ნაკრებმა ევროპირველობისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება მინსკშივე გაიარა, სადაც თვის დასაწყისში გაემგზავრა.
ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი და ივანე არაბული შემადგენლობის შერჩევისას, ძირითადად, საქართველოს ჩემპიონატის შედეგებს დაეყრდნენ, თუმცა რამდენიმე ცვლილების გაკეთება მაინც მოუხდათ. მათ
ერთი მონაწილე ბოლო დღეებში ასევე დაამატეს გოგონებშიც.
ქალთა ტურნირში ისევ იჭიდავებს და შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება ნინო ოძელაშვილი (72). შეგახსენებთ, რომ ის პირველი ქართველი ქალია ყველა საჭიდაო სახეობაში, ვინც უფროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა.
თუმცა მუზაშვილმა გუნდში შარშანდელი ევროშეჯიბრების ყველა მედალოსანი შეიყვანა: ვიცე-ჩემპიონები - ირინე ლეონიძე (80) და ელენე ქებაძე (+80), აგრეთვე, ბრინჯაოსმედალოსნები: სალომე აბაშიძე (56) და თეა სუხიტაშვილი (68). ამ ხუთეულს წლეულს მარი მახარაშვილი (48) დაემატა და ისიც - ბოლო დღეებში.
ვაჟებშიც შარშანდელი შემადგენლობიდან უმეტესობა წლეულსაც იჭიდავებს ევროპის პირველობაზე. შარშან მათ 9 წონიდან 6 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 - ბრინჯაო. ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), ნიკო კუცია (82) და ბექა ბერძენიშვილი (+100) გახდნენ. პაატა ღვინიაშვილი (90) ფინალში დამარცხდა, ხოლო მესამეზე ნადარეიშვილი და დავით ლორიაშვილი (100) გავიდნენ. ყველა მათგანი ამჯერადაც გუნდშია.
ევროპის ჩემპიონატზე დღეს პირველი საშეჯიბრო დღეა. ტურნირში ჩაებმებიან 48, 60, 72 კილოგრამის ქალები და 57, 74, 100-ის ვაჟები. ხვალ ქალთაგან 52, 64 და 80, ვაჟთაგან კი 62, 82 და +100-ის ფალავნები იასპარეზებენ. 21 მაისს მედლების მოპოვებას ქალებში 56, 68 და +80, ხოლო ვაჟებში 52, 68 და 90-ის წარმომადგენლები შეეცდებიან.
საქართველოს ნაკრებები
ვაჟები
52 კგ. ლევან ბერბერაშვილი (თიანეთი)
57 კგ. ვახტანგ ჩიდრაშვილი (თელავი)
62 კგ. ზურაბ ოდოშაშვილი (კასპი)
68 კგ. მინდია ლილუაშვილი (ზესტაფონი)
74 კგ. ლევან ნახუცრიშვილი (მცხეთა)
82 კგ. ნიკო კუცია (ფოთი)
90 კგ. პაატა ღვინიაშვილი (გორი)
100 კგ. დავით ლორიაშვილი (მარტყოფი)
+100 კგ. ბექა ბერძენიშვილი (კასპი)
ქალები
52 კგ. მარი მახარაშვილი (გორი)
56 კგ. სალომე აბაშიძე (აჭარა)
72 კგ. ნინო ოძელაშვილი (წყნეთი)
68 კგ. თეა სუხიტაშვილი (ყვარელი)
80 კგ. ირინე ლეონიძე (ხელვაჩაური)
+80 კგ. ელენე ქებაძე (ლაგოდეხი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"