დიდი რვიანი მცხეთაში

AutoSharing Option
დღეს ქართული ჭიდაობის უპირობო მფარველი სახელმწიფოა. ამის ნათელი მაგალითია გუშინ მცხეთაში სანდრო კანდელაკის სახელობის საჭიდაო სახლში ("ცირკში") ქართული ჭიდაობის ამ ლეგენდის თასზე გამართული საქართველოს რეგიონების გუნდური პირველობა.

ტურნირის ორგანიზატორი იყო მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაცია (გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი) და მხარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია (რეზო პაპუკაშვილი). მონაწილეობდნენ შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, თბილისის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის გუნდები. გათამაშდა საპრიზო ფონდი 16 ათასი ლარის ოდენობით. სხვათა შორის, რვავე გუნდს მათ შორის დამარცხებულებსაც ერგოთ გარკვეული ფულადი ჯილდო.

პირველ ეტაპზე ფავორიტებმა ერთნაირი ანგარიშით
5:0 მოუგეს მეტოქეებს: შიდა ქართლმა-ქვემო ქართლს; კახეთმა-აჭარას; მცხეთა მთიანეთმა-იმერეთს. თბილისელებმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლიეს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის ნაკრებს; ასეთივე ანგარიშით ნახევარფინალში შიდა ქართლმა კახეთს აჯობა; მცხეთა-მთიანეთმა თბილისს; მესამე ადგილისათვის თბილისმა კახეთს.

ფინალში მცხეთა მთიანეთის გუნდმა დაამარცხა შიდა ქართლის გუნდი და სანდრო კანდელაკის თასი მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა: ზვიად ოდოშაშვილი (60 კგ), მიხეილ ოსაძე (60), ლევან ნახუცრიშვილი (70), კახა მამულაშვილი (70), გიორგი ბაინდურაშვილი (80), გიორგი ცოციაშვილი (90), მინდია ბოდაველი (90), ადამ ოქრუაშვილი (+90). მწვრთნელი-დავით ლაზრიშვილი.

გამარჯვებულ გუნდს 6 ათასი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილოსნებს შესაბამისად 4, 2 და ათასი ლარი გადაეცათ, დანარჩენი თანხა სხვა გუნდებზე თანაბრად განაწილდა.

მართალია, ძიუდოისტ ნოდარ მეტრეველს დისციპლინის დარღვევისათვის ახლახან ძიუდოს ფედერაციამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა, მაგრამ ამის გამო ქართული ჭიდაობის მცხეთის ტურნირზე მას ხელი არ შეშლია შიდა ქართლის გუნდში წარმატებით ეასპარეზა და გუნდთან ერთად მეორე ადგილი მოეპოვებინა.

მცხეთაში იყო გულშემატკივრთა დიდი ემოციები, ქართული ჭიდაობის ნამდვილი ზეიმი.

მცხეთა-მთიანეთის თაოსნობას, როგორც ამბობენ, მალე სხვა რეგიონებიც აუბამენ მხარს და ქართული ჭიდაობის გუნდური ტურნირები მთელ ამერ-იმერში გაჩაღდება.
მცხეთაში ასპარეზობას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, მცხეთა მთიანეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციის თავკაცები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

გაბრიელ ბარჯაძე
ავტორის ფოტო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული