ოდიველასი. "ევროპის ღია თასი": ონისე ბუღაძის ვერცხლი, ნოდარ ბერიანის ბრინჯაო

AutoSharing Option
სეზონის პირველ ტურნირზე - პორტუგალიურ ოდიველასში გამართულ "ევროპის ღია თასზე" გამოსვლა ჩვენმა ნაკრებმა ორი მედლით - თითო ვერცხლითა და ბრინჯაოთი დაასრულა. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი მძიმეწონოსანი ონისე ბუღაძე გახდა, ბრინჯაოს მედალს კი ნოდარ ბერიანი (90) დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ამ წონაში დამამშვიდებელში ქართული ფინალი ვიხილეთ - ბერიანმა უშანგი მარგიანს მოუგო. ჩვენი 17-კაციანი გუნდიდან ჩასათვლელ ზონაში ახალგაზრდა თორნიკე ნაგლიაშვილიც (66) მოხვდა - VII ადგილი.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მეშვიდეზე გავიდა.

ოდიველასში ჩვენი ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით წავიდა - ლიდერები ჯერ პარიზში, მერე კი დიუსელდორფში იჭიდავებენ.
ამათგან დიდ შედეგებს არც ველოდით, თუმცა ზოგიერთისგან მეტის იმედი კი გვქონდა. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებზე ითქმის, რომლებიც დღეს-ხვალ ნაკრებში უნდა მოვიდნენ.

ამ შეჯიბრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ჩვენი სათადარიგო გუნდი, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე ძლიერია - ისინი გვარიანად ჩამორჩებიან სხვა ქვეყნების ფალავნებს.

ქართული ცილობა ბრინჯაოსთვის
როგორც გითხარით, 90-ში ბრინჯაოს მედლისთვის ქართული "ბრძოლა" გაიმართა მარგიანსა და ბერიანს შორის, იქამდე კი უფრო ძლევამოსილად ბერიანი მივიდა - ნახევარფინალამდე გაიკაფა გზა. 21 წლის ბოლნისელი ფალავანი პირველად გახდა უცხოური შეჯიბრების კავალერი და პორტუგალიაში ნანახით თუ ვიმსჯელებთ, მიმდინარე ოლიმპიურ ციკლში ამ წონაში კარგი კონკურენცია უნდა შექმნას.

პირენეებზე მან ბრინჯაოს მოპოვებამდეც დაიქუხა, როცა მერვედფინალში ძლიერი ფრანგი ლუდოვიკ გობერი 2 ვაზარით დაამარცხა. თუმცა ამის შემდეგაც არანაკლებ ხმაურიანი მოგება მიითვალა ესპანელთა ქართველ ნიკოლოზ შერაზადაშვილთან, ვინც ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის და ევროპის ფინალისტია. ბერიანმა ის ვაზარით ჩამოიცილა გზიდან, ხოლო ამათ ფონზე, აბა, პირველ წრეში პორტუგალიელ ნოელ დელგადოსთან თუნდაც იპონით მოგება რა გასაკვირია. ამით ჩვენებური ნახევარფინალში გავიდა, სადაც დაბლაჭიდში წააგო ფრანგ აქსელ კლერჯესთან, ვინც ამ კომპონენტის "მეფეა".

ძირითად ბადეში ფრანგთან დამარცხდა მარგიანიც - მეოთხედფინალში ძალიან საშიშ ალექსანდრ იდირთან ვაზარი გაუშვა. მანამდე ჩვენმა ფალავანმა, ძირითადად, დაბლაჭიდში კარგი ჭიდაობით (რაც ერთგვარი სიახლე და მისასალმებელი ამბავია) დაჯაბნა უკრაინელი ალექსანდრ კრუკი (ვაზარ-იპონი) და დომინიკელი რობეტ ფლორენტინო (იპონი). ჩვენებურმა დამამშვიდებელში პორტუგალიელ გილერმე სალვადორსაც ჩაუტარა "უკრაინული" - ვაზარის შემდეგ ბეჭებზეც დააგდო.

ქართული ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ბერიანის მოგვერდით დასრულდა - ვაზარი.

წაგების გაკვეთილი ბუღაძისთვის
26 წლის ბუღაძემ შარშან რუმინეთის ტურნირი მოიგო, წლეულს კი ცოტა დააკლდა კარიერის მეორე ტრიუმფამდე.

პორტუგალიაში პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი არგენტინელი ჰექტორ კამპოსი ჩამოიშორა. კამპოსი არც ტიტულოვანია და არც - ტალანტი, მაგრამ ბევრად გამოცდილია და ვაზარიც მოინადავლა, თუმცა თავადაც აუღო იმავე სინჯის გდება და ბოლოს სუფთადაც დააწვინა. ამის შემდეგ ჩვენებური ფრანგებს მისდგა - მეოთხედფინალში ნაბილ ზალაგი დააიპონა, ნახევარფინალში კი მეთიუ ტორელი ვაზარით "გაიარა".

ფინალში ბუღაძის მეტოქე ასევე გამოუცდელი და მისივე თანატოლი რუსი ანტონ ბრაჩევი იყო, ვისაც ასაკობრივ ნაკრებებშიც კი არაფრით არ გამოუჩენია თავი. თუმცა ახლა ორი სოლიდური ფრანგი კი დაამარცხა - მესიე კატანგა და ჟეან-სებასტიან ბონვოისინი. ამის მიუხედავად, ბუღაძეს მისი დამარცხება ნამდვილად შეეძლო და მასთან რევანშიც მართებდა - პირველ შეხვედრაში ბრაჩევმა გუგა კიბორძალიძე დაგვიიპონა. დიდხანს საქმე აქეთკენაც მიდიოდა და თუმცა გაფრთხილება უკვე ბევრს აღარ ნიშნავს, მაგრამ ორჯერ გააფრთხილებინა და ასევე რომ გაეგრძელებინა შეტევა, ადრე თუ გვიან საწადელსაც მიაღწევდა. იმედია, ეს წაგება ბუღაძეს გაკვეთილად გამოადგება. რუსმა მასაც იპონით მოუგო.

კვარცხლბეკი
60 კგ.
1. ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი); 2. ცედრიკ რევო (საფრანგეთი); 3. ერიკ ტაკაბატაკე (ბრაზილია), ჯორე ვერსტრაეტენი (ბელგია).

66 კგ.
1. ტალ ფლიკერი (ისრაელი); 2. კილიან ლე ბლუ; 3. საშა ფლამანტი, ალექსანდრ მარიაკი (სამივე - საფრანგეთი); 7. თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო).

73 კგ.
1. გილიომ შაინი (საფრანგეთი); 2. ოლეგ ვასილევი (რუსეთი); 3. არტემ ხომულა (უკრაინა), ანტონი ზინგი (გერმანია).

81 კგ.
1. ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია); 2. დენის კალინინი (რუსეთი); 3. ეტიენ ბრიანდი (კანადა), ბენჯამინ მუნიხი (გერმანია).

90 კგ.

1. აქსელ კლერჯე (საფრანგეთი); 2. ქუანჯალი ნჰაბალი (უკრაინა); 3. ნოდარ ბერიანი (საქართველო), ალექსანდრ იდირი (საფრანგეთი); 5. უშანგი მარგიანი (საქართველო).

100 კგ.
1. ნიიაზ ილიასოვი (რუსეთი); 2. რაფაელ ბუზაკარინი (ბრაზილია); 3. ნილ ჰონორე არიანო რებუ (საფრანგეთი).

+100 კგ.
1. ანტონ ბრაჩევი (რუსეთი); 2. ონისე ბუღაძე (საქართველო); 3. სტეფან ჰეგი (ავსტრია), მუსა ტუმენოვი (რუსეთი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული