ამ ხნის განმავლობაში სახელოვანმა ქართველმა ალპინისტმა 37 სასიმაღლო ასვლა განახორციელა. მათ შორის - ხან ტენგრიზე თერთმეტჯერ არის ნამყოფი, გამარჯვების პიკზე - სამჯერ, ორჯერ კი დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ევერესტი დალაშქრა, თანაც სხვადასხვა
ლანჩხუთის რაიონრის მთაგორიან სოფელ ჩოჩხათ-ხორეთში დაბადებულსა და გაზრდილს თვალშეუდგამი ქედები ბავშვობიდანვე იზიდავდა. ამიტომაც გეოლოგობა გადაწყვიტა. ოცნება რეალობად აქცია - 1982 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობისას თანაკურსელ ნუგზარ ბიჭაშვილის რჩევით 1979 წლის ალპიინიადაში მიიღო მონაწილეობა.
მაშინ სტუდენტებმა ლადო გურჩიანის ხელმძღვანელობით ხდის ხეობაში (ყაზბეგის რაიონი) მწვერვალი გორი დალაშქრეს.
მერე და მერე მოუხშირა მთაში სიარულს. ყოფილ საბჭოთა კავშირში ხუთი შვიდათასიანი მწვერვალი (კომუნიზმის, ლენინის, კორჟენევას, გამარჯვების პიკები და ხან-ტენგრი) დაიმორჩილა, რის გამოც ორჯერ "თოვლის ჯიქის" საპატიო წოდება მიანიჭეს.
მეოცე საუკუნის მიწურულსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში 8-ათასიანებიც მოინახულა - ორჯერ (1999, 2003) ევერესტზე (8848 მ) ავიდა, თითოჯერ დაულაგირი (1995, 8167 მ), ლჰოცზე (2000, 8516 მ), ჩო ოიუ (2006, 8201 მ) და გარშებრუმ II (2008, 8060 მ) დანებდა ქართველ მეკლდეურს.
1961 წლის 1 აგვისტოს, ტიან-შანში, საქართველოს 30-მა მთამსვლელმა მოიყარა თავი ოთარ გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით. მწვერვალისკენ ორი ჯგუფი გაეშურა. ერთი - საკავშირო პირველობაზე, ტრავერსების კლასში მონაწილეობდა, მეორე კი სასიმაღლო ასვლაში.
26 აგვისტოს ჯუმბერ მეძმარიაშვილი, კირილ კუზმინი, თეიმურაზ კუხიანიძე და ილიკო გაბლიანი მთავარ ქედზე გავიდნენ, მაგრამ თოვლსა და ქარბუქში ერთმანეთს ასცდნენ. უკან დაბრუნებისას ჯუმბერმა და კუზმინმა კარვამდე მიაღწიეს, ხოლო კუხიანიძემ და გაბლიანმა წერაყინით გამოჭრილ პატარა მღვიმეში საძილეებისა და კარვის გარეშე გათიეს ღამე.
სამწუხაროდ, ორივეს ხელ-ფეხი მოეყინა. ჯუმბერმა მხოლოდ მეორე დილით შეამჩნია ორი მეგობარი, რომლებიც ძლივს ეშვებოდნენ ძირს და ცხადია, კუზმინთან ერთად მიეშველა.
ილიკო ძალიან ცუდად იყო, წყალს ითხოვდა, ღვიძლის ტკივილს უჩიოდა... 28 აგვისტოს ღამე ოთხივემ კარავში გაათია. დილით ილიკო გარდაიცვალა. რადგან მისი ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო ციცაბოზე, საძილეში მოათავსეს, კარავში გაახვიეს და კლდეზე მიაბეს. დღესაც ყინულის საუფლოშია.
29 აგვისტოს, დაშვებისას, ხელფეხმოყინული კუხიანიძე თოკს მოსწყდა და ყინულოვანი ღარით ათასმეტრიან უფსკრულში გადაეშვა. ჯუმბერი შეეცადა, განსაცდელში ჩავარდნილ მეგობარს დახმარებოდა, თოკიდან თავი ჩაიხსნა და ყინულის ღარის გადაჭრა გადაწყვიტა...
საუბედუროდ, ფეხი დაუცურდა, წერაყინით თავის შეკავება ვერ შეძლო და ისიც უფსკრულში გადაიჩეხა. ბანაკში მარტო კუზმინი დაბრუნდა. 30 აგვისტოს მიხეილ ხერგიანი, ჯოკია გუგავა, ჯუმბერ კახიანი და გივი ქართველიშვილი "ზვიოზდოჩკაზე" გმირი ბიჭების გვამების მოსაძებნად გავიდნენ. მყინვარზე ჯერ კუხიანიძის ზურგჩანთა იპოვნეს, შემდეგ - დაღუპულებიც. ორივე ვაჟკაცის ნეშტი 13 სექტემბერს თბილისში ჩამოასვენეს...
- სამ ათეულ წელიწადზე მეტია, მთა-კლდეს ხართ შეჭიდებული. ამ ხნის განმავლობაში გამორჩეულად რა დაგამახსოვრდათ?
- 1984 წლის პირველი პამირული ექსპედიცია. მაშინ მე, დავით ჩანტლაძემ და გია თორთლაძემ, ვლადიმერ ქურასბედიანის ხელმძღვანელობით, მარსის პიკი დავლაშქრეთ, რომლის სიმაღლე 6723 მეტრია.
24 წლის ვიყავი და პირველად ავედი ამ სიმაღლეზე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა მაშინ ბევრი უსიამოვნება შეგვხვდა, რადგან აღჭურვილობა არ გვივარგოდა, პროდუქტებიც ვერ შევარჩიეთ, როგორც საჭირო იყო.
ამის მიუხედავად, სიძნელეებს გავუძელით და მიზანსაც მივაღწიეთ. ფაქტობრივად, ეს იყო ყოფილი საბჭოეთის შეიარაღებული ძალების პირველობა და მე-2 ადგილი დავიკავეთ.
3000 მეტრზე საბაზო ბანაკში რომ დავბრუნდით, იქ შევიტყვეთ, რუსების ექსპედიციის წევრი შურა აგაფონოვი მოწყვეტილა კლდიდან, მძიმე ტრავმა მიუღია და 5700 მეტრიდან მისი ჩამოყვანა იყო საჭირო. რუსებმა სამაშველო ექსპედიციაში მე, ქურასბედიანი, ჩანტლაძე და თამაზ შარაშენიძე ჩაგვრთეს.
როცა ნიშნულს მივაღწიეთ, აგაფონოვს თანაგუნდელებმა ახარეს - "გრუზინი პრიშლიო". ეს იმას ნიშნავდა, რომ სავალალო მდგომარეობაში მყოფ მთამსვლელს ყინულის ტყვეობაში არ დავტოვებდით.
თვალდახუჭულ აგაფონოვს ტუჩებზე სიხარულის ღიმილმა გადაურბინა და თვალები ცრემლით აევსო. რთული კლიმატური პირობებების მიუხედავად, რუსი ალპინისტი მშვიდობიანად ჩამოვიყვანეთ საბაზო ბანაკში...
შვიდი წლის შემდეგ ქართველებმა კიდევ ერთი რუსი ალპინისტი გადავარჩინეთ, თუმცა ერთი წლის თავზე ციმბირში პაროპლანით ფრენისას მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო.
- როგორც ვიცი, მანასლუზე რამდენჯერმე მიიტანეთ იერიში...
- უხვნალექიანი მთაა, მიმზიდველი და დაუნდობელი. პირველად 1998 წელს ამოვიღე მიზანში, მაგრამ მხოლოდ 6500 მეტრამდე შევძელი ასვლა. ერთხელ რუსულ ექსპედიციასთან ერთად გადავწყვიტე მისი დალაშქვრა.
- ბევრ ხიფათს გადაეყარეთ?
- რვა ათას მეტრზე რომ ადიხარ ყინულისა და თოვლის საუფლოში, ცხადია, ხიფათი თან გდევს, მაგრამ მანასლუ მაშინ გამორჩეულად მიუკარებელი აღმოჩნდა. ექვსჯერ ზვავში მოვყევით. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. 5800 მეტრზე პირველ ბანაკში 3 მეტრი სიმაღლის ნალექი მოვიდა, კარვები თოვლში ჩაიმარხა. აღჭურვილობიდან ზოგი რამ გადავარჩინეთ, ზოგი - ვერა, უკარვოდ დავრჩით. ჩვეულებრივ, საიერიშო ბანაკიდან მწვერვალზე ასვლა მესამე ცდისას ბევრად ოპტიმალურია, რადგან მერე ორგანიზმი იფიტება და უძლურდება. მე კი მანასლუს დალაშქვრა ზედიზედ ექვსჯერ ვცადე. ბოლო ასვლისას 7 ათას მეტრ სიმაღლეზე ვიგრძენი, რომ გზის გასაგრძელებლად ძალა აღარ მყოფნიდა და იძულებული გავხდი, საბაზო ბანაკში დავბრუნებულიყავი.
- მანასლუზე ლაშქრობას 2 კაცი მაინც შეეწირა...
- დიახ, უნგრელი და იტალიელი მთამსვლელები დაიღუპნენ. გამოიფიტნენ და კლდიდნ მოწყდნენ. გამოცდილება არ ეყოთ, რომ უკან გამობრუნებულიყვნენ. ცხადია, ტრაგედიაა, მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მთაშიც ისეთივე ცხოვრებაა, როგორიც ბარში. განა, აქ ნაკლები ადამიანი იღუპება? თუნდაც ავტოკატასტროფაში. ამის გამო, მანქანით სიარული არავის შეუწყვეტია.
ასეა ალპინიზმშიც. პირველად, უბედურებას 1984 წელს, უშბაზე შევესწარი. 25-კაციან ექსპედიციაში ვმონაწილეობდი.
28 თებერვალს, მწვერვალიდან დაშვებისას, 6 ქართველი მეკლდეური დაიღუპა - ირაკლი გელდიაშვილი, დევი თარხნიშვილი, დავით კობახიძე, გია ტუშური, გოგი ზუმბაძე და მურად ჭიჭინაძე. რა დამავიწყებს იმ საზარელ წამებს, თოვლსა და ყინულში როგორ ვეძებდით უშბიდან მოწყვეტილთა გვამებს...
ბევრიც ყინულის საუფლოშია დარჩენილი ერთ-ერთია ილიკო გაბლიანი, რომელიც დღესაც გამარჯვების პიკის ფერდობზე განისვენებს... რამდენადაც მშვიდი და მიმზიდველი გეჩვენება მთა, თავისი თავბრუდამხვევი მშვენიერებით, იმდენად მაცდური და დაუნდობელია... "გამარჯვების პიკი", რომელიც ყირგიზეთისა და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს, მუხანათობითაა ცნობილი.
1955 წელს იქ 11 უზბეკი მთამსვლელი დაიღუპა; 1960 წელს თურქმენეთის ექსპედიციის 10 ალპინისტი შეიწირა, ერთი წლის შემდეგ კი სამი ქართველი ვაჟკაცისთვის აღმოჩნდა საბედისწერო...
- როგორც ვიცი, ყოველთვის ვერ ხერხდება დაღუპულთა და დასახიჩრებულთა დახსნა ყინულების ტყვეობიდან...
- დიახ, ასეა. როგორც გითხარით 1961 წელს "გამარჯვების პიკზე", სამი ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა - ილიკო გაბლიანი, თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი. მაშინ კუხიანიძისა და მეძმარიაშვილის ცხედრები შედარებით იოლად მისადგომ ადგილებში იყო და მათი ჩამოსვენება მოხერხდა. ილიკო გაბლიანი კი 6900 მეტრ სიმაღლეზე განისვენებს - თოვლშია დამარხული.
იქვე სხვა დაღუპულებიცაა და იმ ადგილს "ობელისკი" ჰქვია. 1997 წელს მერაბ ხაბაზი, ირაკლი უგულავა, ლიოვა სარქისოვი, ბენო ქაშაკაშვილი, სერგეი როსლიკოვი და მე "გამარჯვების პიკზე" ავედით. გაბლიანის საფლავიც მოვინახულეთ. ფილმიც გვაქვს გადაღებული ამ ლაშქრობაზე. სამწუხაროდ, სახელოვანი ქართველი ალპინისტის ცხედრის ჩამოსვენება დღემდე ვერ ხერხდება. ეს მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
- ალბათ, ევერესტზე ასვლას გვერდს ვერ ავუვლით...
- დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ორჯერ მაქვს დალაშქრული - 1999 სამხრეთიდან, ქართველებთან ერთად, 2003 წელს კი ჩრდილოეთიდან - რუსულ-ქართულ ექსპედიციასთან ერთად. 15 წლის წინათ, ჯომოლუნგმაზე ბენო ქაშაკაშვილის ხელმძღვანელობით ხუთნი ავედით - სარქისოვი, სარდან მუხაგულოვი, აფი გიგანი და მე.
ევერესტის დაპყრობა ნებისმიერი ალპინისტის ოცნებაა. 8848 მეტრ სიმაღლეზე ასვლა განუმეორებელი განცდაა.
წარმოიდგინეთ - 50 წლის განმავლობაში მწვერვალზე 1050 მთამსვლელია ნამყოფი, რომელთა უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. ევერესტის დაპყრობა დიდ სპორტულ მიღწევად და მნიშვნელოვან გამარჯვებათა ტოლფასად მიმაჩნია.
ეს ქვეყნისთვისაც საამაყოა. ჩემი მეგობრისთვის ერთ ბრაზილიელ მეცნიერს უთქვამს - რა ბედნიერი ხართ, რომ ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი ევერესტელი გყავთ, ბრაზილიიდან კი ამ მწვერვალზე არავინ ასულაო...
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week