საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია!

ჩვენმა ბიჭებმა 27 ოქტომბერს, ლუბლიანაში მიმდინარე პლანეტის გუნდური პირველობის ფინალში საქართველოდან წასული მწვრთნელის დამოძღვრილ და ქართველებით ზურგგამაგრებულ საბერძნეთის ნაკრებს 4:1 მოუგეს.

არადა, საბერძნეთი მეორე ნახევარფინალიდან ჰოლანდიაზე ბევრად არასასურველი მეტოქე იყო - ელადელებს ქვედა სამ წონაში ფრიად ტიტულოვანი ფალავნები ჰყავთ. წინასწარვე ჩანდა - ჩემპიონობას ამ სამიდან მხოლოდ რომელიმეში გამარჯვება თუ მოგვიტანდა.

მადლობა ღმერთს, არათუ ასეც მოხდა, ბერძნებს მოსალოდნელზე იოლად მოვუგეთ.

მთელ ტურნირზე ჩვენებს შედარებით მხოლოდ რუსებთან გაუჭირდათ სულ პირველ შეხვედრაში, როცა თავიდან საყაიმო ანგარიში იყო
- 1:1, მაგრამ მერე ჩვენებმა აიწყვიტეს და ბოლო პაექრობის წინ ვადამდელი გამარჯვება გაინაღდეს, რუსებს კი საბოლოოდ 3:2 სძლიეს.

ქვეჯგუფის მეორე შეხვედრაში მონღოლებს 5:0 მოუგეს, იმავე ანგარიშით დაამარცხეს მასპინძელი სლოვენია ნახევარფინალში, ბერძნებთან კი 4:1 იმარჯვეს.

ფინალის წინ სატელეფონო საუბრისას გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, რომ მწვრთნელები ბერძნებთან სიურპრიზს ამზადებდნენ. ეს კოზირი ფრიდონ გიგანი (73) აღმოჩნდა - გია გუგავამ ის გუნდურში მხოლოდ ამ ერთ შეხვედრაში დააყენა და ცვლილებამაც გაამართლა, გიგანმა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი, ქართველი რომან მასტოპულოსი (რევაზიშვილი) დასრულებამდე 55 წამით ადრე იუკოზე გამოცელა, 30-ით ადრე კი კისრულით ვაზარზე ჩაიყოლა და საერთო ანგარიშიც გააყაიმა - 1:1. 

მომდევნო პაექრობაში იყოჩაღა უშანგი მარგიანმა (81), რომელმაც ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი, სლოვენიაში პირად პირველობაში მსოფლიოს ჩემპიონატის მომგები ალექსიოს ნტანაციდისი მშვენიერი მოგვერდით ვაზარიზე დააგდო - 3:1.

ვადამდელი გამარჯვება კვლავ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ბექა ღვინიაშვილმა (90) მოგვიტანა. მან ჩვეულებას არც ახლა უღალატა და ტურნირზე თავისთვის ბოლო შეხვედრა კვლავ შებოჭვით მოიგო. ამჯერად - გეორგიოს მალიაროპოულოსისთან - 3:1.

ბოლო პაექრობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ლევან მატიაშვილმა (+90) ბავშვურად იოლად გამოცელა დავიდ კარაკლიდისი.

ჩვენებიდან ის ერთადერთი შეხვედრა გელა კელიხაშვილმა (66) წააგო. არადა, მანამდე მან ოთხივე პაექრობა მოიგო და მართლაც კარგად იჭიდავა. თუმცა მეტოქეც ძლიერი ჰყავდა - ახალგაზრდებში ევროპის სამგზის ჩემპიონი გიორგიოს აზოიდისი.

ქართველთაგან უდანაკარგოდ გამოვიდნენ მარგიანი და ღვინიაშვილი - ხუთივე შეხვედრა მოიგეს. წაუგებლად იასპარეზა მატიაშვილმაც - ყველა ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ მან ერთით ნაკლები იჭიდავა.

ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლევან გუგავამ (73) 4-დან 3 მოიგო, გიგანმა ერთხელ იასპარეზა და გაიმარჯვა. ასევე ერთხელ იჭიდავა ევროპის მესამე პრიზიორმა გიორგი ზაქარიაძემ (+90), მაგრამ დამარცხდა.
იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge

ფოტოზე: ბექა ღვინიაშვილი რუს მეტოქესთან

ასევე იხილეთ:
ლევან მატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ოქრო დაბადების დღისთვის - ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია! [VIDEO]
ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: წარუმატებელი დღე
ლერი ჭელიძემ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოჩაღ.გაიხარეთ ოლიმპიადის ბოიკოტის მომხრეებო რომ ზაფხულის ოლიმპიადაზე არ დაგვიშვან რა თვალით ჩახედავთ ღვინიაშვილს მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონს,დაფიქრდით ცოტა
tamazi
20:33 28-10-2013
0
ყოჩაღ !!! მოგება კარგია , ლამაზად მოგება კიდევ უკეთესი.
mirza
22:13 28-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული