ირაკლი უზნაძე: ეს ლიპარტელიანის ბოლო მარცხი იყო დენისოვთან

AutoSharing Option
ძიუდოისტთა ნაკრები 30 აპრილს, გამთენიისას დაბრუნდა უნგრეთიდან, სადაც ბრწყინვალედ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატში - 7 მედალი (3-3 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო) პირადში და გუნდური პირველობა...

სპორტსმენებს დასვენების ნაცვლად აქაც არანაკლებ დაძაბული დღე ჰქონდათ - შეხვედრები ჯერ სპორტის სამინისტროში, მერე - ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც სარეკორდო გამოსვლას დაპირებაც საარაკო შეაგება - საგანგებოდ ამ გამარჯვების აღსანიშნავად თბილისში ძიუდოს კომპლექსური დარბაზი აშენდება, სადაც შესაძლებელი იქნება ყველაზე მასშტაბური შეჯიბრებების გამართვა თვით მსოფლიოს პირველობის ჩათვლით.

პრემიერი დარბაზის აშენებას საკუთარი ფონდიდან დაჰპირდა, რაც იმედს კიდევ უფრო
გვიძლიერებს.

ვიმედოვნებთ, ეს საშვილიშვილო საქმე ადგილიდან მართლაც დაიძვრება, მანამ კი გთავაზობთ ინტერვიუს ჩემპიონთა მწვრთნელ ირაკლი უზნაძესთან.

- საინტერესოა, უნგრეთში წასვლისას რას გეგმავდით, თუ ფიქრობდით ასეთ მასშტაბურ წარმატებაზე?
- 7-დან 6 ფინალს თუ ვიჭიდავებდით, ნამდვილად არ ველოდით, მაგრამ 9-ვე სპორტსმენს მედლისთვის რომ უნდა ებრძოლა, ამას კი ვფიქრობდით. რა როგორ გამოგვივიდოდა, სხვა საქმეა, თუმცა გუნდი კარგად იყო მომზადებული, ყველა პირობა გვქონდა შექმნილი მოსამზადებლად, დაგეგმილი ეტაპებიც კარგად გავიარეთ და მზად იყვნენ. ბიჭები მშვენივრად გამოიყურებოდნენ როგორც წასვლამდე, ასევე - უშუალოდ შეჯიბრებისას.

- რა გარდაქმენით ასეთი გუნდში, რისი დამსახურებაა ეს წარმატება?
- გუნდში როცა ყველა ერთ საქმეს აკეთებს და აქეთ-იქით არავინ ეწევა, შედეგი ბევრად უკეთესია. უფრო კონკრეტულად თუ ვილაპარაკებთ წარმატების მიზეზზე, ეს გამოიწვია სწორად დაგეგმილმა კალენდარმა, როგორ იყო განაწილებული შეკრებები, შეჯიბრებები, ვის სად უნდა ეჭიდავა და რა დატვირთვა მიეღო, რათა ტურნირს ფორმის პიკში შეხვედროდა...

- საინტერესოა უცხოელთა რეაქცია, რას ამბობდნენ ასეთ ჩინებულ გამოსვლაზე?
- 6 ფინალს რომ იჭიდავებ, იქ რა შეფასებაც იქნებოდა, ცხადია. მოდიოდნენ და გვილოცავდნენ უცხოელები. რამდენიმემ ერთობლივ ვარჯიშებზეც შემოგვთავაზა აქ ჩამოსვლა. მათ შორის რუსთა იტალიელი მთავარი მწვრთნელი ეციო გამბაც იყო, მაგრამ უარი ვუთხარი, ჩემი გეგმა მაქვს-მეთქი...

- გუნდურ ტურნირში სათადარიგოები რატომ არ გამოიყვანეთ - არ ენდეთ მათ?
- არ დაგვჭირვებია მათი დახმარება, თორემ გამოვიყენებდით. გუნდური ტურნირი კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა, ძალიან დიდი ტვირთია. პირადში კარგი გამოსვლის მიუხედავად, მაინც ვნერვიულობდით, რადგან კარგ გუნდებს შევხვდით - უნგრეთი მასპინძელი იყო, ჰოლანდია ძლიერი ნაკრებია, ფინალში კი რუსეთი შეგვხვდა.

- სამი ფინალის მოგება კარგია, მაგრამ არა მგონია, კმაყოფილი იყოთ ამდენივე ფინალში მარცხით...
- წაგება კარგი არასოდესაა, თუმცა ყველაზე მეტად გულდაწყვეტილი იმით ვარ, რომ ქართული ფინალი ვერ ვიჭიდავეთ. არადა, ეს რეალურად შეგვეძლო 73-შიც და 81-შიც. წასაგები შეხვედრა არც რეხვიაშვილს ჰქონდა და არც - წიკლაურს. ეს იყო გულდასაწყვეტი, თორემ ყველამ იბრძოლა და მაქსიმუმი გაიღო ტურნირზე. ეს შედეგიც ამან გამოიწვია...

- თუმცა, ალბათ, შენიშვნებიც გაგიჩნდებოდათ შეგირდების, მათ შორის - ჩემპიონების მიმართაც, რადგან შეუმცდარი არავინაა...
- პატარ-პატარა შენიშვნები მართლაც არის და ვიმუშავებთ მათ გამოსწორებაზე, მაგრამ ძირითადად, ყველასი მადლობელი ვარ. მაგალითად, ლაშა შავდათუაშვილმა შეუძლებელი შეძლო - ტრავმით იჭიდავა. მოგეხსენებათ, მან ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ ჯერ ოპერაცია გაიკეთა, მერე თბილისში შეკრებაზე ფეხი იტკინა და ძლივს დადიოდა.

ცალი ფეხით ვარჯიშობდა და სრული დატვირთვით ნახევარი თვე ივარჯიშა, მაგრამ თავისი ხასიათიდან გამომდინარე, მაინც იბრძოლა, მაქსიმუმი გაიღო და გაიმარჯვა. ის შრომისმოყვარეა, საქმეს პროფესიულად უდგება და შედეგიც მოიმკო.

ჭრიკიშვილსაც ტრავმა აწუხებდა, კოჭი სტკიოდა, მაგრამ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, თვითონაც ბოლომდე დაიხარჯა და ჩემპიონიც გახდა.

- შავდათუაშვილი თითქოს ოლიმპიადაზე უფრო ძლიერად გამოიყურებოდა - ძირითადად, შემტევი სტილის ხარჯზე. ვერ გაიხსნა ბოლომდე თუ მიზეზი ტრავმა იყო?
- დიახ, ეს ამ ტრავმის გამო ხდებოდა. მას ისევ საზარდული სტკივა და შეჯიბრების დღესაც აწუხებდა. ამიტომ ვერ ახერხებდა ისეთ შემტევ სტილში ჭიდაობას.

- თუმცა ის მაინც ბევრს უტევს და ხშირად ამითაც კარგავს ქულებს. მართალია, არც მას უჭირს ილეთების გაკეთება, მაგრამ საჭირო მომენტში ანგარიშის შენარჩუნებას, ტაქტიკურ ჭიდაობას თუ მიმართავს, კარგი იქნება...
- ეგეც გასათვალისწინებელია, მაგრამ ჯერ კიდევ მოზარდია და დასახვეწია.

- ზებედა რეხვიაშვილიც მაქსიმალურად გარდაქმნილი იყო. ადრე მას ცოტ-ცოტას სიზარმაცის გამო საყვედურობდნენ...
- მისი ჭიდაობა ცოტათი გადავაწყვეთ - ის თავიდან დიდი ძალებით უტევდა და ბოლოს იღლებოდა, ახლა კი თანაბრად გადავუნაწილეთ შესაძლებლობები.

საერთოდ, შეამჩნევდით, რომ ჩვენები არ იღლებოდნენ. ეს სწორად გავლილი ბაკურიანული ფიზმომზადების შეკრების დამსახურებაა.

- მომეჩვენა, რომ ტატალაშვილი დაკმაყოფილდა ფინალში გასვლით...
- ვერ დაგეთანხმებით, რადგან ის 5 წუთის განმავლობაში გაფრთხილებებითაც ჯობდა მეტოქეს და ჭიდაობითაც. უბრალოდ, ერთი გდება გაუშვა და სანაცვლო ვერ აიღო, თორემ როგორც სხვებმა, ტატალაშვილმაც კარგად იჭიდავა.

პაპინაშვილზეც მინდა ვთქვა, რომელმაც ცოტა შებოჭილად იჭიდავა, რაც წმინდა ფსიქოლოგიური მომენტიდან გამომდინარეობდა - რადგან ლიდერი იყო, არ გავრისკეთ, სიფრთხილე ვარჩიეთ. შეიძლება, ცოტა გადავაჭარბეთ კიდეც, მაგრამ ყველა შეხვედრაში საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა. თან, არც გასარისკი ჰქონდა რამე, თორემ ამასაც გავაკეთებდით.

- 81 კილოგრამში ერთი მედალი კი მოვიპოვეთ, მაგრამ, მგონი, ორივე მსოფლიო დონის ფალავანია...
- რა თქმა უნდა. წიკლაური წამიერი მოდუნების ხარჯზე დამარცხდა, თორემ ხორვატ ტომისლავ მარიჯანოვიჩთანაც უნდა მოეგო და ნახევარფინალშიც - რუს ივან ვორობიოვთანაც.

