ჯონდო მუზაშვილი: წელს უკეთესი ხარისხის მედლებით ან უფრო მეტი ჩემპიონით

AutoSharing Option
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა დაასრულა ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისი. გაირკვა ამ შეჯიბრებაზე წამსვლელ ვაჟთა და ქალთა გუნდების შემადგენლობები. უახლოეს დღეებში ნაკრები გაემგზავრება რუსეთის ქალაქ ყაზანში, სადაც კონტინენტის წლევანდელი ჩემპიონატი ჩატარდება.

სამბისტებმა ბოლო მოსამზადებელი შეკრება, ბოლო წლებისთვის ტრადიციულად, გორში, გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში გაიარეს და დღეს ყაზანში გაემგზავრნენ. ჩემპიონატი 12 მაისს დაიწყება და 16-ში დასრულდება.

თავდაპირველად გუნდების შემადგენლობებს გავეცნოთ.
კაცები: გივი ნადარეიშვილი (52), ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), ზვიად ოდოშაშვილი (62), მინდია ლილუაშვილი (68), კახა მამულაშვილი (74), ნიკა კუცია (82), პაატა
ღვინიაშვილი (90), დავით ლორიაშვილი (100), ბექა ბერძენიშვილი (+100).
ქალები: შორენა შარაძე (60), სალომე აბაშიძე (64), თეა სუხიტაშვილი (68), ნინო ოძელაშვილი (72), ირინა ლეონიძე (80), ელენე ქებაძე (+80).

ნაკრების თაობაზე მთავარ მწვრთნელს, ჯონდო მუზაშვილს ვესაუბრეთ.

- ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისი მარტიდან დავიწყეთ და სამ ეტაპად გავიარეთ. პირველ ეტაპზე, ბაკურიანში, აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გვქონდა; შემდეგ ბორჯომში ნახევარი "ფიზიკა" იყო, ნახევარი ხალიჩა, მესამე, დასკვნითი ეტაპი კი, ტრადიციულად, გორში მოეწყო და მხოლოდ ხალიჩაზე ვემზადებოდით.

ვფიქრობ, გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანად ამ შეკრებებისა და შეჯიბრებების მიხედვით შევარჩიეთ, სადღეისოდ საუკეთესოა. ერთი-ორი სამბისტის მიკროტრავმებს თუ გამოვრიცხავთ, ქალთა და კაცთა გუნდები სრულ მზადყოფნაში არიან, რაც ჩვენი ექიმის, გიორგი ქავთარაძის დამსახურებაა.

- შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე კარგად გამოხვედით - ვაჟებში ორი წონითი კატეგორიის გარდა, ყველგან მედლები მოიპოვეთ. შესაძლებელია ამ შედეგის გაუმჯობესება?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, უკეთესი ხარისხის მედლებით ან უფრო მეტი ჩემპიონით. შარშან ვახტანგ ჩიდრაშვილი და დავით ლორიაშვილი გახდნენ ევროპის ჩემპიონები, შარშანვე მათ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ოქროს მედლები მოიპოვეს. მათგან უმაღლესი სინჯის მედლებს ახლაც ველით, თუმცა იმედი გვაქვს, რომ სხვებიც აუბამენ მხარს.

- ლორიაშვილი და ჩიდრაშვილი ბოლო წლებში, ძირითადად, სწორედ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე თუ ასპარეზობენ...
- დიდი შეჯიბრებების გარდა, სხვა ტურნირებს საშეჯიბრო პრაქტიკასთან ერთად გუნდის დასაკომპლექტებლად და წონით კატეგორიებში საუკეთესოთა გამოსავლენად ვიყენებთ ხოლმე. ეს ორი კი არა მხოლოდ ჩვენს ნაკრებში, მთელ მსოფლიოში საუკეთესოა და დასვენების საშუალებას ვაძლევთ.

ისე, ლორიაშვილმა წლეულს, ზამთარში, ერთ საინტერესო შეჯიბრებაშიც იჭიდავა, რომელსაც "ჩემპიონთა თასი" ერქვა, რუსეთის ქალაქ ბარნაულში ჩატარდა და 100 კგ-ში მსოფლიოს 5 ქვეყნის 11 საუკეთესო სამბისტს მოუყარა თავი. დავითმა პირველობა არც იქ დათმო. ფინალში ბელორუსი ანდრეი კაზუსიონაკი დაამარცხა.

- ზამთარში მინსკის ტურნირზე და ხარლამპიევის თასზე თქვენი გუნდის გამოსვლით კმაყოფილი დარჩით?
- ხარლამპიევის მეტად პრესტიჟულ შეჯიბრებაზე ვაჟებმაც და გოგონებმაც შესანიშნავად იასპარეზეს. სამ-სამი ოქროსა (ბერძენიშვილი, შარაძე, ოძელაშვილი) და ბრინჯაოს (ჩირგაძე, ლილუაშვილი, კუცია) მედლები მოვიპოვეთ. მინსკში მხოლოდ ერთი ჩემპიონი გვყავდა, ცხრა კი პრიზიორი გახდა. ეს ტურნირები გუნდის დაკომპლექტებაში დაგვეხმარა.

სამბოს ფედერაციამ იანვრის მიწურულს შეკრება მოგვიწყო ქალაქ რიაზანში, სადაც ადგილობრივებთან ერთად ყახაზეთის ნაკრებიც იყო და ეს ერთობლივი წვრთნები ერთობ ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ უცხოეთში შეკრება საქართველოს სამბისტთა ნაკრებს მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი გუნდით ასპარეზობს, მგონი, არასოდეს ჰქონია.

- ქალი სამბისტები ევროპის ჩემპიონატზე ექვსი სპორტსმენით ადრე თუ ყოფილან წარდგენილი?
- არ ყოფილან და, რასაკვირველია, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია. ჩვენი გოგონები სულ უფრო უმატებენ. მათ გამოცდილებაც ემატებათ და ტიტულებიც. გასული წლის კონტინენტის ჩემპიონატზე ოძელაშვილი ოქროს, შარაძე და ლეონიძე კი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. წლეულს ექვსივე წონაში გვაქვს გაკვეული წარმატების იმედი.

სხვათა შორის, 6-დან 3 სამბისტი აჭარის წარმომადგენელია, რაც ამ რეგიონში სამბოს განვითარების შესანიშნავ დონეზე მეტყველებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული