მართალია, ჩვენები ურიგოდ არც პირად პირველობაში გამოსულან (1 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიპოვეს), მაგრამ გუნდურს თავისი დატვირთვა აქვს. თანაც, ორმაგად სასიამოვნოა, რომ წლეულს უფროსებიც და ახალგაზრდებიც მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.
შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ ძიუდოს პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორს, ქართველთა დიდ ქომაგს, ბრიტანელ შელდონ ფრანკო-რუქსს, ასაკს და ტურნირს მნიშვნელობა არ აქვს, ბოლოს მაინც ქართველები იგებენო.
მან ეს რუსებთან შეხვედრისას იხუმრა, თუმცა მოგვიანებით დაახლოებით ამგვარი საერთო შედეგზეც
ეს შეჯიბრება ახალგაზრდებში პირველად ჩატარდა და უეჭველია, შორეულ პერსპექტივაში ოლიმპიადაზე ძიუდოს გუნდური ტურნირის მოხვედრას უმიზნებს. ცხადია, ლაპარაკია უფროსებზე, რაზეც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ უკვე მოუსინჯა კბილი სოკ-ს.
ოლიმპიური მოძრაობის მესაჭემ ამჯერად ძიუდოისტებს უარი უთხრა თამაშების პროგრამაში გუნდურის დამატებაზე, თუმცა ფარ-ხმალს არც ესენი ჰყრიან და სამომავლოდ ისევ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას.
თუ გახსოვთ, სოკ-ის რამდენად ჩინმაღალი დელეგაცია ესწრებოდა აგვისტოში, რიო დე ჟანეიროში, უფროსთა მსოფლიოს პირველობის გუნდურ ტურნირს ევროპის ეოკ-თა პრეზიდენტ პატრიკ ჰიკის თავკაცობით (ის ირლანდიის ეოკ-ის პრეზიდენტი და სოკ-ის აღმასკომის წევრიცაა) და რამდენად ორგანიზებულად ჩაატარეს ის შეჯიბრება, რომელიც სიძლიერით, დონით აშკარად აღემატებოდა წინამორბედებს. მარიუს ვიზერმა სოკ-თან სამაჭანკლოდ მოინდომა ასე ძალიან და კეკლუცობაც გამოუვიდა.
ლუბლიანაში ახალგაზრდულ გუნდურ შეჯიბრებაში 16 ნაკრები მონაწილეობდა, რომელთაგანაც 7 ევროპული იყო. ორგანიზატორებმა ისინი 4 ჯგუფად გაჰყვეს, ჩვენები კი პირველში მოხვდნენ რუსეთთან, მონღოლეთთან და რეგიონული კვოტით გასულ უსუსტეს ავსტრალიასთან ერთად. ამათგან მხოლოდ "მწვანე კონტინენტის" გუნდის არა, თორემ დანარჩენებიდან სამივეს დასახელება შეიძლებოდა ფავორიტთა შორის. ალბათ, ყველაზე ძლიერი ჯგუფიც ეს იყო.
ჩვენებს პირველ მეტოქედ რუსეთი ჰყავდათ, რომელსაც 3:2 მოუგეს, ჯგუფიდან გასასვლელ შეხვედრაში პირწმინდად აჯობეს მონღოლეთს - 5:0, ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით სძლიეს მასპინძელ სლოვენიას, ფინალში კი ქართველებით გაძლიერებული და საქართველოდან წასული მწვრთნელის - ნიკოლოზ ილიადისის დამოძღვრილი საბერძნეთი 4:1 დაამარცხეს.
ჩვენებმა 20 ორთაბრძოლიდან მხოლოდ სამი წააგეს და აქედანაც ორი - გაფრთხილებით.
ვერაფერს იტყვი - მშვენიერი შედეგია. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსებთანაც და ბერძნებთანაც, ანუ იქ, სადაც შეხვედრები წავაგეთ, მაინც ვადამდელი გამარჯვება მოვიპოვეთ და საბოლოო წარმატება არც ერთხელ არ გამხდარა საეჭვო. ესეც გუნდის სიძლიერეზე მიუთითებს.
სპორტსმენები სტატისტიკაში
საქართველოს ნაკრებიდან განსაკუთრებით უშანგი მარგიანი (81) და ლუბლიანაში, მსოფლიოს პირველობაზე გამარჯვებული ევროპის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) გამოირჩნენ - ოთხივე შეხვედრა ჩაატარეს და ყველა მოიგეს.
ცხადია, ნაკრებსაც ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს, თუმცა ღვინიაშვილისგან სხვას არც ველოდით, მარგიანი კი სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა - მას პირად პირველობაში არც უჭიდავია და მხოლოდ გუნდურისთვის წაიყვანეს სლოვენიაში... იმედებიც გაამართლა. თან ორ ძლიერ მეტოქეს მოუგო - რუსი ასლან ლაპინაგოვი ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონია, ბერძენი ალექსიოს ნტანატციდისი კი ორი დღით ადრე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა აქტივში ევროპული ოქროც მოეპოვება.
ლაპინაგოვი პაექრობის დასრულებამდე 1.28 წამით ადრე მოგვერდით დაახეთქა ტატამს, ხოლო ბერძენს რევანში აუღო ევროპის წლევანდელ პირველობაზე მარცხისთვის - აქაც მოგვერდით, რაც ამჯერად სავაზარე გამოდგა. მონღოლს ბევრად იოლად გაუსწორდა - ჯერ ვაზარიზე დააგდო, მერე კი წუთ-ნახევრით ადრე შიდა სარმით ბეჭებზე გადაჩეხა.
მასპინძელ პრიმოჟ მარინჩიჩთან უფრო გაუჭირდა, თუმცა ერთხელ ვაზარი კი გაუუქმეს. სამაგიეროდ, შეტევა მაინც გააგრძელა და, პრაქტიკულად, ზედ ბოლო წამზე იუკოზე მაინც გაისროლა მასპინძელი. ფსიქოლოგიურად ძალზე მნიშვნელოვანი იყო მისი გამარჯვება ლაპინაგოვთან, რადგან ამ დროს საყაიმო ანგარიში იყო, მარგიანმა კი ისევ დაგვაწინაურა.
ღვინიაშვილს საპასუხისმგებლო მისია ეკისრა - წინა შეხვედრებში თუ სადმე წავიფორხილებდით, ბოლო, გადამწყვეტი პაექრობის წინ მას შეეძლო დავის საჩვენოდ გადაწყვეტა (როგორც ეს რუსებთან გააკეთა) ან მდგომარეობის გამოსწორება და გათანაბრება მაინც.
საბედნიეროდ, რუსების გარდა, ეს სხვაგან არც დასჭირდა, თავის წილად კი ყველა შეხვედრა იპონით მოიგო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რუს რამაზან მალსიგენოვთან წარმატება - ჯერ ახლო ჩავლებით ვარდნაში იუკოზე ჩაიყოლია, დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი კარგად შეეკრა და იპონზე გაისროლა.
ჩვენებურმა მას პირადშიც მოუგო, თუმცა არა ასე დამაჯერებლად. ახლა კი იმდენად აშკარა უპირატესობას ფლობდა, ბოლოს რუსი საგანგებოდ მივიდა და როგორც სატელეფონო საუბარში გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, თურმე კომპლიმენტი უთხრა, მართლა ძლიერი ყოფილხარო.
ღვინიაშვილმა თავისი ჩინებული თვისებები მონღოლთანაც გამოავლინა. ამ დროს უკვე 3:0-ს ვიგებდით, ანუ გამარჯვება გარანტირებული იყო და ჩვენებურს ძალების დაზოგვაც შეეძლო, მაგრამ ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოლა.
მონღოლები ძალისმიერი, ცოტა უხეში სტილით და კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან, მაგრამ "ტაისონამ" სწორედ ძალით დაჩაგრა, იმდენად ღონიერია. აზიელს ჯერ ვაზარი ჩაუტარა, მერე კი სირენამდე წუთ-ნახევრით ადრე შიგნიდან გამოკრული ფეხით უკან გადაჩეხა იპონზე.
თუმცა ასეთმა თავდადებამ დიდი ენერგიაც წაიღო და სლოვენიელ მიჰაელ ზგანკისთან დაღლა გვარიანად დაეტყო. ალბათ, ეს ბოლო შეკრებაზე ავადმყოფობისა და უშუალოდ ამ ტურნირის დღეებში გაციების ბრალია. ამის მიუხედავად, მაინც გამონახა ძალა და 24 წამით ადრე ისევ შიდა სარმით კვლავ იპონი მიითვალა.
მას ბერძენ გეორგიოს მალიაროპოულოსისთანაც შეეძლო დასვენება, მაგრამ ჩვეულებას არ უღალატა და ევროპისა თუ მსოფლიოს პირველობების ფინალების დარად, ტურნირზე თავისი ბოლო პაექრობა ახლაც შებოჭვით დაასრულა.
უდანაკარგოდ გამოვიდა ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ლევან მატიაშვილიც (+100), თუმცა მან ერთი პაექრობა გამოტოვა - რუსებთან მწვრთნელმა გია გუგავამ მის ნაცვლად ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი გიორგი ზაქარიაძე დააყენა. მიზეზი მარტივია - მატიაშვილმა რუს ანტონ კრივობოკოვთან მესამედ წააგო, აქედან ბოლო ორი - წლეულს. პირველად - ევროპირველობის ფინალში და შაბათს ლუბლიანაშივე, მეორედ - მსოფლიოს პირადი პირველობის ნახევარფინალში, ზაქარიაძეს კი რუსთან მოგებული აქვს.
სამწუხაროდ, ცვლილებამ არ გაამართლა - ზაქარიაძეც დამარცხდა, თუმცა რუსების ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო; მატიაშვილმა კი დანარჩენ სამ პაექრობაში იმარჯვა, თან სოლიდურ მეტოქეებთან - მონღოლი დუურენბაიარ ილზიიბაიარი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს კი ზურგს შინაური კედლები უმაგრებდა.
გუნდურში ლიდერობა გელა კელიხაშვილმა (66) იტვირთა, რომელსაც თავისი წონითი კატეგორიიდან გამომდინარე, პირველს უწევდა საჭიდაოდ გასვლა. ის პირადში წარუმატებლად გამოვიდა (თუმცა რამდენად ობიექტური იყო ის შედეგი, ცალკე საკითხია), თუმცა აქ, საბედნიეროდ, მძიმე ტვირთს ვაჟკაცურად გაუმკლავდა და ოთხიდან პირველ სამ შეხვედრაში გაიმარჯვა.
მისი დამსახურებით, ჩვენები, პრაქტიკულად, ერთქულიანი ფორით იწყებდნენ შეხვედრებს. თან ყველა ორთაბრძოლაში სოლიდურ უპირატესობას ფლობდა და როგორც იტყვიან, შეხვედრა მიჰყავდა.
მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მონღოლ ტუმენნასან ერდენეტოგტოხთან მოგება, ვისთანაც პირად პირველობაში წააგო. მან ერთადერთი პაექრობა ფინალში დათმო, თუმცა სოლიდურ მეტოქესთან - გეორგიოს აზოიდისი ახალგაზრდებში ევროპის სამგზის ჩემპიონია, თან ზედიზედ ბოლო ორი წელიწადი არავის უთმობს ამ ტიტულს. სიძლიერის მიუხედავად, მან ქულა ვერ გაუკეთა ჩვენებურს და კელიხაშვილი მხოლოდ გაფრთხილებებით დამარცხდა.
ასევე ერთი შეხვედრა წააგო ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლევან გუგავამაც (73), იმანაც რუსთან - მაგომედრამაზან გაზაევთან, ოღონდ - გაფრთხილებებით; მონღოლი და სლოვენიელი კი დააიპონა.
ცალკე სალაპარაკოა ფრიდონ გიგანი ამავე წონაში. ზემოაღნიშნული სატელეფონო საუბრისას კახაბრიშვილმა ისიც მითხრა, რომ ბერძნების ქვედა წონების სიძლიერიდან გამომდინარე, ჩვენი მწვრთნელები ფინალში საკადრო ექსპერიმენტს გეგმავდნენ... როგორც გაირკვა, გია გუგავას ექსპერიმენტი სწორედ გიგანი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი მოგვარე ლევან გუგავა შეცვალა.
ერთი შეხედვით, მოულოდნელი სვლაა - მწვრთნელმა გიგანი საერთოდ არ წაიყვანა ევროპაზე, მსოფლიოზე კი ენდო, მაგრამ პირველივე შეხვედრა წააგო (თუმცა მომავალ ჩემპიონთან, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან). სლოვენიაში გუგავაც პირველივე წრეში დამარცხდა, მაგრამ ის ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონია, ოღონდ აქ ერთი ნიუანსია - ბერძნები ფინალში ქართველ რომან მასტოპულოსს (რევაზიშვილი) აყენებდნენ, ვისთანაც გუგავამ წლევანდელი ევროფინალი წააგო (მეტოქემ ლუბლიანაში მსოფლიოს ბრინჯაოც მოიპოვა).
შესაძლოა, მწვრთნელმა ასეთი ნაბიჯი სამივე ფალავნის შედარების საფუძველზე გადადგა - მასტოპულოსი, ძირითადად, საქართველოში ემზადება და გია გუგავა თავისი შეგირდების მსგავსად, მასაც კარგად იცნობს. შესაძლოა, ეს გადაწყვეტილებაც მათი შედარების საფუძველზე მიიღო, ვინ რას აკეთებს და ვის ვისთან რა შანსი აქვს. თან გიგანს მოგებული აქვს ბერძენთან - შარშან ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე აჯობა...
ასეა თუ ისე, მწვრთნელს ჩანაფიქრმა გაუმართლა. თან გიგანისთვის ეს გამარჯვება ფსიქოლოგიურადაც ძნელი იქნებოდა - ამ დროს ისედაც ძლიერ ბერძნებთან ვაგებდით, მან კი ანგარიში გაათანაბრა. სწორედ ამ წაგებას მოჰყვა ელადელთა მწვრთნელის გაძევება, მოგვიანებით კი ერთ-ერთი ბერძენი არენის კიდესთან მუხლებში თავჩარგული ტიროდა.
ვერ დავიჩემებთ, მაგრამ, ვგონებთ, მასტოპულოსი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია გუგავა: ასეთი განწყობა, მონდომება და ჟინი იშვიათია
საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! [VIDEO]
ლევან მატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ოქრო დაბადების დღისთვის - ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია! [VIDEO]
ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველებისთვის წარუმატებელი დღე
ლერი ჭელიძემ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
გიგანი და გუგავა სხვადასხვა გვარებია ავტორო