U23. ევროპის ჩემპიონატი: ოქროს დუბლი ისრაელში [VIDEO]

AutoSharing Option
თელ ავივში დასრულებულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ჩვენმა ნაკრებმა 2 ოქროთი დაასრულა - ჩემპიონები კობა მჭედლიშვილი (81) და ბექა ღვინიაშვილი (90) გახდნენ.

ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამეპრიზიორმა მჭედლიშვილმა დიდი ნაბიჯი გადადგა 81 კილოგრამში ლიდერად დამკვიდრებისკენ. მან ისრაელში გამოსვლა წმინდა მოგებით დაიწყო და ასევე დაამთავრა, სულ კი ხუთი შეხვედრიდან სამში იმარჯვა იპონით.

თავდაპირველად ორი მეტოქე დადო ბეჭებზე - მოლდოველი ნიკონ ზაბოროსციუსის ძლევას 3.20 წუთი მოანდომა, შვეიცარიელ ფლორინ ჟირარდოსთან კი 4 წუთში ორი ილეთი მოასწრო - ჯერ ვაზარზე დააგდო, ბოლოს - იპონზე. აი, რუს
აბას აზიზოვთან ბევრად გაუჭირდა მეოთხედფინალში, თუმცა საბოლოოდ ვაზარით მაინც მოუგო. ნახევარფინალში ჰოლანდიელ იესპერ სმინკსაც ქულებით აჯობა - 2 იუკო აართვა, ფინალში კი იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთანაც ვაზარ-იპონით იმარჯვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბექა ღვინიაშვილი იქნებ ჯერ ვერ იყო ფორმის პიკზე (წესით, ახლა არც უნდა იყოს იქ), მაგრამ მეტოქეებზე მაინც რამდენიმე თავით მაღლა იდგა. შედეგად, 5-დან 4 შეხვედრაში წმინდად იმარჯვა. მისი ჭიდაობის სტილი ახლაც უფრო ძალისმიერი იყო, ბრუნი-ამოსმულსა და შებოჭვაზე დამყარებული, მაგრამ ძველებურად ეფექტური, თვალსასეირო და საყურებლად ლამაზი.

მის შებოჭვას თუ ტატამზე ბეჭებით დანარცხებას მხოლოდ ახალგაზრდებში ევროპის სერბი ორგზის ჩემპიონი ნემანია მაიდოვი გადაურჩა ნახევარფინალში, თუმცა ჩვენებური მასთანაც კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, რაც ანგარიშშიც გამოიხატა - ვაზარ-იუკოთი მოუგო, სხვებს კი გაცილებით იოლად გაუსწორდა.

ტურნირიც ძლევამოსილად დაიწყო - უკრაინელი ვიქტორ მაკუხა ბრუნით აიტაცა, თან ჰაერში საკმაოდ აწეულს ამოსმულიც მიაყოლა და მაღალი ტრაექტორიით დაანარცხა ტატამს. ბელორუს ვიქტარ კლიავუსაუსაც დაახლოებით იგივე დღე აყარა, სლოვენიელი მიჰაელ ზგანკი კი პატარა ბავშვივით აბურთავა და ვაზარ-იუკოთი მოუგო. ფინალში მეორე ბელორუსი - იაჰორ ვარაპაეუც ნაცნობი სცენარით დაამარცხა, იოლად ჩაიყვანა დაბლაჭიდში და იქ მოუთავა ხელი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთაგან არც ერთს არ უჭიდავია შიდა შესარჩევი შეჯიბრება, რადგან გუნდში ავტომატურად ჰქონდათ ადგილი დაბევებული. ამ ორ ფალავანს ქების მეტი არაფერი ეთქმის, მაგრამ დანარჩენებზე იმავეს ვერ ვიტყვით. იქნებ ზოგს, მაგალითად, თემურ ნოზაძეს 60-ში, გიგა გიგაურს 73-ში იმ თითო მოგებულ შეხვედრაში ურიგოდ არ უჭიდავიათ; იქნებ ზოგიერთის წაგებაში მსაჯებსაც დავემდუროთ; ნოზაძე და ლაშა ტაველური (100) მომავალ ჩემპიონებთან დამარცხდნენ, მაგრამ ფაქტია - მათ შედეგი ვერ აჩვენეს.

ცუდია ისიც, რომ სანუგეშო წრემდე ჩვენებიდან ვერც ერთმა ვერ მიაღწია. აქედან გამომდინარე, ორი ოქროს მიუხედავად, ნაკრების გამოსვლის დადებითად შეფასებაც გვიჭირს (არადა, ვიმეორებთ - ორი ოქრო გვაქვს!). თან უსახელოდ გავარდნენ და უმედლოდ დარჩნენ ეროვნული ნაკრების წევრები - უშანგი მარგიანი (90) და გურამ თუშიშვილი (+100), მთავარი გუნდის კანდიდატი ლევან გუგავა (81), ახალი თაობის აღიარებული ლიდერი, 20-წლამდელებში ევროპის წლევანდელი ფინალისტი თორნიკე ნაგლიაშვილი (66) და სხვები.

ჩვენებიდან თითო შეხვედრა მხოლოდ ნოზაძემ, გიგაურმა და ტაველურმა მოიგეს, ნაგლიაშვილი, გუგავა, მარგიანი და თუშიშვილი კი პირველივე წრეში დამარცხდნენ.

გოგოებშიც ცუდად გამოვიდა მარიამ ჯანაშვილი (52), რომელიც პირველივე წრეში ისევ კოსოვოელ დისტრია კრასნიჩთან დამარცხდა, ვისთანაც შარშან ახალგაზრდული მსოფლიოს ფინალი წააგო.

ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის
ბიჭები
60 კგ. 1. სახავატ გაჯიევი (რუსეთი); 2. ჩაბა საბო (უნგრეთი); 3. მარცელ ბიზონი (გერმანია), თორნიკე ჭკადუა (ჰოლანდია).
66 კგ. 1. დენის ვიერუ (მოლდოვა); 2. მანუელ შაიბელი (გერმანია); 3. ალექსანდერ რასკოპინე (ისრაელი), ნილს სტუმპი (შვეიცარია).
73 კგ. 1. ჰიდაიეტ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი); 2. ტოჰარ ბუტბული (ისრაელი); 3. ანდრეა ჯისმონდო (იტალია), აკილ გჯაკოვა (კოსოვო).
81 კგ. 1. კობა მჭედლიშვილი (საქართველო); 2. ანტონიო ესპოზიტო (იტალია); 3. აბას აზიზოვი (რუსეთი), ისეპერ სმინკი (ჰოლანდია).
90 კგ. 1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო); 2. იაჰორ ვარაპაეუ (ბელორუსი); 3. ფირუდინ დადაშოვი (აზერბაიჯანი), ნემანია მაიდოვი (სერბეთი).
100 კგ. 1. ნიიაზ ბილალოვი (რუსეთი); 2. მიკიტა სვირიდი (ბელორუსი); 3. ფილიპ გალანდი (გერმანია), ნიაზ ილიასოვი (რუსეთი).
+100 კგ. 1. იაკივ ხამო (უკრაინა); 2. ტამერლან ბაშაევი (რუსეთი); 3. იურ სპიკხერსი (ჰოლანდია), ულადისლაუ ტსიარპიტსკი (ბელორუსი).

გოგონები
52 კგ. 1. დისტრია კრასნიჩი (კოსოვო); 2. ლარისა ფლორიანი (რუმინეთი); 3. კატინკა საბო (უნგრეთი), ტიეა ტოპოლოვეცი (ხორვატია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული