25 დეკემბერს ხელოვნების ცენტრ "მუზაში" საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის საანგარიშო ყრილობა გაიმართა, რომელმაც დიდ აუდიტორიასაც მოუყარა თავი და ქართული სპორტის საჭირბოროტო საკითხებზე საინტერესო სჯა-ბაასიც გაიმართა.
მაგალითად, განიხილეს დოპინგის თემა, ისაუბრეს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაზე, რომელიც მაღალი მიღწევების სპორტისა და ვეტერანთა გარდა, ბავშვთა სპორტსაც დიდ ყურადღებას დაუთმობს.
დოპინგთან მიმართებაში ვრცლად ისაუბრეს საქართველოში ასე სოკოებივით მომრავლებულ ფიტნეს-ცენტრებზე, სადაც კუნთოვანი მასის გასაზრდელად ხშირად იყენებენ სხვადასხვა პრეპარატს, მათ შორის - სპორტსმენებიც.
მართალია, იქ მეტი წილი რიგით მოქალაქეებზე მოდის, თუმცა მსგავსი ცენტრები ლამის
სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტ ვალერი ახალკაცის თქმით, აუცილებელია იქ მომუშავე მწვრთნელ-ინსტრუქტორთა სერტიფიცირება, რაც ბევრ პრობლემას გამორიცხავს - ის მწვრთნელი მოუფრთხილდება თავის სერტიფიკატს, არ გასცემს აკრძალულ წამლებს, საკვებ დანამატებს, არ მიაღებინებს ტრავმას...
საკვებ დანამატებს, მათ მავნებლობას და მათი მოხმარებისას შესაძლო რისკებს დიდი ყურადღება დაუთმეს. მოიყვანეს აშშ-ის, გერმანიის და სხვა წამყვანი ქვეყნების ნაკრებების მაგალითი, როცა გუნდების ექიმთა მიერ დანიშნულ საკვებ დანამატებშიც კი აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერება და მათი სპორტსმენებიც ჩაცვივდნენ.
გაიხსენეს აგრეთვე ინგლისის მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების შემთხვევა, როცა, ერთი შეხედვით, მაქსიმალური კონტროლის ქვეშ მყოფი გუნდის ლიდერი მაინც ჩავარდა ტესტზე.
წარმოიდგინეთ, როცა იქ, ისეთ პირობებში, როცა მათ განკარგულებაში თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ლაბორატორიებია, მაინც გაეპარათ ასეთი შეცდომა, ჩვენ რამდენად დიდი რისკის ქვეშ ვართ. მით უფრო, დოპინგის სია ყოველდღიურად იზრდება.
დოპინგის შესახებ მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (გადა) ხელმძღვანელი პალიკო კასრაძე, რომელმაც გვამცნო, რომ თანდათან იზრდება სინჯების რაოდენობა.
თუმცა ისიც დასძინა, რომ სათანადო საგანმანათლებლო მუშაობის გარეშე მხოლოდ ეს ვერ იქნება ეფექტური და დოპინგთან ბრძოლის მაგისტრალური ხაზიც დაგვისახა:
ტესტირება+განათლება+სემინარი. მიმდინარე წელს ამ სააგენტომ თურმე 24 სემინარი ჩაატარა. აქედან მხოლოდ 6 იყო თბილისში, დანარჩენი კი რეგიონებში მოეწყო ადგილობრივი კადრების გადასამზადებლად, ან - უშუალოდ ნაკრები გუნდების სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებზე. სააგენტო ყოველწლიურ გრანტს იღებს იუნესკოსგან და დოპინგოფიცრების გადამზადებაზეც ზრუნავენ. ასე მაგალითად, სოჭის ოლიმპიადისთვის თუ 5 ოფიცერი გადაამზადეს, წლეულს უკვე 6-ია ასეთი.
კასრაძის ინფორმაციით, იკლო დოპინგის შემთხვევებმაც - 2013 წელს თუ 9 შემთხვევა იყო (აქედან 2-ს განმეორებით აღმოაჩნდა), წლეულს მხოლოდ 6 ფაქტია გამოვლენილი. მათ შორის 4 უშუალოდ გადა-მ აღმოაჩინა. ითქვა გენო პეტრიაშვილისთვის აღმოჩენილ პრედუქტალზეც - ამ პრეპარატს თურმე კარგა ხანს იკვლევდნენ, აკვირდებოდნენ და მსჯელობდნენ, შეეტანათ თუ არა დოპინგში.
კასრაძემ კიდევ ერთხელ გააცნო დამსწრე საზოგადოებასაც და გუშინდელი კონფერენციის მიღმა მყოფ სპორტულ სამყაროსაც, რომ ადამსის პროგრამაში შესვლა აკრძალული პრეპარატების სიის თუ სხვა საჭირო ინფორმაციის სანახავად შესაძლებელია.
მანვე კიდევ ერთხელ განაცხადა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც ძალაში ახალი წლიდან შედის და რომლის თანახმადაც, კანონი საგრძნობლად მკაცრდება - უკვე პირველივე შემთხვევა 4 წლამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს აქამდე არსებული 2-ის ნაცვლად, ხოლო განმეორებითი სამუდამოდ მოკვეთის ტოლფასია.
კასრაძემ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გაგვიმხილა - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შექმნილია ჯგუფი, რომელშიც შედიან გადა-ს, სპორტის, ჯანდაცვისა და საერთო ინტერესით გაერთიანებული სხვა სამინისტროების წარმომადგენლები.
ისინი მუშაობენ კანონპროექტზე, რომელმაც უნდა დაარეგულიროს საზღვარზე შესაბამისი ტვირთის - საკვები დანამატების, აკრძალული პრეპარატების შემოსვლა, უზრუნველყოს საკანონმდებლო ჰარმონია ევროკავშირთან და სხვა...
საანგარიშო ყრილობაზე, ტრადიციულად, ცალკეულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ახალი პრეპარატები წარმოადგინეს. ამჯერად აუდიტორიის წინაშე "გეა" და "დრაივინგ კომპანი" წარდგნენ, რომლებმაც ისაუბრეს პრეპარატებზე: "სტაბილიფორტე", "სავარექსი", "რისებონი" და სხვა - მომხსენებელთა მტკიცებით, ყველა მათგანს შეუძლია, სერიოზული როლი შეასრულოს წვრთნის პროცესში და დაეხმაროს სპორტსმენს, ოღონდ მხოლოდ რეაბილიტაცია-რელაქსაციის პროცესში და არა სპორტული შედეგების ამაღლების თვალსაზრისით.
ამ წამლებმა ექიმების საკმაო ინტერესი გამოიწვია. სპორტული მედიცინის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ კახაბრიშვილმა ისაუბრა ოლიმპიური გუნდებისთვის გაწეულ დახმარებაზე და სამომავლოდ გასაკეთებელ საქმეებზე. გუშინვე გადაწყდა, რომ ოლიმპიურ გუნდებს დაემატება რამდენიმე ექიმი ფიზიკური მომზადებისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კუთხით, რაც მართლაც ჰაერივით სჭირდებათ.
კონფერენციის დასასრულ, მხცოვანმა ექიმმა რომანოზ სვანიშვილმა კოლეგებს მომავალი შობა-ახალი წელი მიულოცა და ყურადღება ფიზიკური მომზადების უკლებლივ ყველა მიმართულებით გაუმჯობესების აუცილებლობაზე გაამახვილა.
დურმიშხან ჩიტაშვილმა, მილოცვასთან ერთად, წინა პლანზე საჭირბოროტო საკითხი წამოსწია - ხომ არ დადგა დრო, მსგავსი კონფერენციების ნაწილი უშუალოდ წვრთნის პროცესში გავიაროთ, რათა მასში მწვრთნელი და სპორტსმენი პრაქტიკულადაც იყვნენ ჩაბმულნი, მათაც მიიღონ პროცესში მონაწილეობა და სპორტული ექიმი დღევანდელივით გარიყული არ დარჩეს საწვრთნელი პროცესისგან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"