რვა ქართველმა სპორტსმენმა ოთხ ასაკში 18 მედალი დაიმსახურა. განსაკუთრებით, გიგა გელაშვილმა იყოჩაღა - მან საქართველოს სპორტულ დელეგაციას ორ ასაკში ორი ოქროს, ამდენივე ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის მედალი შესძინა.
21-წლამდელებში გელაშვილმა +115 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში თანაგუნდელი გიორგი ფარადაშვილი დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამავე ასაკში მას ვერცხლი ერგო - გადამწყვეტი პაექრობა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში სწორედ ფარადაშვილთან დათმო.
-100 კილოგრამში ნიკოლოზ სისვაძემ ფინალური შეხვედრა უკრაინელ
გუნდურში გიგა გელაშვილმა, გიორგი ფარადაშვილმა, ნიკოლოზ სისვაძემ და შამილ გოგოჭურმა ნახევარფინალური ბარიერი ვერ გადალახეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.
გიგა გელაშვილმა 23-წლამდელებშიც გამოიჩინა თავი - +115 კილოში მეორედ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. ამ ასაკის ფინალში მან პოლონელ მატეუშ ლინკას (პოლონეთი) აჯობა.
აბსოლუტურში ტოლი არ ჰყავდა მეშვილდიშვილს. გიორგიმ გადამწყვეტ პაექრობაში ასევე პოლონელი მატეუშ კაზიევსკი დაჯაბნა და ოქროს მედლით დაიმშვენა მკერდი. საგულისხმოა, რომ მასვე -115 კილოში ერგო ბრინჯაო.
ამავე წონაში მესამე იყო ზურაბ აქუბარდიაც. 23-წლამდელებმა (მეშვილდიშვილი, გელაშვილი, ფარადაშვილი და სისვაძე) გუნდურშიც მესამე ადგილი დაიკავეს.
18-წლამდელებმა 4 ბრინჯაო დაიმსახურეს. სამი მედალი ერგოთ ნიკოლოზ სისვაძეს (-100 კგ) და შამილ გოგოჭურს (+100 კილოგრამსა და აბსოლუტურში). ამ დუეტს დავით რაზმაძე დაემატა და გუნდურში ბრინჯაოს მედლის მოპოვებაში დაეხმარა.
- უფროსებში ავთანდილ ცერცვაძემ ნახევარფინალში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ვასილ მარგიევი (რუსეთი) დაამარცხა, მაგრამ ფინალი მის თანამემამულე ოლეგ ბაროევთან დათმო და მეორე ადგილს დაყაბულდა.
აბსოლუტურში მესამე იყო გიორგი მეშვილდიშვილი, ხოლო გუნდურში გიორგი მეშვილდიშვილმა, ავთანდილ ცერცვაძემ, გიგა გელაშვილმა და გიორგი ფარადაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
"ძალიან გაგვახარეს ჩვენმა ბიჭებმა, - გვითხრა საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტმა თენგიზ რუხაძემ. - ევროპის ჩემპიონატზე 8 სპორტსმენით 18 მედლის მოპოვებას ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა. საგულისხმო ის არის, რომ ჩვენი სუმოისტების მონაგარი ყოველწლიურად იზრდება. სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში ისინი თამასას უფრო მაღლა ასწევენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"