ქართული და უცხოური სპორტის ვარსკვლავების საახალწლო სურვილები

AutoSharing Option
თოვლის პაპას, დასავლურად სანტა კლაუსს საახალწლოდ თუ საშობაოდ ყველა წერილს სწერს და ფანჯარაში ტოვებს. ისიც ჩამოიფრენს, წამოკრეფს წერილებს, ზედმიწევნით გადაიკითხავს, ერთ რვეულს საყიდლების სიით გაავსებს და გუდააკიდებული გაემართება სუპერმარკეტისკენ.

გგონიათ, მხოლოდ ბავშვები უწერენ წერილებს? ზოგ ზრდასრულ სპორტსმენსაც სჯერა სანტასი, აგერ მაგალითად კრიშტიანო რონალდო - 2016 წელი რომ დგებოდა თამამად ჩამოუწერა საჩუქრების სია: ევროპის ჩემპიონისა და ჩემპიონთა თასები, ოქროს ბურთი... სანტამაც არ დაიზარა და ყველა მოუტანა.

გაინტერესებთ, 2017 წლისთვის რას ითხოვს რონალდო? მოდით, ერთად ჩავიჭყიტოთ ცნობილი სპორტსმენების წერილებში...

- სანტა, გახსოვს
რამდენიმე წლის წინათ ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა რომ გთხოვე? შემისრულე. მუნდიალზე მერვედფინალში გასვლაც გთხოვე. ისიც ამისრულე. მადლობის მეტი რა მეთქმის. ახლა მხოლოდ ერთს გთხოვ - მომაგებინე.

ვლადიმერ ვაისი

Sportall.Ge

- ყიფიანმა, ბოსკამპმა, ჟირესმა, ტოპმიოლერმა, კუპერმა, ქეცბაიამ და ცხადაძემ ვერ გვიშველეს და შენ დაგვეხმარები ვითომ?
ლევან კობიაშვილი

მადლობა, 2016 წელი ოქროსი გამომივიდა. ერთი მოკრძალებული სათხოვარი მაქვს - ოლიმპიადები ყოველ წელს დააწესე. აქამდე ხომ მედლებს გთხოვდი, ახლა მედლები აღარ მინდა. შენ ყოველ წელს ჩაატარე ოლიმპადა და მედლებს მე მივხედავ.
ლადო ხინჩეგაშვილი

- წითელი ლენტი მინდა. იცი რომელი? - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები რომ არის გადაღობილი. გაჭრა ჩემზე იყოს, "მაკრატელას" ხმარება კი კარგად ვიცი.
თორნიკე ოქრიაშვილი

Sportall.Ge

- ბევრს ჰგონია, რომ NBA-ს "ოლ სტარში" მოხვედრას გთხოვ. ამაზე ნუ შეწუხდები, ისედაც "ოლ სატრში" ვარ, კვირაში ოთხჯერ ვთამაშობ დურანტის, კარის, ტომპსონის თუ გრინის გვერდით. თუ არ დაგეზარება ერთი ბეჭედი და სტამბოლის საგზური მომიტანე...

...ოღონდ არ იფიქრო, ცოლი მომყავს და თაფლობის თვისთვის სტამბოლში მივდივარ. არა. NBA-ს საჩემპიონო ბეჭედს გთხოვ. სტამბოლის საგზური კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ მჭირდება. თოვლის პაპა ხარ და გეცოდინება, მერვედფინალი სტამბოლში იმართება.

ზაზა ფაჩულია

Sportall.Ge

- ძვირფასო სანტა, რაც აქამდე ჩემთვის გაგიკეთებია, მინდა სამაგიერო სიკეთითვე გადაგიხადო. თუ რომელიმე უბანში შენს ირმებს ფრენა გაუჭირდებათ მე დამირეკე (5******23, თორნიკე).

- თუ მთლად მიუდგომელი სახლია, ჯოტია ცაავასავით შორიდან შემიძლია ტყორცნა, საჩუქარს პირდაპირ ბუხრის მილში მოვარტყამ (5******13, ვიქტორი).

თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე

- 306 კილოგრამიანი ნაძვის ხე მინდა, 107 კილოგრამი სათამაშოებით, 61 კილოგრამი წვიმებით. 474 კილოგრამი გამოდის. ძალიან მაინტერესებს მოვერევი თუ არა. თუ მოვერევი, ახალი მსოფლიო რეკორდი იქნება. 473 კილოგრამი 2016 წელს დავძლიე ოლიმპიადაზე.
თუ შორიდან მოგაქვს, აგიწევ... დიდი მადლობა წინასწარ.

ლაშა ტალახაძე

Sportall.Ge

- ძვირფასო სანტა, შენი არაფერი აღარ მინდა, რამდენჯერ მოგწერე "ექვს ერში" შეგვიყვანე-მეთქი. საახალწლო სუფრა უკვე სავსე მაქვს: ინგლისური პუდინგი, იორკშირიდან; შოტლანდიური ვისკი; იტალიური პასტა; ირლანდიური "გინესი", უელსური ღორის ლორი; ფრანგული წითელი ღვინო.

...კი შეიკრიბა ექვსი ერი ჩემს მაგიდაზე, ავდგები და გემრიელად გეახლები.

მამუკა გორგოძე

Sportall.Ge

- ძვირფასო სანტა კლაუს, მაგარი ტიპები ვართ ორსახელიანები. კრიშტიანო რონალდო გწერთ მადეირადან. 2017 წლისთვის რაც გინდა, მთხოვე!
კრიშტიანო რონალდო

- როგორ დავწერო, რომ დაიმახსოვრო?! ოქროს თასი მომიტანე, ფიფას თასი! ფიფასი! ქალღმერთია ამოტვიფრული, რომელსაც დედამიწა უჭირავს.
ლიონელ მესი

თოვლის პაპა ვის აუსრულდებს სურვილს და ვის არა, 2017 წლის ბოლოს გამოჩნდება...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული