"ლუკა კაცურად არ გადამდგარა", - მოჭიდავეთა პასუხი სოსო ჯაჭვლიანს

AutoSharing Option
ამა წლის 8 დეკემბერს გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას ინტერვიუ სოსო ჯაჭვლიანთან. ამ წერილში ბატონი სოსო საუბრობს საჭიდაო სამყაროს წარმომადგენელთა მისამართით უკიდურესად უარყოფითად. ამან, შესაბამისად, გამოიწვია უკმაყოფილება ჩვენს შორის.

ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ ბატონ სოსოს, მის წარსულს და დღემდე თავს ვიკავებდით მის მიერ გაზეთ "ალიაში" ამას წინათ გამოქვეყნებული, ასევე ჩვენთვის შეურაცხმყოფელი სტატიის კომენტარისაგან.

მაგრამ, ეტყობა უპასუხოდ დატოვებულმა წინა სტატიამ წაახალისა ბატონი სოსო და მანაც გააგრძელა მოჭიდავეთა საზოგადოების შეურაცყოფა.

ამიტომ გადავწყვიტეთ პასუხი გავცეთ მის ბრალდებებს და საზოგადოებას გავაცნოთ ამ ადამიანის
ინტერვიუში ჩამოყალიბებული აზრების აბსურდულობა.

1. ჟურნალისტმა სათაურში გამოიტანა სოსოს სიტყვები - "ლუკა კურტანიძეს ვერავინ გადააყენებდა, მაგრამ თქვა - არ მინდა, ჩემს გამო ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს დისკომფორტი შევუქმნათო. Aამიტომ ადგა და წავიდა - ღირსეულად და კაცურად!".

სინამდვილეში ლუკა კურტანიძე თავისი ნებით არ წასულა. რეალობა იყო შემდეგნაირი: ლუკა კურტანიძე სხდომამდე 2 დღით ადრე შეუთანხმდა პრეზიდიუმის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს რომ მიეცათ მისთვის საშუალება თვითონ გადამდგარიყო და ღირსეულად წასულიყო. ამ წინადადებას ყველამ დაუჭირა მხარი. უფრო მეტიც, აღვუთქვით, რომ იგი ჩვენს გვერდით იქნებოდა და მნიშვნელოვან საქმეებსაც გაუძღვებოდა.

შედგა პრეზიდიუმის სხდომა, ვუსმინეთ მის სიტყვას ბოლომდე და გავიგეთ, რომ იგი კიდევ 3 თვე არ აპირებდა გადადგომას. მან თავისი სიტყვები შემდეგი ფრაზით დაამთავრა - "ხაზს ვუსვამ! მე არსად არ ვდგები, არსად არ გადავდგები, პირიქით მე ესტაფეტას გადავცემ იმ ადამიანს, ვისაც 26 თებერვალს ერთად ავირჩევთ."

ჩვენ კიდევ ერთხელ დავრჩით მოტყუებული ლუკას მხრიდან. შედეგად 33 კაციდან მისი გადაყენების წინააღმდეგი იყო მხოლოდ 4.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ძალიან გვინდოდა, ლუკა "ღირსეულად და კაცურად არ გადამდგარა".

სამწუხაროდ, ჭიდაობის სამყაროს აბსოლუტურმა უმეტესობამ იგი გადააყენა პრეზიდენტობიდან იმის გამო, რომ ამის გადაუდებელი აუცილებლობა იყო მისი არადამაკმაყოფილებელი საქმიანობიდან გამომდინარე.

2. ჯაჭვლიანი წერს: "ლუკა კურტანიძეს დაუპირისპირდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხმა არაფერზე ამოუღიათ და ქვეყნის დაქცევას გულხელდაკრეფილები შესცქეროდნენ! საერთოდ ვინც სააკაშვილის დროს ჩუმად იყო, პირადად მე ყველას სააკაშვილისტად ვთვლი!".

საინტერესო ლოგიკაა. ბატონ სოსოს ვგონებ ავიწყდება, რომ სააკაშვილის არჩევა მოხდა საქართველოს ამომრჩეველთა 95%-იანი მხარდაჭერით. მისი იმედი ჰქონდათ. უყურეს, უყურეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იგი არ იყო ის, ვინც ეგონათ. ზოგმა ხმამაღლა გამოთქვა ეს, ზოგიც უხმოდ დაუპირისპირდა მას. ვისაც როგორ შეეძლო. შემდეგ ყველა ერთად მივედით საარჩევნო ყუთთან და გავისტუმრეთ იგი დამსახურებისამებრ.

სხვათა შორის, მაშინ როცა ნაციონალების ბოგინის დროს ვალერი გელაშვილის ორგანიზაციას "ევრას" ვიცავდით იქ შევარდნილი ფინანსური პოლიციისაგან და სხვა იმდროინდელი სამთავრობო "ყაჩაღებისაგან", იმ დროს ბატონი სოსო არ გამოჩენილა, ბატონი ლუკა კი, რომელსაც ასე თავგამოდებით იცავს, სწორედ რომ "კაცურად" მხარში ედგა პრეზიდენტ სააკაშვილს.

ჩვენთვის ყველასთვის უამრავ პატივსაცემ ადამიანებსაც გულწრფელად სჯეროდა და მხარს უჭერდნენ ნაციონალებს და შემდეგ მათი ქმედებების შემყურეებმა შეიცვალეს აზრი. ადამიანები ვართ და შეცდომა ყველამ შეიძლება დავუშვათ. ამიტომ, სოსოს ვთხოვდი თავი შეიკავოს ადამიანთა იმ დიდი რაოდენობის შეურაცყოფისაგან, ვინც უჩუმრად მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი და ნაცრეჟიმი გაისტუმრა არჩევნების გზით.

3. ბატონი სოსო წერს: "ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დროს ლუკა კურტანიძის საპირწონედ იგივე "ოცნებამ" დააყენა გეგა გეგეშიძის კანდიდატურა, გეგეშიძის, რომელიც სააკაშვილის დროს ზონდერობაშია შემჩნეულიო".

ეს არის კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება. ამას წინათ იგივე სოსო ჯაჭვლიანმა გაზეთ "ალიაში" 2-ჯერ ზედიზედ გამოაქვეყნა ე.წ. "ზონდერი" მოჭიდავეების გრძელი სია. ყველას დაგვაინტერესა და წავიკითხეთ. ჩვენს გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა, როცა ამ სიაში ძირითადად აღმოვაჩინეთ 70-80 წლის ჭიდაობის ღვაწლმოსილი მწვრთნელები. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე არ აღემატება 1.60 მეტრს და წონა 55 კგ-ს!!!

რაღა გვექნა, ბევრი ვიცინეთ. პასუხის გაცემაც არ ჩავთვალეთ საჭიროდ. ნამდვილი მიზეზი კი ამ იარლიყის მიკერებისა ის იყო, რომ სოსომ მერიიდან ამოიღო სია, რომლის მიხედვითაც ამ შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს მწვრთნელობისათვის მერიდიან, ნაციონალების დროს, ეძლეოდათ დახმარება 500 ლარის ოდენობით. მანაც აიღო და გვარების გადაუმოწმებლად შეაჩეჩა გაზეთს ეს სია.

ამჯერად, სოსომ გაითვალისწინა "შეცდომა" და მიზანში ფიზიკურად ძლიერი, ტანად მოზრდილი გეგეშიძე ამოიღო. სულ არ ადარდებს ის ამბავი, რომ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. არ ადარდებს არც უდანაშაულობის პრეზუმციის საკონსტიტუციო ნორმა. არადა საქართველოს პარლამენტის წევრია, ჩვენი მხარდაჭერილი "ოცნების" ერთერთი თვალსაჩინო სახეა.

წესით მაგალითს უნდა გვაჩვენებდეს, თუ როგორი უნდა იყოს თანამდებობის პირი: თავშეკავებული, კანონმორჩილი, სამართლიანი. ეჰ!!! სოსო, სოსო.

4. შემდეგ ბრალდებაში სოსო აღნიშნავს, რომ თურმე ლუკა კურტანიძეს მხოლოდ მუსიკის ქვეშ ვარჯიშების ჩატარებას და დარბაზში ლეიბზე ჭიდაობისთვის შევედავეთ.

აქაც არ ამბობს სიმართლეს. ლუკას წინააღმდეგ სამეთვალყურეო საბჭომ მისი საქმიანობის ნაწილობრივი შესწავლის პირობებშიც კი 40 ბრალდება წაუყენა. ვფიქრობთ სოსოს არც კი წაუკითხავს ეს დოკუმენტი.

ჩვენ სპეციალურად ვიკავებთ თავს მისი გასაჯაროებისაგან. იმიტომ, რომ გვრცხვენია, რომ ვიტანდით ამას და ლუკასაც ვუფრთხილდებით.

მხოლოდ ერთს ავღნიშნავთ: საქართველოს ნაკრები გუნდების მთავარ სპორტულ ბაზას, სადაც ყოველდღიურად სპორტსმენების ცენტნერობით ოფლის ოხშივარი დგას ვენტილააციის არარსებობის გამო, მხოლოდ ერთი შხაპი ჰქონდა შერჩენილი და ცხელი წყალიც არ იყო საკმარისი. ნაკრების ერთდროულად მოვარჯიშე 70-80 კაცის უმრავლესობა 21-ე საუკუნეში ვარჯიშის შემდეგ შხაპს ვერ იღებდა, ან ცივ წყალში ბანაობდა.

იქნებ ბატონმა სოსომ გვიპასუხოს, რას აკეთებდა ამ დროს მისი ქებული ლუკა, რომლის პირდაპირი ვალდებულება იყო ელემენტარული პირობების შექმნა ნაკრები გუნდის წევრებისათვის? რატომ არ ადარდებდა თვეებისა და წლების განმავლობაში ეს პრობლემა?

5. შემდეგში ბ-ნი ჯაჭვლიანი გვარწმუნებს, რომ ფედერაციის ბიუჯეტში ლუკამ ნახევარ მილიონამდე ლარი დატოვა.

ამჯერად, დიდი ტყუილისა და პატარა სიმართლის ნაჯვარია ამ გამონათქვამში. 2013 წელს თბილისში მართლაც ჩატარდა 2011 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი, რომლის ჩატარების უფლების მოპოვებასთან ლუკა კურტანიძეს არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

ამ ჩემპიონატზე მასპინძელი ქვეყნის ფედერაციას საერთაშორისო ფედერაციის წესებისამებრ, ავტომატურ რეჟიმში შეუვიდა 600 000 ლარზე მეტი. ამ თანხიდან ლუკა კურტანიძემ დახარჯა 250 000 ლარზე მეტი. 350 000 ლარი კი პრეზიდიუმის დაუკითხავად, ე.ი. სრულიად უკანონოდ ა.წლის აგვისტოში ერთი წლით ასესხა ერთერთ შპს-ს. ასესხა ისე, რომ უკან დაბრუნების არავითარი გარანტიები არ გააჩნია. თუ ეს შპს გაკოტრდა - თანხაც დაკარგულია.

რას ნიშნავს ეს, ბატონმა სოსომ იურისტებთან იკითხოს.

რაც შეეხება ფედერაციის ანგარიშს, ის კარგა ხანია ნოლზე ზის. ბოლო ლარები ბატონმა ლუკამ შვეიცარიაში მეუღლესთან ერთად ვოიაჟში ამოწურა!!!. სიმართლე აი, ეს არის.

6. "ლუკა კურტანიძე იყო ჟენევაში, სადაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს". წერს ჯაჭვლიანი.

ეს განცხადებაც ნახევრად ტყუილისა და სიმართლის ნაჯვარია. ჯერ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში სულ სხვა ქვეყანაში ტარდება და თბილისი არაფერ შუაშია.

მეორეც, ლაპარაკია მხოლოდ ახალგაზრდებს შორის ჩასატარებელ მსოფლიო პიველობაზე, რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ განაცხადია შეტანილი. ჩატარდება თუ არა იგი თბილისში, ამას საერთაშორისო ფედერაცია თავის იანვრის სხდომაზე გადაწყვეტს.

ბატონ სოსოს ან რეალური ინფორმაცია არ აქვს, ან შეგნებულად ავრცელებს ლუკას მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას. ერთიც და მეორეც მის, სულ მცირე ზედაპირულობაზე მეტყველებს.

7. "ამათ უნდოდათ, რომ ლუკას თავისი ნებით წასული კი არა, გაგდებული დარქმეოდა! ნაცბანდის ჩანაფიქრი იყო ეს ყველაფერი", - წერს ჯაჭვლიანი.

აი, აქ კი მეტისმეტად ზღვარს გადადის ჩვენი სოსო. რა გამოდის, ლუკა სწორედ ამ ხალხმა აირჩია. მაშინ "ოცნების" მხარდამჭერები თუ იყვნენ, დღეს ნაცმოძრაობის მხადამჭერებად როგორღა იქცნენ?

უფრო მეტიც, მისი გადამყენებელი პრეზიდიუმის წევრები ხომ სწორედ ის ხალხია, რომლებიც თვითონ ლუკა კურტანიძის მიერ ყრილობაზე ერთპიროვნულად წარდგენილ და დამტკიცებულ იქნა? სადაა ელემენტარული ლოღიკა.

რატომ არ მოუვიდა პარლამენტარს აზრი, რომ იქნებ პრობლემა თვით ლუკაშია? თუ ამდენის გააზრება მისი გონებისთვის დიდი დატვირთვაა და ვერ "ქაჩავს"?

8. "მე იმ დღეს ჭიდაობის ფედერაციაში დავინახე ზუსტად ისეთი სახეები, როგორებიც 7 ნოემბერს და 26 მაისს ხალხს არბევდნენ. ესენი იყვნენ არა მოჭიდავეები, არამედ სპეციალურად მობილიზებული ზონდერების ბანდა".

გვინდა დავარწმუნოთ ბატონი სოსო, რომ ეს მხოლოდ მისი ჰალუცინაციები იყო, რომელიც როგორც წესი, ზღვარგადასული თავგასულობის დროს ემართებათ ხოლმე ზომიერების კალაპოტიდან ამოვარდნილ ინდივიდებს.

არა მგონია, როსტომ აბაშიძე, რომან რურუა, გურამ საღარაძე, ლევან თედიაშვილი, დავით გობეჯიშვილი, ვახტანგ ბლაგიძე, თეიმურაზ აფხაზავა, მიხეილ სალაძე, თემურ ყაზარაშვილი, მერაბ ღუდუშაური, თამაზ მაჭავარიანი, ნოდარ მოდებაძე, ომარ ეგაძე, ესტატე გოგლიჩიძე და მათი აღზრდილი ახალგაზრდა თაობის მოჭიდავეები ზონდერებად ეჩვენებოდეს ჭკუათმყოფელ ადამიანს.

ან რატომ ვერ ამჩნევდნენ კურტანიძე და მისი მეგობარი სოსო ამდენი "ზონდერის" არსებობას თითქმის 2 წლის განმავლობაში, მისი გადაყენების მოთხოვნამდე?

9. სოსო ბატონი თავისი პოზიციების გასამყარებლად კიდევ ერთ "ფაქტს" იხსენებს "ჭიდაობის ფედერაციაში მიბრძანდა დავით კირკიტაძე და მოჭიდავეების იმ ჯგუფს, ახლა რომ ბევრს "ბლატაობს" და "გორლაზეა", უთხრა - ფედერაციის პრეზიდენტად გეწაძე აირჩიეთ, თორემ თქვენს დედებს ასე და ისე ვუზამო. ხმა არავის ამოუღია, ეგრევე ჩაისვარეს და გეწაძე აირჩიესო".

დავით კირკიტაძე 2004 წელს, ბაკურ გოგიტიძის პრეზიდენტად არჩევნების დროს, გია ნაცვლიშვილთან და რამოდენიმე ნაციონალთან ერთად მართლაც მოგვივარდა ყრილობაზე და მისი გადადება მოგვთხოვა. აქაოდა ბაკურ გოგიტიძის არჩევა ჩვენ არ გვაწყობსო.

ტრიბუნის დაპყრობაც სცადეს, მაგრამ თამაზ მაჭავარიანის და სხვა ყრილობის დამსწრე წევრების მხრიდან მტკიცე პოზიციის დაფიქსირების შედეგად, ეს ადამიანები ცუდ დღეში ჩავარდნენ. ისინი იძულებული გახდნენ ყრილობა უშედეგოდ დაეტოვებინათ.

ჩვენ მშვიდად გავაგრძელეთ ყრილობა და მათი ნების საწინააღმდეგოდ ავირჩიეთ გოგიტიძე. სულ ეს იყო და ეს.

რაც შეეხება კახა გეწაძის არჩევნებს, კირკიტაძე და მით უმეტეს მისი ზღვარსგასული აქტიურობა იქ არავის ახსოვს და ეს მხოლოდ სოსოს ფანტაზიების ნაყოფია.

10. "დავით გობეჯიშვილი გაჩერდეს და თავის ბიოგრაფიას გადაავლოს თვალი! მისი ოლიმპიური ჩემპიონობა დასაფასებელია, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის დროს სად იყო და როგორ იქცეოდა, გაიხსენოს!", - აცხადებს ბატონი სოსო.

სად იყო და ნაციონალების მოსვლისთანავე იგი გაათავისუფლეს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან, შემდეგ 4 წელი უმუშევარი იყო, შემდეგ კი როგორც სახელოვან და სპორტში გამოცდილების მქონე პიროვნებას სთხოვეს ემუშავა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ვიცეპრეზიდენტად.

არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, არ მიუღია მონაწილეობა ნაციონალების არც ერთ საარჩევნო კამპანიაში და ვერც ვერავინ გაუბედავდა ამის თხოვნას. რა არის ამაში მიუღებელი? თუ აქაც გალუცინაციებმა შეაწუხა ბატონი სოსო?

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ იგი რეალობას მოწყდა, პარლამენტის წევრობამ მას გონება აურია. ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს. ვურჩევ დროულად გამოფხიზლდეს და თავისი მომავალი, მისი პირდაპირი მოვალეობის, კანონმდებლის ფუნქციების შეასრულებას მიუძღვნას. წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივები, მიიღოს კანონების განხილვის პროცედურებში აქტიური მონაწილეობა, დაგვანახოს საკუთარი ცოდნა და ინტელექტი.

თუ ეს არ შეუძლია, მიატოვოს პარლამენტარის ადგილი, რომელსაც ტყუილად აცდენს და გადაიღოს მორიგი ფილმი ან გააკეთოს ის რაც უკეთესად შეუძლია.

ერთადერთი, რაშიც შეიძლება დავეთანხმოთ ამ სტატიაში სოსო ჯაჭვლიანს არის ის, რომ მან აღნიშნა - "საკუთარი შეხედულებების გამოსათქმელად დღეს ნამდვილი თავისუფლებააო".

დიახ, ამ საკითხში სრულიად ვეთანხმებით. დღეს "ქართული ოცნება" სოსო ჯაჭვლიანის და ლუკა კურტანიძის მიუღებელი ქმედებები არ არის, "ქართული ოცნება" ზუსტად ის თავისუფლებაა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა ყოველგვარი ზევიდან უკანონო ზეწოლის გარეშე გადაგვეყენებინა ლუკა კურტანიძე. ადამიანი, რომელიც ავირჩიეთ მისი სპორტული და პოლიტიკური წარსული გამო. ამით გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა ახალი პოლიტიკური ძალის "ქართული ოცნების" მიმართ.

ლუკას მენეჯერული თვისებები არავინ იცოდა და მაინც გავრისკეთ. გავრისკეთ და შევცდით. დრომ გვაჩვენა, რომ მან არ გაამართლა. უფრო მეტიც, მისი საქმიანობა უკვე ძირს უთხრიდა ისედაც განადგურებიის პირას მყოფ საჭიდაო მეურნეობას. გადაწყვეტილება სასწრაფოდ მისაღები იყო და მივიღეთ კიდევაც.

ხელი არავის შეუშლია. კადრი, რომელმაც ვერ გაამართლა, თვითონ უნდა წავიდეს. თუ არ მიდის - უნდა გავუშვათ კანონის ფარგლებში და მოვიყვანოთ ისეთი, რომელიც საქმეს წაადგება. მისი წარსული და სტატუსი აწმყოში მისთვის ფარი არ უნდა იყოს. მხოლოდ საქმიანმა თვისებებმა უნდა გადაწყვიტოს ხელმძღვანელის ყოფნა-არყოფნის საკითხი და სხვა არაფერმა.

საჭიდაო სამყაროში დაწყებული პროცესი არის ჯანსაღი პროცესი. ეს პროცესი კადრების "თვითწმენდას" უწყობს ხელს ქვევიდან. მას, დარწმუნებული ვართ, ზევიდანაც ხელი შეეწყობა, რათა ყველა ხელმძღვანელმა იცოდეს, რომ საქმე აკეთოს.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმისა და სამუშაო ჯგუფის წევრების სახელით:

რომან რურუა, როსტომ აბაშიძე, ლევან თედიაშვილი, გურამ საღარაძე, დავით გობეჯიშვილი, თეიმურაზ აფხაზავა, ვახტანგ ბლაგიძე, მანუჩარ კვირკველია, რევაზ მინდორაშვილი, მიხეილ სალაძე, თემურ ყაზარაშვილი, მუხრან ვახტანგაძე, რამაზ ნოზაძე, მერაბ ღუდუშაური, თამაზ მაჭავარიანი, ნოდარ მოდებაძე, დავით პოღოსიანი, ემზარ ბედინეიშვილი, რომან მარსაგიშვილი, ესტატე გოგლიჩიძე, გიორგი ლომიძე, ბაკურ გოგიტიძე, ვასილ ქარსელაძე, დიმიტრი გელაშვილი, გიორგი მაკასარაშვილი, მოქმედი მწვრთნელები და სპორტსმენები.

მკითხველის კომენტარები / 30 /
საერთოდ რა საჭიროა ამდენი არაფრის მომცემი ფედერაციები.მეტი საქმე არა გაქვთ თუ მეტი გასართობი ვერ ნახეთ.მოჭიდავეს ფედერაცია კი არა ნახერხიანი მოედანი ზრდის რომეზეც გაიზარდნენ სახელოვანი ფალავნები

vano
11:15 26-12-2014
0
ძალიან მინდა,რომ ყველაფერი ისე იყოს ,როგორც ამ სტატიაშია,მაგრამ როდესაც წერ ,რომ კირკიტაძეს არაფერი არ ესაქმებოდა და თავზე არ გვახურავდაო და გეწაძეც ჩვენი არჩეულიაო ,ისე ,რომ არავის არ უბრძანებიაო ,აი ეს კი სასაცილოა სატირლი ,რომ არ იყოს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული