თავად სხდომა საკმაოდ ხმაურიანი, სკანდალური და გაწევ-გამოწევებით გაჯერებული გამოდგა. თავიდან ყურადღების ცენტრში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა მოექცა, რომელმაც ფედერაცია მოსკოვში მსოფლიოს პირველობაზე მისაწვევის დამალვაში დაადანაშაულა. ამის პასუხად ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ განაცხადა, რომ რურუას არაერთხელ დაურეკეს, მაგრამ ყურმილს არ იღებდა. ბატონი რომანი ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა და პროტესტის ნიშნად პოსტი დატოვა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, პლანეტის პირველობის დაწყებამდე გამართულ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე რურუა დიდების დარბაზში აირჩიეს, მისი არყოფნის გამო კი სიგელი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ედიშერ მაჩაიძემ ჩაიაბარა.
მეორე შელაპარაკება სახელოვან ფალავნებს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებს, ოლიმპიურ ჩემპიონ დავით გობეჯიშვილსა და ორგზის ოლიმპიურ პრიზიორ ლუკა კურტანიძეს შორის მოხდა, რაც გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა, მაგრამ მოჩხუბარნი მალევე გააშველეს.
პრეზიდიუმის სხდომის მთავარი საკითხი მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული გუნდების გამოსვლა იყო, რაც უარყოფითად შეფასდა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში "თავისუფლებმა" ორი ბრინჯაო მოიპოვეს - გიორგი გოგშელიძემ (96) და ლევან ბერიანიძემ (120), ბერძენ-რომაელები კი უმედლოდ დარჩნენ. ეტყობა, ქრონიკულობაში გადასულმა ამდენმა წარუმატებლობამ საჭიდაო ოჯახი და პრეზიდიუმი სერიოზულად შეაშფოთა და მიზეზებზე საკმაოდ დაწვრილებითი, მწვავე და გულახდილი საუბარი გაიმართა. მართალია, არა ბოლომდე ღია და გახსნილი, ძალიან ბევრი ფაქტი თუ ტენდენცია კვლავაც არ გახმაურებულა, მაგრამ რაც ითქვა, სრულიად საკმარისია შესაშფოთებლად. განსაკუთრებით მკაცრი და მომთხოვნი ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე იყო, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა წესრიგის განმტკიცება და უდისციპლინო ლიდერთა დასჯა. მან ისიც მოითხოვა, რომ მოსამზადებელ პერიოდში წამოჭრილი ყველა პრობლემა აუცილებლად დააყენონ ფედერაციის ხელმძღვანელთა წინაშე და დაეხმარებიან. "ჩვენი სპორტსმენები მეორე პერიოდს ვერ ჭიდაობენ. ეს ან იმის ბრალია, რომ სპორტსმენებს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ და არ ვიცით, როგორ იქცევიან ისინი ვარჯიშის მერე, ან სათანადოდ ვერ ვავარჯიშებთ", - ფრიად გაღიზიანებული ტონით განაცხადა გეწაძემ. მან ხაზი ხშირ ტრავმებსაც გაუსვა და ესეც არასაკმარისი მომზადებით ახსნა. ამასთან, კონკურენციის შექმნაც მოითხოვა, რათა ყველა წონაში ღირსეული შემცვლელი გვყავდეს, მაგრამ ეს არც ასე დაკვეთით მოდის და არც იმგვარი მიდგომით, რაც ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატის წინ "თავისუფალთა" ნაკრებში მოხდა - ლევან ბერიანიძემ მოსკოვში დაამტკიცა, რომ მისი ნდობა იქაც შეიძლებოდა.
კონკრეტული ლიდერებიდან ბერძენ-რომაელი რამაზ ნოზაძე (96), "თავისუფალთაგან" კი გოგშელიძე დაასახელეს. ნოზაძეზე ითქვა, რომ მან ერთხელ და სამუდამოდ უნდა აირჩიოს, სპორტსმენობა უნდა თუ - შოუებში მონაწილეობა, სადაც ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება. თუ არ უნდა ჭიდაობა, მაშინ სხვა მოვძებნოთ შემცვლელიო, ითქვა სხდომაზე. გოგშელიძეზეც ასევე პირდაპირ თქვეს, რომ მას ოლიმპიურმა კომიტეტმა თბილისში ბინა უქირავა, რითაც დედაქალაქში სრულფასოვნად მზადების პირობა შეექმნა, მაგრამ მაინც არ ვარჯიშობსო. ამ თემაზე კიდევ ერთი უცნაურობა ის იყო, როცა თურმანიძემ განაცხადა, თბილისში მისთვის ბინის დაქირავების ამბავი რამდენიმე თვის დაგვიანებით, ევროპის ჩემპიონატის წინ გავიგეო (!) ასე მწავევდ არა, მაგრამ მანუჩარ კვირკველიაც (74) ახსენეს, უფრო გულმოდგინედ უნდა ივარჯიშოსო.
დისციპლინის განმტკიცებაზე პრეზიდიუმის სხვა წევრებმაც ილაპარაკეს და მოითხოვეს, ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს შეკრებებზე საკუთარი მანქანებით სიარული, მობილურებით გამოცხადება და სხვა... ვეტერანთა აზრით, საჭიროა, ყველა ერთი ავტობუსით წავიდეს და ყველა თანაბარ პირობებში იყოს ტიტულების მიუხედავად, რადგან მედლები ისტორიაა, ტურნირებზე კი იმან უნდა იჭიდაოს, ვინც კონკრეტულ მომენტში უფრო უკეთაა მომზადებული. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა როსტომ აბაშიძემ ხაზი ჩვენ მიერ არაერთგზის აღნიშნულ ხარვეზსაც გაუსვა, ჩოქბჯენში ვერ ჭიდაობენ, "ნაკატებს" ვერ აკეთებენ, რაც არასაკმარისი ფიზიკური მომზადებითაა გამოწვეულიო...
განსაკუთრებით რთული ვითარება ბერძნულ-რომაულ ნაკრებთან დაკავშირებით დაიხატა. მსოფლიოს ჩემპიონმა მიხეილ სალაძემ და სხდომის კიდევ რამდენიმე წევრმა ჯერ ზოგადად დაუქნიეს თითი მავანთ, შეკრებებზე როცა ჩადიხართ, მწვრთნელის საქმეში ნუ ერევითო. ვერ გეტყვით, ვის გულისხმობდნენ ისინი, მაგრამ ბადრი ხასაიას გამოსვლის შემდეგ ბევრად უფრო კონკრეტული საუბარი წარიმართა. თურმე ნუ იტყვით და, ხასაია შეკრებაზე საკუთარი ინიციატივით წასულა, ბიჭებმა მთხოვესო (!) მან სავარჯიშო პროცესთან დაკავშირებით თავისი ხედვაც წარმოადგინა, მაგრამ ყველა ერთსულოვანი იყო იმაში, რომ ასეთი თვითშემოქმედება მავნებელია და დაგმეს ეს ფაქტი. თუმცა აქ აუცილებლად უნდა ითქვას: სად იყო ამ დროს ფედერაცია, სამინისტრო, რატომ დაუშვა ასეთი პრეცედენტი თავად დარჩიამ? განა ფედერაციამ აქამდე არ იცოდა, ნაკრებში დისციპლინა სათანადო დონეზე რომ არ იყო, რატომ აქამდე არ გაიმკაცრა ტონი? სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და, მომავალში მაინც თუ სრულყოფილად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მივესალმებით.
სხდომაზე ისიც ითქვა, რომ მწვრთნელები მუშაობაში თავისუფალნი უნდა იყვნენ, ხოლო თუ მათი მეთოდი არ გაამართლებს, მაშინ შედეგების გამო მოეთხოვოთ პასუხი, მაგრამ დაუშვებელია მათ საქმეებში ჩარევა და უფლებების შეზღუდვა. ამ ყველაფერზე მკაცრი და მომთხოვნი არა მარტო ფედერაციის ხელმძღვანელობა ან ვეტერანები იყვნენ, არამედ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობაც.
დასასრულს იმას ვიტყვი, რომ სხდომაზე ყველა იმ ნაკლოვანებაზე ილაპარაკეს, რასაც ფედერაციას პრესა, კონკრეტულად კი "ლელო" მიუთითებდა და რის გამოც იქაურთაგან ზოგიერთისთვის მტერი ვარ. დისციპლინის მოშლა იყო თუ ისეთი აუცილებელი საჭიდაო კომპონენტის გაუარესება, როგორიც ფიზიკური მომზადება და იგივე ჩოქბჯენიდან მეტოქის დატრიალებაა, არაერთხელ შეგვინიშნავს, მაგრამ ამაოდ - მწვრთნელებსაც და ფედერაციასაც საწინააღმდეგო არგუმენტი მუდამ მზად ჰქონდათ. "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირის შემდეგაც დიდი კრიტიკა დამატეხეს, ჩვენ მსოფლიოსთვის ვემზადებით და რატომ გაგვაკრიტიკე, იქ გამოვალთ კარგადო. ღმერთია მოწმე, სულაც არ მიხარია ჩვენი გუნდების ჩავარდნა, მაგრამ გამოსვლა თავად ფედერაციამ შეაფასა არადამაკმაყოფილებლად. სხვათა შორის, სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარემ მერაბ ღუდუშაურმა ის სტატიაც ახსენა, რომელშიც საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ თბილისისკენ მომავალ მატარებელში გამართულ ლოთაობაზე ვწერდი. მაშინ ამ კომიტეტმა დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა, მაგრამ ფედერაციამ არ დაანება, ეს კომუნისტური სტილიაო! განსჯა მკითხველისთვის მიგვინდვია, მე კი დავამატებ, რომ მედიაც ზუსტად იგივე საქმეს ემსახურება, რასაც ფედერაცია და მწვრთნელთა კორპუსი, ოღონდ ყველა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. ნაკლზეც მხოლოდ იმიტომ ვუთითებთ, რომ სამომავლოდ საქმე გამოასწორონ და არა მტრობით. ამიტომ მსგავსი მტრული დამოკიდებულება მედიისადმი გაუმართლებელია. იქნებ რაღაც ვერც ჩვენ შევაფასოთ სწორად, რაღაც ვერ მოვზომოთ, რაღაც სხვანაირად გავიაზროთ, მაგრამ მსგავსი შეუთანხმებლობის აღმოსაფხვრელად ცივილიზებული გზები არსებობს.
რეზიუმეს სახით კი დავამატებ, რომ პრეზიდიუმის ამ გადაწყვეტილებას მწვრთნელთათვის ბოლო შანსის მიცემის შესახებ მივესალმებით, რადგან მოსკოვში განცდილი მარცხი ბოლომდე მათი ბრალი არაა. სამწუხაროდ, ბევრად მძიმე მაგალითები ვიცით იმის დასამტკიცებლად, რომ მწვრთნელები თავიანთ საქმეში ბოლომდე დამოუკიდებელნი არ არიან და აკი თურმანიძემ თქვა კიდეც ერთ-ერთ პრობლემაზე, რამდენჯერ ვითხოვე ამის მოგვარებაზე დახმარებაო. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მწვრთნელების კომპეტენცია ნამდვილად დიდია, თუმცა უყურადღებოდ არც ის ახალი ინიციატივები უნდა დარჩეს, რასაც იგივე ხასაია, კურტანიძე და სხვები აყენებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"