მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო 3 000 რუს სპორტსმენს დოპინგზე ამოწმებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სპეციალისტებმა ხელმეორედ უნდა შეამოწმონ რუსი სპორტსმენების დაახლოებით სამი ათასამდე დოპინგ-სინჯი.

ამის შესახებ განაცხადა რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ. მინისტრის თქმით, სააგენტოს კომისიის წევრებმა ეს სინჯები რუსეთიდან გამოითხოვეს და უცხოურ ლაბორატორიებში გაგზავნეს, კერძოდ, გერმანიის ქალაქ კიოლნში.

ანტისადოპინგო სააგენტოს კომისიის რუსეთში ვიზიტის საბაბი გახდა ორსერიიანი ფილმი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების შესახებ, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გერმანული არხის, ARD-ს ეთერში გავიდა.

კერძოდ, ფილმის ავტორებმა წარმოადგინეს მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც 800 მეტრზე რბენაში ოლიმპიური ჩემპიონი მარია სავინოვა აღიარებს აკრძალული პრეპარატის
გამოყენებას.

ფილმის ერთ-ერთი გმირი გახდა მორბენალი იულია სტეპანოვა, აგრეთვე, მისი მეუღლე ვიტალი სტეპანოვი - რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი. სტეპანოვამ განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენება - ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ამასთან, ამ პროცესში მონაწილეობენ მწვრთნელები და ფედერაციის წარმომადგენლები.

სტეპანოვმა ARD-სთან ინტერვიუში შემდეგი განაცხადა: "საერთაშორისო არენაზე მედლების მოსაპოვებლად რუს სპორტსმენებს დახმარება სჭირდებათ. ეს დახმარება დოპინგის გამოყენებაში გამოიხატება".

მუტკოს თქმით, ფილმის გამოსვლის შემდეგ მან მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მისწერა წერილი იმის შესახებ, რომ რუსული სპორტული ხელისუფლება მზად არის ნებისმიერ თანამშრომლობაზე საერთაშორისო ანტისადოპინგო სამსახურებთან.

"ანტისადოპინგო კომისია უკვე იყო ჩემთან სამი კაცის შემადგენლობით. მათ სამი ათასი სინჯი წაიღეს შესამოწმებლად ქალაქ კიოლნის ლაბორატორიაში. ჩვენ იმავე გზით გავაგრძელებთ სიარულს. გახსნილები ვართ ყველასთვის", - განაცხადა მინისტრმა.

* * *

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ დოპინგის ხელმეორედ გამოყენებაში გამოიჭირეს რუსი ბიატლონისტები - ეკატერინა იურევა და ირინა სტარიხი. პირველად მათ აკრძალული პრეპარატი 2014 წლის დასაწყისში გამოიყენეს. სტარიხმა მაშინ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, იურევამ - რვაწლიანი.

ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირის ვებგვერდზე წერია, რომ სულ განმეორებითი ანალიზისას გამოვლინდა ხუთი დადებითი სინჯი. აქედან სამი ეკუთვნით სტარიხსა და იურევას. ამიტომაც მათი დისკვალიფიკაციის ვადა, შესაძლოა, გაიზარდოს.

ცნობილია, რომ ორი სხვა სინჯი კიდევ ორ სპორტსმენს ეკუთვნის, რომელთა გვარები არ სახელდება. ისინი დროებით ჩამოშორებულნი არიან ტურნირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული