U23. ევროპის ჩემპიონატი: ავთანდილ კენჭაძეს წილისყრამაც გაუმართლა

AutoSharing Option
უნგრულ სომბათჰეიში კვირას "ბერძენ-რომაელთა" "დიდი პრიზის" ტურნირი დამთავრდა, დღეს კი 23-წლიანთა შორის ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება და გულშემატკივარს მისი ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეეძლება.

ამ ტურნირის მთავარი ვარსკვლავიც გერმანელ დენის კუდლასთან ერთად ჩვენი მძიმეწონოსანი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი იქნება. დღეს 57, 65, 74 და 97 კილოგრამების ფალავნები იასპარეზებენ.

27 მარტს გაიმართა წილისყრა და გაირკვნენ ჩვენებურთა მეტოქეები. რამაზ თურმანიძე (57) საკვალიფიკაციო ეტაპზევე იჭიდავებს - პოლონელ დავიდ
რომანოვიჩთან, ამათში გამარჯვებული კი მომდევნო ეტაპზე რუმინელ რაზვან კოვაჩსა და აზერბაიჯანელ ფარვიზ იბრაჰიმოვს შორის მოგებულს შეხვდება. ბადის ამავე მხარესაა რუსი აზამატ ტუსკაევიც, ანუ ჩვენებური ძალიან ძნელ ჯგუფშია.

65 კილოგრამში ივერიკო ჯულაყიძე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისვენებს, მერვედფინალში კი ებრაელ ემრახ ჰასანოვს დაეჭიდება. მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში მას გერმანელ ნიკლას დიტმარ დორნსა და მოლდოველ მაქსიმ საკულტანს შორის უმჯობესი შეხვდება. ჯულაყიძე გაცილებით ხელსაყრელ ჯგუფშია.

დღეს ჩვენი მთავარი იმედი ავთანდილ კენჭაძე (74) იქნება, ვინც უკვე დაიმკვიდრა ადგილი ეროვნულ ნაკრებში. ჯულაყიძის მსგავსად, ფინალამდე მასაც ასცდნენ აზერბაიჯანელი და რუსი მეტოქეები, თან - საკვალიფიკაციოდან ესეც ისვენებს. ის უნგრეთში პირველ შეხვედრას ფინელ ჰენრი ალექსის სელენიუსთან ჩაატარებს, მისი მომდევნო მეტოქე კი უკრაინის სახელით მოჭიდავე ალფეს დოლიძის, ესპანელი კარლოს გილაბერტ გარსიასა და თურქი ნური თემურის სამეულიდან გამოვლინდება.

ჩვენი ოთხეულიდან ყველაზე მეტად ამავე ტურნირის შარშანდელ მესამეპრიზიორ გივი მაჭარაშვილს (97) არ გაუმართლა, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე ძლიერ მეტოქეს, ახალგაზრდებში უკრაინელთა ევროპის ჩემპიონს, ქართული წარმომავლობის მურაზ მჭედლიძეს შეხვდება. თუმცა მაჭარაშვილი უშანსოდ ნამდვილად არაა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული