ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას კი გამოითქვა მოსაზრება, რომ, შესაძლოა, საქართველოს დედაქალაქში 2016 წელს მსოფლიო ინტელექტუალური თამაშები, ხოლო ახლო მომავალში მოჭადრაკეთა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაც გაიმართოს.
ყოველივე ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მდიდარი გამოცდილება აქვს.
ორიოდე დღის წინ პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციამ (პრეზიდენტი ემილ სუტოვსკი) 2012 წელს გამართული შეჯიბრებების გამორჩეული ორგანიზატორები დაასახელა სხვადასხვა ნომინაციაში.
წლის ყველაზე
ოფიციალურ ტურნირებში საუკეთესო ღონისძიებად ვიშვანათან ანანდსა და ბორის გედფანდს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მოსკოვში გამართული პაექრობა დასახელდა.
მეორე ადგილი ხვდა თბილისს, რომელმაც 2012 წლის თებერვალში პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის სუპერთასს უმასპინძლა; მესამე-მეოთხე ადგილებზე ეილათი (ისრაელი, ევროპის საკლუბო თასი) და სტამბული (თურქეთი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა), გავიდნენ; მეხუთე ადგილი აჭარის დედაქალაქ ბათუმს ერგო, სადაც შარშან ზაფხულს რაპიდსა და ბლიცში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები გაიმართა.
ჩვენს ქვეყანაში გამართული ორივე შეჯიბრების ორგანიზატორი საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია (პრეზიდენტი გია გიორგაძე) იყო. ეს აღიარება იმის დასტურია, რომ ბრძენთა თამაშის მოყვარულნი საქართველოში კვლავაც არაერთი მნიშვნელოვან ასპარეზობას იხილავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"