საქართველოს ბ/რ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები: გუნდი ორად გაიყო

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 2-7 მაისს სერბულ ნოვი სადში გაიმართება.

ოღონდ ამ ეტაპზე გუნდებს სრულიად განსხვავებული ამოცანები აქვთ: "თავისუფლები" თუ საქართველოს ჩემპიონატისთვის ვარჯიშობენ, "ბერძენ-რომაელებმა" უკვე ჩაატარეს ეს ტურნირი, გამოავლინეს კონტინენტის პირველობაზე წასვლის კანდიდატები და ახლა ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის მიზანმიმართულ მზადებაზე გადავიდნენ.

ეს ნაკრები, ახალი მთავარი მწვრთნელის - ბექა როყვას ხელმძღვანელობით, უკვე გადავიდა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ნაწილზე. თუმცა სადღეისოდ გუნდი ორადაა გაყოფილი და ისე ემზადება ახალი სტარტებისთვის. ძირითადი შემადგენლობა 17 თებერვლიდან ბორჯომში გადის
შეკრებას, რომელსაც 1-ელ მარტს დაამთავრებენ, 2-ში კი უკრაინაში მიდიან "სახელოვან უკრაინელ მწვრთნელთა და მოჭიდავეთა მემორიალზე" საჭიდაოდ, მეორე ნაწილი კი უკვე სტამბოლშია და იქ გადის ერთობლივ შეკრებას.

ცხადია, ამ წვრთნებზე მათთან ერთად იმყოფება თურქეთის ნაკრები თავისი უძლიერესი შემადგენლობით. იქვე არიან აზერბაიჯანი, ირანი, ყირგიზეთი და კიდევ ერთი-ორი გუნდი. ჩვენები იმ შეკრებასაც მარტის დასაწყისში დაამთავრებენ და 4-5 მარტს იქვე, სტამბოლშივე ვები ემრეს მემორიალში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ყოველწლიურად ძალიან ძლიერი შეჯიბრებაა და, იმედია, ამჯერადაც ასე იქნება.

მწვრთნელებისთვის უკვე გარკვეულია ორივე შეჯიბრებაზე წასაყვანი ძირითადი ბირთვი, თუმცა საბოლოო შემადგენლობა ჯერ მაინც არაა ცნობილი. მაგალითად, ბორჯომში ამ დღეებში საკონტროლო შეხვედრები უნდა ჩატარდეს და როყვა მერე დაასახელებს კიევში წამსვლელ გუნდს. სტამბოლში ძირითადად ის ფალავნები გამოვლენ, რომლებიც ახლაც იქ ვარჯიშობენ, თუმცა მათ რამდენიმე თბილისიდანაც დაემატება და ჯამში, ვები ემრეზე 15-მდე სპორტსმენით ვიასპარეზებთ.

ამ შეჯიბრებათა მომთავრების შემდეგ გუნდი კიდევ ერთ შეკრებას გაივლის. სავარაუდოდ, სომხეთის მაღალმთიან კურორტ წახკაძორში, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი ოლიმპიური მზადების ბაზაა. ის შეკრება მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა, ოღონდ იქ წასვლა ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი - გუნდის ხელმძღვანელობა სხვა ვარიანტსაც განიხილავს და საბოლოო არჩევანს მოგვიანებით გააკეთებს, ამ ეტაპზე კი ყველაზე რეალური ვარიანტი წახკაძორია. ევროპის ჩემპიონატამდე ნაკრები კიდევ ერთ შეკრებას გაივლის - აუცილებლად საქართველოში, და ერთ ტურნირშიც გამოვა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის, როგორც გითხარით, სადღეისოდ უმთავრესი ამოცანა ერონული პირველობაა, რომელსაც 6-7 მარტს თბილისში სპორტის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. წინასწარი მონაცემებით, ჩემპიონატში ყველა უძლიერესი ათლეტი უნდა გამოვიდეს, ხელმძღვანელობა არ აპირებს არავის გათავისუფლებას, თუმცა აქ ჭიდაობა თავად სპორტსმენთა ფინანსურ ინტერესშიცაა, რადგან მედალოსნებს ხელფასიც ამის მიხედვით ენიშნებათ, თან ნაკრების კანდიდატებიც ხდებიან.

სწორედ ქვეყნის პირველობისთვის უკეთ მზადების მიზნით ლიდერთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ იუარა მსოფლიოს თასზე გამოსვლა.

საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც ასევე გამოავლენს სერბეთში წასვლის კანდიდატებს, გუნდი საევროპო მზადების ფარგლებში პირველ შეკრებას გაივლის წახკაძორში, ევროპის ჩემპიონატამდე კი კიდევ ორ შეკრებას ჩაატარებს უკვე საქართველოში და ერთ საერთაშორისო ტურნირშიც იჭიდავებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული