31 აგვისტოს ალბანეთის ნაკრებთან მოგებული მატჩიდან სამსახურში ვბრუნდებოდი. 39 ქულის სხვაობით ვიმარჯვეთ, მაგრამ ხალისიანად მაინც ვერ ვიყავი - ჩემ უკან მჯდომმა ქალმა "გულშემატკივარმა" გამაბრაზა, ჩემს რიგში მსხდომთ აჩუმებდა: ნუ ხმაურობთო. ერთს საყვირიც კი გამოჰგლიჯა! ვერ მივახვედრე, რომ თეატრში კი არა, კალათბურთზე იყო, სადაც გულშემატკივარმა უნდა იყვიროს, იმღეროს, საკუთარი გუნდი გაამხნევოს.
ჩემთვის თავდაღუნული მივდიოდი სამსახურისკენ, მოღიმარმა ქალბატონმა რომ შემაჩერა. პირდაპირ, მოურიდებლად
- ნაციონალი ხარ?
- არა.
- ნაციონალების შეკრებიდან არ მოდიხარ?
- არა, არ მიყვარს პოლიტიკა.
- აბა, მიშასდროშიანი ფორმა რომ გაცვია?
- მიშასი კი არა, საქართველოს დროშაა, კალათბურთიდან მოვდივარ. ეს კი, საქართველოს ნაკრების მაისურაა.
- "ბალელშიკი" ხარ?
- "ბალელშიკიც" და ჟურნალისტიც.
- სად მუშაობ?
- "ლელოში".
- ლილოში?
- "ლელოში", გაზეთია ასეთი, სპორტული. პოლიტიკაზე არ ვწერთ.
ბოლოს და ბოლოს, დავემშვიდობე. სიტყვა "ნახვამდის" ნაცვლად ეს მითხრა - არ გეწყინოს, არა უშავს, მეც ნაციონალი ვარო.
* * *
რედაქციაში დაგეგმილზე 10 წუთით გვიან მივედი, საქართველო-ალბანეთი მიმოვიხილე, გაზეთის გვერდში ლამაზად ჩავსვით და შინისკენ გავემართე. ღამე იყო. სიბნელეში კი სარეკლამო ფარები თვალისმომჭრელად ანათებენ. რაც უფრო სწრაფად მიდის შენი ტრანსპორტი, მით უფრო ხშირად გხვდებიან ნაცნობი სახეები: მიხეილ ყაველაშვილი, ლევან კობიაშვილი...კობის ხორვატიასთან გოლი კი არა, "დინამოში" მისი თამაში გამახსენდა, ახალგაზრდა, პერსპექტიული "დინამო" რომ იყო. თვალწინ წარმომიდგა ჩემპიონთა ლიგაზე "ეინდჰოვენის" კარში "შალკეს" მაისურით გატანილი სამივე გოლი. იმ მატჩს მეგობრებთან ერთად ვუყურებდი, დიდი სიხარული იყო...
ლევანს მაშინ "შალკეს" ლურჯი ფორმა ეცვა. ამჟამადაც ლურჯ ფონზე დგას, ოღონდ პლაკატზე "შალკე 04"-ის ემბლემა კი არა, "ქართული ოცნების" ლოგო ზის. იგი გლდანში იყრის კენჭს, ყაველაშვილი - ნაძალადევში.
* * *
კი ვუთხარი ქალბატონს, პოლიტიკა არ მიყვარს-მეთქი, მაგრამ გვერდი მაინც ვერ ავუარე. მეტსაც გეტყვით, კობიაშვილისა და ყაველაშვილის მაჟორიტარობის კანდიდატებად დანახვისთანავე წარმომიდგა პოლიტიკოსები საფეხბურთო მოედანზე. გადავხედე ინტერნეტში, ვინ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, რა ტიპის არჩევნებია და ერთ საინტერესო ნიუანსს მივაგენი: პარტიები ისეა დანომრილი, ნომრების მიხედვით მათი ამპლუების მიხედვით განაწილება თავისუფლად შეიძლება. ძველად რომ იყო: მესამე ნომერი (ლიბერო) დაცვის ცენტრში იდგა; მეოთხე ნომერი (სტოპერი) ლიბეროს ოდნავ წინ; მეათე ნომერი ცენტრალური თავდამსხმელი იყო;
კობიაშვილი - მარცხენა მცველი... კობის ფრთიდან ვერც ერთი მეტოქე ვერ გაბედავდა შეტევას. კარიც საიმედოდ იქნება დაცული, პაატა ბურჭულაძე ხომ მილანში გამოდიოდა.
თავდასხმის ცენტრში პელეა - შალვა ნათელაშვილი. თავისი საქმის პელე. თუ საჭიროა, ირაკლი ალასანიას თავდასხმიდან დაცვაში გადაყვანაც შეიძლება, აქვს თავდაცვაში მუშაობის გამოცდილება...
დანარჩენი ჩვენმა მეტოქემ გაშიფროს, მე თქვენ გეტყვით და რთულია ჩვენს პოლიტიკოსებზე ინფორმაციის მოგროვება - ერთთავად ტელევიზორში სხედან.
* * *
სტატიის წერისას ინტერნეტში ამოვიკითხე - არჩევნები 8 ოქტომბერსააო. 8 ოქტომბერი? ეს თარიღი ხომ ორ მნიშვნელოვან რიცხვს შორისაა მოქცეული: 6 ოქტომბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიას სტუმრობს, 9-ში - უელსს.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"