ბუნებრივია, ქართული ჭიდაობა ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში სხვადასხვაგვარად უყვარდათ. ქართლი კი ის რეგიონია, სადაც მის მიმართ სიყვარული განსაკუთრებული იყო, არის და დღესაც რჩება. საუკუნეზე მეტი ხნის წინათ, ქართლის შუაგულში, გორში, მტკვრისა და ლიახვის შესართავთან ნახერხმოყრილ არენაზე მთელი შიდა ქართლის და არა მხოლოდ ამ რეგიონის ფალავნები იკრიბებოდნენ. ისინი ჭიდაობის უამრავ მოყვარულს
ტრადიცია კარგა ხანს გრძელდებოდა. გადავწყვიტეთ ერთად შეგვეკრიბა შესართავის არენის ძველი თაობის უკანასკნელი მოჰიკანი, ტინისხიდელი მძიმეწონოსანი გენო ყაზარაშვილი (80 წლის), ჭიდაობის ცნობილი ქართველი სპეცილისტი, იმავე თაობის აქაურ ასპარეზობათა ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი გურამ პაპიტაშვილი (77 წლის) და ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შიდა ქართლის ნახერხმოყრილ არენებზე "საჭიდაოს" დამკვრელ მედუდუკეთა დასტის ერთ-ერთი წევრი, ჭიდაობის მრავლისმნახველი ქომაგი ალექსი ხუციშვილი (76 წლის).
- გ. პაპიტაშვილი: რასაკვირველია, ჭიდაობის ორგანიზებას, თითქოს ერთი შეხევდით მისი სიმარტივისა, ორგანიზაციული ნიჭი უნდოდა - დღის დაგეგმვა, ფალავნებისა და მედუდუკეთა დასტის მოწვევა, საჭიდაო ჩოხების გამზადება, ჯილდოს მოძიებაზე ზრუნვა, წესრიგის უზრუნველყოფა, დაჯილდოების ზეიმურობა და ა.შ.. ასეთ საქმეში კარგი გამოცდილება ჰქონდა, მაგალითად, გიგა ალექსიძეს, რომელიც ადრე თვითონაც ჭიდაობდა.
იყვნენ მეცენატებიც, ვინც ადგილობრივი ფალავნობების ჩასატარებლად საკუთარ სახსრებს არ იშურებდნენ. ორგანიზატორები მეცენატების მიერ გაღებულ ფულს ყველა გამარჯვებულს უნაწილებდნენ.
- მეცენატების შესახებაც გვითხარით.
- შალვა ზაბილონი, ალიოშა თოფჩიშვილი, გოგია ნასყიდაშვილი. ძირითადად სწორედ ესენი ეხმარებოდნენ მაშინ, ჭიდაობის ორგანიზატორებს და ფალავანებს.
- გ. ყაზარაშვილი: შალვა ზაბილონის ამაგი ცხოვრებაში არ დამავიწყდება და დარწმუნებული ვარ მისი მადლის მიმღებთ სხვასაც ყველას მუდამ ახსოვდა. დიდი კაცი იყო, დიდი და სპორტზე უზომოდ შეყვარებული! იგი გორში ერთ-ერთი რესტორნის დირექტორი გახლდათ და ნახერხმოყრილ არენაზე თავგამოჩენილ მოჭიდავეები არაერთხელ სოლიდური თანხითაც დაუსაჩუქრებია. მერე კი თავის რესტორანში ყველას ერთად შეგვკრებდა და ჩვენთან ერთად ილხენდა.
- ა. ხუციშვილი: სადაც გავიგებდი, რომ ჭიდაობა ტარდებოდა ყველგან დავდიოდი, შეიძლება საჭიდაო მე არც დამეკრა, მაგრამ ჭიდაობა ყოფილიყო და მე იქ არ წავსულიყავი - ვერ წარმომედგინა! საჭიდაოზე წარმოჩინდებოდა ადამიანის ვაჟკაცობა. შეიძლება ითქვას, რომ საჭიდაოს მანამდე არსებული დუელების ფუნქციაც კი ჰქონდა გარკვეულწილად შეთავსებული. ოღონდ, ცხადია, დუელივით ტრაგიკულად არ მთავრდებოდა.
ერთ მაგალითს მოვიყვან: ერთხელ ჭიდაობისას, ასაკით შუახნის ხიდისთაველმა (გორის რ-ნი) ფალავანმა სანდრო (ცაცალა) ნაკაშაშვილმა, რომელსაც ადრე არსენ მეკოკიშვილთან შთამბეჭდავად მოგების გამო ჭიდაობის "ჯადოქარი" უწოდეს, მცხეთის მილიციის უფროსი კარლო უტილაშვილი გადაიპატიჟა ნახერხზე. საქმე ისა, რომ ეს უკანასკნელი ცაცალას თავდაპირველად ეხუმრებოდა, მერე კი ცოტა ზედმეტიც მოუვიდა.
სანდროს მოთმინების ფიალა რომ აევსო გადავიდა არენაზე, გაიხადა ზედა სამოსი და "ხუმარა" თანამდებობის პირს დაჭიდება შესთავაზა. მახსოვს ხალხი როგორ გაისუსა მოლოდინში. საბოლოოდ ორივე დაამშვიდეს, მაგრამ ცაცალამ რომ შეურაცხყოფას ვაჟკაცურად უპასუხა, ამით ყველა კმაყოფილი დარჩა.
- ცნობილ ქართველ ფალავანთაგან გორში რომლის სტუმრობას გაიხსენებთ?
- გ. პაპიტაშვილი: არავინ ყოფილა იმ დროის ცნობილ ფალავანთაგან, რომელიც გორში, მტკვრისა და ლიახვის შესართავთან მოწყობილ საჭიდაოზე არ გამოსულიყო საასპარეზოდ. სანდრო კანდელაკი, როცა აღარ ჭიდაობდა მერეც ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე შაბათობით ფალავნების საყურებლად.
მოგეხსენებათ, სანდრო გიგანტური აღნაგობის კაცი იყო და გარდა ჭიდაობისა ქართულ სუფრაზეც გვარიანად უყვარდა მოლხენა. ლეგენდაც დადიოდა გორში, თითქოს გორის ბაზარში უნახავთ კანდელაკი ვედროთი როგორ სვამდა ღვინოს. ისე, მართლაც საოცრად ტიტანური აღნაგობის კაცი იყო, მე მაქვს ფოტო, სადაც სანდრო ანზორ ქიბროწაშვილთან, ბუღდან ბაღაკაშვილთან და კაჩმაზაშვილთანაა გადაღებული და ამხელა ტანის ხალხთან შედარებითაც კი გოლიათად ჩანს.
- შესართავთან გამართულ პრინციპული შეხვედრებიც გაიხსენეთ.
- ასეთი შეხვედრებიდან გენო ყაზარაშვილისა და ბათო თედეევის პაექრობა უნდა გამოვყო. გენო ახალგაზრდობაშიც ტანმაღალი გახლდათ, მაგრამ ბათო მას უფრო აღემატებოდა. თედეევი ცხინვალელი იყო, თბილისის უნივერსიტეტში სწავლობდა და შესაბამისად გუნდურ პირველობებზე დედაქალაქის ღირსებას იცავდა. გორში მისი და ყაზარაშვილის შეხვედრა "ვეფხვების შერკინებას" მოგაგონებდათ. მახსოვს პუბლიკა თვალს ვერ აცილებდა მათ ჯიქურ პაექრობას. მაყურებელს აღარ უნდოდა შერკინება დასრულებულიყო.
გენომ მაშინ აჯობა და მოუგო თედეევს. გარკვეული დროის შემდეგ მათ თბილისში გუნდურ პირველობაზე ვერის (მაშინდელი კიროვის პარკში) მოუწიათ შეხვედრა. გორელები ვუგებდით მეტოქეს და პირველობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვკარგვდით, თუ ბოლო დაპირისპირებაში თედეევი წმინდა გამარჯვებით მოუგებდა გენოს. საბოლოოდ ბათომ მოიგო, მაგრამ მხოლოდ ქულებით და გამარჯვებულები მაინც ჩვენ დავრჩით.
- გ. ყაზარაშვილი: თბილისში მე სულ ორჯერ წავაგე და მათ შორის ერთხელ სწორედ ბათოსთან ამ ნახსენებ შეხვედრაში. გორში კი არავისთან დავმარცხებულვარ, მათ შორის არც თედეევთან. მიუხედავად უაღრესად დაძაბული ჩვენი შეხვედრებისა, არენის მიღმა მუდამ ურთიერთპატივისცემით ვიყავით განმსჭვალული.
ნამდვილი ფალავანი ღირსეულად უნდა მოქცეულიყო და თუნდაც მარცხის გამო გამოწვეულ უკმაყოფილება არენაზევე უნდა დაეტოვებინა. მე პირადად ერთადერთი, რაც მარცხის შემდგომ გამარჯვებულის მიმართ განმიცდია, იყო სურვილი, რომ ჩემი მძლეველი მეტოქე კიდევ რომელმე სოფლის, თუ ქალაქის საჭიდაოზე შემხვედროდა, რათა ღირსეული რევანში ამეღო.
- ალბად დამეთანხმებით, რომ გულშემატკივრებზე ფალავანის ამპარტავნება გამაღიზიანებლად მოქმედებს და ასეთი მოჭიდავე მათ თვალში სიმპათიას ნაკლებად იმსახურებს.
- ა. ხუციშვილი: გეთანხმებით. მთელი ცხოვრება ქართული ჭიდაობის მხურვალე ქომაგი ვარ და, საბედნიეროდ, ძლიერი და იმავდროულად მოკრძალებული საქციელის მოჭიდავე ბევრჯერ მინახავს. თუმცა მინდა ცალკე გამოვყო დურმიშხან ბერუაშვილის საკმაოდ გულთბილი ხასიათი. ჭიდაობის მოყვარული, ცხადია, ყველგან ცნობდა მას. თუმცა, ბუნებრივია, თავად ფალავანმა შეუძლებელია მთელი პუბლიკა დაიმახსოვროს.
ამიტომ, არენას მიღმა, დურმიშხანი ვინმეს მზერაზეც კი თუ შეატყობდა, რომ მან იცნო ფალავანი, სალამს პირველად თვითონ ეუბნებოდა. აი, ახლა ჩვენს გვერდით მყოფი ლეგენდარული მოჭიდავის გენო ყაზარაშვილის უამრავი მოგებული პაექრობა მინახავს და არ მახსოვს როდისმე, მოგების მერე, მას მაყურებლისკენ ყინჩად გაეხედოს.
- გ. პაპიტაშვილი: თუმცა არა ქართლელის, მაგრამ ცნობილი ფალავანის სიმონ მაისურაძის მაგალითიც მიმაჩნია ამ მხრივ აღსანიშნავად. სიმონი საჭიდაოზე გამოსვლამდე უჩუმრად წაივარჯიშებდა, გამოვიდოდა, მოიგებდა და ზედმეტად ერთი წუთით არ გაჩერდებოდა ხალხის თვალწინ - ამპარტავნებას ვერ შეამჩნევდით. საგულისხმოა, რომ მაისურაძის ასპარეზობა ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა ნიკო კეცხოველმა ერთ-ერთ წელს ალავერდობის დღესასწაულზე გამართული ჭიდაობისას ნახა და მისით მოხიბლულმა ფალავანი დედაქალაქში წაიყვანა სასწავლებლად. მაშინ მოგეხსენებათ ლენინის სურათი ყველა თანამდებობის პირს უნდა ჰქონოდა კაბინეტში.
ჰოდა, ჭიდაობის ტრფიალ რექტორს კაბინეტის ერთ კედელზე, რომ ილიჩის სურათი ჩამოუკიდეს, საპირისპირო კედელზე სიმონ მაისურაძე "შეაგება". სხვათა შორის ეს დიდი ქართველი მოღვაწე სასწავლებლად გენოს წაყვანსაც გეგმავდა თბილისში, საამისოდ თსუ-ს ერთ-ერთი კათედრის დეკანი ფურცელაძეც გამოგზავნა გორში, მაგრამ მე ისე ავუთართე გზები დესპანს, რომ ბოლოს საერთოდ შეეშვნენ ყაზარაშვილს. გენო თუ მეტყვის, დღესაც მოვუხდი ბოდიშს მაშინ რომ იგი ნიკო კეცხოველს დავუმალე, მაგრამ რა მექნა, არ შემეძლო გორის ფალავანთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თუნდაც ასეთი დიდი ადამიანისთვის დათმობა და რა მექნა.
- მტკვრისა და ლიახვის შესართავთან გამართულ ჭიდაობებში ძველ ფალავანთაგან რომელს გაიხსენებთ საკუთარი შესაძლებლობები სრულად რომ ვერ გამოავლინა და ქომაგთა ხსოვნაში შესაბამისი ადგილი ვერ დაიმკვიდრა?
- ა. ხუციშვილი: ასეთად მე პირველ ყოვლისა სერგო ქარქიშვილი მიმაჩნია. ეს გორელი მოჭიდავე საშუალო წონაში გამოდიოდა და საოცრებებს ახდენდა. მაშინ თუ ოფიციალური შეჯიბრება არ იყო, მეტოქეთა წონების მიხედვით მოწესრიგებასაც არ თვლიდნენ საჭიროდ. ამიტომ ქარქიშვილი ხშირად მასზე ბევრად დიდთან მინახავს შეჭიდებული. თავიდან ვიფიქრებდი ხოლმე, ამხელა გოლიათს საერთოდაც როგორ შებედა-მეთქი შერკინება, თუმცა რომ მოიგებდა კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი, რომ სერგოს ბევრი შეეძლო. რაც მთავარია, სერგომ ძალიან ლამაზი ჭიდაობა იცოდა. სამწუხაროდ, ეს ბიჭი მერე სასმელს ზედმეტად მიეძალა და ამითაც გარდაიცვალა. იმ თაობიდან დაუმსახურებლად არის ჩრდილში მოქცეული ლამისყანელი მძიმეწონოსანი არჩილ იმერლიშვილი, მეტსახელად "კატა". მე ეგ კაცი არსად მინახავს წაგებული!
- მომდევნო თაობიდან გორის არენაზე ქართულის ყველაზე კარგი ჭიდაობით ვინ გამოირჩეოდა?
- ა. ხუციშვილი: შოთას (ჩოჩიშვილი) დარად ლამაზად ჭიდაობა მარტო აქ კი არა, მე სხვაგანაც არსად მინახავს.
- გ. პაპიტაშვილი: შოთა ოლიმპიური ჩემპიონი ქართული ჭიდაობით გახდა, მას ძიუდო მიუნხენის ოლიმპიადაზე არც უჭიდავია.
- გ. ყაზარაშვილი: ჩვენი ქალაქის არენაზე შოთას მერე განსაკუთრებით დურმიშხან ბერუაშვილის ძმისშვილების მალხაზის და გელას ასპარეზობა მომწონდა. მათ საქართველოს მასშტაბითაც გაითქვეს სახელი და არც ტიტულები აკლდათ.
- ქართული ჭიდაობაში დღეს რა არის ყველაზე მთავარი საზრუნავი თქვენი აზრით?
- ა. ხუციშვილი: მიუხედავად ასაკისა შეძლებისდაგვარად სულ თვალს ვადევნებ ქართული ჭიდაობის ტურნირებს, ძიუდოს, სამბოს... ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ქართულ ჭიდაობას ძველებური ლაზათი დაეკარგა. 2011 წელსაც, მაგალითად, ოცამდე შეჯიბრებას დავესწარი ნახერხმოყრილ არენაზე და ერთი რიგიანი ბრუნი, გადავლება, ან ამოსმული არ მინახავს. გულსატკენია სხვა თუ არაფერი, რომ ქართულს აღარ ჭიდაობენ საქართველოში. დოესელი (კასპის რ-ნი) ბიჭი იყო ერთი, ვოვა პატენკო, ჩვენს ენაზე ლაპარაკზე უკეთ ქართული ჭიდაობა ეხერხებოდა.
მეტიც, მხოლოდ ძირძველი ქართული ფანდებით ასპარეზობდა ხოლმე. დღეს ბევრი თავისი მშობლიური სახეობის ფანდებიდან ვერცერთის შესრულებას ახერხებს მოწინააღმდეგესთან და ფალავანი კი უნდა რომ ერქვას.
- გ. პაპიტაშვილი: ახლა დარბაზში რომ შევესწრები ახალგაზრდების საუბარს, ზოგი ამბობს ძიუდო მინდაო, ვინ სამბოზე აკეთებს აქცენტს. მე ვეტყვი ხოლმე, ჯერ ქართული უნდა ისწავლოთ და სხვაზე მერე იფიქროთ. ქართული ჭიდობა თქვენი დედაენაა-მეთქი ვეუბნები.
- გ. ყაზარაშვილი: ასე უფანტაზიოდ რომ ეჭიდავათ ადრე, ოცი კაცი არ მოვიდოდა ქართული ჭიდაობის სანახავად. ახლა ძიუდომ და სამბომ გადაყლაპა ქართული ჭიდაობა! რას აღარ ფიქრობენ, რომ როგორმე ჩვენი ეროვნული სახეობა იაპონურ და რუსულ სახეობებს მოარგონ.
დალოცვილებო, რაღა ქართულის ძიუდოზე შერწყმისთვის არ ვიშურებთ ძალას, არ ჯობია, პირიქით, ჩვენი მშობლიურის განვითარებაზე, დახვეწაზე, უცხოეთში გატანზე ვიფიქროთ დღე და ღამე?!
დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"