ირაკლი ცირეკიძე: შეიძლება, ცოტა ხანში ორი და სამი ნაკრებიც კი გვყავდეს

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ჩატარებულმა ვაჟ ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატმა ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა რომ წარმოაჩინა და ახალ ოლიმპიურ ციკლში ახალი აქცენტებისკენ მიგვანიშნა, უკვე ვწერდით.

- ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი ციკლის ახალი გუნდი

თუმცა იქ მხოლოდ რამდენიმე გამორჩეულ მოზარდს შევეხეთ, მათ გარდა კი ჩემპიონატში არაერთმა მიიპყრო ყურადღება, რომლებსაც ხელეწიფებათ ეროვნული ნაკრების ყოველდღიურ ბატალიებში ჩაბმა.

საინტერესო კადრებით განსაკუთრებით 81 კილოგრამი გამოირჩეოდა, რომელიც ავთანდილ ჭრიკიშვილის არყოფნამაც ვერ გააფერმკრთალა - ძალიან ნიჭიერი და დაკვირვებული კობა მჭედლიშვილი, იგივე გიორგი პაპუნაშვილი, 73-დან ამონაცვლებული გიორგი კაციაშვილი (თუმცა მაინც მგონია,
რომ ძალა კიდევ აკლია ამ წონისთვის. თან პაპუნაშვილმა გამოცდილებითაც აჯობა), ჟინიანი ლევან გუგავა, ვინც ძალიან ემოციურად განიცადა ორივე წაგება - მჭედლიშვილთან და დამამშვიდებლის ფინალში პაპუნაშვილთან... შიდა კონკურენციაში საკმაოდ კარგად ჩაერთო ქვემოდან ამონაცვლებული გოგა ქევხიშვილიც.

სხვა წონებშიც ბევრმა ახალგაზრდამ იჭიდავა კარგად - რობინზონ ბეგლარაშვილი, დავით გეჯაძე (ორივე - 60), თორნიკე ნაგლიაშვილი (66), გიგა გიგაური, ომარ ნიაზაშვილი (ორივე - 73), დავით ოზბეთელაშვილი, ონისე სანებლიძე (100), გუგა კიბორძალიძე (+100).

იყვნენ სრულიად უცხოებიც, ვისაც სპეციალისტთა ვიწრო წრის მეტი აქამდე ბევრი არ იცნობდა. მაგალითად, ირაკლი გოგიბერიძე (90), ვინც ნახევარფინალში გავიდა და იქ დიდი ბრძოლა გაუმართა მარგიანს, თუმცა საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა. თუმცა ახალი სახეებიდან განსაკუთრებით 18 წლის ლუკა მაისურაძეა გამოსარჩევი 81-ში, ვინც პაპუნაშვილთან წააგო პირველივე შეხვედრა, მაგრამ სანუგეშოში კაციაშვილს და ბექა დონღვანს მოუგო. საბოლოოდ ის მჭედლიშვილთან დამარცხდა და ასევე მეხუთეზე გავიდა. არჩილ გოგოლაშვილმაც (90) გვარიანი ბრძოლა გაუმართა ნახევარფინალში ჭრიკიშვილს, სანებლიძეს კი იქნებ მეტიც მოეთხოვებოდა. თუმცა ის ახალ წონაში გადავიდა, თან ჯერ ასაკითაც პატარაა - 18 წლის და უფროსებთან გაუჭირდა.

ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ეროვნული ნაკრების უახლოეს სამომავლო გეგმებზე მის მთავარ მწვრთნელ ირაკლი ცირეკიძეს გავესაუბრეთ.

- როგორ აფასებთ ჩემპიონატს, რამდენად კმაყოფილი დარჩით?
- კარგი ჩემპიონატი გამოვიდა. ყველაზე მეტად ის მსიამოვნებს, რომ თითქმის ყველას ვიცნობ, რაც უფრო მეტად დაგვეხმარება მათთან მუშაობაში. თითქმის ყველასთან მომიწია შეხებამ - დაწყებული ჭაბუკებიდან, დამთავრებული ახალგაზრდებით, თუმცა ბევრი უფროსებშიც გადმოვიდა.

ბიჭებისგან ველოდები ბევრ შრომას და იმ ხარვეზების გამოსწორებას, რაც გვაქვს. ამ ბიჭებს შესაძლებლობა ბევრი აქვთ, ოღონდ სწორი გზით უნდა წავიდეთ ამ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, სხვა არც არაფერი დაგვრჩენია.

- ახალგაზრდებზე რას იტყვით? ახალი თაობა საკმაოდ კარგი ამბიციით გამოჩნდა...
- სხვათა შორის, ამის იმედიც მქონდა. რამდენიმეზე ცოტა კი მწყდება გული, მათგან მეტს ველოდი, მაგრამ ახლა გვარებს არ დავასახელებ, პირადად ვეტყვი მათ. ზოგს თითქოს ეშინია სიახლეების, იმ ჩახლართული ჭიდაობით, რაც თავში უდევთ, თითქოს უფრო დაცულად გრძნობენ თავს და არ უნდათ, ძიუდო ბოლომდე სწორად იჭიდაონ. ძალიან მაგრები არიან, მაგრამ სწორად ჭიდაობას რომ მიეჩვევიან, მერე ეს შედეგებშიც აისახება.

- ანუ სტილის შეცვლას ემხრობით?
- კი, ბატონო, ეს საჭიროა.

- ვინმეს თუ გამოარჩევთ, ვინც ყველაზე მეტად დაგამახსოვრათ თავი?
- ალბათ, მაინც თამაზ კირაკოზაშვილს გამოვარჩევ, რომელმაც მართლაც შთამბეჭდავად იჭიდავა. ალბათ, ყველას მოგეწონათ მისი გამოსვლა.

- 90 კილოგრამზე რას იტყვით, განსაკუთრებით კი - ავთანდილ ჭრიკიშვილის გამოსვლაზე?
- ჭრიკიშვილთან დაკავშირებით საჩქარო და სასწრაფო არაფერია. დავიწყებთ ვარჯიშს, ჩავებმებით სამუშაო პროცესში და შევხედავთ, რომელი წონისთვის იქნება შესაფერისი მუშა პროცესში. თუ იქნა დაკლების და 81-ში ჭიდაობის შესაძლებლობა, ოღონდ ისე, რომ ხელი არ შეეშალოს, ასეც მოხდება. თუ არადა, არც 90-ში ჭიდაობა იქნება პრობლემა. ეს ყველაფერი გამოჩნდება მუშაობის პროცესში, წონის შეცვლა ჯერ არაა საბოლოოდ გადაწყვეტილი. თვითონაც აქვს სურვილი, რომ, შეიძლება, ერთი წელიწადი 81-ში გამოვიდეს, თუნდაც მსოფლიოს
ჩემპიონატისთვის აქ დარჩეს.

- ამჟამად მისი წონა რამდენია?
- 89 კილოგრამია, თუმცა ოლიმპიადის შემდეგ მას ერთი თვეც კი არ უვარჯიშია. ფორმაში რომ ჩადგება და ზედმეტი ცხიმი მოსცილდება, მაშინ გავიგებთ მის რეალურ წონას, სად შეიძლება დადგეს. თუ წონის შეცვლა მოუწევს, აჯობებს, ეს რაც შეიძლება, დროულად რომ გავაკეთოთ, რათა ხელი არ შეგვიშალოს.

- ამ ჩემპიონატზე ნანახით ახალ ოლიმპიურ ციკლში ბევრ საკადრო გადაადგილებას ელოდებით?
- იმედია, რადგან ბევრი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომლებსაც შესაძლებლობაც ბევრი აქვთ და მონდომებულებიც არიან. ვფიქრობ, კონკურენცია აშკარად გაიზრდება და, შეიძლება, ცოტა ხანში ორი და სამი ნაკრებიც კი გვყავდეს. ამის დიდი იმედი მაქვს.

- საგაისო სეზონს როდის დაიწყებთ, რა იქნება მზადების პირველი ეტაპები?
- მზადების პირველი ეტაპი იანვარში გვექნება, როცა ავსტრიულ მიტერშილში წავალთ ერთობლივ კემპზე. იქ 8-დან 18 იანვრამდე ვიქნებით. ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე ტურნირია, შეკრებებიც გვექნება, ჩვენი "დიდი პრიზიც" გველოდება და ყველა მათგანში გამოვალთ. გუნდი ისეთია და ბიჭებიც ისეთები მოდიან, ყველა უნდა გამოვცადოთ. კარგი ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ და მათაც უნდა დავაკვირდეთ. შეიძლება, გაისად ყველა ვერ მოხვდეს ნაკრებში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ აქვთ შანსი, მოიპოვონ გუნდში ადგილი.

ტურნირებზე შერეული შემადგენლობებით წავალთ - ვისაც როდის დასჭირდება შეჯიბრება, ის იასპარეზებს. შეიძლება, გადაბმულად წავიდეთ ტურნირიდან ტურნირზე - ერთ შეჯიბრებაზე რომ გამოვალთ, იქვე ერთობლივ ვარჯიშებზე დავრჩებით, მერე მეორე ტურნირზე წავალთ, იქაც ვივარჯიშებთ შეკრებაზე და ასე შემდეგ. ძირითადი გუნდი იქ იქნება, უბრალოდ, ზოგიერთ მონაწილეს შევცვლით. ისე აღარ იქნება, რომ ძლიერ ტურნირებზე მხოლოდ ლიდერებმა იასპარეზონ, შეჯიბრებებზე შერეული შემადგენლობებით წავალთ.

- ის ლიდერები, რომლებიც ქვეყნის ჩემპიონატში არ გამოვიდნენ, რომელი ეტაპიდან ჩაერთვებიან ნაკრების მზადებაში?
- ამ ჩემპიონატისთვის ლაშა შავდათუაშვილი და ვალერი ლიპარტელიანი გათავისუფლებულნი იყვნენ. ბექა ღვინიაშვილი მხრის ტრავმის გამო გავათავისუფლეთ - ვიცოდით, რომ ისინი არ იჭიდავებდნენ, ადამ ოქრუაშვილის ამბავი კი არ ვიცი.

ისინი ჩვეულებრივად ჩაერთვებიან ნაკრების მზადებაში - მიტერშილშიც წამოვლენ ჩვენთან ერთად. ოქრუაშვილს თავად უნდა ჰქონდეს აქ ყოფნის და ვარჯიშის სურვილი, თორემ მის ნაცვლად მე ხომ ვერ ვიჭიდავებ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ აქ იყოს და იჭიდაოს.

- მომავალი სეზონიდან გუნდში თუ გეყოლებათ ფიზმომზადების სპეციალისტი და ფსიქოლოგი?
- ეს თემა განხილვის პროცესშია და მეც გავიარე კონსულტაციები. ფსიქოლოგი აუცილებლად გვეყოლება - ვახტანგ უკლება, რომელმაც ოლიმპიადის წინ ორი შეკრებაც გაიარა ჩვენთან ერთად. მასთან ვისაუბრეთ კიდეც, მზადაა სათანამშრომლოდ, ფიზმომზადებას კი რაც შეეხება, არის ისეთი სქემა, რაც, შეიძლება, ჩვენ თვითონაც გავაკეთოთ. ცხადია, სპეციალისტების დახმარებით, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად გავაკეთოთ ეს ყველაფერი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
შეიძლება გვყავდეს 5 ნაკრებიც, თუმცა ხარისხის გაუმჯობოსებას მხოლოდ ეს არ უშველის. 2020 წელს ტოკიოში შეფასდება ჩვენი ძიუდოისტების მომზადების დონე. რიოში სამარცხვინოდ გამოვედით.
ლუკა
06:44 05-12-2016
0
ლუკა ვერ დაგეთანხმები, რადგან შიდა კონკურენცია ხარისხს აუმჯობესებს ლიდერების ჭიდაობას.

შიდა კონკურენცია თუ მაღალია, მეტია კონცენტრირება. რადგან ერთი მოდუნებით შეიძლება ამოვარდეს ნაკრებიდან.
მინდია
09:52 05-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული