ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ზაალიშვილი სხვებზე მაღლაა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში ჭაბუკთა შორის - გოგონებშიც და ბიჭებშიც. ამ ტურნირისთვის სიახლე ის იყო, რომ ბიჭებში ფინალური ტურნირის მონაწილენი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზონალური საკვალიფიკაციო შეჯიბრებების შემდეგ შეირჩა, გოგონებში კი შეზღუდული კონტინგენტის გამო ამის უფლებას თავს ვერც მისცემდნენ.

ბიჭების ნაკრებში წლეულს თაობათა ცვლა ხდება - შარშანდელი ნიჭიერი ლიდერებიდან რამდენიმე უკვე გადავიდა ახალგაზრდულ ნაკრებში. შედეგად, ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის სამწვრთნელო დუეტს, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შენება უწევს, რის გამოც ამ ტურნირის მნიშვნელობა გაორმაგდა.

შეჯიბრებამ მათი იმედები
მეტ-ნაკლებად გაამართლა. მართალია, ტურნირის საერთო დონე ვერ იყო მაინცდამაინც მაღალი - ჯერ იმიტომ, რომ სეზონის დასაწყისია და ფალავნები არ იყვნენ ფორმაში, მეორეც - ესენი ჯერ მაინც ბავშვები არიან და ზრდასრულ ფალავანთა დონეს ვერ აჩვენებდნენ, თუმცა არაერთი საინტერესო მოზარდი მაინც გამოჩნდა და ცირეკიძემაც (ბოდაველი ამერიკაშია სემინარზე) ჩაინიშნა საინტერესო გვარ-სახელები.

მაგალითად, კარგად გამოვიდნენ ლაშა ბექაური (60), ბაჩანა სარქისაშვილი, თორნიკე გვიჭიანი (ორივე - 73), პაატა მარტიაშვილი (81), ომარ საური (90) და სხვები, თუმცა მაინც გელა ზაალიშვილს (+90) გამოვარჩევთ - ნუ გვიწყენენ სხვები, მაგრამ ეს ბიჭი რამდენიმე თავით მაღლა დგას კონკურენტებზე. მან ფინალში 29 წამში შებოჭა ამირან წიქორიძე, ვინც, თავის მხრივ, ლიდერი იყო ამ წონაში.

მარტში ბიჭები - მედალოსანთა სრული შემადგენლობა, ანტალიაში იჭიდავებენ საერთაშორისო ტურნირში, სადაც გამოიკვეთება ძირითადი ბირთვი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის გააგრძელებს მზადებას.

ირაკლი ცირეკიძე: "საკმაოდ კარგი გუნდი გამოიკვეთა, თუმცა თითქმის ყველა ფალავანი ახალია - 90 პროცენტი და სამუშაო ძალიან ბევრია. ახლებიდან დავასახელებდი ბექაურს, საურს... სხვებიც იყვნენ კარგები, ზაალიშვილს კი შარშანდელიდანაც კარგად ვიცნობთ. ფაქტობრივად, ახლა გვიწევს ამ ბიჭების გაცნობა. ყველა მედალოსანს წავიყვანთ ანტალიის ტურნირზე, სადაც უცხოეთშიც გამოვცდით. იქ შეირჩევა ის ძირითადი ბირთვი, რომელიც გააგრძელებს ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას".

50 კგ
1. ლაშა ნადირაძე (გორი), 2. ალექსანდრე ძამაშვილი (გარდაბანი), 3. ვალერი არხოზაშვილი (გორი), გიორგი თინაშვილი (დედოფლისწყარო)

55 კგ
1. ამირან დარბაისელი (საგარეჯო), 2. გიორგი თუთაშვილი (ქუთაისი) , 3. არმაზ არჩუაძე (გორი), ოთარ ტალახაშვილი (თელავი)

60 კგ
1. ლაშა ბექაური (დედოფლისწყარო), 2. ირაკლი ბეროშვილი (თბილისი), 3. გიორგი მღებრიშვილი (საგარეჯო), ნიკა ბასილაშვილი (საგარეჯო)

66 კგ
1. ალეკო მამიაშვილი (გორი), 2. ლევან გუგავა (ლენტეხი), 3. გოგა გოგაშვილი (თბილისი), შალვა გაზაშვილი (ქარელი)

73 კგ
1. ბაჩანა სარქისაშვილი (ახმეტა), 2. თორნიკე გვიჭიანი (ლენტეხი), 3. გიორგი გელაშვილი (თბილისი), ტატო გრიგალაშვილი (ქარელი)

81 კგ
1. პაატა მარტიაშვილი (თბილისი), 2. მიხეილ ბექაური (თბილისი), 3. გოჩა ღვაჩლიანი (ქუთაისი), ნოდარ ბერიაშვილი (თბილისი)

90 კგ
1. ომარ საური (გორი), 2. ალექსი სვიანაძე (ზესტაფონი), 3. გიორგი ჩიქოვანი (ზუგდიდი), ოთარ გოგიძე (გორი)

+90 კგ
1. გელა ზაალიშვილი (თბილისი), 2. ამირან წიქორიძე (ქუთაისი), 3. ნიკა დონღვანი (ქუთაისი), ლევან ჭელიძე (თბილისი)

ბებოშვილიც დის გზაზე
გოგონების ტურნირში არ იყო ბევრი მონაწილე - 40-მდე მონაწილე გამოდიოდა. მათ შორის - რამდენიმე ძალიან პატარა ასაკისაც, რომლებსაც მაინც დართეს ასპარეზობის ნება, ოღონდ წლეულს მაინც გაზრდილი იყო მონაწილეთა რაოდენობა.

იყო წონითი კატეგორია, სადაც მხოლოდ ორი მონაწილე გამოდიოდა. რამდენიმეშიც ძალიან მცირე იყო სპორტსმენთა რიცხვი, თუმცა საქართველოში ქალთა ძიუდო მაინც იხვეჭს პოპულარობას და მედალოსანთა შორის ახალი კერებიც გამოჩნდა - ქუთაისი, ზესტაფონი, მესტია, წეროვანი... იმედია, მათ მალე სხვებიც დაემატებიან.

მედალოსანთა ძირითადი მასა მაინც თბილისზე, საგარეჯოსა და აჭარაზე მოდიოდა, ეს კი ის რაიონებია, სადაც გოგონების ჯგუფები ბიჭებისგან დამოუკიდებლად მუშაობენ. ამჯერად შედარებით მოკრძალებულად გამოვიდა გორი.

უფროსი დის, ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონ მზია ბებოშვილის (52) გზას დაადგა მისი უმცროსი და ელენე, რომელმაც 57 კილოგრამში გაიმარჯვა. მის გარდა, ახალი კადრია სალომე გულისაშვილიც (40), რომელმაც ასევე დაიმსახურა მოწონება.

აღსანიშნავია საგარეჯოელთა კარგი გამოსვლაც - რამდენიმე წონაში მათ ან მთლიანად შეავსეს კვარცხლბეკი, ან მხოლოდ თითო მედალი დაუთმეს კონკურენტებს. მარტის დასაწყისში ისინიც იჭიდავებენ ანტალიაში.

გია თენაძე:
"ტურნირში 2002 წელს დაბადებული რამდენიმე ბავშვი დავუშვით, რომლებმაც გაგვიმართლეს იმედები. მომავალი კიდევ უფრო უკეთესია. ისინი განებივრებულნი არ არიან ასეთი შეჯიბრებებით და კარგია, ეს ემოცია რომ შეიგრძნეს. ბავშვებს ახლა ანტალიაში გამოვცდით და იქ გაირკვევა ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდი. იქამდე მხოლოდ 10-დღიან შეკრებას ვასწრებთ, მზადების მომდევნო გეგმას კი ანტალიის შემდეგ დავაზუსტებთ. გვინდა, ევროპის პირველობაზე შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესოთ".

40 კგ
1. სალომე გულისაშვილი (საგარეჯო), 2. სალომე არაბული (საგარეჯო), 3. ლიკა მზარეულაშვილი (წეროვანი), ლინდა ბუქიძე (აჭარა)

44 კგ
1. სალომე ბლიაძე (საგარეჯო), 2. მარიამ ლაფაჩიშვილი (საგარეჯო), 3. ანა ასანიშვილი (საგარეჯო), ანა ეთემაძე (საგარეჯო)

48 კგ
1. ნატალია ყიფშიძე (საგარეჯო), 2. ხატია მინდიაშვილი (საგარეჯო), 3. მარიამ კოხტაშვილი (საგარეჯო), ნატო ფოთელიძე (აჭარა)

52 კგ
1. ნინო მგელაძე (აჭარა), 2. ლუდმილა სილაგაძე (ქუთაისი), 3. მარიამ თედლიაშვილი (გორი), მარიამ გურგულიანი (მესტია)

57 კგ
1. ელენე ბებოშვილი (თბილისი), 2. თიკო რევაზიშვილი (საგარეჯო), 3. ანა ხუნჯუა (თბილისი), ხატია შარაძე (აჭარა)

63 კგ
1. ქრისტინე მამულაძე (აჭარა), 2. სალომე ლომაძე (აჭარა), 3. ქეთი ჩხაიძე (აჭარა), ინდირა სილაგაძე (ქუთაისი)

70 კგ
1. სალომე მჭედლიშვილი (საგარეჯო), 2. გულიკო კახოიანცი (საგარეჯო)

+70 კგ
1. სოფიო სომხიშვილი (თბილისი), 2. მარიამ ცერცვაძე (ზესტაფონი), 3. სალომე მაყიშვილი (თბილისი), ქრისტინე ფუტკარაძე (ზესტაფონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული