ქართველი "ბერძენ-რომაელები" და "თავისუფლები" "ჩემპიონებში" იასპარეზებენ

AutoSharing Option
31 მაისს ანკარაში ახალგაზრდა მოჭიდავეთა ტრადიციულად ძლიერი საერთაშორისო ტურნირი - "ჩემპიონები" იწყება, რომელშიც საქართველოდან ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები გამოვლენ.

ბერძენ-რომაელთა გეგმებში ეს შეჯიბრება იმთავითვე იყო გათვალისწინებული, მაგრამ იქ მეორე შემადგენლობის გაგზავნას აპირებდნენ. ახლა კი, რაკი წესები შეიცვალა, ადაპტაციის მიზნით ლიდერების გაშვება გადაწყვიტეს.

ასეც მოიქცნენ, მაგრამ თურმე თურქები ტურნირს ძველი წესებით ატარებენ! არადა, 18 მაისის შემდეგ, რაც ახალი წესების შესახებ გამოცხადდა, ყველა საერთაშორისო შეჯიბრება ასე გაიმართა, მით უფრო - საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში შეტანილები, მაგრამ თურქებმა რატომღაც დინების საწინააღმდეგოდ ცურვა
გადაწყვიტეს.

ჩვენი ახალგაზრდა ბერძენ-რომაელებიდან იქ ირაკლი შავაძე (50), ედნარ შავაძე (55), ხვიჩა ჭითავა (60), ფირუზ წულუკიძე (66), ლაშა გობაძე (74), კუკური კირცხალია (96) და იაკობ ქაჯაია (120) გამოვლენ.

ყველა მათგანი საქართველოს წლევანდელი ჩემპიონია. ეს კი ის სიაა, ვინც ფედერაციამ დააფინანსა, მაგრამ აჭარამ თავისი ხარჯით შმაგი ბოლქვაძეც (66) გაუშვა.

ანკარაში რობერტ ქობლიაშვილსაც (84) უნდა ეჭიდავა, მაგრამ ბოლო დღეებში ვარჯიშზე ხელი იტკინა და შინ დატოვეს. საბედნიეროდ, ტრავმა არაა საშიში და ევროპის მოახლოებულ პირველობაზე გამოსვლაში ხელს არ შეუშლის.

გეგმების ასე მყისიერმა ცვლამ გავლენა ამ გუნდზეც მოახდინა - სავარაუდოდ, თურქეთში შავაძეები, ჭითავა და გობაძე ზედა წონებში გამოვლენ. საქმე ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატი ერთ თვეში, 2-7 ივლისს მაკედონიურ სკოპიეში ტარდება და ამიტომ ახლა წონას არ აკლებინებენ, თუმცა ამ საკითხს მწვრთნელი ზაზა სილაგაძე საბოლოოდ ადგილზე გადაწყვეტს, იქიდან გამომდინარე, ვინ რამდენად შეძლებს დაკლებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული