ამ სარბიელზე გამართული ფიცხელი ორთაბრძოლების ხილვით ხარობენ წყნეთელებიც და დამსვენებლებიც. ტურნირს ტურნირი მოსდევს და ქომაგებიც არ აკლია ნახერხმოყრილ საჭიდაოს.
მომავალი ტურნირისთვის პრიზები უნდა შევიძინოთო და, წყნეთელმა თამაზ ბერიაშვილმა ფულის შესაგროვებლად ძველებურად ქუდით ჩამოუარა საჭიდაო წრის გარშემო ჩამომსხდარ გულშემატკივრებს... ქუდში ახმაურდა ყვითელი და თეთრი ორმოცდაათთეთრიანები, ლარიანები, ხუთლარიანებიც გამოჩნდა აქა-იქ.
წყნეთელები პრიზების გარდა საჭიდაო ჩოხების ნაკლებობასაც უჩივიან. შველას კი ქართული ჭიდაობის ფედერაციისგან ელიან.
მუსიკოს-დამკვრელებისთვის ფული რომ არ ეყოთ,
ამჯერად ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ პირველადგილოსნები: ნიკა წენგუაშვილი, გიორგი მამამთავრიშვილი, ზურაბ უგრეხელიძე, გიგა ბერიაშვილი და ლაშა ბექაური.
წყნეთელები სექტემბრისთვის დიდი ტურნირის გამართვასაც გეგმავენ. ოღონდ ასეთ შეჯიბრებას ქუდით აკრეფილი გროშებით რომ ვერ შეძლებენ, გამოსავალს სხვა გზებით მოძებნიან...
ვფიქრობთ, წყნეთის მსგავსი ღია საჭიდაო მოედანი არ აწყენდა დედაქალაქის სხვა უბნებსაც. დიდებულია ათეულობით მინიფეხბურთის მოედნი ჩვენს დედაქალაქში. ამას ყველა რაიონში თითო ღია საჭიდაო მოედანიც რომ შეემატოს, მეტად საჭირო საქმე გაკეთდება.
ქართული საჭიდაო ჰანგები ჩუღურეთში, სოლოლაკში, აბანოთუბანში, მახათაზე, ვეძისში, კალაუბანშიც უნდა აჟღერდეს...
გაბრიელ ბარჯაძე