შვიდიდან ოთხ წონაში კვლავ სამეულში ვართ, ორში კი დამაჯერებლად ვლიდერობთ. ცოტათი გაუარესდა ჩვენი პოზიცია 73-ში, თუმცა სასიკეთო წინსვლაა 66-სა და 100-ში...
60 კგ
ევროპის წლევანდელი ფინალისტი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ამირან პაპინაშვილი 2280 ქულით სეზონს მეორე ადგილზე ამთავრებს. რეიტინგს მსოფლიოს წლევანდელი გამარჯვებული, მონღოლი ბოლდბაატარ განბატი ლიდერობს 2676-ით, მესამეზე კი მსოფლიოს კიდევ ერთი, ოღონდ შარშანდელი გამარჯვებული, იაპონელი თებერვალში პაპინაშვილს გარკვეული ქულები დააკლდება - გაუნულდება შარშან თბილისში მოპოვებული 40 და პარიზის "დიდ მუზარადზე" მესამე ადგილისთვის მიღებული 200 ქულა (თუმცა ისინი ახლა განახევრებულია და რეიტინგში, შესაბამისად, 20 და 100 ქულა შედის), ხოლო გაუნახევრდება ამ სეზონის დასაწყისში, 9 თებერვალს პარიზის ტურნირის ფინალისტობისთვის მიღებული 300 ქულა (შეგახსენებთ, რომ 1 წლის შემდეგ რეიტინგში ქულების რაოდენობა ნახევრდება, ორის მერე კი საერთოდ უქმდება).
ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ის მაინც შეინარჩუნებს მეორე ადგილს, რადგან ზუსტად ამავე პრინციპით (განახევრება-განულების გამო) ქულები ტაკატოსაც ჩამოაკლდება. ის უფრო მეტადაც იზარალებს, ვინაიდან გაუუქმდება შარშანდელი პარიზული გამარჯვების სარგო 500-ქულიანი ანაზღაურება.
პაპინაშვილის ასეთი მყარი პოზიცია კარგია, მაგრამ ცუდია, რომ 100-ეულში, მის გარდა, მხოლოდ ერთი მონაწილე გვყავს - ლუხუმ ჩხვიმიანი 250 ქულით 56-ეა. პაატა მერებაშვილი 72-ით 117-ეა, გიორგი მესაბლიშვილი 60 ქულით - 124-ე.
1. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) - 2676
2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) - 2280
3. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) - 1960
4. ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) - 1826
5. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი) - 1820
66 კგ
კანოს ტურნირზე საქართველოს ჩემპიონ ვაჟა მარგველაშვილის გამოსვლამ გარკვეული იმედები აღგვიძრა. მას ურიგოდ არც ქვეყნის პირველობაზე უჭიდავია, მაგრამ ერთია შიდა შეჯიბრება, თუნდაც - ქვეყნის ჩემპიონატი და მეორე, სულ სხვა განზომილება - საერთაშორისო ტურნირი; ხოლო პრესტიჟი კიდევ უფრო მაღლდება, როცა საქმე კანოს მემორიალს, პარიზის "მუზარადსა" და ამ რანგის შეჯიბრებას ეხება. ამიტომ მივიჩნევთ მარგველაშვილის ტოკიოში გამოსვლას დამაიმედებლად - ჭიდაობის ხარისხით და სამ ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვებით დაამტკიცა, რომ სწორი მუშაობით შედეგის მოტანა და ამ წონაში საკადრო კრიზისის დაძლევა შეუძლია, თორემ გვესმის, რომ ტოკიოში საბოლოოდ მაინც ხელი მოეცარა და უმედლოდ დარჩა.
იაპონიაში ის მეშვიდეზე გავიდა, რისთვისაც 80 სარეიტინგო ქულა მიიღო და ასეულშიც შეაბიჯა.
ახლა მის ანგარიშზე 110 ქულაა და 99-ე ადგილზეა. რეიტინგში მას რამდენიმე თანაგუნდელიც უსწრებს - შალვა ქარდავა 394-ით 48-ეა, აწ უკვე 73-ში გადაბარგებული ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი აქაც ინარჩუნებს 266 ქულას და 65-ე პოზიციას, ტრისტან ფეიქრიშვილი კი 237-ით 68-ეა.
