ქართულ ჭიდაობაში საუკეთესო შიდა ქართლია

AutoSharing Option
21 ივლისს გორის რაიონის სოფელ კარალეთში ნახერხმოყრილ სარბიელზე ქართული ჭიდაობის კიდევ ერთი მასშტაბური შეჯიბრება განუყრელი მუსიკის თანხლებით გაიმართა.

ეს მორიგი ახალი არენაა, რომელიც ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის (პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი) და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ერთობლივი პროექტით აშენდა. ეს სარბიელი ჩატარებული საქართველოს გუნდური პირველობით (მთავარი მსაჯი სპარტაკ ჯინორიძე, მთავარი არბიტრი არენაზე ეროვნული კატეგორიის მსაჯი გია ბერუაშვილი) გაიხსნა.

საასპარეზოდ შეიკრიბნენ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, თბილისის გუნდები. შიდა ქართლიდან ცალკე გამოვიდა ქარელის რაიონი. მოგეხსენებათ, ეს რეგიონი, ტრადიციულად, უამრავი სახელოვანი ფალავნითაა
ცნობილი. ამიტომ იყო, რომ შეჯიბრების ორგანიზატორებმა შიდაქართლელებს ორი გუნდით ასპარეზობის საშუალება მისცეს.

თავდაპირველად მცხეთა-მთიანეთმა 3:2 სძლია იმერეთს. ქარელის რაიონმა და კახეთმა კი შესაბამისად, თბილისსა და აჭარას ერთნაირი ანგარიშით - 5:0 აჯობეს.

განსაკუთრებით კახელი ფალავნების გამარჯვებები იყო აღსანიშნავი, რადგან ხუთივე (60, 70, 80, 90, მძიმე) წონით კატეგორიაში მათ თითო წუთიც არ დასჭირვებიათ აჭარლებთან მოსაგებად. თუმცა მომდევნო ეტაპზე კახელებმა ასევე დიდი სხვაობით, 1:4 წააგეს შიდა ქართლთან.

უნდა აღინიშნოს დავით კარბელაშვილის (90 კგ) და ზვიად ბაზანდარაშვილის (70 კგ) ეფექტურად მოგებული შეხვედრები კახელ მოწინააღმდეგეებთან. იქვე ქარელმაც 4:1 მოუგო მცხეთა-მთიანეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს. მესამე ადგილისთვის კახელთა და მცხეთა-მთიანელთა ზედმიწევნით დაძაბულ დაპირისპირებაში გამარჯვებულის ბედი მძიმე წონაში ბექა ბერძნიშვილის მიერ ბექა წყალობაშვილის ძლევამ გადაწყვიტა - 3:2.

შიდა ქართლის და ქარელის ფინალურ შეხვედრაში კი თავდაპირველად ქარელელები დაწინაურდნენ - 60 კგ-ში ლაშა გიუნაშვილმა ოთარ არჩუაძეს აჯობა, მაგრამ მომდევნო სამი შეხვედრა შიდა ქართლმა მოიგო და მძიმე წონაში ორთაბრძოლას მნიშვნელობა დაუკარგა, თუმცა აქ ქარელელმა გიორგი ბოლოთაშვილმა გიორგი ნოზაძეს მაინც მოუგო.

საბოლოოდ შიდაქართლელებმა 3:2 გაიმარჯვეს და ქვეყნის გუნდური პირველობა მოიგეს. აი, მათი შემადგენლობაც: პაატა მერებაშვილი, ანდრო ბერუაშვილი, ზვიად ბაზანდარაშვილი, ოთარ არჩუაძე, გიორგი პაპუნაშვილი, დავით კარბელაშვილი, გიორგი ნოზაძე.

ქარელელთა შემადგენლობა კი ასეთი იყო: ლაშა გიუნაშვილი, ზვიად კაპანაძე, ზვიად ნოზაძე, კახა მამულაშვილი, პაატა ღვინიაშვილი, გიორგი ბოლოთაშვილი.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს ქართული ჭიდაობის ფედერაციის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 2000 ლარი ერგო, მეორე ფინალისტმა კი 1500 ლარი მიიღო, 1000 ლარი ხვდა მესამე პრიზიორს (მთავარი მსაჯი სპარტაკ ჯინორიძე, მთავარი არბიტრი არენაზე ეროვნული კატეგორიის მსაჯი გია ბერუაშვილი).

თუმცა ამ დღეს კარალეთში ჭიდაობა ამით არ დასრულებულა. მოგეხსენებათ, კარალეთი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის მშობლიური სოფელია. ლაშა შეჯიბრებას თავადაც ესწრებოდა და ქვეყნის პირველობის შემდეგ სპეციალურად გამართულ აბსოლუტურ პირველობაში გამარჯვებულისათვის 500 ლარი პირადად დააწესა.

აბსოლუტურში 12 მოჭიდავე ჩაერთო და პირველი ადგილი გიორგი ნოზაძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში ონისე ბუღაძე დაამარცხა.

მომდევნო კვირიდან ახალაშენებული დახურული საჭიდაო არენების გახსნის ესტაფეტა ქარელის რაიონში გადადის. შაბათს შეჯიბრებას ფალავნებით ცნობილი სოფელი ფცა უმასპინძლებს.

ასპარეზობის ორგანიზება ქართული ჭიდაობის ფედერაციასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მიერ მოხდა.

შეჯიბრებას ესწრებოდნენ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, მუნიპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე, ტიტულოვანი გორელი ფალავანი, ამჟამად პარლამენტის დეპუტატი თემურ ხუბულური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული