საქართველოს და საკავშირო ნაკრებ გუნდებში დათო დავითაიას, ვიქტორ იგუმენოვის, გენადი საპუნოვისა და შამილ ხისამუტდინოვის მეთვალყურეობით იმაღლებდა ოსტატობას.
თანატოლებში 1970 წელს საქართველოს ჩემპიონმა 1971 წელს მოსწავლეთა რესპუბლიკური და საკავშირო სპარტაკიადები მოიგო. 1976 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს მსოფლიოს უნივერსიადაზე გაიმარჯვა. 1978 წლის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა 1980 წელს ევროპის ჩემპიონატსა და მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე
1982 წლის მსოფლიოს თასის მფლობელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ვახტანგ ბლაგიძე ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენის კავალერი და "სპორტის რაინდია". ამას წინათ ოზურგეთში ოლიმპიური ჩემპიონის ვარსკვლავი გაიხსნა.
ვახტანგ ბლაგიძე რედაქციაში გვეწვია და ჩვენთან საუბარი ყრმობის წლების გახსენებით დაიწყო.
- ორი წლის ვიყავი, ჩოჩხათიდან ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში რომ გადავედი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად. მამა ადრე დამეღუპა და უფროსმა ძმამ - ზაურმა გაგვზარდა მე და გივი, ჩემი მეორე ძმა.
მაშინ რაიონში პოპულარულები იყვნენ ჩვენი თანასოფლელები - ელგუჯა დარჩია და გონერ ჩხარტიშვილი - ცნობილი ფალავნები. ოზურგეთში მათს ორთაბრძოლებს რომ ვესწრებოდი თანატოლებთან ერთად, სურვილი გამიჩნდა ჭიდაობაზე მევლო.
საიდუმლო გონერს გავანდე, მან კი მიხეილ თავართქილაძესთან მიმიყვანა. სოფლის შრომას მიჩვეულს ვარჯიში არ მეზარებოდა - ჩემი სახლიდან დარბაზამდე 12 კილომეტრი იყო.
ხშირად მივლია ფეხით, რადგან ზოგჯერ ავტობუსის ფულიც არ მქონდა. განსაკუთრებით ზამთრობით მიჭირდა: ადრე ღამდებოდა, გორები უნდა გადამევლო და ტურების მეშინოდა.
ამიტომ დროდადრო მეგობრებთან - ზურაბიანებთან ვრჩებოდი. ისინიც ჭიდაობდნენ და ნახევრად მათს ოჯახში გავიზარდე. გზასავალი რომ შეემსუბუქებინათ, ბიჭებმა ველოსიპედის ნაწილები შემიგროვეს და ჩემი ხელით ავაწყვე "რკინის რაში".
მერე ვარჯიშებზე სიარული გამიადვილდა. 16 წლის ვიყავი, რაიონულ პირველობაზე ტრავმირებულმა რომ ვიჭიდავე. ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევდი - ჩემპიონობა რომ არ მომეპოვებინა, უფროსი ძმა ვარჯიშებზე აღარ გამიშვებდა.
ოჯახის მთელი სიმძიმე მას აწვა მხრებზე და, ცხადია, დამხმარე სჭირდებოდა. შინ პირველი ადგილის დიპლომითა და მედლით რომ დავბრუნდი, ზაურს გაუხარდა და მერე ხელსაც კი მიწყობდა, ვარჯიშები აღარ გამეცდინა.
1971 წელს მოსწავლეთა საქართველოს სპარტაკიადა რომ მოვიგე, დათო დავითაიას ინიციატივით, სავარჯიშოდ თბილისში გადმომიყვანეს.
ბატონი დათო მაშინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო; იმავე წელს ალმატიში მოსწავლეთა სპარტაკიადის ჩემპიონი გავხდი. 1973 წელს სწორედ დათო დავითაიას ხელმძღვანელობით "კლასიკოსებმა" ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი ევროპის თასი მოვიგეთ ბულგარეთში.
მაშინ გუნდში ჩემთან ერთად გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფალავნები, როგორებიც იყვნენ: მიხეილ სალაძე, თეიმურაზ აფხაზავა, ესტატე გოგლიჩიძე, ბაქსან ლეკვეიშვილი, თამაზ ბაბუხადია, ავთანდილ მაისურაძე, თამაზ მაჭარაშვილი, რაიდ აბრამიშვილი, მერაბ ხუხუა. ეს იყო ქართული საჭიდაო სკოლის უდიდესი წარმატება. მსგავსი შედეგი სამი წლის შემდეგაც გავიმეორეთ.
- საკავშირო ჩემპიონატზე პირველად როდის იჭიდავეთ?
- 1976 წელს, ულიანოვსკში. 52 კილოში გამოვედი, ხუთი ორთაბრძოლა მოვიგე, მეექვსეში შატუნოვთან ქულით დავმარცხდი და მესამე ადგილზე გავედი. მომდევნო წელს ტრავმის გამო საკავშირო პირველობაზე ვერ ვიჭიდავე. ნაკრებში მოსახვედრად ბულგარეთში პეტროვის სახელობის ტურნირზე გამგზავნეს.
ყველა მეტოქე ისე დავამარცხე, ქულაც არავისთვის დამითმია. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლიმპიური ჩემპიონი ხისამუტიდინოვი მენდო და მსოფლიოს უნივერსიადაზე მაჭიდავა, ისევ ბულგარეთში. მე და თემურ აფხაზავა ჩემპიონები გავხდით.
- თქვენთვის, ალბათ, ყველაზე ძვირფასი, ოლიმპიური თამაშების მოგება იყო.
- რა თქმა უნდა. მაგრამ აქვე 1978 წელიც მინდა გავიხსენო - ევროპაც მოვიგე და მსოფლიოც.
კონტინენტის პირველობის ფინალში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონს, უნგრელ რაცს ვძლიე, მსოფლიოზე კი, ასევე, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი რუმინელი ჯინგა დავამარცხე. გონგამდე 6 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო.
დარჩენილ დროში ქულა რომ არ ამეღო, რუმინელი გახდებოდა ჩემპიონი. არადა, 9-წუთიანი შერკინებით ისე ვიყავი დაღლილი, სუნთქვა მიჭირდა. ჯემალ მეგრელიშვილმა დამიყვირა - ქულა გჭირდებაო. არც დამიხანებია - წელში შევუვარდი მეტოქეს, ხალიჩას დავანარცხე და დავატრიალე. საბოლოოდ 3 ქულით ვაჯობე და ჩემპიონობა მოვიპოვე.
რაც შეეხება მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს, იქ მოსახვედრად დიდი გამოცდა გავიარე. ერთი კონკურენტი მყავდა - კამილ ფატკულინი, რომელმაც 1979 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი რაცთან დათმო. იმ წელიწადს ტრავმის გამო არ მიჭიდავია.
ამის მიუხედავად, მწვრთნელები პირველ ნომრად მიმიჩნევდნენ, მაგრამ ეს უნდა დამემტკიცებინა. და აი, 1980 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა ჩეხეთში. ექვსი შეხვედრა გავმართე და ყველა წმინდად მოვიგე.
ფინალში რაცი დავამარცხე. ამის შემდეგ ოლიმპიადაზე ჩემი მოხვედრა სათუო აღარ გამხდარა.
ერთმა ფაქტმა მაინც მატკინა გული: მე და თემურ ყაზარაშვილი ერთად ვემზადებოდით 1980 წლის თამაშებისთვის. იგი უკვე ირიცხებოდა ოლიმპიურ გუნდში, რადგან საკონტროლო შეხვედრები 1976 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ უშმაკოვსაც მოუგო.
მაშინ საკავშირო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო კოლოსოვი, წარმოშობით ყაზახეთიდან. მან ყაზარაშვილი ამოაგდებინა შემადგენლობიდან და თანამემამულე ჯაქსალ უშკიმპიროვი ჩასვა. ის კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. თემურს მისთვისაც მოგებული ჰქონდა საკონტროლო შეხვედრები. დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვში ყაზარაშვილიც მოიგებდა ოლიმპიადას.
- მოსკოვის ბატალიებს უფრო დაწვრილებით ხომ ვერ გაიხსენებდით?
- ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში რუმინელ ჯინგას ვძლიე წმინდად, ფინალში ტრადიციულ მეტოქე რაცს დავუპირისპირდი. შეხვედრამდე კარგა დრო იყო დარჩენილი. პოლონელმა სუპრუნმა, რომელიც 68 კილოში ჭიდაობდა, მითხრა - რაცი ახლა ჩვენთან ტრაბახობდა, ბლაგიძე უნდა დავამარცხოო.
მოსათელ დარბაზში ისვენებსო. სათადარიგო დარბაზში შევედი. რაცი ხალიჩაზე წამოწოლილიყო. იქვე კუთხეში სპორტსმენები ჩაის და ყავის რიგში იდგნენ, არ მომრიდებია, ჯიქურ მივადექი დახლს, ქალებმა უარი მითხრეს - რიგში ჩადექიო, მეტიც არ მინდოდა - გაბრაზებულმა ზედ რაცის თავზე კედელზე გავირბინე.
არ დამავიწყდება გაოგნებული მეტოქის ფართოდ გახელილი თვალები. იქაურობა დავტოვე. ბატონი ჯემალ მეგრელიშვილი გამიბრაზდა - რამ გაგაგიჟა, ეს რა გააკეთე, ტრავმა რომ მიგეღო, რას შვრებოდიო, მითხრა. არადა, მას ნანახი ჰქონდა ჩემი ასეთი "გარბენები" ვარჯიშებისას. მერე შევიტყვე, ბატონ ჯემალს კედელზე თურმე ჩემი 12 ნაფეხური დაუთვლია.
ფინალში საჭიდაოდ რომ გვიხმეს, შევნიშნე, რომ რაცს მუხლები უცახცახებდა. მივხვდი, რომ გადამწყვეტი ორთაბრძოლა მოგებული მქონდა. მართლაც, 19:1 გავიმარჯვე და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი. სარბიელიდან გამოსვლის წინ პირჯვარი გადავიწერე და ხალიჩას სამჯერ ვაკოცე. ეს ჟესტი ძვირად დამიჯდა.
დაჯილდოების შემდეგ უცხო პირები მოვიდნენ და მთელი ამბავი გადამხდა. ჩემი სამომავლო კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მაინც არ ვნანობ მაშინდელ საქციელს, რადგან ის გამარჯვება უფლის ნებაც იყო.
- კი მაგრამ, თქვენ ხომ მომდევნო წელს მსოფლიოზეც იჭიდავეთ?
- დიახ. ჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე გამოვედი როსტოვში. რადგანაც საკავშირო სპორტკომიტეტში ცერად მიყურებდნენ, ნაკრებში სომეხ ბენურ პაშაიანის მიწვევას აპირებდნენ. ჩემს მხარეს იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გენადი საპუნოვი. ვინც საკავშირო ჩემპიონატს მოიგებს, მსოფლიოზეც ის წავაო, თქვა, თან შემაგულიანა, რადგან კარგი ურთიერთობა გვქონდა.
ფინალში სწორედ მე და ბენური შევხვდით ერთმანეთს. წუთ-ნახევარში 12 ქულა ავართვი და ოქროს მედალი მოვიპოვე.
საპუნოვმაც სიტყვა შეასრულა - ზემოდან დიდი წნეხის მიუხედავად, მსოფლიოს ჩემპიონატზე წამიყვანა ნორვეგიაში, სადაც მე და მიხეილ სალაძე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავედით.
ექვსი ორთაბრძოლა მოვიგე და ყველას ერთად 6 წუთი მოვანდომე. ფინალში იაპონელს ვძლიე 40 წამში.
როდესაც გვაჯილდოებდნენ, უშიშროების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უთქვამს - ის კიდევ ჭიდაობსო. დიდი სარბიელისკენ გზა გადამიკეტეს, თუმცა საპუნოვმა 1982 წელს კიდევ ერთხელ მიხმო ნაკრებში მსოფლიოს თასზე საასპარეზოდ. მაშინაც ფინალში რაცს მოვუგე. თანაც ბუდაპეშტში - 12:0.
ამის შემდეგ საპუნოვმა მითხრა - პირჯვარის გადაწერას გაპატიებენ და ნაკრებში დაგაბრუნებენ, საცხოვრებლად მოსკოვში თუ გადმოხვალ და რუსეთის სახელით იჭიდავებო. დაუფიქრებლად უარი ვტკიცე. იმ წელიწადს მსოფლიოზე არ წამიყვანეს. ვიცოდი, რომ გზას არ გამიხსნიდნენ, ამიტომ ჭიდაობის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა და დიდ სპორტს ჩამოვშორდი. ერთი წლის შემდეგ მკლავის ოპერაცია გავიკეთე.
იარა წესიერად არც მქონდა მოშუშებული, რომ ჟიული შარტავამ მთხოვა, საქართველოს სჭირდება და საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე უნდა გამოხვიდეო. ხათრი ვერ გავუტეხე, ვიჭიდავე და ბრინჯაოს მედალიც ავიღე. მეტი აღარც გავსულვარ ხალიჩაზე.
- ახლა რას საქმიანობთ?
- ამჟამად გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრის სპორტის განყოფილების უფროსი ვარ. შვიდი სახეობის სპორტსმენები ვარჯიშობენ ჩვენთან. კარგი თაობა მოდის. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი საერთაშორისო სარბიელზე გვასახელებს.
ერთიც მინდა აღვნიშნო: ხშირად ვესწრები რეგიონებში შეჯიბრებებსა და ვარჯიშებს. უამრავ ნიჭიერ მოზარდს შევხვედრივარ. ბევრს სოციალურად უჭირს, ამიტომ სპორტს ანებებს თავს და ვკარგავთ ტალანტებს.
უწინ გლდანის სასპორტო სკოლა-ინტერნატი არსებობდა, რომელსაც ჩემნაირი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დიდი სარბიელისკენ გზა გაუხსნია. თუ ეს ინტერნატი აღდგება, მერწმუნეთ, ერისთვის საშვილიშვილო საქმეს გავაკეთებთ - ტალანტებს ერთჭერქვეშ მოვუყრით თავს და წარმატებებიც იმრავლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"