ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები დიორში გადახალისებული გუნდით გამოვა

AutoSharing Option
24-29 ივლისს უნგრულ დიორში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, ძიუდოისტთა შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს.

მოგეხსენებათ, წინა კვირას ძირითადმა გუნდმა დიდი წარმატებით იასპარეზა კაუნასში გამართულ ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე, სადაც 4 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიზილაშვილმა ის შემადგენლობა ლამის ბოლომდე გადაახალისა, მხოლოდ ორი დატოვა ახლანდელ გუნდში და ასპარეზი მთლიანად მეორე შემადგენლობას დაუთმო.

ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: შანსს აძლევს სათადარიგოებს და თან ლიდერებს ასვენებს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელსაც 9-13 აგვისტოს
ჩილეს დედაქალაქი სანტიაგო უმასპინძლებს.

უნგრეთში, ოლიმპიურ ფესტივალზე ბიჭების გუნდი სრული შემადგენლობით გამოვა. კაუნასში ნაჭიდავები სპორტსმენებისგან იქ მხოლოდ ევროპის ვიცე-ჩემპიონი მიხეილ ბექაური (90) და ბრინჯაოსმედალოსანი ლევან ჭელიძე (+90) იქნებიან. სამაგიეროდ, გოგონების გუნდი გვეყოლება არასრული, თუმცა კი საბრძოლო შემადგენლობით: ეკატერინე ტატუნაშვილი (52), თინათინ რევაზიშვილი (57), ევროპის მედალოსანი მარიამ ჭანტურია (63) და ევროპის წლევანდელი ჩემპიონი სოფიო სომხიშვილი (+70).

გუნდებმა უკვე დაიწყეს ფესტივალისთვის მოსამზადებელი შეკრება: ბიჭები ისევ ყვარელში ვარჯიშობენ, გოგონები - კვლავაც გორში.

ამ ეტაპზე გუნდებს განსხვავებული ამოცანები აქვთ: ბიჭებისთვის მთავარი მიზანი ფორმის პიკში შესვლაა, გოგონებმა კი ევროპის ჩემპიონატზე ყველამ იჭიდავა და ასეთი ინტენსიური წვრთნები აღარ სჭირდებათ, მათთვის უფრო აქტუალური ეგრეთ წოდებული შეჯიბრებამდე მისაყვანი ვარჯიშებია, რაც შედარებით მსუბუქ ვარჯიშებს მოიცავს, რათა ორგანიზმი არ გადაიღალოს. მით უფრო, რევაზიშვილის გარდა, ამათგან ყველა მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოვა, ასეთი მჭიდრო გრაფიკი კი უფროსებისთვისაც ძნელია, არათუ ამ ასაკისთვის.

ვაჟთა ნაკრები
50 კგ. გოგა ჩხაიძე (ბათუმი)
55 კგ. ბექა წიფიანი (მარნეული)
60 კგ. გურამ ძავაშვილი (გორი)
66 კგ. გიორგი ჩიხელიძე (თბილისი)
73 კგ. ლევან ფსუტური (გორი)
90 კგ. მიხეილ ბექაური (თბილისი)
+90 კგ. ლევან ჭელიძე (თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული