ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ გოლამრეზას ტახტის სახელობის ტურნირი წლეულს 37-ედ გაიმართება და მას ირანის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი მაშადი უმასპინძლებს. ჩვენები იქ ტრადიციულად ლამის ყოველწლიურად ჭიდაობენ (მცირე შეფერხებები მხოლოდ იმ ძნელბედობის წლებში თუ იყო) და ტრადიციას არც ამჯერად უღალატებენ, თუმცა წლეულს ეს შეჯიბრება არ ჰქონდათ კალენდარში შეტანილი და არც აპირებდნენ იქ წასვლას.
თუმცა, მოულოდნელად, ბედნიერი დამთხვევის გამო მაინც მიდიან იქ. საქმე ისაა, რომ ჩვენი ორივე ნაკრები
ოღონდ წლეულს ჩვენებს იქ განსხვავებულ ატმოსფეროში მოუწევთ ჭიდაობა, რადგან შეიცვალა თავად შეჯიბრების ფორმატი და ის პირადის ნაცვლად გუნდური ტურნირი გახდა, რომელიც "კედელი-კედელზე" პრინციპით გაიმართება. თან ამჯერად მას ირანელთა ეროვნული ჭიდაობა ფახლავანიც დაემატება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ჩვენები იქ არ გამოვლენ.
წინასწარი მონაცემებით, ირანში "თავისუფალთა" ტურნირში, ჩვენების გარდა, სომხეთის, ბელორუსის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის და მონღოლეთის გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას. რასაკვირველია, იქნებიან ირანელებიც, რომლებიც რამდენიმე გუნდით გამოვლენ.
"ბერძენ-რომაელთა" შეჯიბრებაში სომხეთი, რუსეთი, ბელორუსი, სერბეთი, უნგრეთი, თურქეთი, საქართველო და ასევე რამდენიმე გუნდით წარმოდგენილი ირანი იჭიდავებენ.
მონაწილენი ოთხ ჯგუფში გადანაწილდებიან და გაიმართება ჯგუფური ეტაპის ორთაბრძოლები. ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულები ნახევარფინალურ წყვილებს შეადგენენ, იქ გამარჯვებულები ფინალში იჭიდავებენ ჩემპიონის ტიტულისთვის, დამარცხებულები კი ბრინჯაოსთვის დაეჭიდებიან ერთმანეთს. ჯგუფში მეორე ადგილზე გასულები მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებენ, მესამეადგილოსნები - მეშვიდესთვის და ასე შემდეგ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ წონაში დაშვებულია ზედმეტი ორი კილოგრამი.
იმის მიუხედავად, რომ "ტახტის თასი" მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებაა და მასში მონაწილეობა პრესტიჟულადაა მიჩნეული, ჩვენი ორივე ნაკრები მასში მაინც გადახალისებული და სათადარიგო შემადგენლობით გამოვა, ვინაიდან ლიდერებს ასვენებენ. თუმცა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს კი ეყოლებათ ნაკრების სამი ლიდერი კონკრეტულ წონებში - ევროპული თამაშებისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61), რიოს ოლიმპიადის მონაწილე ზურაბ იაკობაშვილი (65) და ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86), მაგრამ სხვა ფავორიტები ამჯერად ისვენებენ.
იანვარში "ბერძენ-რომაელებს" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელოდებათ - 21-22 იანვარს მოსკოვში ივან პოდუბნის მემორიალში იასპარეზებენ, თუმცა გუნდი უძლიერესი შემადგენლობით არც იქ მიდის, იქაც მხოლოდ სამი ლიდერის - რობერტ კობლიაშვილის (85), რევაზ ნადარეიშვილის (98) და იაკობ ქაჯაიას (130) წაყვანა იგეგმება.
ოღონდ აქ აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ მოსკოვში წამსვლელთა საბოლოო სია ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული, ჯერ მხოლოდ იმ ხალხის გვარებია ცნობილი, რომელთა წაყვანასაც აპირებენ. ესენია: გიორგი დავითაია (66), საჩინო დავითაია (71), გიორგი დათუნაშვილი (75), ზურაბ დათუნაშვილი, ნიკოლოზ კელასოვი (ორივე - 80) და ზემოდასახელებული სამეული, ხოლო 59-ში მონაწილე არ გვეყოლება.
მწვრთნელებად გუნდს ვლადიმერ გეგეშიძე, ხვიჩა ქორიძე და შმაგი გულიაშვილი მიჰყვებიან. ახლა ჯერი რუსულ მხარეზეა, ვის მისცემს ვიზას. ამდენად, ღმერთმა ნუ ჰქნას, მაგრამ, შესაძლოა, იმ სამი ლიდერიდანაც ვინმე ვერ მოხვდეს წამსვლელებში.
დასასრულ, შეგახსენებთ, რომ პოდუბნის მემორიალზე ჩვენი ნაკრები ბოლოს შორეულ 1993 წელს გამოვიდა, როცა ხვიჩა ქორიძე და აკაკი ჩაჩუა ჩემპიონები გახდნენ, ხოლო კობა ჭიჭვეიშვილი მეორეზე გავიდა.
"თავისუფალთა" ნაკრები
57 კგ. ოთარ გოგავა
61 კგ. ბექა ლომთაძე
65 კგ. ზურაბ იაკობაშვილი
70 კგ. ლევან ქელეხსაშვილი, გიორგი სანოძე
74 კგ. ავთანდილ კენჭაძე
86 კგ. დავით ხუციშვილი, სანდრო ამინაშვილი
97 კგ. მამუკა კორძაია
125 კგ. გიორგი მეშვილდიშვილი
მწვრთნელები: დავით პოღოსიანი, დავით ოთიაშვილი
"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები
59 კგ. რამაზ სურმანიძე
66 კგ. თორნიკე ჯანგავაძე
71 კგ. ანტონ მამაგეიშვილი
75 კგ. ილია გულბათაშვილი, გოგა აფრიამაშვილი
80 კგ. თორნიკე ძამაშვილი
85 კგ. გიორგი ცირეკიძე
98 კგ. მათე სოფაძე, ლევან ყუფარაშვილი
130 კგ. ლევან არაბული, ვასილ იმერლიშვილი
მწვრთნელები: ოთარ ტატიშვილი, ზაზა ჯიბლაძე
მსაჯი: რუსლან დარსანია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"