საქმე ისაა, რომ ჩვენები ოლიმპიადისთვის ემზადებიან და აზიაში გადიან შეკრებას. ამიტომ ფედერაციამ ეს შანსი ახალგაზრდების გამოსაცდელად გამოიყენა. თან ეს ტურნირი უკვე აღარ იძლევა სალიცენზიო ქულებს, რადგან ამ ტიპის შეჯიბრებები 31 მაისს დამთავრდა.
ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო დუეტმა (ირაკლი ცირეკიძე, მინდია ბოდაველი) იქ შემდეგი ფალავნები გაგზავნა: რობინზონ ბეგლარაშვილი, ირაკლი კუპატაძე (ორივე - 60), თორნიკე ნაგლიაშვილი, ბექა უდესიანი (66), გიორგი კაციაშვილი (73), თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი ქურდიანი (ორივე -
ამათ დავით გეჯაძეც დაემატება, თუმცა ის მხოლოდ ერთობლივ ვარჯიშებზე დარჩება, თავად ტურნირში კი მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 60 კილოგრამში 2 ფალავანზე მეტს ვერ გამოვიყვანთ.
შეჯიბრება შაბათს იწყება, როცა ვაჟებიდან 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი კვირას იასპარეზებენ.
ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობას სურდა, ახლებური სავარჯიშო სისტემის შედეგი, რაც ძირითადად ფიზიკურ მომზადებას ითვალისწინებს, პრაქტიკულად შეემოწმებინა უფროსთა ტურნირში და ამიტომ გადაწყვიტეს ბუქარესტში ჭიდაობა.
მათ ის შემადგენლობა მიჰყავთ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანად მოიაზრება, თუმცა ჯერ ესეც აჭარბებს დასაშვებ კვოტას და თანაც, დამატებით კიდევ სურთ რამდენიმე ისეთი სპორტსმენის გამოცდა, რომლებმაც სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მწვრთნელთა ყურადღება მიიქციეს. ამიტომ 23-24 ივლისს ოთხი ათლეტი პრაღაშიც იჭიდავებს ევროპის ახალგაზრდულ თასზე. ესენია: გიორგი ხმალაძე, გიგა გიგაური (ორივე - 73), კობა მჭედლიშვილი და ტრისტან მოსახლიშვილი (81).
ისინი ჩეხეთში თავს თუ გამოიჩენენ, ერთ კვირაში - 30-31 ივლისს ბერლინშიც წაიყვანენ ანალოგიურ შეჯიბრებაზე, სადაც ძირითადი გუნდის გამოსვლა გადაწყვეტილია. გერმანიიდან ნაკრები ისევ ჰოლანდიაში გადაინაცვლებს და კვლავ გაივლის ფიზმომზადების ორკვირიან შეკრებას ბრამ სტრიკთან, ვისთანაც ორიოდე კვირის წინაც ივარჯიშეს და ძალიან კმაყოფილებიც დარჩნენ.
ჩეხეთში მოჭიდავე კვარტეტი მიიღებს შანსს, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირადში თუ ვერა, გუნდურში მაინც იჭიდაოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"