საშიში არაფერია - ზურაბ დათუნაშვილს ამერიკელები აიმედებენ

AutoSharing Option
ევროპის ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი (80) სარეაბილიტაციო კურსს ამერიკაში გადის, სადაც უკვე დაიწყო მსუბუქად ვარჯიში, სამშობლოში კი 27 ივნისს დაბრუნდება და აქ გააგრძელებს მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

შეგახსენებთ, რომ აპრილში, ევროპის ჩემპიონატზე უკვე ახალ წონაში გამარჯვების შემდეგ ის ღამის კლუბში ჩხუბისას დაჭრეს. ფალავანს ინგოროყვას კლინიკაში მაშინვე გაუკეთდა ოპერაცია და იქვე გაირკვა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ აქტუალური გახდა სარეაბილიტაციო პერიოდის საკითხი, რამდენ ხანში შეძლებდა ხალიჩაზე დაბრუნებას.

თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა, ყველაზე
აქტუალური მაინც ის კითხვა იყო, მოასწრებდა თუ ვერა აგვისტოს ბოლოს გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადებას. მით უფრო, სერბეთში, კონტინენტის პირველობაზე იმდენად დამაჯერებლად იასპარეზა, ცხადი გახდა, რომ მსოფლიოზეც მედლის მოპოვების კანდიდატი იქნებოდა.

მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ ის სარეაბილიტაციოდ მოსკოვში გაეგზავნათ, თუმცა მერე ამერიკის ვარიანტიც გამოიკვეთა და 2 ივნისს სპორტსმენი დენვერში გაფრინდა, სადაც გააშუქეს, გადაუღეს საჭირო სურათები და საბოლოოდ დადასტურდა, რომ საშიში არათუ სიცოცხლისთვის, სპორტული კარიერისთვისაც არაფერია.

ამერიკელებთან მოლაპარაკებებში თავიდანვე გაირკვა, რომ სარეაბილიტაციო კურსი 25-დღიანი იქნებოდა და ამდენი ხნით დარჩებოდა დენვერში. აქედან გამომდინარე, დათუნაშვილმა უკან დასაბრუნებელი ბილეთი 27 ივნისისთვის დაუკვეთა.

როგორც სპორტსმენის პირადმა მწვრთნელმა ვილიამ ხარაზოვმა გვითხრა, ზურა უკვე დარბის, ველოსიპედითაც დადის და საჭიდაო ილეთების იმიტაციებსაც აკეთებინებენ.

თუმცა, ჯერჯერობით მაინც ძნელია იმის თქმა, როდის განაახლებს ის სრული დატვირთვით ვარჯიშს - ეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა. ამერიკელი ექიმები კმაყოფილები არიან სარეაბილიტაციო პროცესით, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს და სპორტსმენს აიმედებენ, რომ ვარჯიშსაც უპრობლემოდ განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილი წლევანდლამდე 75 კილოგრამში გამოდიოდა, სადაც შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა, 2013 წელს კი თბილისში გამართულ ევროპის პირველობაზე ფინალში გავიდა, მაგრამ დიდი მონდომების მიუხედავად, რუსთა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ რომან ვლასოვთან დამარცხდა.

მან რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზეც იასპარეზა, თუმცა წონის კლებით გამოფიტულმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და თამაშების დასრულებისთანავე არაოლიმპიურ წონაში, 80 კილოგრამში გადაინაცვლა. საბედნიეროდ, ადაპტაცია არ დასჭირდა და ახალ წონაშიც უმალ დამკვიდრდა ლიდერად - ჯერ შიდა შესარჩევ შეჯიბრებებში დაამარცხა მთავარი კონკურენტი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ლაშა გობაძე და სხვა მეტოქეები, აპრილში კი დამაჯერებლად გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე და შეინარჩუნა ტიტული.

ფაქტია, ის ახალ წონაშიც ლიდერად იქცა და წინ არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება ელოდება. მით უფრო, მოარული ხმებით, შეიძლება 80 კილოგრამი ოლიმპიური წონითი კატეგორია გახდეს. ეს ტუზივით დაეცემა დათუნაშვილს, რადგან წონის დაკლება თითქმის არ უწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ქართველო ლომო !
lelo
16:11 16-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული