ბოლო აკორდის შუქ-ჩრდილები - მოჭადრაკეებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი შეაფასეს

AutoSharing Option
ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა, როგორც ვწერდით, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ვაჟებმა მე-9 ადგილი დაიკავეს, მესამე დაფებზე კი ლელა ჯავახიშვილმა და ლევან ფანცულაიამ ოქროს მედლები მოიპოვეს.

გუშინ, 25 ნოემბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ქართველი მოჭადრაკეები (ქალთა ნაკრები - ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, კაპიტანი დავით ჯოჯუა, ვაჟები - ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, მერაბ გაგუნაშვილი, ლუკა პაიჭაძე, მწვრთნელ-კაპიტანი ზურაბ სტურუა) და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მესვეურები მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

რეიკიავიკურ ბატალიებზე ილაპარაკეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, ზურაბ სტურუამ, დიდოსტატებმა - ლელა ჯავახიშვილმა, ლევან ფანცულაიამ, ბაადურ ჯობავამ და სხვებმა.

გიორგი გიორგაძე: "ქართველმა მოჭადრაკეებმა მძიმე და დაძაბული სეზონი მაჟორულ ნოტზე დაასრულეს. განსაკუთრებით, ქალთა ნაკრების წარმატება მინდა გამოვყო. წლეულს გაზაფხულზე მოპოვებული გუნდური მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ ჩვენმა მანდილოსნებმა ბათუმის მერიის ხელშეწყობითა და დახმარებით შექმნილ საკლუბო გუნდ "ნონას" შემადგენლობაში ევროპის საკლუბო პირველობაც მოიგეს. რაც მთავარია, ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს. მათ შორის - მასპინძელთა უცხოური ვარსკვლავებით დახუნძლული გუნდი, ასევე, რუსეთის წარმომადგენლებიც დაამარცხეს და ტიტული შეინარჩუნეს.

ბოლო აკორდი იყო ევროპის გუნდური ჩემპიონატი. ამ შეჯიბრებისთვის ჩვენი დიდოსტატები ჯერ ბაკურიანში, შემდეგ ბორჯომში ემზადებოდნენ მიზანმიმართულად, თუმცა მეორე შეკრება მთლად ნაყოფიერი ვერ გამოდგა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო. ჯერ ერთი, რომ წლის მეორე ნახევარი ტურნირებით დატვირთული აღმოჩნდა. საკლუბო შეჯიბრებიდან ახალი ჩამოსულნი იყვნენ ნაკრების წევრები, ბორჯომში დაუსვენებლად რომ გაემგზავრნენ შეკრებაზე, ბელა ხოტენაშვილმა კი ჩინეთში იქაურ საკლუბო ჩემპიონატში იასპარეზა.

იყო სხვა მიზეზებიც, რის გამოც სრულფასოვანი მომზადება და ძალების აღდგენა ვერ მოხერხდა, ამან კი განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატის ფინიშისას იჩინა თავი - მეტი წარმატების მისაღწევად ფიზიკური და ემოციური მუხტი დაგვაკლდა.

არადა, შეჯიბრება ამაღლებულ ნოტზე დავიწყეთ: ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ მესამე ტურში უკრაინის უძლიერეს გუნდს დავუპირისპირდით, რომლის ღირსებასაც მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონები - მარია მუზიჩუკი და ნატალია ჟუკოვა, მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინა და მსოფლიო კლასიფიკაციით პირველი ათეულის მოთამაშე ანა მუზიჩუკი იცავენ. ასეთი გუნდის დამარცხებით გამოწვეული ეიფორია განელებული და ძალები აღდგენილი არ გვქონდა, მეოთხე ტურში წილისყრამ რუსეთის უძლიერეს ნაკრებს რომ შეგვახვედრა. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ჩემპიონატზე მთელი საჭადრაკო რესურსის მობილიზაციით იყვნენ ჩამოსულნი, ქალებსა და ვაჟებსაც ცალ-ცალკე სამწვრთნელო შტაბები ახლდათ. დაამტკიცეს კიდეც, რომ ამჟამად უძლიერესნი და ჩემპიონობის ღირსნი არიან.

სამწუხაროდ, ჩვენები ვერ განეწყვნენ მათთან სათამაშოდ. მეორე დაფაზე ხოტენაშვილმა ერთ მომენტში პაიკი შესწირა კატერინა ლაგნოს, მაგრამ მისი კომპენსაცია ვერ მიიღო. ორგზის ევროპის ჩემპიონმა კი წარმატების მიღწევის შანსი ხელიდან არ გაუშვა. მესამე-მეოთხე დაფებზე ნამდვილად არ ჰქონდათ ჩვენებს ცუდი პოზიციები, მაგრამ გასამარჯვებლად ეს არ იყო საკმარისი, ამიტომაც გარისკეს, რაც საბოლოოდ სავალალო შედეგით დასრულდა - 0.5:3.5 წავაგეთ.

ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ რუსებმა ამ მატჩში აშკარად გვაჯობეს. მართალია, შემდეგ სატურნირო მდგომარეობა გამოვასწორეთ, მაგრამ სერბეთის სუსტ გუნდთან ფრე აშკარად დასანანი იყო, რითაც ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი დავკარგეთ, რადგან უკრაინის ნაკრებმა მეტოქეები მშრალი ანგარიშებით დაამარცხა და კოეფიციენტით საგრძნობლად გაგვისწრო.

ამდენად, ბოლო ტურში ავსტრიასთან დაპირისპირება სატურნირო ვითარებას ვეღარ შეცვლიდა. უმოტივაციო მატჩში ქართველმა ქალებმა შემართებით ვერ იბრძოლეს და ფრეს დასჯერდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლეულს სამ მნიშვნელოვან ტურნირში ნაკრების წევრებმა 25-დან 21 მატჩი მოიგეს, სამი ფრედ დაამთავრეს და მხოლოდ ერთი წააგეს. ამგვარ შედეგს ნებისმიერი ნაკრები ინატრებდა. საგულისხმოა ისიც, რომ ლელა ჯავახიშვილმა მესამე დაფაზე ოქროს მედალი დაიმსახურა.

შესანიშნავად ითამაშეს ვაჟებმაც, რომელთაც ზურაბ სტურუას ხელმძღვანელობით, ბოლო შეკრება ბაკურიანში გაიარეს. რეიკიავიკში ისინი დიდხანს იყვნენ ლიდერთა შორის. ბოლო ტურში სომხებთან წაგება რომ არა, შესაძლოა, საპრიზო ადგილებზე გასულიყვნენ.

სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა ლევან ფანცულაიამ - რეიტინგ-პერფომანსით იგი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მესამე დაფაზე კი ოქროს მედალი ერგო. კარგი შედეგები აჩვენეს ბაადურ ჯობავამ და მიხეილ მჭედლიშვილმა. მათთვის მეოთხე დაფასაც რომ აება მხარი, ვაჟებს უკეთესი შედეგი ექნებოდათ.

ყოველივეს მიუხედავად, შეიძლება ვთქვათ, რომ ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჩვენთვის მაინც სეზონის მაჟორული ფინიში იყო".

ზურაბ აზმაიფარაშვილი: "ევროპის საჭადრაკო კავშირის მიზანია სპორტის ამ სახეობისთვის გეოგრაფიის გაზრდა. ამიტომაც ავირჩიეთ ისლანდია, რომელიც თავისი სიძვირით გამოირჩევა მთელ მსოფლიოში.

ყოველივეს მიუხედავად, მასპინძლებმა საკმაოდ კარგად შეძლეს ჩემპიონატის ორგანიზებისთვის თავის გართმევა. ასპარეზობას მხარს უჭერდა სახელმწიფოც და ქალაქის მერიაც. იქაური მესვეურებისგან ყურადღება არ გვაკლდა.

რაც შეეხება შედეგებს, ამ ეტაპზე უძლიერესმა რუსულმა გუნდებმა გაიმარჯვეს. მოულოდნელი არაფერი ყოფილა. თუმცა ვფიქრობდი, რომ ქალებში ჩემპიონობას უკრაინა მოიპოვებდა, მაგრამ რუსებს ამჯერად მეტი რესურსი აღმოაჩნდათ.

ჩემპიონატის აღმოჩენა იყო ლევან ფანცულაია, რომელმაც შემართებითა და შედეგებით ყველა გააოცა. კარგად ითამაშა ბაადურ ჯობავამაც. ჩვენს ბიჭებს უფრო დიდი წარმატების მიღწევა თუ სურთ, მონდომებასა და თავდადებაში სწორედ მათ უნდა მიბაძონ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგად პასუხობს გიორგაძე,მარა ხომ არ აჯობებდა ელიზბარ უბილავასთვის და ხვიჩა სუპატაშვილისთვის ეკითხათ რას ფიქრობდნენ შედეგზე
sano
15:18 27-11-2015
0

სიახლეები პოპულარული