- ჭრიკიშვილის კრიზისი რითი დაძლიეთ? მან გუნდურში დამაჯერებლად მოუგო რუსთა ევროპის ორგზის ჩემპიონ სირაზუდინ მაგომედოვს, რაც წონის ლიდერობაზე სერიოზული განაცხადია...
- ჭრიკიშვილს ამ ტურნირზე კონკრეტული დავალება ჰქონდა - ჩავლებებზე ჭიდაობა. ამ კომპონენტში პროგრესი კი არის - ხშირად ცვლიდა მარჯვენა-მარცხენა ჩავლებას, მაგრამ ეს ჯერ მაინც გამოსასწორებელია და ამაზე ვმუშაობთ... ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენია, მაგრამ ზოგჯერ ბევრის ცოდნა საზიანოა. აი, ამ სიძნელეს ვეჯახებოდით მასთან, თუმცა ტაქტიკის მხრივ, უკვე ბევრი რამე გამოასწორა.

- ლიპარტელიანიც ტრავმით ჭიდაობდა? მის გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
- ხელი აწუხებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლა. უბრალოდ, დასანანია ის ბოლო წაგება. მოგებული შეხვედრა ვაჩუქეთ დენისოვს, მაგრამ ეს ბოლო მარცხი იყო მასთან, აწი აღარ წააგებს.

ფინალში დენისოვთან ცოტა ადრე გადავედით დაცვაზე. აჯობებდა, ეს ოდნავ გვიან გაგვეკეთებინა. მასთან ჩავლებებზე უნდა ვიჭიდაოთ - ორი ჩავლებიდან შეტევაზე გადასვლა.

- მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებლად მან რის ხარჯზე შეიძლება მოუმატოს, რა რეზერვია მასში?
- ცოტა აგრესიული სტილი სჭირდება, შეტევას უნდა მოუმატოს ოდნავ, რომ მეტოქე უფრო მეტად დატვირთოს. ფიზიკურად პრობლემები აღარ აქვს უკვე და ცოტა ტემპში რომ იჭიდაოს, ვერავინ გაუძლებს წონაში.

- ადამ ოქრუაშვილი სასიამოვნო გამონათება აღმოჩნდა - მოსალოდნელზე ბევრად უკეთ იჭიდავა...
- ჩვენი მოსვლის შემდეგ ის განუხრელად ასრულებდა ყველა მითითებას და შედეგსაც მიაღწია. ტურნირებიც საკმაოდ მაღალ დონეზე იჭიდავა, მაგრამ ცოტა წონა უნდა დაიკლოს, რაც სისწრაფეს, მოძრაობას გაზრდის.

ერთადერთი ეს პრობლემაა და ვერც რინერი დაუდგება წინ. მსაჯებს ოქრუაშვილი ახლაც დაუმსახურებლად რომ არ გაეფრთხილებინათ, ჭიდაობით ადამა სჯობდა.

არბიტრებს მართლა თუ ჰქონდათ მითითება, რომ ის შეხვედრა რინერის უნდა მოეგო, ჩვენებური სწორედ იმ მონაკვეთში უნდა გაეფრთხილებინათ, თორემ ბოლოსკენ ამის გაკეთება სალაპარაკო გახდებოდა.

ამით ფრანგი ფსიქოლოგიურ ფორას მიიღებდა. ის ორი გაფრთხილებაც ამის მანიშნებელი იყო რინერისთვის, რომელიც ოქრუაშვილმა დაღალა. ნახევარი წუთიც რომ გვქონოდა დრო, ადამა მოიგებდა. მომავალში მან რინერი რაც შეიძლება, ახლოს უნდა მოიზიდოს თავისკენ და ისე ეჭიდაოს.

- ალბათ, 60 კილოგრამში ბეთქილ შუკვანიც ჩაერთვება ნაკრების მუშაობაში...
- მისი საკითხი ჯერ ისევ გაურკვეველია. ჩვენ შევეხმიანეთ და დაბრუნება შევთავაზეთ, მაგრამ როგორც ვიცი, მას სხვა გეგმები აქვს. შუკვანის საკითხზე ფედერაციის აღმასკომმა უნდა იმსჯელოს.

მიმაჩნია, რომ შუკვანის დონის სპორტსმენი გვჭირდება და ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ სავარჯიშოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: მსოფლიოსთვის აწეული თამასა
ევროპა გუნდურადაც მოვდრიკეთ - ზედიზედ მეორე ევროგუნდური ოქრო
ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა
ფანტასტკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!
უცხოელები და ქართული მენტალიტეტი - რით განსხვავდება მწვრთნელი ოქრომჭედლისგან
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვისურვებდი ესეთი გონიერი მწვრთნელი ყველა სპორტის სახეობაში გვყავდეს. რა ზუსტად ეძებს მეტოქის სუსტ მხარეებს, როგორ აანალიზებს. თორემ ჩვენი ფეხბურთის უმეტეს მწვრთნელებს რომ ვუსმენ, ლამის გული გამისკდეს ნერვიულობით. დავდებთ ყველაპერს. დავიხარჯებით. შევუტევთ. ეს არის მთელი ანალიზი. მიდი ირაკლი სწორად ფიქრობ, სწორად მიდიხარ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
qiziyeli
12:38 02-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული