ფცაში შოტლანდიელი მოგზაური გაგვახსენდა

AutoSharing Option
ქართული ჭიდაობის დამფასებლები არასოდეს აკლდა ქარელის რაიონის უმშვენიერეს სოფელ ფცას. დღეს ამ ტრადიციას ბრწყინვალედ აგრძელებს სოფლის რწმუნებული, თავადაც ყოფილი მოჭიდავე და მსაჯი გია ბერუაშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტისა და სპორტის სამსახურის მხარეში დგომით სოფლის რწმუნებული ფცის გადახურულ საჭიდაოზე ხშირად ატარებს საინტერესო ტურნირებს. რაც გასულ შაბათს ფცაში ვიხილეთ, საუკეთესო იყო წლეულს ქართული ჭიდაობაში ჩატარებულ შეჯიბრებებს შორის - მაყურებელთა სიმრავლით, ოსტატობით, ორგანიზაციით. ეს იყო ნამდვილი ზეიმი,
ხარობდა ყველა ასაკის ადამიანი, სტუმარი და მასპინძელი. სარბიელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ ქართლში. მოკლედ, ტრადიციების შენარჩუნება-გაღრმავების შესანიშნავი გარემოა ახლა
ამ სოფელში.

სწორედ ფცელი იყო ქართული ჭიდაობის გენიოსი დურმიშხან ბერუაშვილი (1935-1978). ვისაც მისი ჭიდაობა უნახავს, ამტკიცებს, რომ ეს ეპითეტი სულაც არ არის გადაჭარბებული...

გასულ შაბათს სწორედ დურმიშხან ბერუაშვილისა და ახალგაზრდა მოჭიდავის, ზვიად ბერუაშვილის გაერთიანებული მემორიალური ტურნირი გაიმართა.

ეს შეჯიბრება ტრადიციულად აგვისტოში ტარდება. მხოლოდ 2008 წელს ჩაიშალა, რადგან კონფლიქტის ზონას სოფელს ორიოდე კილომეტრი აშორებს.

ტურნირს გულისყურით მოეკიდა ქართული ჭიდაობის ფედერაციაც.

შეჯიბრებას ინტერესით ადევნებდნენ თვალს ცნობილი ვეტერანები და ამჟამინდელი ჩემპიონ-პრიზიორები, მწვრთნელები, მსაჯები, რაიონის თავკაცები, სტუმრები.

`ბერუაშვილების ტურნირზე~ მონაწილეთა შორის ქარელელი და გორელი ბერუაშვილები და ხაშურელი ნოზაძეები სჭარბობდნენ. ნოზაძეთა სამი წარმომადგენელი გამარჯვებულიც გახდა...

ტურნირზე ხშირ-ხშირად ცხადდებოდა ქართულ ჭიდაობაში შიდა ქართლის სოფლებში გასამართი შეჯიბრებების დღეები. ასე გაგრძელდება გვიან შემოდგომამდე...

ამას წინათ ქართულ ჭიდაობაზე შემთხვევით მოხვედრილმა შოტლანდიელმა მოგზაურმა ჯინ ჰორთმა გვითხრა: "ხშირად აჩვენეთ თქვენი ჭიდაობა უცხოელებს, რათა უფრო ახლოს გაიცნონ ქართული სპორტის, ისტორიისა და კულტურის ეს იშვიათი ნაზავი!..~

ახლა კი გაგაცნობთ ფცის ტურნირის გამარჯვებულებს:

თემო ნოზაძე (38 კგ, ხაშური), ნიკა შათირიშვილი (42, გორი), თამაზ ნოზაძე (45, ხაშური), სოსო მარანელი (50, გორი), დიმიტრი მულაძე (56, ხაშური), მიხეილ ოსაძე (60, ფცა), ზურაბ ნოზაძე (70, ხაშური), ხვიჩა ხუციშვილი (80, თბილისი), გიორგი ბოლოთაშვილი (90), ზვიად ბაზანდარაშვილი (აბსოლუტური, ორივე - გორი).

გაბრიელ ბარჯაძე
ფცა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული