კურაში საქართველოში

AutoSharing Option

გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლეულს საქართველოში უნდა გაიმართოს საერთაშორისო შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობასა და პარალელურად უზბეკურ ჭიდაობა კურაშში. ჯერჯერობით საბოლოოდ არ გადაწყვეტილა ამ ღონისძიების გამართვის თარიღი.
ცოტა რამ კურაშის შესახებ.

10 წლის წინათ, 2000 წელს შეიქმნა კურაშის საერთაშორისო ფედერაცია და მასში 115 ქვეყანაა გაერთიანებული. სხვათა შორის, იმავე 2000 წელს შეიქმნა საქართველოს კურაშის ფედერაცია, რომლის პრეზიდენტი ცნობილი ვეტერანი ძიუდოისტი ამირან ობგაიძეა.
უზბეკური კურაშის მსგავსად, შუა აზიის ქვეყნებში ტრადიციულ, ჭიდაობებია: ყაზახეთში  - კურესი, ბაშკირეთსა და თათრეთში  - კურიაში, ტუვაში - კურეში.

ჭიდაობა კურაშის საერთაშორისო
ფედერაციის პრეზიდენტია კამილ იუსუპოვი (უზბეკეთი). შტაბბინა ტაშკენტშია.
საშინაო შეჯიბრებებში უზბეკური ზოლიანი ხალათი და ე.წ. კუშაკი შესაძლებლობას აძლევს კურაშის მოჭიდავეებს, შეასრულონ სხვადასხვა ჩავლება. ილეთის შემსრულებელი ცდილობს, დარჩეს ფეხზე. მოგებად ითვლება, როცა მეტოქე შეეხება სარბიელს.
ჭიდაობის დრო განსაზღვრული არ არის. მოჭიდავე იბრძვის მანამ, სანამ მაყურებელთა შორის არ მოიძებნება მისი მეტოქე.
კურაშს ამშვენებს უზბეკური მუსიკის ჰანგები. უკრავენ გრძელტარიანი ჩასაბერი ინსტრუმენტებით.
ჭიდაობის დროს აკრძალულია მახრჩობელა ილეთები.

ჭარმაგი მსაჯები სასტვენის გარეშე, შეძახილებით წარმართავენ შერკინებებს.
საერთაშორისო კურაშის წესებში, რა თქმა უნდა, შეტანილია  გარკვეული ცვლილებები, ჭიდაობა მუსიკის გარეშე, განსაზღვრული დროით და რამდენიმე სარბიელზე.

მსოფლიოს პირველობა კურაშში  ერთ წელიწადს მოზრდილთა შორის ტარდება, მომდევნო წელს კი ახალგაზრდები ცდიან ძალებს.
ევროპის ჩემპიონატი კი ყოველწლიურად იმართება.  საერთაშორისო ტურნირები ეწყობა საბერძნეთში, ინგლისში, უზბეკეთში, ყაზახეთში, აფრიკაში, მონღოლეთში. იმართება პანამერიკული შეჯიბრებაც. ხშირია ტურნირები აზიაში.

ქართველი მოჭიდავეებიდან კურაშის  კომერციულ ტურნირებში უცდიათ ძალა დავით ხახალეიშვილს, ალექსი დავითაშვილს, ზვიად ხანჯალიაშვილს, რამაზ ჩოჩიშვილს, გიორგი წმინდაშვილს, მინდია ბოდაველს...
ოფიციალურ შეჯიბრებებში ქართველი მოჭიდავეებიდან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია მცხეთელმა სამბისტმა, მსოფლიოს ჩემპიონმა (1993) არჩილ ჩოხელმა, რომელმაც 2002 წლის სექტემბერში ერევანში კურაშშიც მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა (73 კგ). მაშინ მესამე იყო გორელი ნიკოლოზ ბიბილაშვილი (81 კგ).

2008 წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო პირველობა მოიგო გიორგი იაძემ (აბსოლუტური). მანვე მოზრდილთა შორის 2009 წელს ალუშტაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე (81 კგ).

სალონიკში 2009 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა საჩხერელი არსენ მაჭარაშვილი (60 კგ). 2009 წელსვე ალუშტაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა ჯაბა მჭედლიშვილმა (60 კგ). ევროპის ჩემპიონია ირაკლი ჯავახაძე (2009 წ. 100 კგ). მართალია, უმდიდრესი არსენალის მქონე ქართულ ჭიდაობას კურაში ვერაფერს შემატებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენს მოჭიდავეთა ყულაბაში დაგროვდება კურაშში მოპოვებული მედლები...
გაბრიელ ბარჯაძე



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული