საამაყო გრან პრი გორელი ძიუდოისტებისთვის

AutoSharing Option
ახლახან დასრულებულ თბილისის გრან პრიზე გორის ძიუდოს სკოლების აღზრდილი 11 ფალავანი მონაწილეობდა. ეროვნული ნაკრების საერთო მონაგარში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ქართველთა მიერ მოპოვებული მედლების ნახევარი სწორედ გორელების ანგარიშზეა.

ბექა ღვინიაშვილი (90) გრანპრის გამარჯვებული გახდა, ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ (ბაჩო) ტატალაშვილმა (ორივე 73) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

სამივე ძიუდოისტი გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ვარჯიშობს. შეგირდების შესახებ ამ სკოლის დირექტორ ანზორ თენაძეს და მწვრთნელ ნიკო ბიბილაშვილს ვესაუბრეთ.

- თქვენთვისაც ყველაზე შთამბეჭდავი და საამაყო, ცხადია, ბექა ღვინიაშვილის გამოსვლა
იყო. ელოდით თუ არა მის გამარჯვებას ლიპარტელიანთან და როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე მოიპოვა მან ოქროს მედალი?
- ანზორ თენაძე: ბექამ ნაყოფიერად ჩაატარა მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი ჩვენს დარბაზში და შეკრება ნაკრებთან ერთად ბაკურიანსა და დუშეთში. ამიტომ გვქონდა მოლოდინი, რომ კვარცხლბეკზე აუცილებლად დადგებოდა. გვჯეროდა, თუ ბექა სწორად წარმართავდა ჭიდაობას, ყველას და მათ შორის, ლიპარტელიანსაც მოუგებდა.

ბექა უკეთ აღმოჩნდა მომზადებული, ვარლამს კი შეხვედრის მიწურულს დაღლა დაეტყო. ბოლოს ღვინიაშვილმა მისი შებოჭვაც შეძლო, არადა, ლიპარტელიანის შებოჭვა მეტად ძნელია, რადგან ელასტიკურია და შესანიშნავად ჭიდაობს ჩოგბჯენში. ბექამ არა მხოლოდ ფინალი, საზოგადოდ, ეს შეჯიბრება მაღალ დონეზე, უშეცდომოდ ჩაატარა. არ იღლებოდა, სუნთქვა კარგი ჰქონდა, ჩავლებებსაც სწორად აკეთებდა, შემართება კი მას არც არასდროს აკლდა.

- ნახევარფინალში კრისტიან ტოტისთან (უნგრეთი) შეხვედრაც მნიშველოვანი იყო ბექასთვის. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედ მოუგო, ბოლოს უნგრელთან მარცხი ჰქონდა ნაწვნევი და რევანში სჭირდებოდა...
- ანზორ თენაძე: ტოტი მსოფლიოს მეორე პრიზიორია დიდებში და ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. მასთან მოგება, ცხადია, ძნელია, თუმცა ღვინიაშვილმა იგი საკმაოდ ადვილად დაამარცხა.

ნიკო ბიბილაშვილი:
პირველივე შეხვედრიდან აშკარად ჩანდა, რომ ბექა თბილისის გრანპრის ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა. ეს განსაკუთრებით ტოტისთან პაექრობაში გამოჩნდა, რომელიც მასთან ახალბედას მოგაგონებდათ. ღვინიაშვილმა ლიპარტელიანსაც აშკარად აჯობა. მე და ანზორსაც ბევრჯერ გვქონია საუბარი, რომ როცა ბექა ფორმაშია, მას ვერავინ გააჩერებს.

- ლაშა შავდათუაშვილის ასპარეზობას როგორ შეაფასებთ?
- ა. თენაძე: მომეწონა, საკმაოდ მობილიზებული და შემართებული იყო. გაგვახსენდა ძველი ლაშა, როდესაც 66 კგ-ში ასპარეზობისას მეტოქეს წნეხის ქვეშ აქცევდა. 73 კგ-ში ერთხანს თუ უჭირდა მოწინააღმდეგეებთან ფიზიკურად გამკლავება და მათი დამორჩილება, ახლა გაცილებით კარგად გამოიყურებოდა. ლაშა მიზანმიმართული, შრომისმოყვარე და შრომის ამტანიცაა. მჯერა, რომ ამ წონაში იგი ყველასთვის მრისხანე ძალად იქცევა.

- ერთადერთი მარცხი მან ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ორუჯოვთან იწვნია, რომელთანაც ადრეც წაუგია...
- ა. თენაძე: ნებისმიერ სპორტსმენს შესაძლოა ჰყავდეს უხერხული მეტოქე და ორუჯოვი სწორედ უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა მისთვის, თუმცა შავდათუაშვილს ნამდვილად შეუძლია აზერბაიჯანელის დამარცხება.

ნ. ბიბილაშვილი:
ლაშასთვის იოლი არ იყო ახალ წონაში გადასვლა და ადაპტირება, მაგრამ ვერაფერს იზამ, მოუწია მას 73-ში ანაცვლება. იქ სხვა გარემოსთან და ახალ მოწინააღმდეგეებთან კონკურენცია ადვილი ვერ იქნებოდა.

- ბაჩო ტატალაშვილი შარშანდელი გრანპრის გამარჯვებულია, თუმცა ამჯერად სწორედ ლაშასთან მარცხის გამო გამოეცალა ფინალში გასვლის შანსი...
- ნ. ბიბილაშვილი: ბაჩო 2009 წლიდან ამ წონაში ჩვენი ნაკრების ლიდერია და სტაბილურობას ინარჩუნებს. ბაჩო და ლაშა მეგობრები არიან და ცხადია, ერთმანეთის პირისპირ ასპარეზობა ყოველთვის ძალიან უჭირთ, მაგრამ მე ვესაუბრე მათ, რომ მეგობრობა ტატამს მიღმა კარგია და არენაზე ერთმანეთს სრულყოფილად უნდა ებრძოლონ. ვფიქრობ, ლაშა ამ შეჯიბრებაზე ფსიქოლოგიურად უფრო კარგად იყო მომზადებული, ვიდრე ტატალაშვილი და ამით მოიგო.

ა. თენაძე: ტატალაშვილის წინსვლა შესამჩნევია. ადრე, როცა მას უპირატესობა ჰქონდა მეტოქესთან, შედეგში ასახვა უჭირდა. ხშირად ემოციურად ჭიდაობდა, ზედმეტად ბევრს მოძრაობდა და ასე გაუშვია ხოლმე გდებები. ახლა უფრო სტაბილური და მობილიზებული იყო.

- რა დააკლდათ კვარცხლბეკზე ასასვლელად ვაჟა მარგველაშვილს (66) და ალეკო ზაალიშვილს (100) ყველაზე მეტად?
- ა. თენაძე: ზაალიშვილისთვის ეს მხოლოდ მეორე სერიოზული ტურნირი იყო. მას საშეჯიბრებო პრაქტიკა არ ჰყოფნის. თუმცა აქვს დიდი რეზერვი და შეუძლია დაიმკვიდროს ადგილი ნაკრებში. მარგველაშვილი ორივე მხრიდან კარგად ჭიდაობს. იგი ისეთი კატეგორიის მოჭიდავეებს მიეკუთვნება, რომლებიც სულ მოძრაობენ, არ ჩერდებიან, თუმცა ხშირად თავდაცვას ნაკლებ ყურადღებას აქცევს და გიორგი ზანთარაიასთან უფრო ამით წააგო. გდება რომ გამოსტაცა, ისევ შეტევაში წავიდა და სამწუხაროდ, იმ ილეთის შესრულება დააპირა, რაც მოწინააღმდეგისთვის კოზირად ითვლება და კონტრილეთზეც ამიტომ წამოეგო.

მარგველაშვილს ზანთარაია რომ მომდევნო ეტაპზე შეხვედროდა და შესაბამისად, წაგების შემთხვევაში რეპეშაჟში გადართვის საშუალება მისცემოდა, მედალს აუცილებლად მოიპოვებდა.

ნ. ბიბილაშვილი: თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ ვაჟამ თქვა, ზანთარაია კიდევ რომ შემხვდეს, აღარ წავაგებო. მარგველაშვილს ხასიათში აქვს, მაღალი დონის ტურნირებზე უკეთ იჭიდაოს, ვიდრე შედარებით ნაკლები რანგისაზე. დიდ შეჯიბრებაზე იგი აუცილებად მიაღწევს მაღალ შედეგს.

ზაალიშვილზე საუბრისას კი უნდა გავიხსენოთ, რომ ორი წლის წინათ 81 კგ-ში ჭიდაობდა. მერე ტრავმა მიიღო, ოპერაცია დასჭირდა და დიდი ხანი გაუცდა. ვიდრე ვარჯიშს დაუბრუნდებოდა, ფიზიკურად გაიზარდა და 90-შიც არ უჭიდავია, პირდაპირ 100 კგ-ში დადგა. თბილისის გრანპრიზე გამოუცდელობის გათვალისწინებით, ზაალიშვილს ცუდად არ უჭიდავია, თანაც მომავალ ჩემპიონთან წააგო.

- ერთი ქალაქის ერთი სპორტსკოლისთვის გრანპრიზე ასეთი ნაყოფიერი ასპარეზობა ცხადია, საამაყოა...
- ა. თენაძე: რასაკვირველია, საამაყოა, რომ ჩვენი სკოლის ნაყოფიერი მუშაობის შედეგს სულ უფრო ხშირად ვხედავთ. აქ მაღალი დონის მწვრთნელები მუშაობენ და ვარჯიშობენ სპორტსმენები, რომლებსაც მსოფლიო ძიუდო კარგად იცნობს. ამით ყველაფერია ნათქვამი.

ნ. ბიბილაშვილი: სკოლას წინსვლაში დიდად წაადგა სხვადასხვა ქვეყნიდან ერთობლივი წვრთნებისთვის გუნდების სტუმრობა. ეს ფაქტორი ეხმარება ძიუდოისტებს განვითარებასა და მაღალი შედეგის მიღწევაში. აქ აგრეთვე კარგად ჩანს გამოცდილი და ახალგაზრდა მწვრთნელების ერთობლივი წარმატებული მოღვაწეობის შედეგიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული