ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. თასი: ლიდერთა ჩავარდნა, ჩხუბი, ჟურნალისტები და დაცვის ბიჭები

AutoSharing Option
ამ უქმეებზე დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიამ ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა შორის საქართველოს თასს უმასპინძლა, რომელიც მრავალმხრივ საინტერესო შეჯიბრება აღმოჩნდა - იყო ლამაზი ორთაბრძოლები, მოულოდნელი სიურპრიზები, ლიდერთა სუსტი გამოსვლა, ჩხუბი და ჟურნალისტთა ტრადიციული პრობლემა ხელების გადაგრეხის მცდელობის ფონზე...

იმის მიუხედავად, რომ ეს მთავარი და, როგორც ამბობენ, ერთადერთი შესარჩევი შეჯიბრებაა სექტემბერში ბუდაპეშტში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, ტურნირმა მაინც მოისაკლისა რამდენიმე საყურადღებო ფალავანი.

ყველაზე დიდი დანაკლისი მძიმე წონის ლიდერ გურამ ფერსელიძის არყოფნაა - თურმე ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსპრიზიორი სახელფასო ანაზღაურებითაა უკმაყოფილო და ამიტომ არ გამოვიდა. ითქვა მეორე
ვერსიაც, რომ ბოლო დღეებში მოიწამლა.

ძალიან ცუდია, თუ მართლაც პროტესტის გამო არ იასპარეზა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მისი დონის ფალავანი 500-ლარიან ხელფასზე მეტს იმსახურებს.

ასევე, არ უჭიდავიათ ზურაბ კეკელიძეს (55), ლაშა გოგიტაძეს (60) და კიდევ რამდენიმე ისეთ ფალავანს, თავიანთ წონებში ამინდს რომ ქმნიან, თუმცა აქ პროტესტი არაფერ შუაშია.

არც ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები გამოსულან, რომლებიც 30 ივნისს, დილით, მაკედონიაში გაფრინდნენ თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის.

ვეჭვობთ, იმათგან ბევრი შეძლებდა მთლად ჩემპიონობას თუ არა, კვარცხლბეკზე ასვლას მაინც, თუმცა არც გამარჯვება იყო გამორიცხული - აკი იმ გუნდის ორმა ლიდერმა, ედნარ შავაძემ (55) და რობერტ ქობლიაშვილმა (84) უფროსებში საქართველოს ჩემპიონატი უკვე მოიგეს.

ძალიან საინტერესო იქნებოდა მძიმე წონაში იაკობ ქაჯაიას გამოსვლაც, რომელიც ასევე საჩემპიონო კაცი გვგონია. ძალიან ცუდი, მას თუ უფროსებში მსოფლიოზე წასვლის შანსი არ მიეცემა.

ტურნირის მთავარი მესიჯი
საქართველოს თასმა ერთი კარგი ტენდენცია წარმოაჩინა - ამჯერად წარმატება მოიპოვა და წინა პლანზე წამოვიდა ახალგაზრდების მთელი პლეადა, რომლებსაც ასაკობრივ ნაკრებებში სერიოზული წარმატებები ჰქონდათ. მათგან უფროსებშიც "ნათელ მომავალს" ველოდით, მაგრამ მიზეზთა გამო შეფერხდნენ.

მეტიც - ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონები ვასილ იმერლიშვილი და ვლადიმერ ქარჩავა (ორივე - 96) ბოლო წლებში არც ჩანდნენ. დიდად არც ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოსმედალოსანი სერგო დიხამინჯია ჩანდა, რომელიც ამჯერად 96-ში გამოვიდა.

მედალოსანთა შორის სხვაც ბევრია ახალი თაობის წარმომადგენელი, თუმცა ასაკობრივებიდან შედარებით ნაცნობები, აი, ბათუმელი ნიკა კელასოვი და თბილისელი შალვა ხაჩიძე (ორივე - 84) პირველად ავიდნენ ასეთ სოლიდურ კვარცხლბეკზე.

ლიდერთა ჩავარდნა

რატომღაც ისე მოხდა, რომ ევროპის წლევანდელი პირველობის მედალოსნები თუ მონაწილეები სუსტად გამოვიდნენ - ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ გეგეშიძე (84) პირველივე წრეში მომავალ ჩემპიონთან, ქუთაისელ გიორგი ცირეკიძესთან გაფრთხილების ხარჯზე დამარცხდა, რაც, ალბათ, ტურნირის მთავარი მოულოდნელობა იყო; ევროპის მეორე ვიცე-ჩემპიონი - ზურაბ დათუნაშვილი (74) ამაზე შორს კი წავიდა და ნახევარფინალამდეც მიაღწია, მაგრამ იქ მომავალ ჩემპიონ ილია გულბათაშვილთან დამარცხდა (არადა, პირველ ორ შეხვედრაში ლაშა ლოლაშვილსა და დავით კუჭაშვილს 8:0 სძლია, გიორგი ჯავახიას 2:0 მოუგო, მაგრამ გულბათაშვილი ამჯერად უფრო ძლიერი აღმოჩნდა); მანუჩარ ცხადაია მეორე შეხვედრაში თორნიკე ძამაშვილთან დამარცხდა (0:3; 0:2).

ალბათ, 55-შიც ბაჩანა ფუტკარაძესა და გიზო მელაძეზე მეტად უფრო სხვათა ფინალისტობას ველოდით - ფავორიტებად ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ბათუმელი ნიკა ცეცხლაძე (რომლის დაქუხებასაც სპეციალისტები აქამდეც ელოდნენ, მაგრამ ეს დრო არც ახლა დადგა), ქუთაისელები - დავით სანიკიანი და გიორგი გვენეტაძე (თუმცა ეს კარგა ხანია, აჭარის ნაკრებში გამოდის) მიიჩნეოდნენ, მაგრამ რიონისპირელები პრიზიორებშიც ვერ მოხვდნენ.

ამ სამეულიდან სანიკიანი გვენეტაძესთან დამარცხდა, დანარჩენებს კი მომავალმა ჩემპიონმა ფუტკარაძემ მოუგო.

იაკობ ქაჯაიას არყოფნის მიუხედავად, ალბათ, სპეციალისტები მძიმე წონაშიც მოვლენათა სხვაგვარ განვითარებას ელოდნენ.

ყოველ შემთხვევაში, ძნელად რომ ვინმეს ეფიქრა ქუთაისელი ძმების - სერგო და შოთა გოგისვანიძეების უმედლოდ დარჩენა.

ეგ კი არა, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ შოთას სანუგეშოში გადასვლის შანსიც არ მიეცა - პირველივე შეხვედრაში ბექა კანდელაკთან 0:3 დამარცხდა.

სერგომ ორი შეხვედრა წააგო - ძირითადში მომავალ ფინალისტ ვლადიმერ ქარჩავასთან ასევე 0:3, დამამშვიდებელში კი კიდევ ერთ ოზურგეთელ სამუკა დარჩიასთან.

ფრიად მოულოდნელი იყო მძიმე წონაში ქარჩავასა და სოსო ჯაბიძის გამოჩენა - დღემდე ორივე 96-ში გამოდიოდა და ოზურგეთელი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია, ბაღდათელი - უფროსებში ევროპის პრიზიორი.

ცხადია, ლიდერთა წაგების ზუსტ მიზეზებს ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი წესების შემოღების შემდეგ სიურპრიზები სხვა ქვეყნებში ჩატარებულ ტურნირებზეც ვიხილეთ.

ერთი შეხედვით, ისეთიც თითქოს არაფერია, ალღო ვერ აუღონ, მაგრამ ეტყობა, გადაწყობას მაინც სჭირდება გარკვეული დრო, პრაქტიკა... თუმცა დათუნაშვილი და ცხადაია გადაღლილებიც ჩანდნენ.

განსაკუთრებით - ცხადაია, რომელიც დაახლოებით 80 კილოგრამიდან იკლებს. არადა, მარტში ევროპაზე 66-ში იჭიდავა!

ფავორიტებიდან იმიჯი ყველაზე მეტად რევაზ ლაშხმა (60) და საჩინო დავითაიამ (66) გაამართლეს, თუმცა 60-ისგან განსხვავებით, 66-ში დავითაიას სერიოზული მოცილე ჰყავს - ფირუზ წულუკიძე, რომელიც ამჟამად სკოპიეშია.

მართალია, დავითაია საქართველოს წლევანდელი ჩემპიონიცაა, მაგრამ სათვალავიდან ამოსაგდები არც წულუკიძეა მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე; აი, ლაშხს ასეთი კონკურენტი არავინ უჩანს წონაში, ოღონდ თვითონაც თუა ოპტიმალურ ფორმაში.

ევროპის პირველობისგან განსხვავებით, ის ამ შეჯიბრებას მომზადებული შეხვდა და გაანადგურა მეტოქეები - რამაზ სურმანიძეს 7:0 მოუგო, მამუკა მიქელაძეს - 8:0, ფინალში კი თავადაც კარგად მოჭიდავე თორნიკე თურქიშვილი იოლად ჩაიყვანა ჩოქბჯენში და ძალზე თავისუფლად, უპრობლემოდ ატრიალა ორივე მხარეს, სანამ პირველივე წუთზე ანგარიში 7:0 არ გახადა.

დავითაიას მთლად ასე ცალი ხელით არ მოუგია, მაგრამ არც დიდად გასჭირვებია. ვფიქრობთ, მისთვის ყველაზე დაძაბული მაინც ფინალი იყო, სადაც საქართველოს ჩემპიონატის მსგავსად, ამჯერადაც მარადი აბულაძეს აჯობა, თუმცა ახლა შედარებით გაუჭირდა და გამარჯვებას მხოლოდ გაფრთხილებების ხარჯზე მოპოვებული ორი ქულით მიაღწია.

60 კილოგრამში ყველაზე დაძაბული ახალგაზრდებში ევროპის 2009 წლის ჩემპიონ მინდია წულუკიძისა (ოღონდ მაშინ 50 კილოგრამში გამოდიოდა) და იმავე ტურნირის ვერცხლისმედალოსან არჩილ თურმანიძის მეოთხედფინალური პაექრობა გამოდგა, რომელიც ბარე ნახევარ საათს გაგრძელდა.

ასეთი "საჭიდაო მარათონი" ცალკე მსაჯების შეცდომებმა, ცალკე კი ტრავმებმა გამოიწვიეს - სპორტსმენებს ექიმთა დახმარება ხშირად და ხანგრძლივად სჭირდებოდათ.

ორივე სპორტსმენი აჭარის ნაკრებიდანაა, რამაც ემოციების მოთოკვაში გადამწყვეტი როლი კი ითამაშა, მაგრამ მწვრთნელები მსაჯებს მაინც ხშირად ეკამათებოდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ.

საბოლოოდ ეს მარათონი თურმანიძემ მოიგო, მაგრამ მაინც უმედლოდ დარჩა - ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სამტრედიელ გოგიტა გოგიბერაშვილთან წააგო.

ჩხუბი, ჟურნალისტები და დაცვის ბიჭები
ტურნირის ყველასათვის უსიამოვნო მოვლენა ხელჩართული ჩხუბით დასრულებული 84 კილოგრამის ფინალი გამოდგა ცირეკიძესა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ რევაზ ნადარეიშვილს შორის.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად მიდიოდა, თუმცა ილეთის გაკეთებას ვერც ერთი ახერხებდა. უფრო აქტიური ცირეკიძე ჩანდა, რომელიც ფიზიკურად აღემატებოდა კონკურენტს.

ერთ-ერთ ეპიზოდში ცირეკიძემ მეტოქეს სახეში ხელი მიარტყა თუ მოუხვდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ შეგნებულ უხეშობას არ ჰგავდა და თან მსგავსი ფაქტი ლამის ყოველ შეხვედრაში ხდება.

არც ნადარეიშვილს ეტყობოდა რამე განსაკუთრებით გაბრაზებულისა, თუმცა განახლდა თუ არა შეხვედრა, თავით იმდენად ძლიერად ჩაარტყა მეტოქეს, ქუთაისელი ფალავანი მოწყვეტით დავარდა ლეიბზე.

აი, ეს ეპიზოდი კი უკვე ნამდვილად არ ჰგავდა შემთხვევითს და მსაჯებმაც მყისვე მოხსნეს ნადარეიშვილი.

სხვათა შორის, მას ეს არც გაუპროტესტებია, პირიქით, მეტოქეს ხელი ჩამოართვა, მოუბოდიშა და გადაეხვია კიდეც.

ყველას ეგონა, რომ ინციდენტი ამით დასრულდა, მაგრამ საქმეში მისი ერთ-ერთი მწვრთნელი ჩაერია, რომელმაც მსაჯებსა და მეტოქის მწვრთნელებზე გინებ-გინებით გაიწია, რასაც პირველი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ეს იყო და დარბაზმა ერთბაშად იხუვლა, მაყურებელი ლეიბზე გადავიდა და იქ უკვე ქარბორბალა დატრიალდა.

ყველაზე მეტი ჩხუბის ამტეხს მოხვდა, თუმცა კიდევ კარგი, შაბათს დარბაზში ბევრი ქომაგი არ იყო, თორემ კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა...

ასეთი მოჩხუბრები საერთოდ არ უნდა შემოუშვა დარბაზშიო, ბობოქრობდა მსოფლიოს ჩემპიონი მიხეილ სალაძე, რომელმაც რამდენიმე ვეტერანთან ერთად დიდი როლი შეასრულა ინციდენტის ამოწურვაში, თუმცა მტყუან-მართალის ხმამაღალი ყვირილის თანხლებით გარჩევა გასახდელებსა და შენობის სხვა ფლიგელებში კიდევ კარგა ხანს გრძელდებოდა.

ვფიქრობთ, სავსებით სამართლიანია მისი შენიშვნა, რომ მოჩხუბართა კასტაზე რაღაც შეზღუდვებია დასაწესებელი - საფეხბურთო მატჩებზე თუ ხდება ეს, რატომ არ შეიძლება ჭიდაობასა და ძიუდოზე? იქაც ხომ ძირითადად ერთი და იგივე ხალხი არღვევს წესრიგს?

ეს ინციდენტი როგორღაც კი ჩააცხრეს, მაგრამ აქ უკვე მოვლენათა ეპიცენტრში ჟურნალისტები აღმოვჩნდით - როგორც მერე დავადგინეთ, დარბაზში წესრიგის დასაცავად საგანგებოდ მოყვანილმა პიროვნებებმა "მსოფლიოს სპორტის" ფოტორეპორტიორ ლაშა კუპრაშვილს... ჩხუბის ამსახველი კადრების წაშლა მოსთხოვეს!

ისინი არა დაცვის ოფიციალური სამსახურის წარმომადგენლები, არამედ დარბაზში ყოველი შემთხვევისთვის, "ვაიდა, რამე მოხდეს და დაგვჭირდეთ" პრინციპით მოყვანილი ექსმოჭიდავეები აღმოჩნდნენ.

ცხადია, კოლეგას დარბაზში მყოფი ორიოდე ჟურნალისტი მყისვე გამოვექომაგეთ, მაგრამ ჩვენი პროტესტი ვერაფერს უშველიდა, საქმეში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე რომ არ ჩარეულიყო - მისმა კატეგორიულმა მოთხოვნამ ეს ინციდენტიც გაანეიტრალა.

კვარცხლბეკი
55 კგ. 1. ბაჩანა ფუტკარაძე; 2. გიზო მელაძე; 3. ნიკა ცეცხლაძე (სამივე - აჭარა), გიორგი ლომინაძე (ოზურგეთი).
60 კგ. 1. რევაზ ლაშხი (ბორჯომი); 2. თორნიკე თურქიშვილი (მარტყოფი); 3. ირაკლი ჭოჭუა (თბილისი), რამაზ სურმანიძე (აჭარა).
66 კგ. 1. საჩინო დავითაია (სენაკი); 2. მარადი აბულაძე; 3. უჩა შავაძე (ორივე - აჭარა), გოგიტა გოგიბერაშვილი (სამტრედია).
74 კგ. 1. ილია გულბათაშვილი (თბილისი); 2. უშანგი ჩიტიაშვილი (გარდაბანი); 3. გიორგი დათუნაშვილი (თბილისი), გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი).
84 კგ. 1. გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი); 2. რევაზ ნადარეიშვილი; 3. შალვა ხაჩიძე (ორივე - თბილისი), ნიკა კელასოვი (აჭარა).
96 კგ. 1. ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი); 2. ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო); 3. ბექა როყვა (ოზურგეთი), სანდრო დიხამინჯია (თბილისი).
120 კგ. 1. ლევან არაბული (თბილისი); 2. ვლადიმერ ქარჩავა; 3. სამუკა დარჩია (ორივე - ოზურგეთი), სოსო ჯაბიძე (ბაღდათი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საიდან იგონებთ,ან ვინ გაწვდით
ამ სულელურ ინფორმაციებს.ძმებს,გოგისვანიძეებს ფეხის ტრამვა აქვთ ორივეს და არცერთს არ უჭიდავიათ ეს შეჯიბრი.
zaqro
17:53 01-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული