"ევროპის ღია თასზე" სამი ქართველი ქალი ძიუდოისტი გამოვა

AutoSharing Option
ამ კვირის ბოლოს, 22-23 ივლისს მინსკში, ვაჟების პარალელურად, გოგოებშიც ტარდება ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასი", სადაც ჩვენი გოგოებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ოღონდ მხოლოდ ის სამეული იჭიდავებს, რომელმაც მსოფლიოს პირველობაზე უნდა იასპარეზოს: მარიამ ჯანაშვილი (57), ნინო ოძელაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78).

ჩვენი ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე არც მსოფლიოს ჩემპიონატზე აპირებდა წასვლას და არც - ამ ტურნირზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდურში ახალი ფორმატი შემოიღეს - ვაჟებისა და ქალების გაერთიანებული გუნდით ასპარეზობა, გეგმები შეცვალეს და ორივეგან გადაწყვიტეს გამოსვლა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდურში
ასპარეზობაზე საერთოდ უარი უნდა გვეთქვა, თორემ ექვსი წონიდან სამში თუ ფორა მივეცით მეტოქეს, მაქსიმუმ, ფრეზე თუ ვიოცნებებთ, მოგება კი გამორიცხულია. ამიტომ ერთგვარი ვალდებულებაა, რომ ეს სამი გოგო უნდა გვყავდეს შემადგენლობაში, რომელთაგანაც ერთმა მაინც თუ მოიგო თავისი წილი პაექრობა, დიდ სამსახურს გაუწევს ვაჟების ტრიოს, მთლიანად გუნდსა და ქართულ ძიუდოს, ხოლო სხვებიც თუ იყოჩაღებენ, მთლად უკეთესი.

გასაგებია, რომ თენაძემ აქცენტი იმ სამ წონაზე შეაჩერა, რომელიც გაერთიანებულ გუნდში ქალთა წონებადაა შეტანილი: 57, 70 და +78.

ჩვენში ქალთა ძიუდო ჯერ ისედაც არაა მაღალ დონეზე განვითარებული და მწვრთნელს არც ამ წონებში აქვს დიდი არჩევანი. მართალია, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში გვყავს ნიჭიერი მოზარდები, მაგრამ ისინი ჯერ პატარები არიან ასაკით და უფროსებთან ჭიდაობა ჯერ გაუჭირდებათ.

გვჯერა, ისინი ამ ოლიმპიურ ციკლშივე შეძლებენ კონკურენციაში ჩართვას, მაგრამ ჯერ საამისოდ მზად არ არიან. ამიტომ თენაძემ სამბოდან უხმო ოძელაშვილს და ქებაძეს.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ორივე ყოფილი ძიუდოისტია, მაგრამ შემდეგ მთლიანად გადაერთნენ სამბოზე და კარიერაც იქ გაიკეთეს. მათაც დიდი სურვილი აქვთ ძიუდოში დაბრუნების, თუმცა აქ ერთი პრობლემაა: ცოტა ხნის წინ ძიუდომ ფედერაციამ აკრძალა სამბისტების და ძიუდოისტების გამოსვლა ერთმანეთის ტურნირებში. ამიტომ ახლა ეს აკრძალვა გოგოებს ბარიერად ექცათ: მათ სამბოში ხელფასები და პრემიები აქვთ ანუ სოციალურად ის სახეობა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ძიუდოში კი ამის გარანტიას ვერავინ მისცემთ. თუმცა მაინც გვგონია, რომ ეს საკითხი არაა მოუგვარებელი და ყველაფერი ქართული ძიუდოს საკეთილდღეოდ გადაწყდება.

ამდენად, ჩვენი ქალებისთვის მინსკის შეჯიბრება სასტარტოა, თორემ შესარჩევი ბევრიც არაფერია.

ვაჟების მსგავსად, ისინიც დარჩებიან შეჯიბრების შემდგომ ერთობლივ წვრთნებზე და კაცმა რომ თქვას, თენაძეს ეს შეკრება უფრო აინტერესებს. ამავე მიზეზით მას მინსკში ახალგაზრდების წაყვანაც სურდა, მაგრამ მიზეზთა გამო, ამჯერად ეს ვერ მოხერხდა.

ერთობლივი ვარჯიშები მინსკში მომდევნო კვირის ბოლოს დასრულდება, მერე კი ჩვენი ორივე ნაკრები - ქალებიც და ვაჟებიც საქართველოში დაბრუნდებიან და აქ გააგრძელებენ მზადებას აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

იქ წასვლამდე ორივე ნაკრები ორ-ორ შეკრებას გაივლის საქართველოში: ვაჟები ჯერ ბორჯომში ივარჯისებენ, დასკვნით შეკრებას კი ყვარელში გაივლიან, ხოლო ქალებისთვის ძირითადი ბაზა კვლავაც გორი იქნება. მსოფლიომდე ჩვენები - არც ბიჭები და არც ქალები ტურნირებში აღარ გამოვლენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნინო ოძელაშვილი მოემზადება 2020 წლის ოლიმპიადისათვის, სალიცენზიო ქულების მოპევება არ გაუჭირდება, თვითონ სულით სპოტცმენია, იმსახურებს ოლიმპიურ მედალს.
ჯ ი ჯ ი
13:18 20-07-2017
0
შად არის ბეკა გვინიასჰვილი.ერტი სიტკვას არ ცერტ მასზე.ბევრი გკავს მისნაირი სპორტსმენიუ?
nugzar
17:31 19-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული