საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობას ავსტრიის შეკრებაზე კიდევ 3 წევრი დაემატა

AutoSharing Option
გაიზარდა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 7 იანვარს, დილით ავსტრიაში გაფრინდა, სადაც ქალაქ მიტერშილში ერთობლივ კემპში მიიღებს მონაწილეობას.

ავსტრიისკენ მიმავალ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს იმ დროს შევეხმიანეთ, როცა უკვე მიუნხენში იყვნენ ჩასულები და მიტერშილში გადასვლის თადარიგს იჭერდნენ.

როგორც მწვრთნელმა განგვიცხადა, ადრე გამოცხადებულ 16-კაციან შემადგენლობას საკუთარი ხარჯით კიდევ 3 ძიუდოისტი დაემატა: ბექა შავდათუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი (ორივე - 66) და ზვიად გოგოჭური (90), რომლებიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ერთობლივ წვრთნებში.

შეგახსენებთ, რომ უზნაძემ აქცენტი საქართველოს ჩემპიონატზე გააკეთა - ფინალისტები წაიყვანა, თუმცა
რამდენიმე წონაში გამონაკლისიც დაუშვა, ძირითადად - მსოფლიოს შარშანდელი პირველობის მედალოსანთა ხარჯზე.

ავსტრიაში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის დაფინანსებით 16 სპორტსმენი წავიდა: ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი, მინდია ლილუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ოთხივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).

გუნდი მიუნხენში შეფერხებების გარეშე ჩაფრინდა და, იმედია, არც მიტერშილამდე შეხვდებოდა პრობლემები.

შეგახსენებთ, რომ ესაა ძიუდოს ევროპული ფედერაციის მიერ ორგანიზებული ერთობლივი შეკრება, თუმცა ანალოგიურ წვრთნებს საერთაშორისო ფედერაციაც პერიოდულად აწყობს. მიტერშილი ამგვარი შეკრებების ერთ-ერთი მთავარი ადგილია, ბოლო წლებში კი ჩვენები მუდმივად დადიან მსგავს ღონისძიებებზე. ახლანდელი შეკრება 9 დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდება და თბილისში გააგრძელებს მზადებას იანვარ-თებერვლის მიჯნაზე სოფიაში გასამართავი "ევროპის ღია თასისთვის".

ბოლო მონაცემებით, შესაძლოა, მიტერშილში ჰოლანდიიდან ჩვენი ქალთა ნაკრების ლიდერი ესტერ სტამიც (70) ჩავიდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის გადამოწმება ჩვენს ფედერაციაში ვერ შევძელით.

შეგახსენებთ, რომ სტამი სალიცენზიო ჩათვლაში მე-14 ადგილზეა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოხვედრის ჩინებულ შანსს ინარჩუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული