პრემიებსა და ფულზე ფიქრის ცუდი გავლენა ქართველ ძიუდოისტებზე

AutoSharing Option
ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ორი ვერცხლი რომ წარუმატებლობაა, ამას მისი მწვრთნელი მინდია ბოდაველიც აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ მალაგაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ვიცე-ჩემპიონები თორნიკე ნაგლიაშვილი (66) და გიორგი კაციაშვილი (73) გახდნენ. ჩვენებმა გუნდური პირველობა კი მოიგეს, თუმცა ეს საერთო სურათს ვერ ცვლის და ბოდაველი ტურნირით უკმაყოფილოა.

- შეშფოთების მიზეზი - ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის შეფასება
- ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: მედლებით, მაგრამ წარუმატებლად
- ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა გამარჯვება ცეკვით და სალტოთი აღნიშნა [VIDEO]

თუმცა მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ აღიარებს
დაშვებულ შეცდომებს, არ გაურბის პასუხისმგებლობას და საკუთარ თავზე იღებს მას.

მას არც მიზეზების ძებნა დაუწყია, არც - წაგების სხვაზე გადაბრალება უცდია, ადგა და ალალად აღიარა, რომ მოსამზადებელ გეგმასთან დაკავშირებით სამწვრთნელო შტაბში იყო აზრთა სხვადასხვაობა, რასაც არ დაეთანხმა. ამასთან, მან ქართული ძიუდოს რამდენიმე მენტალურ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება. მაგალითად, რამდენად ცუდ გავლენას ახდენს პრემიებზე ფიქრი და ფულის ფაქტორი სპორტსმენებზე. ვფიქრობთ, მის ნაამბობში საინტერესოს სხვასაც ამოიკითხავთ.

- როგორ აფასებთ გუნდის გამოსვლას, ხართ კმაყოფილი?
- ცხადია, შედეგით და ჭიდაობის ხარისხით კმაყოფილი არა ვარ. პირიქით, ძალიან უკმაყოფილო ვარ, თუმცა იმ შრომით და ვარჯიშით, რაც მათ მთელი წლის განმავლობაში გასწიეს, კმაყოფილი ვარ. ეს უკვალოდ არ ჩაივლის და თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

თავიდან ძალიან გაუჭირდათ ჩვენ მიერ შეთავაზებული ინტენსივობის ვარჯიშები, მაგრამ თანდათან შეეჩვივნენ. თავიდან ჭაბუკებში მომიწია მუშაობამ, მერე - ახალგაზრდებში. შედეგიც იყო. მაგალითად, ჭაბუკებში 10 კაციდან 8 მედალი ავიღეთ, ახალგაზრდებში რამდენიმე ჯილდოდან 3 ოქრო იყო, თუმცა გასაგებია, მაშინ ბექა ღვინიაშვილი გვყავდა, ის კი გარანტირებული ოქრო იყო.

ოღონდ რატომღაც ისე ხდება, რომ ეს მედალოსნები შემდგომში კარგად ჭიდაობის ნაცვლად, იკარგებოდნენ - საქართველოს ჩემპიონატში კონკურენციის გაზრდა კი არა, პრიზიორებში მოხვედრა გაუჭირდათ. დიდი პრობლემაა ისიც, რომ ნაკრებში დიდწილად მოუმზადებელი სპორტსმენები მოდიან.

ქვეყანაში 2-3 მწვრთნელია ისეთი, ვისი მოსწავლეც სანაკრებო შეკრებაზე დატვირთვებსაც იტანს, ჩამოყალიბებული მოჭიდავეცაა, ილეთსაც აკეთებსაც, ტაქტიკურადაც ჭიდაობს... სამწუხაროდ, ბევრია ნიჭიერი, რომელიც მოდის შეკრებაზე და ყველაფერი თავიდან აქვს სასწავლი. ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ ვერ იტანს ფიზიკურ დატვირთვებს.

აქედან გამომდინარე, თავიდან აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე ავიღეთ, იმდენად სუსტები იყვნენ ამ კომპონენტში. ჩვენ გვაქვს სხვა უპირატესობები, რის გამოც, მაგალითად, კავკასიელი ბავშვი ევროპელ თანატოლზე ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ისინი მერე საგანგებოდ ვარჯიშობენ, ჩვენები კი მცირედით კმაყოფილდებიან.

რასაც ჰოლანდიაში ვუყურე, იქ სულ სხვა მიდგომაა. მაგალითად, ჩვენთან ერთად ვარჯიშზე შემოდიოდა ერთი იქაური გოგო, რომელიც უკვე აღარ ჭიდაობს, თავის დროზე კი 57 კილოგრამში მსოფლიოს პრიზიორი იყო. დღეს ის თავისი ჯანმრთელობისთვის ვარჯიშობს, თუმცა 8-10 კილოგრამით მძიმე, ჩვენს ბიჭებზე გაცილებით წონად შტანგებს სწევდა. ამიტომაც და იქიდან გამომდინარეც, რომ ამ 15 კაციდან 12 უფროსებში გადადის, სადაც გაცილებით დიდი ფიზიკური კონდიციებია საჭირო, გადავწყვიტეთ, გაგვეზარდა ფიზიკური ვარჯიშების ინტენსივობა, დატვირთვები, რათა მხოლოდ ნიჭზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული.

Sportall.Ge

- გეთანხმებით, რომ ფიზიკური დატვირთვები გასაზრდელია, მაგრამ ზუსტად ამან ხომ არ მოიტანა უკუშედეგი, ბევრი ხომ არ მოუვიდათ ამ ტიპის შეკრებები და ამიტომ ხომ არ გადაიწვნენ ბიჭები?
- ფიზიკური ვარჯიშები ბევრი კი გვქონდა - ჩვენთვის უცხოც, განსხვავებულიც, სულ სხვა მიდგომებიც და საინტერესოც ვნახეთ, მაგრამ ჰოლანდიაში იქნებოდა თუ ბოლოს ამერიკაში, ამ ტიპის შეკრებების გვერდით ტატამზეც ყოველთვის ვვარჯიშობდით, ერთი დღეც არ ჩაგვიგდია.

როგორც გითხარით, თავიდან გაუჭირდათ, მაგრამ მერე თანდათან შეეჩვივნენ. თან მათთან ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა – სხვა თუ არაფერი, ჩემი შვილი ისე გახდა ერთი წლის, სულ 4-5-ჯერ მყავს ნანახი. სულ ერთად ვიყავით, რომ უფრო მეგობრული ატმოსფერო ჩამოყალიბებულიყო მათთან და ყველა სატკივარი გაგვეგო. ამიტომ შეკრებებზე სახლებში ვცხოვრობდით და არა სასტუმროებში, ასე უფრო კარგად ვაკვირდებოდით მათ, რა უჭირდათ და რა სჭირდებოდათ. მათაც ნაკლებად ჰქონდათ იმის კომპლექსი, ვაითუ, დაღლილობა რომ გავამხილო და დასვენება ვითხოვო, მწვრთნელმა საერთოდ არ გამიშვას სახლშიო. ამის პრობლემა მოხსნილი იყო და გვეგონა, რომ სიტუაციას სრულად ვაკონტროლებდით.

არ იყვნენ გადაღლილები. თან ბოლო შეკრებაზე დატვირთვები შევუმცირეთ და ისე იყვნენ, ლამის დაფრინავდნენ. გადაღლასა და ილეთის ვერგაკეთებაზე არც იყო ლაპარაკი, კონკურენტებს 10 თავით ჯობდნენ. სიმართლე გითხრათ, პირიქით უფრო ველოდი ანუ 10 კაციდან რვას აეღო მედალი და ორს წაეგო. თუმცა კონკრეტულად შეჯიბრებაზე ჩასულებს უკვე შევატყვე რაღაც სიმპტომები... მაგალითად, რობინზონ ბეგლარაშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც ბოლო შეკრებასა და ტურნირებზე მშვენივრად გამოიყურებოდა, იქ კი ძალიან ცუდი განწყობით გავიდა. თავადვე უთქვამს, კომპლექსი მაქვს, არ წავიქცეო.

ამასთან, მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით დისციპლინაზეც. ჩვენი მიდგომა ასეთი იყო: ამას უნდა მიეჩვიო, ეს უნდა აიტანო, რადგან შენ ახლა ყალიბდები სპორტსმენად და რასაც ახლი მიეჩვევი, ისე გაგრძელდება შენი სპორტული კარიერა. შეიძლება, ამანაც გადაღალა ბიჭები, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა სწორი იყო და უნდა მიეჩვივნონ ამას. გაისად ამდენად აღარ გაუჭირდებათ.

მათ ტელეფონებსაც კი ვართმევდით და დღის გარკვეულ პერიოდებში ვაძლევდით ცოტა ხნით - 1 ან 2 საათით, მაქსიმალურად რომ მოგვეწყვიტა ინტერნეტის, ფეისბუქის და სოციალური ქსელებისთვის. ასევე მოვექეცით შეჯიბრებაზეც, თუმცა დილითვე, გახურებისთანავე არ მომეწონნენ. ბევრთან უკვე მერამდენე სეზონია, ვმუშაობ და შიში, ნერვიულობა აქამდე არ შემიმჩნევია. მათ მუდამ ვეუბნებოდით, რომ ახალგაზრდებში მოპოვებული ტიტულები ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარი ეროვნული ნაკრებია. თუმცა ისინი მაინც ისე ემზადებოდნენ, თითქოს ოლიმპიადისთვის ჭიდაობდნენ - ვფიქრობ, ასეთმა მიდგომამ გუნდი ფსიქოლოგიურად გადაღალა.

ერთი მომენტიცაა, ოღონდ არ ვიცი, ეს როგორ ვთქვა, ვინ უნდა მოაგვაროს - ახალგაზრდებში ამხელა პრემიები ძალიან კარგია, მაგრამ მაინც მგონია, როგორღაც უნდა დარეგულირდეს. ვფიქრობ, შეიძლება, ჭაბუკებმა და ახალგაზრდებმა ამ თანხის რაღაც პროცენტი აიღონ, მაგრამ ძირითადი ნაწილი შეენახოთ და აქცენტი არ ჰქონდეთ ფულზე გადატანილი. როცა არ გველოდებოდნენ, ბევრჯერ შევსწრებივარ ასეთ საუბარს, აუ, ახლა ფული გამაკეთებინა, ნახე, ინტერნეტში რა მაგარი მანქანა იყიდებაო და ამგვარები. ეს ძალიან ცუდი ტენდენცია წამოვიდა, რაც მაგრად არ მომწონს.

შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის, მაგრამ ერთი პერიოდი ფეხბურთელებზე ამბობდნენ, ამხელა ფული აიღეს და თავში აუვარდათ, დაღუპა ფულმაო... ძიუდო ყოველთვის წმინდა ცნებად, ეროვნულობის, პატრიოტიზმის გამოხატულებად მიიჩნეოდა და ამას გაფრთხილება სჭირდება. ამიტომ ბიჭებსაც ხშირად ვეუბნებოდი, ამაზე ფიქრით თავს იღუპავთ და თან ჭაბუკებსაც ცუდ მაგალითს აძლევთ, მათთვის მისაბაძი უნდა იყოთ-მეთქი.

ამ შემთხვევაში ფული ცუდ როლს თამაშობს. ამაზე ყოველდღიურად ბევრი ჩხუბი და დატუქსვა-დარიგება გვქონდა, მაგრამ როგორც კი ერთად შეიყუჟებოდნენ, სულ პრემიებსა და მანქანებზე ლაპარაკობდნენ.

Sportall.Ge

- ბრძანეთ, რომ ბოლოს არ ჰქონდათ იმდენად ძლიერი ფიზიკური დატვირთვები, მაგრამ მაშინ რატომ იყვნენ გადაღლილები, გაუხეშებულები, შენელებულები?
- ჩვენ წავედით ვა-ბანკზე და შეგნებულად გავუზარდეთ მათ დატვირთვები. ამაზე პასუხისმგებლობა მე ავიღე და დღესაც ვიზიარებ, მაგრამ ახლაც იმავეს გავაკეთებდი, ანუ გავუზრდიდი დატვირთვებს, რათა დიდებში ადაპტაცია არ გაუჭირდეთ. 95%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი მიდგომა გაამართლებდა, თუმცა მწვრთნელებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო. მაგალითად, იყო ლაპარაკი, რომ ჰოლანდიიდან დაბრუნების შემდეგ ერთი შეკრება საერთოდ ამოგვეღო.

- საკადრო გადაწყვეტილებებზეც ხომ არ გწყდებათ გული?
- საკადრო გადაწყვეტილებებზე ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა - სპორტსმენებმაც და მწვრთნელებმაც. თავიდან თამაზ კირაკოზაშვილს ჰქონდა წონის პრობლემა, მაგრამ საბერძნეთში 81-ში იმდენად კარგად იჭიდავა, ის ტემპი აღარ დავაგდეთ და იმავე დატვირთვებით გავაგრძელეთ ვარჯიში, გამოსაცდელად და დასამტკიცებლად ერთი რომელიმე კონკრეტული ტურნირი არ მიგვიცია. თან უნგრეთში სპეციალურ აპარატზეც შევამოწმეთ და ორგანიზმში ცხიმიანობა ნორმაზე დაბალიც კი აღმოაჩნდა. მას პირადშიც რომ ისეთივე განწყობით ეჭიდავა, როგორც - გუნდურში, ჩემპიონი გახდებოდა. ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ განეწყო სათანადოდ, იმდენად დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. ესეც პრემიებზე ფიქრიდან გამომდინარე - როგორც მერე გავიგე, თურმე ცოლის შერთვას აპირებს; ჰოდა, ფული, პრემია, ორი კაპიკი და ათჯერ უფრო მეტად იღლები ფიქრით.

როგორც სოციალური ქსელებით ირკვევა, ყველაზე დიდ კითხვას კობა მჭედლიშვილის საკითხი იწვევს. საქართველოს ჩემპიონატში მას ნახევარფინალში გიორგი ქურდიანმა მოუგო და ჩემპიონი გახდა, ეს კი მესამე იყო; საბერძნეთში იმავე ეტაპზე უკვე მჭედლიშვილმა აჯობა, თუმცა მერე ფინალში ცუდად იჭიდავა რუსთან, ქურდიანი კი მესამეზე გავიდა. სანკტ პეტერბურგში მჭედლიშვილმა მეორე პაექრობა წააგო ფრანგთან და საბოლოოდ მეხუთეზე გავიდა, ქურდიანმა კი მესამე წრეში იმ რუსსაც მოუგო, ვისთანაც კობა საბერძნეთში დამარცხდა, და ამ ფრანგსაც. საბოლოოდ ის მეორეზე გავიდა და ასე გადაწყდა ქურდიანის დაყენება.

მჭედლიშვილს შანსი ჩეხეთშიც მივეცით, როგორც 73 კილოგრამში. მათ იქვე ვუთხარით, რომ ვინც იქ კარგად იჭიდავებდა, ევროპაზე გუნდურში დადგებოდა და დაემატებოდა ჰოლანდიის შეკრებაზე წამსვლელებს. მჭედლიშვილი ჩემპიონი გახდა, თუმცა მერე სხვა ამბიცია გაჩნდა მისი მწვრთნელისა და მშობლების მხრიდან.

- გუნდურში სხვანაირად მოტივირებულები იყვნენ. ეს რამ განაპირობა, რით მიაღწიეთ ამას?
- გუნდურში მართლაც სხვა განწყობით გავიდნენ. ზოგადად, ჩვენები გუნდურში ერთმანეთს ამხნევებენ, შემართება ყოველთვის მეტია. შეიძლება, იმასაც ცდილობენ, სხვას არ ჩამორჩნენ, თუმცა გუნდურში ყველას ერთი საქმე აქვს საკეთებელი - პირველმა მოიგოს და მეორემ - ვერა, ამით იმ პირველსაც წყალში უყრის გაკეთებულს. გუნდურში იმდენად ქომაგობენ და ისეთ განწყობაზე მოჰყავთ ერთმანეთი, ასე რომ პირადში იყოს, რა გვიჭირდა.

ერთ მაგალითს გეტყვით - მალაგაში დაახლოებით 32 კაცი ჩავედით: ბიჭები, გოგოები, მწვრთნელები, რამდენიმე ქომაგიც გვახლდა და ერთ სექტორს შევავსებდით, მაგრამ პირადში იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ ყველა ერთად დამჯდარიყო და ერთობლივად ექომაგათ დანარჩენებისთვის, ზოგნი ჯგუფებად ისხდნენ სხვადასხვა ტრიბუნაზე.

გუნდურში ჩვენებთან იმდენად ეროვნული სული ირთვება, მათი ცქერა გსიამოვნებს. ევროპელები ერთმანეთს კი ქომაგობენ, მაგრამ ასე არ იქცევიან.

- ალბათ, გუნდურში ყველაზე ძნელი შეხვედრა ფინალში გექნებოდათ აზერბაიჯანთან.
- ვფიქრობ, რუსებთან უფრო ძნელი იყო. შეხვედრის მიმდინარეობიდან გამომდინარე, აზერბაიჯანთან თითქოს უფრო გაგვიჭირდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავით, მათთან მოვიგებდით. მუმლაძემ წინა შეხვედრები მთლად კარგად ვერ ჩაატარა, თუმცა ავსტრიელთან ისედაც მოგებული გვქონდა და ჩვენც დავავალეთ, თავი შემოენახა - ველოდით, რომ ის უფრო რუსებთან დაგვჭირდებოდა ნახევარფინალში.
აზერბაიჯანელთან მის გამარჯვებას ველოდით და დარწმუნებულიც ვიყავით. თუმცა მათთან ასეთ დაძაბულ შეხვედრას არ ველოდით.

73-ში მათ მართლაც ძლიერი ფალავანი ჰყავთ - ჰიდაიეტ ჰეიდაროვი, მაგრამ აი, სანებლიძის წაგებას ვერაფრით ვიფიქრებდი. ისე, კაციაშვილიც კარგად ეჭიდავა ჰეიდაროვს. ესეც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მისთვის წონის შეცვლა გარდაუვალი მგონია. მან ახლაც ბევრი დაიკლო და კიდევ ერთხელ დაკლება დამღუპველი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გერმანიის ტურნირი ხომ ბოლო იყო დამას უნდა გადაეწყვიტა ყველაფერი,კაციაშვილმა მეორე ადგილი აიღო,მაგრამ მას ეს შედეგი არ აწყობდა,რადგან 73-ში აპირებდა ევროპაზე გამოსვლას,ნაგლიაშვილმა მესამე ადგილი აიღო,ასევე მჭედლიშვილმა მესამე აიღო,სანებლიძემ-მეორე,კირაკოზაშვილმა,ქურდიანმა,კუპატაძემ,გეჯაძემ,ოზბეთელაშვილმ და ქოსმენაშვილმა წააგეს.მგონი ყველა ჩამოვთვალე
ბექა
20:09 23-09-2016
0
ვეთანხმები ბოდაველს, ეს დიდი პრემიები არამარტო ახალფაზრდებში არამედ დიდებშიც არ უნდ აიყოს, როცა დაამთავრებს კარიერას მაშინ უნდა დაუთვალო ნ რა მიღწევები ქონდ ადა მისცენ ფულადი ტანხა დაგროვილი შედეგების მიხედვით, მანამდე კი შედეგების მიხედვით უნდ აენიშნებოდეს ხელფასი, გააკეთებს დიიდ შედეგს? გაუზარდონ ხელფასი, დაკარგავს ტიტულეს?
დაუკლონ ხელფასი, ასეთი სისიტემა უფრო იმუშავებნს თორემ ერთ რაღაცის მოგებისთვის დიიდ პრემიას რომ აძლევენ მერე სპორტს ანებებენ თავს და ეზარებათ ვარჯიშიც და ყველაფერი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული