ფალავანთა თავყრილობა ურბნისში

AutoSharing Option
თითქმის ორი ათეული წელიწადია, შიდა ქართლის ძირძველ სოფელ ურბნისში აღარ გამართულა შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში. მეტიც, რეგიონის სოფლებისთვის ასე დამახასიათებელი ნახერხმოყრილი არენაც აღარ იყო, ჩრდილი წამოეფინა ტრადიციას. ახალგაზრდობა ფეხბურთზე გადაერთო. ორი წელიწადია, რაც ურბნისში გამგებლად ჭიდაობის მოყვარული გია წაველიძე (შოთა ჩოჩიშვილის დისშვილი) მუშაობს, რომლის ინიციატივით აქ რიგიანი ღია საჭიდაო, ნახერხმოყრილი არენა მოეწყო და შეჯიბრებების ჩატარებაც გახდა შესაძლებელი. პირველი ასპარეზობის სპონსორობა უცხოეთში მცხოვრებმა, ამჟამად კი მშობლიურ სოფელში მყოფმა, ასევე ჭიდაობის დიდმა ქომაგმა გია ხანიშვილმა ითავა. მან ყველა წონით კატეგორიაში გამარჯვებულ-პრიზიორებისთვის დააწესა ფულადი
პრემიები და პრიზები. ურბნისი შიდა ქართლის შუაგულშია და რეგიონის თითქმის ყველა სოფლისთვისაა მისასვლელად ხელმისაწვდომი. ქარელისა და გორის გარდა ფალავნებმა იასპარეზეს კასპიდან, ხაშურიდან, კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებიდან. მონაწილეთა შორის იყვნენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები სამბოში, ევროპის პრიზიორები ძიუდოში, საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები ქართულ ჭიდაობაში, ძიუდოსა და სამბოში. გაიხარა საკუთარ სოფელში ფალავანთა ასპარეზობას მოწყურებულმა ჭიდაობის ადგილობრივმა გულშემატკივარმა. 80 კგ წონაში ძიუდოში ჭაბუკთა შორის ევროპის პრიზიორის, გორელი ზვიად ბაზანდარაშვილისა და რუისელი გიორგი გასიტაშვილის შერკინება დამატებით დროში გასიტაშვილმა მოიგო, აბსოლიტურში _ ბაზანდარაშვილმა. თუმცა მათ ამ წონებში ფინალისკენ გზა საქართველოს არაერთგზის ჩემპიონმა, (აბსოლუტურში) რუისელმა პაატა ღვინიაშვილმა გადაუღობა. პაატამ 80 კილოში კი იმარჯვა, მაგრამ აბსოლუტურის ფინალში ნიკოლოზ ბიბილაშვილს (მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში) გადაეყარა და მანამდე სამი მოწინააღმდეგის წმინდად დამმარცხებელს ბიბილაშვილმა ქულებით მოიგო.

ასპარეზობის ადგილობრივ ორგანიზატორებს მხარში ედგა ქარელის სპორტისა და ახალაგაზრდობის სამსახური (ავთო ივანიძე, ვაჟა ყველაშვილი).

გამარჯვებულები: დავით გეჯაძე (35 კგ), ნიკა ბოგოველი (42), გიორგი კაციაშვილი (45, სამივე _ კასპი), სოსო მარანელი (50, ახალსოფელი), თამაზ ნოზაძე (60, ალი), გიორგი ნასყიდაშვილი (65, რუისი), ზურაბ ნოზაძე (70, ალი), პაატა ღვინიაშვილი (80, რუისი), ნიკოლოზ ბიბილაშვილი (აბსოლუტური, გორი).







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული