზანს ვერ მივაღწიეთ, ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ფინალში მართლაც თანაბარი გუნდები შევხვდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოში თუ ამის მეტი პროფესიონალი კალათბურთელი მწვრთნელი არ გვყავს და კასანჯიანის იმედზე ვართ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე
kalatburteli
17:21 24-07-2013
0
საქართველოში პროფესიონალები არ ჭირდებათ.მოიყვანენ მეგობრებს.ხომ უნდა დაასაქმონ.
ნუნუ
11:23 11-07-2013
0

სიახლეები პოპულარული