1. მიხაილ პულიაევი (რუსეთი) - 1961
2. მასაში ებინუმა (იაპონია) - 1800
3. ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია) - 1800
4. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი) - 1710
5. გიორგი ზანთარაია (უკრაინა) - 1591
73 კგ
წინა რეიტინგთან შედარებით, წამყვანი წონებიდან მდგომარეობა მხოლოდ აქ გაგვიუარესდა, მაგრამ მხოლოდ მცირედით და არა რადიკალურად - ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნუგზარ ტატალაშვილმა მე-10 საფეხურიდან მე-13-ზე გადაინაცვლა, მის ანგარიშზე კი 1164 ქულაა. შავდათუაშვილი და ევროპის მედალოსანი ზებედა რეხვიაშვილი ისევ გვერდიგვერდ ინაწილებენ ადგილებს - პირველი 588 ქულით 29-ეა, მეორე კი 572-ით - 30-ე. ამ სამეულიდან ტატალაშვილი სალიცენზიო ზონაშია, დანარჩენები კი ძალზე ახლოს არიან ამ მიჯნასთან. სამწუხაროდ, სათადარიგოები, ანუ ახალი თაობა ცხრილში ამათ ახლოსაც ვერაა. ჩვენგან რიგით მეოთხე ისევ ძველი თაობის წარმომადგენელი ზურაბ ნოზაძეა და ისიც 202-ე ადგილზეა 27 ქულით.
1. დექს ელმონტი (ჰოლანდია) - 1880.
2. ვიქტორ სკვორტოვი (არაბთა გაერთიანებული საემიროები) - 1640
3. საგი მუკი (ისრაელი) - 1636
4. როკ დრაკშიჩი (სლოვენია) - 1510
5. კოკ ჰიონ ჰონი (ჩრდილოეთ კორეა) - 1456
81 კგ
ამ წონაში კვლავაც ვლიდერობთ რეიტინგში, თუმცა თებერვალში ქულების სეკვესტრით გამოწვეული რყევებიც შეგვეხება. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ისევ პირველია, მისი მონაგარი კი კანოს ტურნირზე ბრინჯაოს მოპოვების შემდეგ 100 ქულით გაიზარდა და 3610 გახდა.
შესაბამისად, გაიზარდა სხვაობაც მეორეზე მყოფ კანადელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ ანტოინ ვალოის-ფორტიესთან, ვისაც ისევ 1936 ქულა დაურჩა. მესამე საფეხურზე ბრაზილიელი ვიქტორ პენალბერია 1784-ით, ვისაც ჩვენებურმა კანოს ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლა მოუგო. ფრანგთა მსოფლიოს ჩემპიონი ლოიკ პიეტრი მეოთხეა 1748-ით, ხუთეულს კი 1490-იანი ამერიკელი ტრევის სტევენსი ასრულებს.
რეიტინგში ჩვენგან მეორე უშანგი მარგიანია - 642 ქულა და 24-ე ადგილი. ევროპის პრიზიორი, ხანგრძლივი ტრავმებისა და უქმობის შემდეგ ძიუდოში დაბრუნებული ლევან წიკლაური 468-ით 36-ეა.
ამ წონის ასეულში დანარჩენ ქართველთაგან მხოლოდ რეხვიაშვილი შედის - 180 ქულა და 78-ე ადგილი, თუმცა ის, ეტყობა, 73 კილოგრამში რჩება და აქ მის შანსებზე ლაპარაკი უადგილოა.
ქულების სეკვესტრის თვალსაზრისით, ჭრიკიშვილი პირველ დარტყმას თებერვალში მიიღებს, როცა გაუნულდება პარიზსა და დიუსელდორფში შარშან მოპოვებული 300-300 ქულა (ანუ ახლანდელ მონაგარს აქედან 150-150 გამოაკლდება, რადგან დანარჩენი სადღეისოდ განახევრებულია), ხოლო წლევანდელი 500-ქულიანი მონაგარი 250-მდე შემცირდება.
ქულები დააკლდება კანადელსაც, ოღონდ არა ასე უხვად; თუმცა ჩვენებური იმდენად წინაა, მის პირველობას საფრთხე მაინც არ ემუქრება. იზარალებს პენალბერიც, ვისაც ჩამოაკლდება შარშან პარიზში მიღებული 200 ქულა, თუმცა ამის შემდეგ მას კარგა ხანს არაფერი ემუქრება - შეჯიბრებებში არ გამოსულა და დიდხანს არაფერი დააკლდება.
1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) - 3610
2. ანტოინ ვალოის-ფორტიე (კანადა) - 1936
3. ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) - 1784
4. ლოიკ პიეტრი (საფრანგეთი) - 1748
5. ტრევის სტევენსი (აშშ) - 1490
90 კგ
კანოს ტურნირზე წარუმატებლობის მიუხედავად, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი მაინც დამაჯერებლად ლიდერობს ამ წონის რეიტინგს - 2470 ქულა. მეორეზე ისევ უნგრელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კრისტიან ტოტია, ვისი მონაგარიც კვლავ 2007-ია, მესამეზე კი ასევე "ტრადიციული ბინადარია" - ბერძენთა ქართველი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი ილიას ილიადისი 1941 ქულით. მან ტოკიოში 60 ქულა კი მიიღო, მაგრამ ბოლო ერთ თვეში განულება-განახევრების გამო უფრო მეტი დაკარგა და ამიტომ ამ პერიოდში მონაგარიც შეუმცირდა - რეიტინგის წინა მიმოხილვისას 1971 ქულა ჰქონდა. სავარაუდოდ, მისი ბალანსი ამიერიდან ამგვარი გრაფიკით შეიცვლება - ცოტას მიიღებს და ბევრი დააკლდება. ის უკვე ასაკშია და სულ უფრო უჭირს პიკში ყოფნა. ამიტომ, ალბათ, წარმატებების მოპოვებაც გაუჭირდება და ბევრი არც ქულა დაერიცხება, შესამცირებელ სიაში კი 1-2 წლის წინანდელი შეჯიბრებები შედის, როცა კარგ ფორმაში იყო და ლამის მუდმივად იგებდა, ანუ ბევრ ქულას იღებდა.
ამ წონაში სალიცენზიო ზონაში სხვა ფალავნებიც გვყავს: ბექა ღვინიაშვილი 997 ქულით მე-10 ადგილზეა, ზვიად გოგოჭურის მონაგარი კი 845 ქულა და მე-16 პოზიციაა.
თებერვალში ლიპარტელიანიც სერიოზულ დარტყმას მიიღებს - გერმანია-საფრანგეთის შედეგთა გაუქმების გამო ჩამოეჭრება მაშინდელი მონაგარიდან შემორჩენილი 400 ქულა (250+150), ხოლო გაუნახევრდება საფრანგეთში წლეულს მოპოვებული 300-იანი მონაგარი - 150 დარჩება. მისგან განსხვავებით, სეზონის დასაწყისში თითქმის არაფერს დაკარგავს ტოტი - შარშანდელ იანვარ-თებერვალში მისთვის ყველაზე დიდი შეფასება 12 ქულაა, წლეულს კი მაღალი მაჩვენებლები მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარში დააგროვა.
მოკლედ, მარტისთვის ესენი ქულებით დაახლოებით გათანაბრდებიან, თუმცა ჩვენებური ცოტათი მაინც წინ იქნება. რეიტინგში ბევრს არც ილიადისი და რუსი კირილ დენისოვი დაკარგავენ.
1. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო) - 2470
2. კრისტიან ტოტი (უნგრეთი) - 2007
3. ილიას ილიადისი (საბერძნეთი) - 1941
4. კირილ დენისოვი (რუსეთი) - 1518
5. ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია) - 1484
100 კგ
ბუნებრივია, აქ ჩვენგან პირველი ისევ ალექსანდრე მსხალაძეა, ვისი მონაგარიც წინა მიმოხილვის შემდეგ 1 ქულით გაიზარდა და ორი ადგილით დაწინაურდა - მის ანგარიშზე 336 ქულა და 36-ე ადგილია. დავით ლორიაშვილი 139-ით 74-ეა, თუმცა ახლახან სამბოში იმანაც იჭიდავა მსოფლიოზე, მესამეზე გავიდა, ძიუდოს ფედერაცია კი თავის სპორტსმენებს უკრძალავს სხვა სახეობებში გამოსვლას (ჩვენი ფედერაცია ამის აკრძალვას აქამდე თავისი ინიციატივით აპირებდა, თუმცა ახლა საერთაშორისო ფედერაციაც ითხოვს). ეგეც არ იყოს, ლორიაშვილი ვერც ქვეყნის მედალოსანი გახდა და გაისად ძიუდოს ტურნირებში გამოსვლის შანსი არ აქვს.
2 ადგილით წაიწია წინ გურამ თუშიშვილმაც, ვინც ახლა 125 ქულით ზუსტად მე-80-ეა, ლაშა გურულის შედეგი კი ისევ 31 ქულა და 144-ე პოზიციაა.
1. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) - 2588
2. სირილ მარე (საფრანგეთი) - 2246
3. კარლ რიჰარდ ფრეი (გერმანია) - 1670
4. ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) - 1612
5. ხენკ ხროლი (ჰოლანდია) - 1574
+100 კგ
ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი კვლავაც მესამეა 2021 ქულით, ლიდერობა კი დაიბრუნა დაუმარცხებელმა ფრანგმა, მსოფლიოს შვიდგზის, ევროპის ოთხგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტედი რინერიმ - მან ჯეჯუში გაიმარჯვა და 2500 ქულა დააგროვა. ბრაზილიელმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა რაფაელ სილვამ მეორეზე ჩაინაცვლა (2302). ლევან მატიაშვილი კანოს ტურნირის ფინალში გასვლით მე-10 საფეხურამდე აღზევდა, ქულათა მარაგი კი 1029 გაუხდა.1. ტედი რინერი (საფრანგეთი) - 2500
2. რაფაელ სილვა (ბრაზილია) - 2302
3. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) - 2021
4. ფაიცელ ჯაბალა (ტუნისი) - 1954
5. რენატ საიდოვი (რუსეთი) - 1884
ქალთა შორის ისევ მხოლოდ ესტერ სტამის (70) შედეგს თუ გადავავლებთ თვალს. მასთან არაფერი შეცვლილა - ისევ 431 ქულა და ისევ 34-ე ადგილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"