ამ ყველაფერს კი შეჯიბრების ინტერნეტტრანსლაციაც დაემატა, რაც მართლაც მნიშვნელოვანი სიახლეა.
რაც მთავარია, არ ყოფილა ჩხუბისა და მსაჯებზე გაწევის არც ერთი მცდელობა, რაც წინა შეჯიბრებებზე აქა-იქ მაინც იყო ხოლმე - როგორც ამბობენ, მაშინ გატარებულმა
ერთი სიტყვით, იქნებ ჯერ გულის დამშვიდება ნაადრევია, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ძიუდოს შემდეგ მეორე "აუღებელი ციხესიმაგრე" - ჭიდაობაც "აიღეს". თავისთავად, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ მონდომებისა და სურვილის შემთხვევაში ყველა "ჭირვეულის მორჯულება" შესაძლებელია, თვით ყველაზე ჭირვეულისაც კი.
ვარსკვლავური ჩემპიონატი
ეს რაც შეეხებოდა ორგანიზაციულ მხარეს და სპორტული კუთხითაც ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი გამოდგა. ვიმეორებ - კარგი კი არა, ძალიან მაღალი დონის, რადგან ფედერაციის და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის შეუვალი მიდგომით, მასში უკლებლივ ყველა ლიდერი, ყველა წამყვანი ფალავანი გამოვიდა. სწორედ ამიტომ იყო ჩემპიონატის დონე მაღალი. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (ორივე - 61), ევროპის ვერცხლისმედალოსანი დავით ტლაშაძე (70), 86 კილოგრამის კოჰორტა: ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი, ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი სანდრო ამინაშვილი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით ხუციშვილი, 23-წლიანთა ევროპრიზიორი ირაკლი მწითური, ევროპის რამდენიმეგზის მედალოსანი ელიზბარ ოდიკაძე (96), ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი გენო პეტრიაშვილი (125) - აბა, რომელ ტურნირს არ დაამშვენებდა მათი მონაწილეობა, თუმცა ტიტულები ერთია და ყველა მათგანმა ძალიან მაღალი დონის ჭიდაობაც აჩვენა, ტექნიკური, ლამაზი და თვალსასეირო.
თუმცა არა მარტო ამათ: ავთანდილ კენჭაძისა და პირველი დღის მონაწილეთა შესახებ უკვე გესაუბრეთ, გუშინ კი, მაგალითად, ამბროლაურელმა მძიმეწონოსანმა გიორგი მეშვილდიშვილმა ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო ვადამდე, წმინდად და უმოკლეს დროში: თავიდან 47 წამში გაიმარჯვა, მერე - 45 წამში, ბოლოს კი 1.05 წუთი დასჭირდა. თან ამ შეხვედრებში ქულაც არ დაუკარგავს.
ძალიან ტექნიკური ჭიდაობა აჩვენა ბექა ლომთაძემ, თუმცა ხინჩეგაშვილი სხვა სიმაღლეა და ფინალში მასთან დამარცხდა.
გამოსარჩევია ახალგაზრდა ქუთაისელი ომარ გურჯიძეც (70) - მისთვის ფინალი დიდი წარმატებაა, თუმცა ფინალში ერთხელ ფეხიდან აყვანილი ტლაშაძე ისეთ ეპიზოდში გაექცა, ეს შეცდომა გაკვეთილად უნდა ექცეს. არადა, ეს ბიჭი ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრებიდან (სადაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა) გვახსოვს კარგი ტექნიკით. თუმცა ჩემპიონატში სხვებიც ბლომად გამოჩნდნენ კარგები: გორელი ომარ გუსოშვილი, სამტრედიელი ზურაბ ახობაძე (ორივე - 125) და სხვები.
სატურნირო ამბები
საკლუბო ტურნირების გადამკიდე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ოლიმპიადის შემდეგ თითქმის არ დაუსვენია, რამაც კლუბებში აქა-იქ იჩინა თავი, თუმცა აქ ერთი ამოსუნთქვით მოიგო ჩემპიონატი, იმის მიუხედავად, რომ წონაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლომთაძე ჰყავდა. მან ჩვეულ სტილში იჭიდავა - შეუსვენებლად, მუდმივ შეტევაში, გაუჩერებლად, სულ უტევდა და წნეხში ჰყავდა მეტოქე. თან ძალიან ტექნიკურად ჭიდაობდა, თუმცა ერთ შეხვედრაში მასაც ჩაურთეს 30-წამიანი პასიურობისთვის. სამაგიეროდ, მერე ისეთი იფეთქა, ორიოდე წუთში წმინდა მოგებით დაასრულა შეხვედრა. ლომთაძე ბევრს კი ეცადა ფინალში, მაგრამ ლამის უშეცდომოდ მოჭიდავე "ჭიდაობის პროფესორთან" 0:3 დამარცხდა: ჯერ 30-წამიანი ჩაურთეს პასიურობისთვის, მაგრამ ქულა ვერ გააკეთა, მერე კი ხინჩეგაშვილმა ფეხიდან აყვანით ორქულიანზე გადააგდო.
გუშინ ტლაშაძეც თავიდან გამოიკვეთა თავის წონაში ფავორიტად და ეს სტატუსი ბოლომდე გაამართლა. ისიც სულ უტევდა, ხოლო ფინალში გურჯიძე გამოცდილებითაც დაჯაბნა.
თუ გუშინწინ ოთხიდან სამ წონაში განმეორდა შარშანდელი ფინალი, გუშინ - მხოლოდ ერთში და ეს 86 კილოგრამში მოხდა. შედეგი ამჯერადაც იგივეა - მარსაგიშვილმა ისევ მოუგო მწითურს, თუმცა ამჯერად ძალიან გაუჭირდა. შარშან თუ ერთ წუთში მოუთავა საქმე, ამჯერად ჩემპიონობისთვის ბოლომდე ბრძოლა და ბევრი ოფლის ღვრა მოუხდა. ეგ კი არა, მეხუთე წუთისთვის აგებდა კიდეც, როცა მწითური არაერთი მცდელობის შემდეგ მაინც შეუხტა ფეხში და ორქულიანზე გადააგდო, რითაც ანგარიში გაათანაბრა: 3:3, ეს კი, ბოლო ქულის წესით, მწითურს აძლევდა უპირატესობას. თუმცა მარსაგიშვილი თვითნაბადი ტალანტია და იქვე დასაჯა ამისთვის წრიდან გაყვანით: 4:3.
პირველი ქულა მარსაგიშვილმა მეტოქის 30-წამიანზე მიიღო ასევე გარეთ გაყვანისთვის. მეორე პერიოდშიც გააგდო გარეთ და ანგარიში 2:0 გახადა, თუმცა ეს მწითურის ბანაკმა გააპროტესტა. ამაოდ და ტაბლოზე 3:0 აინთო. ამის შემდეგ მწითურმა მოუძებნა რაღაც სუსტი წერტილი მეტოქეს და ჯერ წრიდან გაიყვანა, მერე კი ზემოაღნიშნული ეპიზოდი იყო. შეხვედრის ბოლო წუთები ისევ მარსაგიშვილისა იყო: 4:3-ზე ჯერ ფეხიდან აყვანით გადააგდო ორქულიანზე, მერე კი მწითურის ბოლო შეტევას კონტრილეთი შეაგება და 8:3 მოიგო.
ამ წონაში კიდევ ერთი შარშანდელი პაექრობა განმეორდა - მწითურმა ამჯერადაც მოუგო ამინაშვილს. საერთოდ, ამ ბიჭმა ბოლო ორ სეზონში გვარიანად მოუმატა და ასეთ კონკურენციაში მყარად იქცა წონის მეორე ნომრად. ძალიან დაძაბული და ლამაზი გამოდგა მარსაგიშვილისა და ხუციშვილის ნახევარფინალი, სადაც მოხევემ ტექნიკურად იჭიდავა, ხუციშვილმა კი 4 წამით ადრე მართლაც ეფექტურად წაიღო თავის უკან გდებაზე, თუმცა მარსაგიშვილმა დაუხურა და იქით გაუგრძელა ილეთი...
ტრავმამოშუშებული და ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებული, წონაშეცვლილი ხუციშვილი ამ წონაში ძალიან კარგ კონკურენციას შექმნის.
პეტრიაშვილმა ფინალამდე წმინდად ისე მოიგო ორივე პაექრობა, ქულაც არ დაუკარგავს. ის ფინალშიც ფავორიტი იყო, მაგრამ მეშვილდიშვილმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია. იქნებ ეს ფაქტი ძალთა რეალურ ბალანსს არ ასახავდეს, მაგრამ გუშინ პეტრიაშვილმა 30-წამიანზე მიღებული ქულით მინიმალური სხვაობით, 2:1 იმარჯვა. თან ერთხელ მასაც ჩაურთეს ეს სასჯელი და ის ქულაც მაშინ დაკარგა.
კიდევ ვიმეორებთ - ეს ფაქტია, თორემ არ გვგონია რეალური სურათი, რადგან პეტრიაშვილმა გუშინაც ძალიან მაღალ დონეზე იჭიდავა და დაამტკიცა, რომ მსოფლიოს არენაზე ამ წონის ლიდერია.
კვარცხლბეკი
61 კგ.
1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი); 2. ბექა ლომთაძე; 3. მურთაზ კვესაძე (ქუთაისი), გიორგი რევაზიშვილი (მცხეთა).
70 კგ.
1. დავით ტლაშაძე (გორი); 2. ომარ გურჯიძე (გორი); 3. გიორგი სანოძე (ხონი), გიორგი ლობჟანიძე (თბილისი).
86 კგ.
1. დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი); 2. ირაკლი მწითური (თბილისი); 3. დავით ხუციშვილი (საგარეჯო), სანდრო ამინაშვილი (თბილისი).
125 კგ.
1. გენო პეტრიაშვილი (გორი); 2. გიორგი მეშვილდიშვილი (ამბროლაური); 3. ომარ გუსოშვილი (გორი), ზურაბ ახობაძე (სამტრედია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
- საქართველოს ჩემპიონატი: შარშანდელის რიმეიქი