საქმის გარჩევები ქართულ ჭიდაობაში

AutoSharing Option
ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ დავით ციმაკურიძის სახელობის ტრადიციულ ტურნირს ქართულ ჭიდაობაში დიდი ხმაური და ემოციები ახლდა. ქალაქის მერიის ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურმა, რომელიც საქარტველოს ეროვნულ სახეობათა ფედერაციასთან ერთად ამ ტურნირის ორგანიზატორი იყო, თასებისა და მედლების გარდა პრიზიორებისთვის ფულადი ჯილდოებიც დააწესა, რამაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეთა მოზღვავება გამოიწვია. შესაბამისად, ტურნირი, რომელიც საღამოს 6 საათისთვის უნდა დასრულებულიყო, გვიანობამდე გაგრძელდა. თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ სპორტსმენთა სიმრავლე არ გახლდათ. რამდენიმე ორთაბრძოლისას მწვრთნელებმა და ფალავნებმა მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტეს და საქმის გარჩევებმა დიდი დრო წაიღო. ასეთი
შემთხვევა პირველად 60 კგ-ში ლომიძე - ნასყიდაშვილის ჭიდაობისას მოხდა, ლომიძე მსაჯებს ორ ქულას ედავებოდა და მან სიმართლის დასადასტურებლად ვიდეოფირიც წარადგინა. ნახევარსაათიანი გარჩევის შემდეგ ეს ორთაბრძოლა გაგრძელდა და საბოლოოდ ლომიძის გამარჯვებით დასრულდა. დაახლოებით ასეთივე პრობლემები შეექმნა ამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულ ვაჟა მარგველაშვილსაც, თუმცა სიმართლე მანაც გაიტანა და საბოლოოდ ოქროს მედალიც მოიპოვა. სხვა წონით კატეგორიებში შეჯიბრება ჩვეულებრივ, აყალმაყალის გარეშე წარიმართა. 65კგ-ში ქუთაისელი ზურაბ შარვაშიძის სახით თავიდანვე გამოიკვეთა ფავორიტი. მან ყველა ორთაბრძოლა მაღალ დონეზე ჩაატარა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. 72-კგ წონით კატეგორიაში გორელებმა "არავინ გაახარეს" და სამივე საპრიზო ადგილი მათ მიისაკუთრეს. ოქროს მფლობელი ანზორ ხმიადაშვილი გახდა, მეორე-მესამე ადგილებზე კი ბიბილაშვილი და ბერუაშვილი გავიდნენ. 80კგ-ში ფავორიტად გორელი ზვიად ბაზანდარაშვილი მიიჩნეოდა, რომელმაც წინა დღეს `დუშეთობაზე" ქვემო ქართლის გუნდში იჭიდავა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. ბაზანდარაშვილი ამჯერადაც გავიდა ფინალში, თუმცა იქ ქუთაისელი ნიკა არჩვაძის წინააღმდეგობა ვერ დაძლია. 90 კგ-ში `დუშეთობის" კიდევ ერთი მონაწილე, პაატა ღვინიაშვილი გამოდიოდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. პირველი ადგილი კი შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ქუთაისელმა ლაშა გურულმა დაიკავა. სამაგიეროდ, ღვინიაშვილი აბსოლიტურის წონის გამარჯვებული გახდა, თუმცა ამაში იღბალმაც შეუწყო ხელი. აქ, ცოტა არ იყოს, კურიოზული სიტუაცია შეიქმნა - ლაშა გურული ფინალში კი გავიდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და მეორე ნახევარფინალის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ იგი ფინალში ჭიდაობას ვეღარ შეძლებდა. ამგვარად, ჩემპიონის ბედი მეორე წყვილში გადაწყდა, სადაც გამარჯვება პაატა ღვინიაშვილმა მოიპოვა და დავით ციმაკურიძის სახელობის პრიზს დაეუფლა, გოჩა ლომთაძე კი მესამე ადგილს დასჯერდა.

გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და ფულადი პრიზებით დაასაჩუქრეს.

60კგ: 1. ვაჟა მარგველაშვილი(გორი), 2. ომარ ლომიძე (ხაშური),
3. თემურ ნასყიდაშვილი (ზესტაფონი); 65კგ: 1. ზურაბ შარვაშიძე,
2. სოსო ჭოლაძე (ორივე _ ქუთაისი), 3. სოსო ქოქაშვილი (გორი);
72კგ: 1. ანზორ ხმიადაშვილი, 2. ანრი ბიბილაშვილი, 3. ანდრო ბერუასვილი (სამივე _ გორი); 80კგ: 1. ნიკა არჩვაძე (ქუთაისი), 2. ზვიად ბაზანდარაშვილი (გორი), 3. გურამ წულუკიძე (ქუთაისი); 90კგ:
1. ლაშა გურული, 2. დავით სებისკვერაძე (ორივე _ ქუთაისი), 3. პაატა ღვინიაშვილი (გორი); აბსოლუტური: 1. პაატა ღვინიაშვილი (გორი), 2. ლაშა გურული, 3. გოჩა ლომთაძე (ორივე _ ქუთაისი).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 3 /
გაუმარჯოს ქართულ ჭიდაობას, დუშეთის ვიდეობი შეგიძლიათ აქ ნახოთ ჩემი გადაღებულია www.youtube.com/user/GeoWrestling
0
ბარაქალა გორელ ფალავნებს! საერთოდ ეს ხალხი ჩემი აზრით დესანტივით არიან, თუ გაიგეს, რომ სადმე ქართული ჭიდაობის ტურნირი იმაღტება, შეკრიბებიან, ჩავლენ ადგილზე, მოაგრვებენ გასათამაშებელი მედლების უმრავლესბას და მიდან შინ ხელხვავიანად!
dachi
14:17 28-09-2010
0

სიახლეები პოპულარული